ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება და 2024 წლის საუკეთესო მასწავლებლების გზა აღიარებამდე
წარმოუდგენელი სიხარული, ცრემლების ზღვა და ზღვარგადასული ემოციები – ჩვენი დღევანდელი სტატიის რესპონდენტები ბოლო დღეებს სწორედ ასე აღწერენ. ყველაფერი კი 28 ივნისის დილას დაიწყო, როცა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2024 წლის საუკეთესო ათეული გამოვლინდა და ათი ადამიანის ცხოვრება, ერთ წამში, სამუდამოდ შეიცვალა. რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ.
2017 წლიდან, ანუ კონკურსის დაარსებიდან დღემდე, მასში მონაწილეობა არაერთმა პედაგოგმა სცადა. ზოგმა ეს ოცნება აისრულა, ზოგმა ჯერ კიდევ ვერ. ამ დროს განმავლობაში კონკურსი დაიხვეწა, გაიზარდა მისი პრესტიჟი, სანდოობა, ხარისხი, ცნობადობა, თამასა და კრიტერიუმებიც, რომლის დაკმაყოფილებაც მონაწილეობის მსურველებს უწევთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი რაოდენობა სულ უფრო მატულობს. ჟიურისაც სულ უფრო უჭირს საუკეთესოების ამორჩევა.
დღეს, ხუთ მათგანს – ნათია ნარსავიძეს, ინგა მოსიაშვილს, ნათია უჩავას, გიორგი ლიპარიშვილსა და სოფიო ქუხილავას გაგაცნობთ. მომდევნო სტატია კი ათეულის დარჩენილ წევრებს დაეთმობათ.
ნათია ნარსავიძე: „დიდი სიხარული იყო, კარგა ხანს ფეხზე ადგომა ვერ შევძელი“
პირველი კონკურსანტი, რომელიც უნდა გაგაცნოთ, 11 წელია დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. სწორედ იმ სკოლის, რომელიც თავადვე დაასრულა და სადაც ახლა მისი სამი ვაჟი სწავლობს. სულ მალე კი მათ მეოთხე ძმაც შეუერთდებათ და ისიც დედის მოსწავლე გახდება.
მასწავლებლობაზე ოცნება ბავშვობიდან დაიწყო, მაშინ, როცა მისი დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი გაიცნო. საბოლოო გადაწყვეტილება კი დედობამ მიაღებინა – საკუთარი თავი სხვა პროფესიაში ვეღარც წარმოიდგინა. ასე გახდნენ მისი შვილები მისივე მოსწავლეები, რასაც ერთდროულად სასიამოვნოსა და საპასუხისმგებლოს უწოდებს.
კონკურსში მონაწილეობაზე არასოდეს უფიქრია. 2022-2023 სასწავლო წელს CENN-ის მიერ გამოცხადებულ პროექტში „Edulinks – კავშირების დამყარება განათლების საშუალებით“ მიიღო მონაწილეობა, სადაც 2022 წლის ათეულის წევრები გაიცნო. სწორედ მათი ორწლიანი დაჟინებული რჩევისა და წარდგენის შემდეგ შეავსო განაცხადი და ათეულშიც აღმოჩნდა.
ათეულის წევრების დასახელებას ვერც კი უყურა, ემოციების გამო. ყველაზე მთავარ გულშემატკივრად მეუღლეს მიიჩნევს. ფაქტობრივად, ათეულში ჩვენ ორნი მოვხვდით, უბრალოდ მარტო ჩემი სახელი გაჟღერდაო, გვეუბნება.
„სკოლაში ვიყავი, ჩემ კოლეგას ტელეფონი მივაწოდე, მე ვერ ვუყურებ და თუ დამასახელებენ მითხარი-მეთქი. წუთიც არ იყო გასული, სიხარულის ცრემლები რომ წამოსცვივდა. თითქოს დავპატარავდი, ძალიან დიდი სიხარული იყო, გამიჭირდა მიღება. კარგა ხანს ფეხზე ადგომა ვერ შევძელი“, – ჰყვება ქალბატონი ნათია.
მისი საქმიანობა დატვირთულია კლასგარეშე, პროექტული სწავლებით. არის არაერთი საგრანტო პროექტის გამარჯვებული. ცდილობს მოსწავლეებს ინგლისური ენის გარდა ასწავლოს სხვაზე ზრუნვა, პატივისცემა, ჩართოს საქველმოქმედო თუ მხარდამჭერ აქტივობებში. ათეულის წევრობას უკვე გამარჯვებად მიიჩნევს და საინტერესო ცვლილებებს ელოდება. ფიქრობს, რომ კოლეგებს იმ გამოცდილებას გაუზიარებს, რასაც ოთხი შვლის დედობითა და მაღალმთიან ადგილას მდებარე სკოლაში პროფესიული საქმიანობით წლებია აგროვებს.
ინგა მოსიაშვილი: „ეს იყო საოცრად ამაღელვებელი ემოცია სიხარულისა, ტირილ-სიცილისა და ბედნიერებისა“
პირველი მასწავლებელი გახდა პროფესიის არჩევისას ინსპირაციის წყარო ჩვენი მომდევნო რესპონდენტისთვის, ინგა მოსიაშვილისთვისაც. პედაგოგიური მოღვაწეობა ჯერ კიდევ 2006 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო. 2016 წლიდან კი სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლაში ბიოლოგიას, ბუნებისმეტყველებასა და მუსიკას ასწავლის.
კონკურსში მონაწილეობას მეორედ იღებს. გასულ წელს არ გაუმართლა. წელს ახლობლების დაჟინებულმა მოთხოვნამ – გასულიყო კონკურსზე, გაჭრა და უკვე ათეულის წევრია.
ფიქრობს, რომ მრავალფეროვანი და მრავალმხრივი მუშაობა დაეხმარება კონკურსში ღირსეულად წარსდგეს. ცდილობს მხოლოდ ერთი მიმართულებით არ იმუშაოს – გადის თანამედროვე ტექნოლოგიების კურსებს და სკოლაში შესაბამის კლუბებს ქმნის. ამბობს, რომ პროექტული სწავლება სკოლას სავიზიტო ბარათად ექცა. გამოარჩევს პროექტს სახელად ,,Smart Flow”, რომელმაც ჩვენს რესპონდენტსა და მის მოსწავლეებს უდიდესი წარმატება მოუტანა და რომლის ფარგლებშიც ქ. ჟენევაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში – CERN-ში იმყოფებოდნენ. წარმოდგენილი მოწყობილობა კი ავტომატიზებული სარწყავი სისტემის შექმნას ემსახურებოდა.
მისმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ალტე უნივერსიტეტში გამართულ შეჯიბრში “Technovation Girls Sakartvelo 2024”. სადაც სკოლის გოგონათა გუნდმა შექმნა აპლიკაცია, რომელიც დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება გაიუმჯობესონ ყოველდღიური ცხოვრება. სამომავლოდ კი მისი მიზანია თემსა და რეგიონში ტექნოლოგიურმა ცენტრმა იარსებოს და იმედოვნებს, რომ კონკურსში მონაწილეობით გაჩენილი შესაძლებლობებით ეს მიზანი რეალობად იქცევა.
„ჩვენი სკოლის ბაზაზე ტექნოპარკის არსებობა ხელს შეუწყობს სკოლის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთზე, ელექტროინჟინერიის გამოყენებით, ინოვაციური დისტანციურად მართვადი სარწყავი სისტემით აღჭურვილი სათბურის მოწყობას, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ პრაქტიკული სამუშაოები, კვლევები და დაკვირვებები აწარმოონ. მოიყვანონ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ბიოპროდუქტი. პროდუქტის რეალიზებისთვის კი სკოლის სერტიფიცირებულ მეწარმეობის კომპანიასთან ითანამშრომლონ“, – ამბობს პედაგოგი.
ნათია უჩავა: „ზოგჯერ მგონია, რომ ეს პროფესია გენეტიკურია“
თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს, ნათია უჩავას პედაგოგად მუშაობის 12 წლიანი სტაჟი აქვს. განათლებაც სწორედ დაწყებითი განათლების მიმართულებით აქვს მიღებული და მიიჩნევს, რომ პროფესიის არჩევა მისი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულში მოხვედრა მარტივი არაა. წელს 128 განაცხადი შევიდა. როდესაც ჩემი გვარი წავიკითხე, სიხარულისგან ვიტირე. რაკი ათეულში მოვხდი, ე.ი. შანსებიც მაქვს. ამ კონკურსში ჩემი ნიშა ისაა, რომ საკმაოდ ფართო აუდიტორიასთან მაქვს წვდომა – რამდენიმე წელია ვხელმძღვანელობ ჯგუფს ,,აქტივობები კლასში“ , სადაც 92 ათასზე მეტი წევრია. ჯგუფში მუდმივად ვაზიარებ ჩემს შექმნილ რესურსებს. ვარ რამდენიმე წიგნის თანაავტორი, რომელიც მოსწავლეებთან მიდის, მათივე განვითარებისთვის“, – გვიყვება ქალბატონი ნათია.
პროექტებით სწავლებას, მის პედაგოგიურ პრაქტიკაში, დიდი ადგილი უჭირავს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რეგიონების მოსწავლეები საერთო აქტივობებში ერთვებიან.
ათეულის წევრობას შესაძლებლობად აღიქვამს და ამბობს, რომ ამ ყველაფრის მეშვეობით სულ უფრო საინტერესო წამოწყებებში შეძლებს ჩართვას. რა თქმა უნდა, მოსწავლეებთან ერთად.
„მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ“ დიდი გარდატეხა მოახდინა პროფესიის პოპულარიზაციაში. ბევრს მისცა მოტივაცია. მასწავლებლები ფართო საზოგადოებას გააცნო, მათი ღვაწლი ყველასთვის თვალნათლივ გამოფინა და აჩვენა რამხელა შრომა დევს ამ პროფესიაში. კონკურსის არსებობა და გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებული და მომავალი მასწავლებლებისთვის ასეთი მოტივაციის წყარო ჰაერივით საჭიროა,“ – აცხადებს ნათია უჩავა.
გიორგი ლიპარიშვილი: „თან ვსწავლობ, თან ვასწავლი“
„პედაგოგი არ ვარ, ეს აღმატებული სიტყვაა. მასწავლებელი უფრო ახლოა ბავშვებთან“, – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს საუკეთესო ათეულის კიდევ ერთი წევრი, თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი.
პროფესიით ჟურნალისტია. ყოველთვის უყვარდა ბავშვებთან მუშაობა, მათთან ერთად რაიმეს შექმნა, გამოგონება. ამან კი სკოლამდე მიიყვანა და ერთი პროფესიიდან მეორე პროფესიაში გადაინაცვლა. კონკურსში მონაწილეობა წლების წინაც სცადა, მაგრამ ათეულში ვერ მოხვდა და ამის გამო მომდევნო წლებში, რეკომენდაციების მიუხედავად, ხელახალი მცდელობისგან თავს იკავებდა. წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველმა მფლობელმა, ლადო აფხაზავამ წარადგინა და მის სურვილს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია.
„მასწავლებლობა გზაა. ამ გზაზე მოძრაობა ზოგჯერ ჩერდება, ზოგჯერ უკან მიდის, მაგრამ რაღაც მაინც წინ გექაჩება. მე სულ საკუთარ თავს ვეჯიბრები. ვცდილობ ახალ-ახალი უნარები ვიპოვო და გავძლიერდე. კონკურსშიც წინსვლის მოლოდინი მაქვს. მინდა ჩემი საქმიანობა კიდევ უფრო წინ წავწიო და სოფლებსა თუ ქალაქებში გავაზიარო“, – ამბობს გიორგი ლიპარიშვილი.
მისი გაკვეთილები მრავალფეროვანი და სხვადასხვა აქტივობით დატვირთულია. ატარებს გაკვეთილებს ღია ცის ქვეშ. მოსწავლეები აკვირდებიან ძველ არქიტექტურას და თავად ქმნიან მაკეტებს, ან ხატავენ. ამზადებენ სამკაულებს, მინიატიურებს, სხვადასხვა ნივთებს ნარჩენებისგან. აქტივობები ყველა ჯერზე განსხვავებულია და მოსწავლეებსაც თავიანთი იდეების განხორციელების საშუალება ეძლევათ.
გარდა სკოლებში მუშაობისა, დაკავებულია ემიგრანტებისთვის ამერიკასა და აზიაში ქართული ენის შესწავლით. აგრეთვე, Youtub-ზე ვიდეო გაკვეთილების განთავსებით. მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა – „მინდა ბევრი ბავშვის მასწავლებელი ვიყო“ – დასძენს იგი.
კითხვაზე, რა შეცვალა „მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ“, გიორგი გვპასუხობს: „კონკურსმა, არსებობის განმავლობაში, მასწავლებლებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება შეცვალა. აჩვენა, რომ თურმე გარშემო ბევრი კარგი მასწავლებელია და ჯილდოებსაც იმსახურებენ, რომ სწავლების ბევრნაირი ფორმა არსებობს, რომ იგი ცოცხალი ორგანიზმია, სულ უფრო ვითარდება და წინ მიიწევს. მასწავლებლებსაც აჩვენა, რომ მარტო არ არიან, ვიღაც ამჩნევს მათ შრომას“.
სოფიო ქუხილავა – „სასიხარულოა ამდენი პროფესიონალი და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული მასწავლებელი რომ გვყავს“
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი სოფიო ქუხილავასთვის მასწავლებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ფიქრობს, რომ ამისთვის მხოლოდ ბავშვების სიყვარული არ კმარა. საჭიროა მათში პიროვნებას ხედავდე და კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას უწყობდე ხელს – ასწავლო, როგორ ისწავლოს, როგორ გამოიყენოს ნასწავლი, როგორ დაიცვას ბალანსი სურვილსა და შესაძლებლობას შორის.
პრაქტიკაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას არაფორმალურ განათლებას ანიჭებს და ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა და პროექტი აქვს განხორციელებული. არის რაიონული კონკურსების ორგანიზატორი, სამი რაიონული პროექტის თანაავტორი, სასკოლო სტარტაპის ხელმძღვანელი, სამეწარმეო კლუბის თანადამფუძნებელი, დოკუმენტური ფილმების კლუბის ხელმძღვანელი.
„ჩემი გამორჩეული ინიციატივა სკოლის სხვენზე მულტიფუნქციური სივრცის მოწყობაა, სახალხო დაფინანსებით. სივრცის არქონამ მიბიძგა იდეისკენ, რომელიც ერთიანი ძალისხმევით რეალობად იქცა. აქ იმართება პრეზენტაციები, ფილმების და ანიმაციების ჩვენება, მეზობელი თემის სკოლების მოწვევა და ერთობლივი აქტივობები“, – აღნიშნავს სოფიო.
რა იქნება გამარჯვების შემთხვევაში? ეს ის კითხვაა, რომელზეც სოფიოს უკვე ნაფიქრიც აქვს და მოსწავლეებთან ერთად კონკრეტულია გეგმაც დასახული. ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერები სწორედ მოსწავლეები არიან და თითოეულ მიღწევასაც პირველ რიგში სწორედ მათ უზიარებს.
„ეს ის ბავშვები არიან, ვისთან ერთადაც თორმეტი წელია მოვდივარ, ვის გარეშეც ჩემი პროფესიის ერთი დღეც არ მახსოვს. ერთად წარმატების ბევრი ისტორია დავწერეთ და ვიცი, როგორ უხარიათ ჩემი წარმატება. ამ კონკურსის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბევრ მასწავლებელს აძლევს მოტივაციას მეტი შემართებით აკეთოს საყვარელი საქმე, დიდი მადლობა ამისთვის“, – დასძენს იგი.
ირინა ხანთაძე: „ბევრი ღირსეული აპლიკანტი იყო და დასანანია, რომ ყველას სათანადოდ დაფასება ვერ ხერხდება“
საუკეთესო ათეულის შერჩევა, ჟიურისთვის მარტივი არც ერთ კონკურსზე არ არის, თუმცა, 2024 წლის საკონკურსო განაცხადებმა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარის, ირინა ხანთაძის თქმით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამბობს, რომ განცხადების რაოდენობაცა და ხარისხიც მნიშვნელოვნად გაზრდილია, რამაც ჟიურის წევრთა ამოცანა მნიშვნელოვნად გაართულა. მისი აზრით, ჯილდო უკვე გახდა ხარისხის ნიშანი, რომელიც ქმნის თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნის მასწავლებლის გარკვეულ სახეს. აქედან გამომდინარე, იგი გამორჩეული მასწავლებლებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება.
შერჩევა ტრადიციულად, იმ კრიტერიუმებით განხორციელდა, რასაც ჯილდო უკვე რვა წელია ეფუძნება. ხანთაძე ორ მათგანს გამოარჩევს: 1) რამდენად გამორჩეული და საინტერესოა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობა და რამდენად რეალურად აისახება იგი მოსწავლეებზე, როგორც მათი აკადემიური მიღწევების, ასევე მათი მოქალაქეობრივი შეგნებისა თუ პიროვნული განვითარების კუთხით; 2. რამდენად ახერხებს პედაგოგი აქტიურად იყოს ჩართული პროფესიის გაძლიერებაში და არის თუ არა თავადაც მაგალითი კოლეგებისათვის.
“წლევანდელი კამპანია ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა – საპროტესტო აქციებს, რაც, რა თქმა უნდა, გამოწვევა იყო. გახარებულები ვართ, რომ მიუხედავად დაძაბული ფონისა, აპლიკაციების რეკორდული რაოდენობა მივიღეთ. ეს ცხადყოფს, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ძალზედ აქტუალური, სანდო და ავტორიტეტული კონკურსია. მან უკვე გარკვეული პლატფორმის სახე შეიძინა, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე, განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებს მოიზიდავს, აერთიანებს და მასწავლებელთა თემს პროფესიის გაძლიერებისათვის სტიმულს აძლევს”, – აღნიშნავს ხანთაძე.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ იდეის ავტორი და განმახორციელებელი განათლების კოალიციაა. გამარჯვებული, 5 ოქტომბერს, ფინალურ ღონისძიებაზე, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარის მიიღებს. საუკეთესო ათეულის წევრებს კი ლიბერთი ბანკი დააჯილდოებს.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მხარდამჭერები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.
- „მოსწავლეს მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდება – ისინი რომ არა, მე მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი“ – ნათია უჩავა by ARIS.GE-განათლება
- „ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”