„ჩემი ემოციით მთელი სოფელი ავიკელი“ – ქვეყნის საუკეთესო პედაგოგები გურჯაანიდან, თბილისიდან, ყვარელიდან და ბაღდათიდან
მათ ყველა სხვა შემოთავაზებას, საკუთარი ცხოვრების განვითარების თითოეულ სხვა სცენარს, მასწავლებლობა არჩიეს. უარი თქვეს გაცილებით პერსპექტიულად მიჩნეულ, გაცილებით მაღალანაზღაურებად პროფესიებსა და სამსახურებზე და ბავშვობის ოცნება აიხდინეს – მასწავლებლები გახდნენ. დარჩნენ საკუთარ ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში და დაამტკიცეს, რომ წარმატების მიღწევა, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა და საუკეთესოთა რიგებში ყოფნა ნებისმიერი ადგილიდან შესაძლებელია.
EDU.ARIS.GE-მ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულის ხუთი წევრი უკვე გაგაცნოთ. დღეს კი მეორე ხუთეულს წარმოგიდგენთ. სტატიიდან გაიგებთ, როგორ შევიდნენ ქვეყანაში საუკეთესო მასწავლებლების სიაში ნუკრი კარკაძე, ნინო შუხოშვილი, ნანა მარღანია, ნათია ნაფეტვარიძე და დიმიტრი პოპოვი. რატომ გადაწყვიტეს პედაგოგობა, რა გამოწვევების დაძლევა მოუხდათ კარიერის მანძილზე, რა მიღწევები აქვთ და როგორ ხედავენ ისინი თანამედროვე მასწავლებლის ფუნქციას.
ნუკრი კარკაძე: „კონკურსი, ყოველწლიურად, უფრო საინტერესო ხდება“
„გამარჯვებულის სტატუსი იქნება პასუხი შეკითხვაზე: რატომ არ წავედი სოფლიდან. ეს კიდევ უფრო დაარწმუნებს ჩემს მოსწავლეებს, რომ აქედანაც, სადაც დავიბადეთ, შეიძლება დიდი წარმატების მიღწევა“, – ეს ბაღდათის N1 საჯარო სკოლისა და როკითის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის, ნუკრი კარკაძის სიტყვებია. პედაგოგიური მოღვაწეობა 2008 წელს, სოფელ წითელხევის ხელოვნების სკოლაში დაიწყო. აქამდე ბავშვების სიყვარულმა მიიყვანა და პირველივე გაკვეთილზე დარწმუნდა, რომ მთელი ცხოვრება ეს საქმე უნდა ეკეთებინა.
კონკურსზე კოლეგებმა, მოსწავლეებმა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებმა ემიგრანტებმა წარადგინეს. მომერიდა და აპლიკაცია შევავსეო, გვეუბნება.
„ჩემი ემოციით მთელი სოფელი ავიკელი, სხვადასხვა ოჯახიდან მოისმოდა მისალოცი შეძახილები და მინდა, ეს ექო სულ მესმოდეს“, – პირველ რეაქციას იხსენებს პედაგოგი.
განსაკუთრებულად ეამაყება, რომ ჯილდოს ათეულში მუსიკის მასწავლებელი პირველადაა. ამბობს, რომ ეს ფაქტი საგნისა და მასწავლებლების მეტ დაფასებას შეუწყობს ხელს. მისი მისწრაფება მუსიკის საგნის სხვა საგნებთან ინტეგრირებაა. ამავდროულად, სათემო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემებისა და გამოწვევების აქტუალური ურთიერთკავშირი საგაკვეთილო სწავლებასთან, რასაც თავადვე ურთულეს გამოწვევას უწოდებს. ბავშვებს მუდმივად არწმუნებს იმაში, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვს. მთავარია, ეს შეუმჩნეველი არ დარჩეს. მისი მოსწავლეები, საერთაშორისო კონკურს – ფესტივალების გამარჯვებულები არიან, ზოგიერთი კი უკვე უმაღლეს მუსიკალურ საფეხურზე სწავლობს.
„არაფორმალური განათლების კუთხით გამოვყოფდი პროექტებს: ქუთაისის საერთაშორისო ფესტივალი ,,N – ოვაცია 2021,’’ რომელშიც ჩემმა მოსწავლეებმა, ჩემივე დაწერილი პიესით წლის საუკეთესო მუსიკალური სპექტაკლის ნომინაციაში გაიმარჯვეს. სულ განხორციელებული მაქვს 180 საერთაშორისო და რეგიონული პროექტი, უმეტესი მათგანი ჩემი დაგეგმილი და ორგანიზებულია. ყურადღებას გავამახვილებ სულ ახლახან ჩატარებულ ჩემს საავტორო მასშტაბურ საღამოზე – ,,შვიდი AVE MARIA ’’, რომელშიც 70 მოსწავლე, ქალთა სიმებიანი კვარტეტი, საოპერო სოლისტები და წარმატებული მუსიკოსები მონაწილეობდნენ. აღნიშნული საღამო ბაღდათში 7 თებერვალს დატრიალებულ ტრაგედიას მიეძღვნა“, – გვიყვება ნუკრი კარკაძე.
თანამედროვე მასწავლებლის მთავარ მიზნად და ფუნქციად ღირსეული მოქალაქეების აღზრდას მიიჩნევს. ამბობს, რომ პედაგოგმა მოსწავლეს საკუთარი თავისა და სხვისი უფლებების დაცვა და პატივისცემა, ემოციური მდგომარეობის გაზიარება და თანაგრძნობა უნდა ასწავლოს, მოუსმინოს თავის შინაგან სამყაროს, ამოიცნოს საკუთარი თავი და ღირსეულად შექმნას ხვალინდელი ჰარმონიული გარემო.
ნინო შუხოშვილი: „მასწავლებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარელის გიმნაზიის გეოგრაფიის, მოქალაქეობისა და ჩვენი საქართველოს მასწავლებელი ნინო შუხოშვილი პედაგოგობის უკვე მე-16 წელს ითვლის. კონკურსში მონაწილეობის ეს მისი მეორე მცდელობაა და ამჯერად წარმატებული.
არის არაერთი საერთაშორისო პროექტის მონაწილე და გამოცდილება საგაკვეთილო პროცესში გადმოაქვს. საკუთარი პრაქტიკის ძლიერ მხარეებად მიაჩნია არაფორმალური განათლება, პროექტული სწავლება, სასწავლო თამაშები, გაკვეთილები ბუნებაში, მუზეუმში, სწავლა კეთებით. ამბობს, რომ განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობა რეგიონში ნაკლებია, ამიტომ ილიასმცოდნეობის კლუბი დააარსა, რომელიც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს და რომლის მიზანიც ილიას მიდგომებით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაა.
„მინდა ყველას, მიუხედავად ასაკისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, შეექმნას საშუალება მიიღოს საჭირო ცოდნა და უნარები, გაიზიაროს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები, იყოს რეალიზებული. აღმოაჩინოს საკუთარი და თემში არსებული შესაძლებლობები. გამოიყენოს როგორც პირადი, ასევე, რეგიონისა და ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის“, – აღნიშნავს ქალბატონი ნინო.
მისი საგნების სასწავლო თემები უკავშირდება როგორ სასკოლო, ისე სათემო საკითხებს და არაფორმალური განათლების ფარგლებში შესაბამისი პროექტებით ერთვება. რამდენიმე ჩვენც გაგვიზიარა: ის და მისი მოსწავლეები, უკვე რამდენიმე წელია, წარმატებულად მონაწილეობენ საერთაშორისო გარემოსდაცვით პროექტებში და კონკურსებში; არიან მდგრადი განვითარების ოლიმპიადის გამარჯვებულები, რეგიონის მასშტაბით; საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოახერხეს სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია; პროექტის „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ჩემს ქალაქში“ ფარგლებში, ქალაქში არსებულ ნაკლებად ცნობილი ან მივიწყებული ძეგლები გამოიკვლიეს, აპირებენ შექმნან განახლებული ტურისტული რუკა და გაავრცელონ ბუკლეტები; სკოლაში განათავსეს ,,მწვანე ყუთები”, სადაც ყოველ წელს გროვდება მაკულატურა და წიგნებში იცვლება.
ფიქრობს, რომ თანამედროვეობა ადამიანს ბევრი გამოწვევის წინაშე აყენებს. შესაბამისად, მოსწავლისთვის მხოლოდ საგნობრივი ცოდნის მიცემა საკმარისი აღარ არის. მისი აზრით, მასწავლებელმა ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა უნდა უზრუნველყოს, რომელიც სწავლებას საინტერესოს გახდის, მორგებული იქნება მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე, აღუძრავს ცნობისმოყვარეობას და ხელს შეუწყობს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას.
„ამისთვის კი მასწავლებელი თვითონაც მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, მზად იყოს სიახლეებისთვის, ფეხს უწყობდეს თანამედროვე გამოწვევებს, აქტიურად იყენებდეს ტექნოლოგიებს, აძლევდეს მოსწავლეებს საკუთარი თავის რწმენას – რომ შრომა ყოველთვის ფასდება და მონდომებით, ცოდნით, შრომით, მოთმინებით და დისციპლინით ყველა მიზნის მიღწევა შესაძლებელია“, – დასძენს ნინო შუხოშვილი.
ნანა მარღანია: „მასწავლებელმა მოსწავლეთა მრავალფეროვნება უნდა გაითვალისწინოს“
ჩვენი მომდევნო რესპონდენტი წარმოშობით აფხაზეთიდანაა. პროფესიით იურისტი უკვე 15 წელია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლაში მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს და სამოქალაქო განათლების მენტორ მასწავლებლად მუშაობს.
კონკურსში ბედი წელს მესამედ სცადა. ჩვენს კითხვაზე, რა დაეხმარება, მისი აზრით, გამარჯვებაში ყველაზე მეტად, გვპასუხობს, რომ პედაგოგიური საქმიანობით თემსა და სკოლაში პოზიტიური ცვლილებების შეტანა მოახერხა.
„მუდმივად ვზრუნავ პროფესიულ განვითარებაზე. ვმონაწილეობ საერთაშორისო პროექტებში, სასწავლო ვიზიტით ვიმყოფებოდი ესტონეთში, გერმანიასა და ჩეხეთში. საინტერესო გამოცდილება მივიღე დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სკოლაში დანერგვის მეთოდოლოგიასა და განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე, რასაც მოსწავლეებს, კოლეგებს, რეგიონის სკოლებს ვუზიარებ,“ – გვიყვება ქალბატონი ნანა.
მისი ერთ-ერთი ინოვაციური მიდგომა პრაქტიკაში თეატრით სწავლების მეთოდის დანერგვაა, რაც ანვითარებს შემოქმედებით და კრეატიულ აზროვნებას, პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების ძიების უნარს. საგრანტო პროექტის ფარგლებში სკოლაში შექმნა ღია სივრცე „თანასწორობის ბაღი“, სადაც მინი სპექტაკლებს მართავენ.
„სხვა ინოვაციურ პედაგოგიური სწავლების მეთოდებთან ერთად, სწავლა-სწავლების პროცესში ვიყენებ პროექტებით სწავლებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. 2017 წლიდან სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბს, მედია კლუბს, მოხალისეთა კლუბს ვხელმძღვანელობ და ფასილიტაციას ვუწევ მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობას. არაერთი საგრანტო პროექტი განვახორციელეთ, სკოლას მნიშვნელოვანი და საჭირო რესურსები შევძინეთ. სულ ახლახან სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის ვარციხის საჯარო სკოლამ იმერეთის რეგიონში ლიდერი სკოლის ტიტული მოიპოვა “,- გვეუბნება პედაგოგი და დასძენს, რომ ათეულის წევრობა, მით უფრო კონკურსში გამარჯვება, მის შესაძლებლობებს რამდენადმე გაზრდის. გეგმები კი მართლაც ბევრი აქვს.
მიაჩნია, რომ 21-ე საუკუნის მასწავლებლის კომპეტენცია თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებსა და გამოწვევებს უნდა შეესაბამებოდეს. მასწავლებელი, მისი აზრით, არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიმწოდებელი, არამედ მოდერატორი, მენტორი და ინოვატორი.
„მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა კულტურული და სოციალური მრავალფეროვნება, მათი ემოციები, ხედვები, ინტერესები და შესაძლებლობები. უნდა იყოს ემპათიური, იცოდეს, როგორ მართოს თავისი და მოსწავლეების ემოციები, რათა შექმნას პოზიტიური და სტაბილური სასწავლო გარემო. მოერგოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს, შესაძლებლობებს და ამ მიზნით სწავლების უნივერსალური დიზაინი გამოიყენოს. 21 – ე საუკუნის მასწავლებელმა, აკადემიურ განათლებასთან ერთად, მოსწავლეებს სწორი დამოკიდებულებები და ღირებულებები უნდა გამოუმუშაოს, როგორიცაა თანასწორობა, თავისუფლება, განსხვავებულის მიმღებლობა. მოამზადოს მომავალი ცხოვრებისათვის, ასწავლოს გამოწვევებთან გამკლავების და მიზნის მიღწევის გზები“, – დასძენს ნანა მარღანია.
ნათია ნაფეტვარიძე: „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ უკვე ხარისხის ნიშანია“
მასწავლებლობა ბავშვობის ოცნების პროფესიაა თბილისის 161-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის, ნათია ნაფეტვარიძისთვის. სტუდენტობისას კი ოცნება რეალობად აქცია და ჯერ კერძო პრაქტიკა წამოიწყო, მერე ერთ-ერთ უნივერსიტეტში მუშაობდა, ბოლოს კი ოცნებამ 161-ე საჯარო სკოლაში მიიყვანა. მას მერე თითოეულ საქმიან შეთავაზებას მხოლოდ იმ პირობით თანხმდება, თუკი სკოლაში მის მუშაობას ხელი არ შეეშლება.
კონკურსში 2020 წელსაც მონაწილეობდა, თუმცა ათეულში მოხვედრა წელს შეძლო. ათეულის დასახელების დროს კი ეთერს, სხვა მონაწილეების მსგავსად, ვერც მან უყურა.
„მთელი დღე საქმეზე კონცენტრირება მიჭირდა, სულ ამაზე მეფიქრებოდა. არც ზარები და შეტყობინებები მაძლევდა მოსვენებას. მართლა ძალიან გახარებული ვიყავი და ვარ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია“, – ემოციებს გვიზიარებს ქალბატონი ნათია.
მისი თითოეული აქტივობა მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, სწორი ღირებულებების განვითარებაზეა ორიენტირებული. მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით არ შემოიფარგლება და სულ ცდილობს სწავლება მრავალფეროვანი კლასგარეშე ინიციატივებით გაახალისოს. განსაკუთრებით გამოყოფს ლიტერატურულ კლუბს „ყველაზე წიგნიერები“, რომელიც 2 წელია არსებობს.
თანამედროვე მასწავლებლისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე საუბრისას, ქალბატონი ნათია გვეუბნება, რომ თუ ვინმეს სჭირდება სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირება, ეს, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელია. ფიქრობს, რომ იგი ღია უნდა იყოს ცვლილებებისთვის, ჰქონდეს განვითარებული ციფრული წიგნიერება, შეეძლოს, ხელი შეუწყოს და განავითაროს მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ასწავლოს მულტიკულტურულ, ინკლუზიურ გარემოში, სადაც თითოეული მოსწავლე დაფასებული იქნება, დაამყაროს კომუნიკაციას კოლეგებთან, მშობლებთან.
„მასწავლებელი წარმოუდგენელია ემპათიისა და ემოციური ინტელექტის გარეშე: მათ თანაგრძნობა საკუთარ მოსწავლეებს უნდა აჩვენონ, მხარი დაუჭირონ. ასევე, მნიშვნელოვანია კრეატიულობა და ინოვაციების წახალისება. გაკვეთილებმა ბავშვში ინტერესი უნდა გამოიწვიოს და ცნობისმოყვარეობა გაუღვივოს, განუვითაროს გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები. რაც მთავარია, აღზარდონ არა მხოლოდ აკადემიურად წარმატებული მოსწავლეები, არამედ ღირსეული მოქალაქეები. სრულყონ პიროვნულად და მოამზადონ სამყაროში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. არის თუ არა ასეთი მასწავლებლის არსებობა სკოლის მთავარი გამოწვევა? დიახ, არის. არა იმიტომ, რომ ჩვენ ირგვლივ პროფესიონალი კადრი ცოტაა, არამედ იმიტომ, რომ მასწავლებელში ამ უნარების განვითარებას მეტად ხელშემწყობი გარემო, მამოტივირებელი პროცესები სჭირდება“,- მიიჩნევს პედაგოგი.
დიმიტრი პოპოვი: „მოსწავლეებთან ურთიერთობა მხოლოდ 12 წლიანი სასკოლო გარემოთი არ შემოიფარგლება“
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტი დიმიტრი პოპოვი სკოლაში 2007 წლიდან, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობს. სწავლის დასრულების შემდეგ მას ორი არჩევანი ჰქონდა – ემუშავა თბილისის ერთ-ერთი კომპანიაში, ან დარჩენილიყო რეგიონში და სკოლაში, მასწავლებლად ეცადა ბედი. მან მეორე აირჩია და დღემდე ამ გადაწყვეტილების ერთგულია.
კონკურსზე კოლეგა უკვე რამდენიმე წელია წარადგენს, თუმცა მონაწილეობაზე მხოლოდ წელს დაითანხმა. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულია, ამიტომ ეგონა აპლიკაციების გადარჩევის ეტაპსაც კი ვერ გაივლიდა. თუმცა, გასაუბრებაც გაიარა და საკუთარი სახელი და გვარი საუკეთესო ათი მასწავლებლის სიაშიც იხილა.
მისი მთავარი საზრუნავია მოსწავლეების პატივისცემა და სიყვარული მოიპოვოს. საუკეთესო შემთხვევაში კი მათთვის მისაბაძი პიროვნება გახდეს.
„კარიერის დასაწყისში ჩემთან ერთი ბავშვის მშობელი მოვიდა და მითხრა, რომ მისი შვილი ოჯახში ხშირად მახსენებდა. ჩემნაირი ვარცხნილობაც კი გაიკეთა. ამის შემდეგ უფრო დავინახე რამდენად დიდ როლს ასრულებს მასწავლებელი მოსწავლის პიროვნების ჩამოყალიბებაში. მოსწავლეებთან ურთიერთობა მხოლოდ 12 წლიანი სასკოლო გარემოთი არ შემოიფარგლება. მათ პროფესიულ განვითარებაშიც ვეხმარები და თანამშრომლობას სკოლის მერეც ვაგრძელებთ. ჩემი ყოფილი მოსწავლეები სულ იხსენებენ და მიმართავენ დიმა მასწავლებელს“, – გვეუბნება იგი.
მის პროფესიულ პრაქტიკაში დიდი ადგილი უკავია პრობლემაზე დაფუძნებულ, პროექტულ სწავლებას. ერთ-ერთი გამორჩეულია Smart urban environment, რომლის ფარგლებშიც საქართველოს, თურქეთის, იტალიის, საბერძნეთის სკოლებთან ითანამშრომლეს და ერთობლივად განახორციელეს პროექტი, რომელიც როგორც მათემატიკურ აქტივობებს, ისე ქიმიის, ეკოლოგიისა და გეოგრაფიის საკითხებს მოიცავდა. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეთავისებინათ, თუ როგორი ზიანის მოტანა შეუძლიათ ადამიანებს ბუნებისათვის და რა შეუძლიათ გააკეთონ ამ ზიანის აღმოსაფხვრელად, რის შემდეგაც, საინჟინრო კომპონენტების გამოყენებით, ჭკვიანი ურბანული გარემოს პროტოტიპი შექმნეს. მისი მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ ტექნოპარკის საგრანტო პროექტებშიც.
ფიქრობს, რომ პროფესიები ელვისებური სისწრაფით ვითარდებიან. შესაბამისად, მასწავლებელს, დღეს, გაცლებით მეტი ფუნქცია აქვს, ვიდრე თუნდაც უახლოეს წარსულში.
„ასეთი კონკურსები მონაწილეებს საშუალებას აძლევს გადააფასონ შესაძლებლობები, მოახდინონ საკუთარი თავის რეფლექსია და გამოყონ ძლიერი მხარეები. ამ დროს სუსტ მხარეებსაც აღმოაჩენ და შესაძლებლობა გეძლევა სამომავლოდ მათზე იმუშაო. ძალიან კარგი კომპონენტია ის, რომ კოლეგები ერთმანეთს წარადგენენ. ამ დროს ხედავ, რომ ვიღაც შენს მიმართ კეთილგანწყობილია, პრაქტიკას აკვირდება, ძლიერ მხარეებს ამჩნევს და გიბიძგებს ფართო ასპარეზზე გაიტანო“, – დასძენს დიმიტრი პოპოვი.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალი, სადაც გამარჯვებული გამოვლინდება, 5 ოქტომბერს გაიმართება. იდეის ავტორი და განმახორციელებელი, 2017 წლიდან დღემდე, განათლების კოალიციაა. გამარჯვებული კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარს მიიღებს. საუკეთესო ათეულის წევრებს კი ლიბერთი ბანკი დააჯილდოებს.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მხარდამჭერები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.
ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება და 2024 წლის საუკეთესო მასწავლებლების გზა აღიარებამდე
- „მოსწავლეს მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდება – ისინი რომ არა, მე მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი“ – ნათია უჩავა by ARIS.GE-განათლება
- „ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”