GE

2023 წლის ზაფხულის გამოცდებზე გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა გავა – რეგისტრირებულთა სტატისტიკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, დღეს, 5 აპრილს,  2023 წლის ზაფხულის გამოცდების რეგისტრაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

სტატისტიკის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს დარეგისტრირდა გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა.

რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია კი 10 000 – ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.

რაც შეეხება მასწავლებლის საგნის გამოცდას, რეგისტრაცია გაიარა 16 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2 500 -მდე გამოსაცდელი დარეგისტრირდა.

გამოცდების ცენტრი აბიტურიენტების საყურადღებოდ განმარტავს, რომ: ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 13 აპრილის 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ. თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნა შესაბამისი გრაფა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 2 მარტს, ხოლო მასწავლებლის საგნის, ასევე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის 10 მარტს დაიწყო. ამ გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა 3 აპრილის 18:00 საათზე ამოიწურა. რეგისტრაცია პროფესიული უნარების გამოცდისა (წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთათვის) და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის უახლოეს მომავალში დაიწყება. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური