GE

2026 წლის საგამოცდო მასალების დიდი ნაწილი უკვე გაიგზავნა საქართველოს 12 ქალაქში – მზადება სრულდება (ფოტოები)

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მომზადებული საგამოცდო მასალების დიდი ნაწილი უკვე გაიგზავნა საქართველოს 12 ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში, სადაც მათი ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს.

როგორც NAEC-ში განმარტავენ, გამოსაცდელთა რაოდენობის გათვალისწინებით, ცენტრმა დაბეჭდა და საგამოცდო ცენტრებში გადაანაწილა პასუხების ფურცლები, შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები და დამხმარე მასალები – რუკები და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა. ამასთან, დახარისხდა და ცენტრებში გაიგზავნა საგამოცდო პროცესისთვის საჭირო საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ინვენტარი, ხმის გამაძლიერებლები, ყურსასმენები და სხვა ტექნიკური საშუალებები. საგამოცდო კომპიუტერებში ჩაიწერა სპეციალური პროგრამებიც.
ამ ეტაპზე საგამოცდო ცენტრებში მიმდინარეობს ვიდეოკამერების მონტაჟი, ასევე კომპიუტერული და ელექტრული მოწყობის სამუშაოები.

“გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით გაიმართა საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს გამოცდებისთვის მზადების სამოქმედო გეგმა, ასევე უკვე შესრულებული და განსახორციელებელი აქტივობები.

ცენტრმა უზრუნველყო საგამოცდო ტესტების აპრობაცია, საგამოცდო პროცესში ჩართული პირების ტრენინგები და ტესტირება. გამოცდების მოსამზადებელი სამუშაოები სულ მალე დასრულდება”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება 12 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

ცნობისთვის, რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 83 000-ს გადააჭარბა.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური