GE

განათლების სამინისტრო: „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა“

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დღეს, 6 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის კომიტეტის 2026 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა.

უწყების ცნობით, EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) შეფასების შედეგებს დაეფუძნა.

„შეფასების ფარგლებში ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა სიღრმისეულად შეისწავლეს 2024-2025 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასების საფუძველზე, EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015)“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური