GE

21-ე საუკუნის განათლება & კომპეტენციების ომი

ზვიად ფიფია

ტექნოლოგია და კომპეტენციები

21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ერაა. დღეს ადამიანი ვალდებულია, ტექნოლოგიების განვითარების ტემპს აჰყვეს და მისი ჩარჩოდან არ ამოვარდეს, რადგან ამოვარდნა უკუსვლას ნიშნავს, ხოლო უკუსვლა, ადამიანური რესურსების უდიდეს კონკურენციის ველზე, სახიფათოა, მითუმეტეს, როცა ჩვენს რესურსებს უფრო ძლევამოსილი – ტექნოლოგიური რესურსები დაუპირისპირდა, რამაც არა მხოლოდ შეამსუბუქა ადამიანის შრომა, არამედ შეამცირა და საფრთხის ქვეშ დააყენა.

ტექნოლოგიური ევოლუციის ამ საფეხურზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლების ფორმასა და შინაარს. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის განათლება და რატომ? ამ პოსტის მეშვეობით, ვერბალური და ვიზუალური მასალის დახმარებით, შევეცდებით, განათლება განსხვავებული სახით, განსხვავებული თვალთახედვიდან დაგანახოთ და გიჩვენოთ, თუ როგორი უნდა იყოს ის 21-ე საუკუნეში.

თუ ჩვენ გვსურს, ახალგაზრდები 21-ე საუკუნისთვის მოვამზადოთ, ეს სწორად უნდა გავაკეთოთ. ჩვენ, აუცილებლად, უნდა ვადევნოთ თვალი ჩვენ ირგვლივ მიმდინარე ცვლილებებს. არ შეიძლება, ვიხარშებოდეთ საკუთარ წვენში და არ ვიხედებოდეთ ფანჯრებში, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. გლობალიზაციის ერა შლის საზღვრებს და ჩვენი მოქმედების არეალი/გეოგრაფია სულ უფრო იზრდება. ჩვენ ვყიდულობთ ტანსაცმელს Amazon-ზე, სმარტფონის აპლიკაციებით ვუკვეთავთ საჭმელს, ვიძახებთ ტაქსის და ა.შ.

ახლა კი ვნახოთ, რა იცვლება შრომით ბაზარზე, რა გავლენა აქვს ტექნოლოგიების განვითარებას მასზე, რა შეიცვალა და განვითარდა. გადავხედოთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს.

დააკვირდით ფოტოებს. ორივე სლაიდზე ჩანს სატვირთო – ერთი ჩვეულებრივი, მეორე თანამედროვე, თუმცა განსხვავება მხოლოდ ეს არ გახლავთ. თქვენი აზრით, რა აკლია თანამედროვე სატვირთოს? – დიახ, მძღოლი. ეს სატვირთოა ადამიანის გარეშე, მას ხელოვნური ინტელექტი მართავს. უახლოეს 2-3 წელიწადში, ის გამოჩნდება ევროპისა და ამერიკის გზებზე.

ფოტო 1

ფოტო 2

ეს გახლავთ ჩვეულებრივი მატარებელი, ხოლო მეორე – ჰაიპელ ლუპი. ვიზუალურ და შინაარსობრივ განსხვავებას, ალბათ, ხედავთ. ჰაიპელ ლუპის სიჩქარე 1000 კმ/ს უდრის, ზოგჯერ უფრო მეტსაც. ის აქტიურად ინერგება აშშ-ში, დუბაიში, ჩინეთსა და იაპონიაში.

აქ კი რას ხედავთ? – ადამიანი, რომელსაც მძიმე სამშენებლო მასალა გადააქვს და კაცი სპეციალური მოწყობილობით. თუმცა, ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, ადამიანია თუ რობოტი.  ამ კოსტიუმს ექსოსკელეტონს ეძახიან. მისი დახმარებით, 200-300 კილო ტვირთის აწევა თავისუფლად შეიძლება. ექსოსკელეტონს ძალიან დიდი მომავალი აქვს, მისი გამოყენება ფართოდ არის დაგეგემილი სხვადასხვა სფეროში. მას უკვე იყენებენ კორეაში, იაპონიაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.

ეს არის კომპანია, სადაც iPhone-ს აწყობენ, მას „ფაქსკონი“ ჰქვია და ჩინეთში მდებარეობს. როგორც ხედავთ, ამ ფოტოზე კარგად ჩანს, რამდენი ადამიანია დასაქმებული. ყველაზე საინტერესო ამაში ისაა, რომ ეს არისფაქსკონი“ გუშინ, ხოლო „ფაქსკონი“ დღეს გამოიყურება ასე!

ადამიანებმა დატოვეს სამსახურები. რობოტები ამ ყველაფერს უფრო სწრაფად და ხარისხიანად აკეთებენ. მათ არ სჭირდებათ დასვენების დღეები, პრემიალურები, სამოტივაციო ჩარჩოები, არ აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მუშაობენ 24/7-ზე, არიან სწრაფები, ხარისხიანად ასრულებენ სამუშაოს და კომპანიას მათი შენახვა ბევრად უფრო იაფი უჯდება.

დიახ, მათ ჩაგვანაცვლეს. ეს ყველაფერი გვეუბნება იმას, რომ ადამიანები კარგავენ სამსახურებს და მომავალშიც მუდმივად დაკარგავენ. ეს შეუქცევადი პროცესია.

თქვენ, ალბათ, იტყვით, – „კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია. სადაც მხოლოდ მექანიკური სამუშაოებია ჩასატარებელი, იქ რობოტები ჩაანაცვლებენ ადამიანებს და ამით დასრულდება პროცესი“ – ნურას უკაცრავად! ეს პროცესი უფრო შორს მიდის.

თქვენ წარმოიდგინეთ, მსოფლიოს უდიდესმა ბანკმა, როგორიც არის JP Morgan, სამსახურიდან 1000-ზე მეტი იურისტი გაუშვა, რადგან იმ სტანდარტულ პროცედურებს, რასაც ადრე ადამიანები აკეთებდნენ, უკვე ხელოვნური ინტელექტი ითავსებს. არსებობს საიტი, რომელიც ამ ყველაფერს უკეთესად, უფრო ზუსტად და სწრაფად შეასრულებს, ვიდრე ადამიანი. კომპანიაში რთული და მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად, რა თქმა უნდა, იურისტები დარჩნენ. ძირითად საქმიანობას კი ხელოვნური ინტელექტი აკეთებს, ვინაიდან მას აქვს წვდომა ყველა იმ ინფორმაციასთან, რაც აქამდე დაგროვილა მსოფლიოში, ასევე – ქეისებთან, რომელიც ბოლო 200-300 წლის განმავლობაში მომხდარა. ჯერჯერობით, ადამიანის ტვინს ამ რაოდენობის ინფორმაციის შენახვა და დამახსოვრება, რა თქმა უნდა, არ შეუძლია.

თუმცა მინდა, დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ არც ისე ცუდად არის საქმე, შესაძლოა, წინ ძალიან კარგი მომავალი გველის. ამისთვის კი ერთი რამ არის საჭირო – სწავლების უფრო მრავალფეროვანი ფორმები, ვიდრე ამას სტანდარტული სწავლება ითვალისწინებს. გონებაში უნდა დაგრჩეთ იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე სტანდარტული, ტრადიციული პროცესის დროს. თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

განათლება დღეს

როგორია სასწავლო დაწესებულებებში განათლების მიღების პროცესი?

პირველი ფოტო გადაღებულია მე-19 საუკუნეში. ეს გახლავთ ტიპიური აუდიტორია, ალბათ, იმდროისათვის კეთილმოწყობილიც – ხის მერხები, სკამები, დაფა, ცარცი და ა. შ. ეს კი – თანამედროვე აუდიტორიაა 21-ე საუკუნეში. როგორ ფიქრობთ, რითი განსხვავდება ეს ორი ფოტო ერთმანეთისგან? პირველი განსხვავება ფერებშია – ეს შავთეთრია, ის – ფერადი, აქ „ფავერფოინთი“ გვაქვს, უკეთესი განათება, შედარებით მოდერნიზირენული მერხები, ბორდმარკერი, იქ – ცარცი, ალბათ, მელნიანი კალამი და სხვა. (ერთ აუდიტორიაში მეტი მოსწავლეა, მეორეში – ნაკლები. სულ ეს არის.) ანუ, როგორც ვხედავთ, განსხვავება მხოლოდ ვიზუალურია, ხოლო შინაარსი უცვლელი დარჩა. არადა, მსოფლიოში ყველაფერი იცვლება. იცვლება ძალიან სწრაფად და მიუხედავად ამისა, სწავლების საბაზო მოდელი იგივე რჩება.

განვიხილოთ სიმულაციური მაგალითი, როგორია სწავლების მეთოდი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში: აუდიტორიაში შედიან სტუდენტები, მოდის ლექტორი, იწყება ლექცია, ლექტორი ყვება და საკუთარ ცოდნას სხვა ადამიანებს გადასცემს. ხშირად ეს ხდება პასიურად – თქვენ ხართ აუდიტორიაში, ლექტორი გიყვებათ ამბებს, გეუბნებათ, რა უნდა ჩაიწეროთ, მოინიშნოთ და ა.შ. თქვენ ამ დროს მოწყენილი ხართ, ლექცია მონოტონურად მიმდინარეობს, თქვენ არ იცით, ეს ცოდნა მომავალში გამოგადგებათ თუ არა. ზუსტად ასეთი იყო განათლება მე-19 საუკუნეში და, სამწუხაროდ, დღემდე, მსოფლიოს ბევრ უმაღლეს სასწავლებელში ეს მოდელია შენარჩუნებული.

ვის გაქვთ მოსაწყენი ლექციების გამოცდილება? – ალბათ, ბევრს. სამწუხაროდ, ამ ფოტოს შემდეგ 200 წელი გავიდა, მსოფლიოში უამრავი რამ შეიცვალა, განვითარდა და დაიხვეწა, ხოლო სწავლების მეთოდი და სისტემა თითქმის იგივე დარჩა, რაც მე-19 საუკუნეში.

რამდენ თქვენგანს აქვს ტრენინგზე ან ლექციაზე ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობის გამოცდილება? როგორ დაგამახსოვრდათ ეს პროცესი? იყავით ჩართული? გამოხატავდით საკუთარ აზრებს? აკეთებდით პრაქტიკულ სამუშაოებს გუნდურად? მოგწონდათ ეს პროცესი? გრძნობთ თუ არა იმავეს სალექციო პროცესზე?

რას ხედავთ ფოტოზე?

დიახ, ეს არის ჩვეულებრივი ჩაქუჩი. აი, ამას ასწავლიან დღეს უნივერსიტეტებში – „ჩაქუჩის თეორიას“, რაც დიდი შეცდომაა. ჩვენ უნდა ვასწავლოთ არამხოლოდ „ჩაქუჩის თეორია“, არამედ – ამ ჩაქუჩის ხელში აღება, მოქნევა და ლურსმანის დაჭედება. პრაქტიკა არის ის ინსტრუმენტი, რაც დამსაქმებლებს სჭირდებათ. ამ შემთხვევაში ჩაქუჩი არის არასწორი ცოდნის სიმბოლო და ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში კიარა, მსოფლიოს ბევრ კარგ სასწავლო დაწესებულებაში გვხვდება.

10 საჭირო კომპეტენცია Forbs-ის მიხედვით

21-ე საუკუნეში, ცხოვრების აჩქარებული ტემპისა და დიდი ინფორმაციული ნაკადის ფონზე, დღის წესრიგში ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დგება – რა უნდა ვისწავლოთ და როგორ? რას უნდა დავუთმოთ ჩვენთვის გამოყოფილი მინიმალური დრო? თან ისე, რომ მაქსიმალური ცოდნისა და ინფორმაციის მიღება შევძლოთ, რაც იქნება აბსოლიტურად პრაქტიკული და გამოსაყენებელი.

შეხედეთ ფოტოს, თქვენი აზრით, რა ნომერი იმალება მანქანის ქვეშ? კარგად დაფიქრდით, ოღონდ ბევრი დრო არ დაკარგოთ.

ახლა შეეცადეთ, ნახატი ამოაბრუნოთ. ყველაფერი ცხადია, არა? – უნდა ჩართოთ კრეატიული აზროვნება. სხვაგვარად, ამ ამოცანას სწორი პასუხი არ აქვს.

კრეატიულობა არის ის უმნიშვნელოვანესი კომპეტენცია, რაც ყველას და განსაკუთრებით, ახალგაზრდას, უნდა ჰქონდეს. კრეატიულობა და ინდივიდუალურობა გამოგვარჩევს ჩვენი კურსელებისგან, მეგობრებისა თუ თანამშრომლებისგან. სწორედ ეს გვჭირდება იმისთვის, რომ შევძლოთ რთული ამოცანების ამოხსნა, რთული სიტუაციებიდან გამოსვლა და უპირატესობების მოპოვება.

არსებობს უამრავი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა კომპეტენცია სჭირდება ადამიანს 21-საუკუნეში. ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა „ფორბსი“ ჩაატარა კვლევა, რომელიც საერთაშორისო კომპანიებს შორის გაკეთდა და ჟურნალისტების მიერ არის მომზადებული.

ეს არის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი კომპეტენცია Forbs-ის ვერსიით:

  1. გუნდური მუშაობა;
  2. გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
  3. ადამიანებთან ურთიერთობის უნარი კომპანიის შიგნით და მის გარეთ;
  4. დაგეგმვის, ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  5. ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გამოყენების უნარი;
  6. ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  7. ვიწრო სპეციალობასთან დაკავშირებული ცოდნა;
  8. კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  9. წერილობითი ანგარიშების შედგენისა და რედაქტირების უნარები;
  10. გაყიდვებისა და ადამიანზე ზეგავლენის მოხდენის უნარი;

აქ ერთ-ერთი პუნქტი წითლად გამოვყავით. რომ არა ეს თანმიმდევრობა, ალბათ, ვიტყოდით, რომ ის, რაც მეშვიდე პოზიციაზეა, უნდა ყოფილიყო პირველზე – ასეთია მე-19 საუკუნის ნარატივი, ხოლო 21-ე საუკუნის ნარატივი არის ის თანმიმდევრობა, რომელსაც „ფორბსი“ გვთავაზობს.

განვიხილოთ რამდენიმე საკითხი:

პირველი, რასაც კომპანიები შრომის ბაზარზე ითხოვენ, არის გუნდური მუშაობა. თითოეულ თქვენგანს, ალბათ, აქვს გამოცდილება, როდესაც ლექტორები თუ მასწავლებლები ნამუშევრების შეფასებისას აფასებდნენ თქვენს ინდივიდუალურ ნაშრომს ტესტების/საკონტროლოების სახით და, სამწუხაროდ, ძალიან იშვიათია, როდესაც სტუდენტები, მოსწავლეები მუშაობენ გუნდურად, ერთი საკითხის ამოსახსნელად. ეს კი არასწორია, ვინაიდან, როგორც უკვე ვთქვით, მთავარი, რასაც თქვენგან დამსაქმებლები ითხოვენ,გუნდური მუშაობაა.

მსოფლიოში არსებობს უმაღლესი სასწავლებლები, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც (ყაზახეთი), სადაც რამდენიმე უნივერსიტეტმა უარი თქვა სადიპლომო ნაშრომებზე და მის ნაცვლად, საპროექტო ნაშრომები მოითხოვეს. რაც ერთ კონკრეტულ პროექტში რამდენიმე ადამიანის ჩართულობასა და გუნდურ მუშაობას გულისხმობს. საინტერესოა ის მომენტიც, რომ საპროექტო ნაშრომზე მუშაობისას, ეს უნივერსიტეტები იღებენ შეკვეთებს ბიზნესის ან სხვა რომელიმე სფეროს წარმომადგენლებისგან და ეხმარებიან მათ კონკრეტული პრობლემების, კონკრეტული ქეისების მოგვარებაში. სტუდენტები, საპროექტო ნაშრომების ფარგლებში, იგონებენ და ქმნიან ახალ პროდუქტებს სადაზღვეო კომპანიებისთვის, ბანკებისთვის. მაგალითად, მათ შეადგინეს მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების გეგმა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბევრად უფრო კომფორტული აღოჩნდა.

მსგავსი საკითხების მოგვარება სტუდენტებს კრეატიულად შეუძლიათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ის რეალური საქმეებია, რომელსაც საზოგადოებისთვის რეალური სარგებელი მოაქვს.

სტუდენტები არ დაკარგავენ დროს ისეთ სადიპლომო ნაშრომებზე, როგორიც არის „საბანკო სექტორის განვითარება საქართველოში“ ან „ქართული ჩაი და მისი საექსპორტო პოტენციალი“ – ასეთი ნაშრომი ათასობით გვინახავს, საზოგადოება მისგან არანაირ სარგებელს არ იღებს. ეს არის ნაშრომი ნაშრომისთვის და არა პროგრესისთვის. ის არ პასუხობს საზოგადოების რეალურ საჭიროებებს.

არსებობს კვლევები, სადაც აშკარად ჩანს სადიპლომო პროექტების ხარისხი და მათი უპირატესობა სადიპლომო ნაშრომებთან შედარებით. გარდა ამისა, სადიპლომო პროექტი ძალიან დიდ გავლენას ახდენს სტუდენტების დასაქმებაზე.  ეს არის კარგი მაგალითი 21-ე საუკუნის განათლებისა.

“გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი
ადამიანებთან ურთიერთობის უნარი კომპანიის შიგნით და მის გარეთ”

როგორ ვიქცევით, როცა ბანკში სამსახურის დაწყება გვსურს? – ბუნებრივია, ჯერ ვაგზავნით CV-ის. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრ უცხოურ კომპანიაში რეზიუმეს ხელოვნური ინტელექტი კითხულობს. როცა ვაკანსია ცხადდება, მითითებულია, რა შრიფტითა და უნიკოდით უნდა გქონდეთ ტექსტი შედგენილი. ეს იმისთვის ხდება, რომ თქვენ პროგრამას მოეწონოთ და მისთვის გასაგები იყოს, ვინ ხართ, ეს ერთგვარი ფილტრია შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. გარდა ამისა, ხდება დროისა და ადამიანური რესურსების დაზოგვა, განსაკუთღებით მაშინ, თუ ერთ გამოცხადებულ ვაკანსიაზე ათი ათასობით რეზიუმე იგზავნება. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი დრო და ადამიანი დასჭირდება ყველას წაკითხვასა და შეჯამებას?!

CV-ის გაგზავნის შემდეგი ნაბიჯია ინტერვიუ. როგორ ვიქცევით ინტერვიუმდე? – უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ. როცა გამსაუბრებელს შევხვდებით, ჩვენ უკვე ამ კომპანიის „პატარა ექსპერტი“ უნდა ვიყოთ და სულ მცირე, ორგანიზაციის მისიასა და ხედვაზე უნდა გვქონდეს წარმოდგენა. გარდა ამისა, უნდა გვქონდეს ინფორმაცია მათ სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზე.

უფრო შორს თუ წავალთ, კარგი იქნება, გავიგოთ, ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვინც გასაუბრებაზე დაგვხვდებიან. გავეცნოთ მათ პუბლიკაციებს, სტატიებს, საჯარო გამოსვლებს, ხედვებს, ინტერვიუებსა და ღირებულებებს. თუ ჩვენ ეს ყველაფერი წინასწარ გვეცოდინება, შევძლებთ, დავანახოთ ჩვენი და მათი ღირებულებების თანხვედრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიები ეძებენ თანამოაზრეებს და არა მოწინააღმდეგეებს. ამიტომ თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რა ღირებულებეის მატარებელია ესა თუ ის კომპანია. თუ კრეატიული და იდეინი ტიპი ხართ, უნდა ეძებოთ ისეთი კომპანიები, სადაც ასეთი ადამიანები სჭირდებათ. ეძებეთ ამბიციური და განვითარებაზე  ორიენტირებული კომპანიები. სხვა შემთხვევაში, თქვენ ყოველთვის დიდი წინააღმდეგობები შეგხვდებათ და საბოლოოდ, შეიძლება, გადაიწვათ.

ამიტომ ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანებთან ყოველდღიურ ურთიერთობას. ამ უნარებს კი აუცილებლად უნდა ავითარებდეს კარგი უმაღლესი სასწავლებელი ან სკოლა.

შემდეგი კომპეტენციებიები:
“დაგეგმვის, ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გამოყენების უნარი;”

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, განსაკუთრებით, იურისტებისთვის. აუცილებელია, სტუდენტებმა იცოდნენ სპეციალურ პროგრამებთან მუშაობა, რათა შეძლონ ელემენტარული ინფორმაციის დამუშავება და მართვა. უცხოურ უნივერსიტეტებში დღეს უკვე ასწავლიან „დეიტა საინს“ და „ბიგ დეიტასთან“  მუშაობას. აიტის სტუდენტებისთვის ამის შესწავლა სავალდებულოა, ხოლო დანარჩენებისთვის – არჩევითი.

იურისტებს მომავალში აუცილებლად ექნებათ შეხება მონაცემებთან. მათ დასჭირდებათ მონაცემთა დამუშავება, ხოლო თუ სტუდენტმა ეს არ იცის, მისთვის ყოველთვის იარსებებს რისკი, რომ მას არ აიყვანენ სამსახურში ან მომავალში მას ჩაანაცვლებენ ხელოვნური ინტელექტით, რომლისთვისაც ინფორმაციის დამუშავება უფრო მარტივი იქნება. ზუსტად ამიტომ, მონაცემებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს და უფრო მნიშვნელოვანი იქნება ხვალ.

თქვენ, როგორც სტუდენტებმა, კიდევ ერთი რამ უნდა იცოდეთ როცა ლექცია მოსაწყენია, ამის შესახებ ლექტორს, დეკანს, რექტორს უნდა აცნობოთ. თქვენ გაქვთ ამის უფლება და უნდა გამოიყენოთ; უნდა თქვათ ხმამაღლა, თუ რომელიმე მნიშვნელოვან კომპეტენციას, რომელსაც დამსაქმებელი ითხოვს, სწავლის პროცესში ვერ იღებთ. თუ ამას არ იზამთ, ეს ცუდად მოგიბრუნდებათ არა მარტო ცოდნის მიღების თვალსაზრისით, არამედ ვერ ისაწვლით საკუთარი უფლებების დაცვას, ეს კი იმ კომპეტენციებთაგანია, რომელსაც უნივერსიტეტი ან სკოლა აუცილებლად უნდა ასწავლიდეს სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს.

როგორია იდიალური სწავლების პროცესი?

აქამდე ჩვენ ვისაუბეთ იმაზე თუ რა უნდა ვისწავლოთ, ახლა, დადგა ჯერი, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ და რა ტექნიკები გამოვიყენოთ ამისთვის:

ვისთვის არის სწავლის პროცესი სახალისო? აი, დილით ადრე რომ დგები და სიხარულით ემზადები „კალკულუსის“ ლექციისთვის. დარწუნებული ვარ, ასეთი ლექციები არსებობს და გახსოვთ ისინი, რადგან მათი დავიწყება შეუძლებელია.

არიან ადმიანები, რომლებიც პატარა ბავშვებივით მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან სწავლობენ. რამდენჯერაც არ უნდა უთხრა, ხელი არ ახლოს გავარვარებულ გამათბობელს, ის მაინც კიდებს. მერე კი, ეს ამბავი მთელი ცხოვრება ახსოვს. რატომ არ ავიწყდება ადამიანს ასეთი სწავლება? – იმიტომ რომ ის პრაქტიკულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული.

თქვენი აზრით, რა არის სწავლება? – პირველ რიგში, სწავლება არის არდავიწყების ხელოვნება, ხოლო კარგი მასწავლებელი არის ის, ვისი ნასწავლიც დიდხანს გვემახსოვრება.

სტუდენტები 4 წლის განმავლობაში 10000 საათს ატარებენ უნივერსიტეტში, აქედან ნახევარი სალექციო პროცესს ეთმობა.  მალკოლმ გლადველი (ჟურნალისტი, სპიკერი, ბესცელერების ავტორი) ამტკიცებს, რომ 10000 საათი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს მსოფლიო მასშტაბის ექსპერტი ნებისმიერ დარგში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცნობთ უამრავ ადამიანს, იდეალურად რომ სწავლობენ, აქვთ მაღალი GPA, უპრობლემოდ წერენ ტესტებს, მაგრამ წარმოიდგინეთ, თუ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თქვენს მეხსიერებაში ნასწავლი მასალიდან მხოლოდ 5%-ი დაგრჩებათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ 4 წელი დაგიკარგავთ. რეალურად, მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომელიც მეხსიერებაში დაგრჩათ. ეს ის კომპეტენციები, რაც სამსახურში და ზოგადად ცხოვრებაში უნდა გამოიყენოთ. ხოლო ის, რაც არ გახსოვთ, დაკარგული დროა და, შესაბამისად, დაკარგული შესაძლებლობებიც.

ამიტომ, ჩვენთვის სასაიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ ისე, რომ გონებაში რაც შეიძლება დიდი ხნით, მეტი ცოდნა და ინფორმაცია შევინარჩუნოთ.

შეხედეთ სურათს, ამოძრავეთ თავი მარცხნივ-მარჯვნივ. თქვენ ხედავთ, რომ ნახატზე ფიგურები მოძრაობს. სინამდვილეში ისინი არ მოძრაობს, ეს ილუზიაა.

ბევრ თქვენგანს ექნება „ცოდნის ილუზია“. ისწავლე – ჩააბარე – დაივიწყე – სამწუხაროდ, სწავლის პროცესი, ხშირად, ასეთია და ამაში თქვენ არ ხართ დამნაშავე, უბალოდ, სისტემა ასეა მოწყობილი. საბოლოოდ, ცოდნის დეფიციტს ადამიანები მაშინ გრძნობენ, როცა სამსახურს იწყებენ და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების წინაშე დგებიან. მათ უჭირთ იმ ადამიანებთან შერკინება, ვისაც ჩვენ მიერ ჩამოთვლილი კომპეტენციები უფრო მეტი აქვთ. რეალურად, კონკურენცია – ეს  „კომპეტენციების ომია“.

თუ გვინდა, რომ ცოდნის ილუზია არ გვქონდეს, სწავლების მეთოდი უნდა შევცვალოთ. ხოლო იმისათვის, რომ სწორად ვისწავლოთ, უნდა ვიცოდეთ, როგორ არის ადამინის ტვინი მოწყობილი.

ბოლო წლების კვლევებმა დაადასტურა, რომ ტვინის გავარჯიშება შესაძლებელია ისევე, როგორც ნებისმიერი კუნთის, ბიცებსის-ტრიცებსის და ა.შ.  ამას ნეიროპლასტიკურობა ჰქვია და უნდა ვიცოდეთ, როგორ გავაკეთოთ სწორად.

როდესაც ჩვენ ვსწავლობთ ახალ რაღაცებს, ნეირონებს შორის ახალი კავშირები ჩნდება და ჩვენი ტვინის სტრუქტურა იცვლება. თუ გონებას სწორად ვავარჯიშებთ, მასში არსებული ინფორმაცია დიდხანს შეინახება. ზუსტად ამიტომ, მნიშვნელოვანია, გავერკვეთ, როგორ გავაკეთოთ ეს სწორად.

  • თუ თქვენი სწავლების ძირითადი მეთოდი არის ითხვა, უნდა იცოდეთ – სტუდენტებს შორის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაახლოებით 2 კვირის შემდეგ კითხვიდან მიღებული ცოდნის მხოლოდ 10% შენარჩუნდა, ხოლო რაც დრო გადის, ეს პროცენტი კიდევ უფრო მცირდება.
  • თუ გარდა კითხვისა არის აუდირება (ანუ ხმის მოსმენა), ორი კვირის შემდეგ ცოდნის 20% დარჩება.
  • თუ კითხვას, აუდირებას დაემატება ვიზუალური აღქმის ელემენტები, ეს მაჩვენებელი 30%-მდე აიწევს.
  • იმ შემთხვევაში, თუ სწავლის მეთოდში ჩაერთვება სხვადასხვა ვიზუალურ-ემოციური ელემენტები, მაგალითად, ფილმის ყურება, ექსპონატის დათვალიერება, იმ ადილას ყოფნა, სადაც რომელიმე დემონსტრაცია მიმდინარეობს და მასზე დაკვირვება, ჩვენი დამახსოვრებული ინფორმაცია 50%-ს მიაღწევს. მაგალითისთვის: იურისტები ესწრებიან სასამართლო პროცესებს, ერთვებიან რეალურ ქეისებში და აკვირდებიან პროცესის ადგილზე მიმდინარეობას და ა.შ.
  • თუ თქვენ მონაწილეობთ დისკუსიაში, გამოდიხართ სიტყვით, მაშინ გონებაში მიღებული ცოდნის 70% გრჩება.
  • როცა ამზადებთ პრეზენტაციას, რეალური გამოცდილების სიმულაციას 90% რჩება.

კონფუციმ თქვა:

„როცა მე მესმის, მე მავიწყდება;
როცა მე ვხედავ, მე ვიმახსოვრებ;
როცა მე ვაკეთებ, მე ვსწავლობ;“

ვის გაქვთ ჩვევა, ტექსტი ზედიზედ, რამდენიმეჯერ გადაიკითხოთ? ალბათ, გამოგიცდიათ ეს, ხომ მართალია?! და როგორ იმუშავა? ტვინს მეხსიერება, რომელსაც მოკლევადიანს ეძახიან. როცა კითხვას იწყებთ, თქვენ იწყებთ ტვინში ინფორმაციის ჩატვირთვას. აქ ინფორმაცია, დაახლოებით, ორი კვირა ინახება, თქვენ შედიხართ გამოცდაზე, წერთ კარგად, მოგვიანებით, ამ ინფორმაციას ანაცვლებს ახალი ინფორმაცია და თქვენ საბოლოოდ ივიწყებთ იმას, რაც აქამდე ისწავლეთ. ეს არის ცოდნის ილუზია, როდესაც ინფორმაცია სტრუქტურულ მეხსიერებაში არ გადადის. სტრუქტურული მეხსიერება არის ის ადგილი, სადაც ინფორმაცია უფრო დიდ ხანს რჩება. იმისათვის, რომ ინფორმაცია ამ ყუთში მოხვდეს, სხვა ძალისხმევაა საჭირო.

იმისათვის, რომ უკეთ მოემზადოთ გამოცდებისთვის, თან ისე, რომ ნასწავლი ინფორმაცია თქვენს მეხსიერებაში დიდხანი დარჩეს, საჭიროა, საკითხის საფუძვლიანი შესწავლა, ოღონდ არა დაზეპირების გზით.  გადაიკითხეთ ერთხელ და დაიწყეთ საკუთარ გონებაში გამოსავლისა და სწორი პასუხების ძებნა, ეს გააზრებაში დაგეხმარებათ.

ვის გაქვთ „შპარგალკების“ წერის ჩვევა? ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ეს ცუდია. სინამდვილეში, პირიქით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ მას უნივერსიტეტში ან სკოლაში მიიტანთ.

რატომ არის „შპარგალკის“ წერა კარგი?

თუ თქვენ წიგნიდან კოპირებას შეეცდებით, თქვენი „შპარგალკა“ არ იქნება კომპაქტური და, ბუნებრივია, მთელ მასალას ვერ გადმოიტანთ. თან უნდა გავითვალისწინოთ, ერთი-ერთზე გადმოწერით ისევ და ისევ მოკლევადიან მეხსიერებაში მოგიწევთ ინფორმაციის განთავსება.

როცა ჩვენ ვქმნით „შპარგალკას“  იძულებულები ვხდებით, მთელი შინაარსი, საკუთარი სიტყვებით ვწეროთ, შემოკლებულად და გააზრებულად. ზუსტად ასეთ დროს ხდება ის პროცესი, რასაც სტრუქტურულ მეხსიერებაში ინფორმაციის განთავსება ჰქვია. რეალურად, თქვენ სწავლობთ არა ლექციაზე, თუ ის მოსწყენია, არამედ „შპარგალკის“ მომზადების დროს.

მოკლედ შევთანხმდით, რომ „შპარგალკები“ კარგია, მაგრამ ისინი სახლში უნდა დატოვოთ.

კიდევ ერთი რჩევა იმისათვის, რომ მოკლევადიან მეხსიერებიდან სტრუქტურულ მეხსიერებამდე მეტი ინფორმაცია გადავიტანოთ:

როგორ მოვიქცეთ სხვადასხვა რთული მაგალითების ამოხსნისას? – შეეცადეთ, დამოუკიდებლად ამოხსნათ ისინი, ეძებეთ მათზე პასუხები, ეძებეთ გამოსავალი, სანამ მზა რეცეპტეს შემოგთავაზებენ. უმჯობესია, თავი აარიდოთ მათ. ნუ წაიკითხავთ მზა გადაწყვეტილებებს, შეეცადეთ, დამოუკიდებლად იპოვოთ პასუხი და შექმნათ საკუთარი რეცეპტი.

ალბათ, გახსენდებათ ლექციები ან სკოლის გაკვეთილები, როდესაც მასწავლებელი წერს ამოცანას და მისი ამოხსნის მეთოდებსაც თვითონვე გასწავლით. ბევრად უფრო ეფექტიანია, როდესაც მასწავლებელი გაძლევთ ამოცანას და გეუბნებათ: „თქვენ 20 წუთი გაქვთ და ამოხსენით დამოუკიდებლად“. როცა თქვენ იწყებთ ფიქრს, ყველაფერი იცვლება და იდება ისეთი შედეგი, რომელსაც არავინ მოელოდა, მათ შორის თქვენც.

ეს არის პალომა, მექსიკელი გოგონა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ჟურნალის “ვაირდი“ გარეკანზე აღმოჩნდა, ეს მოხდა 2013 წელს.

მექსიკაში, როგორც ჩვენთან, არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმისმაგვარი პროგრამა, რაც, რეალურად, მკაცრად გაწერილი პროგრამისა და მეთოდიკის ერთობლიობაა და სადაც გათვალისწინებულია ბევრი საზეპირო. რამდენი ადამიანია, რომელმაც იცის ვეფხისტყაოსნის საზეპიროები, მაგრამ არ იცის მისი შინაარსი. რომ სთხოვო, საკუთარი სიტყვებით, მოკლე შინაარსაც ვერ დაწერს.

სკოლა, სადაც პალომა სწავლობდა, მექსიკის რომელიღაც პროვინციაში მდებარეობდა. ეს სკოლა თავისი მიღწევებით გამორჩეული არ ყოფილა, მეტიც, სკოლების რეიტინგში ბოლო პოზიციებს იკავებდა.

ერთ მშვენიერ დღეს, ამ სკოლაში მათემატიკის ახალი მასწავლებელი მოიყვანეს. მას საინტერესო მასალების კითხვა უყვარდა და ათასგვარ სიახლეს ეცნობოდა. როგორც მერე აღმოჩნდა, დიდ დროს უთმობდა ლიტერეატურას, სადაც საუბარი სწავლების თანამედროვე მეთოდებს ეხებოდა. მასწავლებელს დიდხანს არ უფიქრია და გადაწყვიტა, სხვაგავარად ემოქმედა. ის თავის მოსწავლეებს დავალებებს აძლევდა და გარკვეული დროით აუდიტორიას ტოვებდა. ბუნებრივია, შორს არ მიდიოდა, იქვე მახლობლად ელოდებოდა, სანამ ბავშვები ამოცანების ამოხსნას დამოუკიდებლად ცდილობდნენ.

ახალი მასწავლებლის მოსვლამდე, პალომა არაფრით გამოირჩეოდა სხვა მოსწავლეებისგან, მაგრამ ახალი მეთოდი მისთვის ძალიან საინტერესო არმოჩნდა, მას ადვილად შეეძლო დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების პოვნა და ამოცანების ამოხსნა.

მასწავლებელი კარგა ხანს არავის უყვებოდა საკუთარი ექსპერიმენტის შესახებ. ის ამ მეთოდს მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყენებდა. მაგრამ წლის ბოლოს, გამოცდების პერიოდში, დირექტორთან დაიბარეს. აღმოჩნდა, რომ პალომამ, ქვეყნის მასშტაბით, მათემატიკაში ყველაზე მაღალი ქულა მიიღო, ხოლო გუნდურ რეიტინგში მისი კლასი ტოპ-სამეულში მოხვდა მაშინ, როცა ერთი წლის წინ, ისინი ბოლო სამეულში იყვნენ. ეს ძალიან ცნობილი ამბავია, საკმაოდ ბევრი დაიწერა პალომასა და მის მასწავლებელზე, რომლის სახელია Sergio Juárez Correa. ბუნებრივია, ამ ამბის მერე, ისიც ცნობილი ადამიანი გახდა.

რა დასკვნა შეგვიძლია, გავაკეთოთ ამ ამბის შემდეგ? როცა ადამიანები ამტკიცებენ, რომ განათლების რეფორმა საქართველოში, ან სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ძალიან რთული პროცესია და მის შეცვლას ათწლეულები სჭირდება, ტყუილია! ასეთი შედეგების მიღება, როგორიც პალომას ისტორიაა, ერთ წელიწადში შეიძლება. მნიშვნელოვანი ამ ისტორიაში არის ის ფაქტი, რომ არა მარტო პალომამ, არამედ მთლიანად კლასმა მიიღო მაღალი ქულა. ე. ი. შემთხვევითი შედეგი არ ყოფილა და სწორი მეთოდიკა ყველასთან ამართლებს.:

თუ თქვენ ლექციაზე ჩუმად ხართ და მხოლოდ ლექტორის მონოლოგს უსმენთ, მოსმენილი ინფორმაციის 90% დაგავიწყდებათ.

უნდა იყოთ აქტიურები, უნდა დასვათ შეკითხვები, ჩაერთოთ დისკუსიებში. თუ ლექტორი დისკუსიაში თქვენს ჩართვას შეძლებს, სახლში დამატებითი სწავლა აღარ დაგჭირდებათ და ცოდნა და ინფორმაცია დიდხანს დარჩება თქვენს გონებაში.

საქართველოს განთლების სისტემა საჭიროებს რეფორმებს, რათა ის უკეთ პასუხობდეს 21-ე საუკუნის მოთხოვნებს, დღეს ის ინდუსტრიალური ეპოქის მიზნებს ემსახურება. საჭიროა, მუდმივი ფიქრი იმაზე, თუ რა ვისწავლოთ და როგორ?

მნიშვნელოვანია, როგორ და  რისთვის ვამზადებთ სტუდენტებს. ეს ლურჯი ადამიანები დღევანდელი განათლების პროდუქტები არიან. მათ მთავარი აქცენტი გააკეთეს სპეციალობასა და მკაცრად გაწერილ პროგრამებზე, რომელიც არ პასუხობს დასაქმების ბაზარზე დღეს არსებულ მოთხოვნებს. სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება ეს წითელი კაცუნა, რომელიც თავისუფალია, ლაღი, კრეატიული და გვთავაზობს განვითარების საკუთარ ხედვას, რომელსაც გააჩნია კომპეტენციები, რომლითაც, რეალურად, არის დაინტერესებული დამსაქმებელი.

მთავრი პრობლემები საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემებში:

  1. Copy-Paste;
  2. სასწავლო პროცესი მე-19 საუკუნის სტილში;
  3. საზეპიროები;
  4. აქცენტი ვიწრო სპეციალიზაციაზე;
  5. საბჭოური მიდგომა სპეციალობით დასაქმებასთან მიმართებაში;
  6. აკადემიური თავისუფლების დეფიციტი;
  7. დაფინანსებული პროექტებისა და სამეცნიერო ნაშრომების ხარისხი;
  8. ინგლისური ენის ცოდნის დაბალი დონე;

როცა ორი ნაცნობი ერთმანეთს ხვდება, მოკითხვის შემდეგ, ოჯახურ ამბებზე გადადიან, – სწავლობენ თუ არა მათი შვილები; დაამთავრეს თუ არა; თუ დაამთავრეს, სად მუშაობენ; თავისი პროფესიით თუ სხვა პოზიციაზე, – ეს კითხვები ბუნებრივია. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ჩვენი პროფესიით მუშაობა აუცილებელი იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის ასე. მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული ადამიანების ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ძალიან ბევრს უამრავი პროფესია აქვს გამოცვლილი – გაყიდვების მენეჯერებიდან უზარმაზარი კორპორაციების დირექტორობამდე. წინა წლების ქართულ პოლიტიკურ წრეში ერთი პოლიტიკოსი აქტიურობდა, რომლის საარჩევნო სლოგანი გახლდათ „ექიმი – მეწარმე – ლიდერი“. იმ დროისათვის, ცოტა სასაცილოდ ჟღერდა და ამაზე ბევრი იუმორისტული ტექსტები დაწერილა თუ თქმულა, თუმცა დღეს ასე მეჩვენება. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, რაც შეიძლება მეტ კომპეტენციას უნდა ფლობდე.

არ არსებობს არავითარი ვიწრო სპეციალიზაცია. მაგალითად, დღეს თქვენ ხართ, ფინანსისტები ან ეკონომისტები, ამის შემდეგ ჩნდება შესაძლებლობა, დაეუფლოთ ახალ საქმეს, გამოიმუშაოთ ახალი უნარ-ჩვევები, გაზარდოთ კომპეტენციებით და თუნდაც სრულიად ახალ სფეროში გამოიყენოთ ის პირველადი ცოდნა და შესაძლებლობები.

ცოტა ხნის წინ, ერთი უნივერსიტეტის საინტერესო პრაქტიკას გავეცანი. პროგრამის კოორდინატორები პატარა გამოკითხვას ატარებენ, – საკუთარ კურსდამთავრებულებს ყოველწლიურად ურეკავენ და არკვევენ, რომელი კომპეტენციები, რა ცოდნა გამოადგათ მათ სამსახურში და ა.შ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისინი არ ეკითხებიან, მუშობენ თუ არა საკუთარი სპეციალობით. კოორდინატორებს აინტერესებთ, რამხელაა მათი ანაზღაურება. რაც უფრო მაღალია ანაზღაურება, მით უფრო მაღალია მისი ადამიანური კაპიტალი და მისი მნიშვნელობა დამსაქმებლისთვის.

რაც შეეხება აკადემიურ თავისუფლებას, სანამ განათლების სისტემა ცენტრალიზებულია მას ყოველთვის ექნება განვითარების პრობლემა.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური