სავარჯიშოები და განმარტება მძიმის სწორად გამოყენებისთვის – მძიმე განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებთან, შერწყმულ და რთულ წინადადებაში
მძიმე: მძიმე განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებთან; მძიმე შერწყმულ წინადადებაში; მძიმე რთულ წინადადებაში
ავტორი: ქეთევან გოჩიტაშვილი
ა. მძიმე განკერძოებულ განსაზღვრებასთან
განკერძოებული განსაზღვრება წინადადებაში ცალკე თუ თავისი თანმხლები სიტყვებით მძიმეებით გამოიყოფა (როცა შუაშია) ან მძიმით (როცა თავშია ან ბოლოში). განკერძოებული განსაზღვრება იძლევა დამატებით ინფორმაციას. იშვიათად, განკერძოებულ განსაზღ-ვრებასთან შეიძლება დაისვას ორწერტილი ან ტირე:
ეკა, მუშაობისაგან დაღლილი, ისვენებდა.
სავარჯიშოები:
I. დასვით მძიმეები
1. ლამაზი გოგოები ჯინსის შარვლებში გამოწყობილები უნივერსიტეტში მოვიდნენ.
2. ლუკამ საშინლად აღელვებულმა და გაფითრებულმა ლუკმაც ვერ გადაყლაპა.
3. საბა ფიქრებში გართული ტიროდა.
4. ბავშვები შეშინებულნი და დასველებულნი შინ დაბრუნდნენ.
5. ერეკლე ღრმად ჩაფიქრებული ხმას არ იღებდა.
6. მოხუცებული გიორგი ჯერ კიდევ მხნე და მხიარული შვილიშვილებს ზრდიდა.
7. მე ამ ამბით დაიმედებული კარგ ხასიათზე ვიყავი.
8. ხალხი ცოტა ხნის შეშინებული ახლა გახარებული იყო
9. დათოს ტახტზე წამოწოლილს არაფერი ესმოდა.
II. დასვით მძიმეები:
1. აქვე იდგა ორი მეგობარი თავჩაღუნული და დაბნეული
2. ნაძვი მაღალი და მარადმწვანე ამ ბაღის მშვენებაა
3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველ უნივერსიტეტს საქართველოში მალე ასი წელი შეუსრულდება
4. ბევრი ახალგაზრდა თამამი და პროგრესულად მოაზროვნე ახალ რექტორს ესაუბრებოდა
5. მასწავლებელს ბავშვების აღმზრდელს მუდამ ბევრი საქმე აქვს.
6. დედა მუდამ დაკავებული და საქმიანი ბავშვებსაც დიდ დროს უთმობდა.
III. დასვით მძიმეები:
1. ზამთრისათვის კარგი ამინდი იყო მზიანი უქარო
2. უპატრონო ბავშვი დაღლილი და მშიერი ხმას ვერ იღებდა
3. თამარი ქართველთა საამაყო მეფე ძლიერი პიროვნება იყო
4. ვაშლი მეტად გემრიელი და სასარგებლო ბევრ ადამიანს უყვარს
5. ლელა ნათიაზე უფრო დაბალი ხმამაღლა საუბრობდა
6. სერგი ბუნებით შრომისმოყვარე ადამიანი ახლა თურქეთში ცხოვრობს
7. ზაზა შენი ნათესავი ბათუმში გაემგზავრა
ბ. მძიმე დანართთან
დანართი ცალკე თუ თავისი მხლებელი სიტყვებით წინადადებისაგან გამოიყოფა მძიმეებით (როცა შუაშია), მძიმით (როცა თავშია ან ბოლოში).
დანართი სახელით გადმოცემული წინადადების რო-მელიმე წევრის შესახებ დამატებითი ცნობის შემცველი სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფია, რომელიც მისამართ წევრთან შეერთებულია პაუზით ან საგანგებო საკავშირებელი სიტყვით.
თქვენ, მხატვრები, ყველაფერს თქვენებურად აღიქვამთ.
ასახსნელ-განსამარტავ წევრებთან დანართის დასა-კავშირებლად გამოყენებულია ან კავშირები, ან კავშირის ფუნქციით გამოყენებული სიტყვები და ნაწილაკები:
ესე იგი (ე. ი.), ანუ, თუნდაც, როგორც, განსაკუთრებით, სახელდობრ, მაგალითად, ვთქვათ, უმთავრესად, კი, მეტადრე, ისიც, -ც, სიგრძით, სპეციალობით, წოდებით, სახელად, მეტსახელად, გვარად, ტომით, მოდგმით, წარ-მოშობით, ეროვნებით და ა. შ.:
მაშინ ლაშა, ანუ ჩემი ქმარი, უცხოეთში სწავლობდა.
დანართი წინადადებაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს გაუვრცობლად (ე. ი. ცალკე ერთეულად). მაგალითად:
მეზობლები ჩემს უფროსს, რამაზ აბაშიძეს, არ იცნობდნენ;
ან გავრცობილად (მომყოლი სიტყვებით ან სიტყვით):
გამოჩნდა ნანა, ჩემი მეგობრის და.
ზოგჯერ დანართი შეიძლება ტირეთი ან ფრჩხილებით გამოიყოს.
სავარჯიშოები:
I. დასვით მძიმეები დანართთან:
1. თეა გვარად ლორთქიფანიძე მიმღები განყოფილების თანამშრომელი გამოცხადდეს დირექტორთან
2. ჩვენთვის ამ ორგანიზაციის წარმომადგენელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს გადაწყვეტილებას
3. თქვენ ახალმოსულებმა დაიცავით სიჩუმე
4. მეც როგორც ჯგუფის წევრს მაქვს ჩემი აზრი განსახილველი საკითხის შესახებ
5. დეკანს როგორც თანამდებობის პირს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა
6. მასპინძლის ქალიშვილი პროფესიით ექთანი ეზოში იდგა
7. თამარი ესე იგი შენი მეზობელი შესანიშნავი ქალია
8. ხათუნას ერთადერთი მეგობარი ჰყავდა სახელად ირმა.
9. მოსახლეობის ერთ ნაწილს კერძოდ ექიმებს ეს კანონი დაეხმარება.
10. ზაალს წარმოშობით ზუგდიდელს ძალიან უყვარდა თავისი მშობლიური ქალაქი.
II. ფრჩხილებში მოცემული სიტყვები ჩასვით წინადადებაში დანართად და დასვით სათანადო სასვენი ნიშნები:
1. ყურძნის ბევრი ჯიში ძალინ კარგად ხარობს კახეთში. (მაგალითად რქაწითელი)
2. ავტომობილის შესაძენად ფულს ვაფროვებ. (ანუ მანქანის)
3. სეზონური დაავადებასთან საბრძოლველად საჭიროა ფინანსები. (სახელდობრ გრიპთან)
4. ეს საჩუქარი თქვენმა კოლეგამ გამომატანა (ომარ ჯავახიშვილმა)
5. დემეტრე ქირია სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა იყო. (ჩვენი მეგობრის ვაჟი)
6. ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონთ მისი ყვავილები. (განსაკუთრებით უცხოელებს)
7. ლილის სტუმარი ინგლისურად თავისუფლად ლაპარაკობდა. (ეროვნებით აზერბაიჯანელი)
8. მე თქვენმა წინადადებამ დამაინტერესა. (როგორც პროფესიით მასწავლებელი)
9. შეხვედრის შემდეგ ყველა გავიდა შენობიდან. (ფირმის დირექტორიც კი)
III დასვით მძიმეები
1. მარადმწვანე ნარგავების მაგალითად ნაძვის მოჭრა აკრძალულია.
2. ჩემი შვილი გიორგი გერმანიაში ცხოვრობს.
3. ეს ნოდარია გოჩას უფროსი ძმა.
4. გია პროფესიით მეტყევე მარნეულში ცხოვრობდა.
5. დაჩი როგორც ჩვენი მეზობელი აუცილებლად უნდა დავპატიჟოთ.
6. ნანას ერთი ძმა ჰყავს სახელად გურამი.
გ. მძიმე განკერძოებულ გარემოებასთან
განკერძოებული გარემოება თუ წინადადების თავში ან ბოლოშია, მძიმით გამოიყოფა, ხოლო თუ წინადადების შუაშია, მძიმეებით გამოიყოფა. მაგ.:
ჭიშკართან, ქუჩის ბოლოს, ვარდი ყვაოდა. სამი დღის შემდეგ, შებინდებისას, მგზავრებიც გამოჩნდნენ. მხოლოდ ზურა დარჩა აქ, ამ განყოფილებაში.
სავარჯიშოები:
I. ჩასვით წინადადებაში განკერძოებული გარემოება და დასვით მძიმეები:
1. გაზაფხულზე თეკლა გასტროლებზე მიდის. (მაისში)
2. ზეგ საქმე მაქვს, ვერ მოვალ. (3 საათზე)
3. აივანზე დავდგათ ეს ყვავილი. (მოაჯირთან)
4. ყოველ ზაფხულს მდინარის ნაპირას ვისხედით. (საღამოობით)
5. მაია ამ კორპუსში ცხოვრობს. (ბოლო სართულზე)
6. იქვე მატარებლის გაჩერება იყო. (ორ კილომეტრში)
II. დასვით მძიმეები:
1. ლიხს იქით დასავლეთში ბევრი მდინარეა.
2. გუშინ ადრიანად მარია მესტუმრა.
3. მთელი საღამო ხუთიდან ათ საათამდე ტელევიზორს ვუყურებდი.
4. სიღნაღში ამ პატარა ქალაქში ტურისტები ისვენებენ.
5. წლის დასაწყისში იანვარში სამოქმედო გეგმა დავსახეთ.
6. უცბად დაქორწინდნენ ყველასთვის მოულოდნელად.
7. მურმანმა ხმამაღლა თუმცა მშვიდი ხმით გვიამბო მომხდარი.
8. ზაფხულში აქ ტყის პირას უამრავი ყვავილი ხარობს.
9. ნინომ დაუფიქრებლად წამოიძახა რაღაც დაუგეგმავად
10. სამი თვის წინ აპრილში შვედეთში ვიყავი.
11. მეორე დღეს ზუსტად იმავე დროს სახლში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი.
დ. მძიმე გარდა და მიუხედავად თანდებულიან სახელებთან
სახელის ნათესაობითი ბრუნვის ფორმაზე დართული გარდა და მიუხედავად თანდებულიანი გამოთქმები თუ წინადადების თავშია, ორივე მხრიდან მძიმით გამოიყოფა. მაგ.:
გადაცემაში, ჩვენ გარდა, კიდევ ორი სტუმარი მონაწილეობდა. ყველა საუბრობდა, ეთერის გარდა. მიუხედავად ასაკისა, ლუბა მხნედ იყო.
სავარჯიშოები:
I. დასვით მძიმეები:
1. ნატო აღარაფერზე ფიქრობდა გარდა შვილებისა.
2. სამსახურში გარდა კოლეგებისა მეგობრებიც მყავს.
3. ხვალ მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვაპირებ მთაში წასვლას.
4. ლექციას ხუთის გარდა ყველა სტუდენტი დაესწრო.
5. მიუხედავად სიცივისა სასეირნოდ მაინც წავედით.
6. კახას მუშაობის გარდა გართობაც უყვარს.
7. ბიძაჩემს მიუხედავად ყველაფრისა ბედნიერი ცხოვრება აქვს.
8. მიუხედავად პრობლემებისა ლეილა ბედნიერი იყო.
9. ჩვენ უპირველეს ყოვლისა განრიგი უნდა შევადგინოთ.
10. პირველ ყოვლისა ნინო დედაა.
ე. მძიმე ჩართულ სიტყვებსა და გამოთქმებთან
ჩართული გამოხატავს მოსაუბრის დამოკიდებულებას წინადადებაში გამოთქმულ ძირითად აზრთან, აფასებს გამონათქვამს.
ჩართული გამოიყოფა მძიმით ან მძიმეებით. ჩართული გვხვდება წინადადების თავში, ბოლოში ან შუაში.
ა) ჩართული გვიჩვენებს, რომ მთქმელი დარწმუნებულია გამოთქმული აზრის სიმართლეში:
რა თქმა უნდა; ცხადია; რამდენადაც მახსოვს; მე რომ მკითხოთ; რასაკვირველია; არც მეტი, არც ნაკლები; ბოლოს და ბოლოს…
ბ) აზრი მიჩნეულია საეჭვოდ, გადმოსცემს მთქმელის ვარაუდს:
ვგონებ; ვვარაუდობ; მგონი; რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს; ჩანს; ცოტა არ იყოს; თუ არ ვცდები; ვინ იცის; ასე თუ ისე; ერთიც ვნახოთ; ვფიქრობ…
გ) ხდება რაიმე ფაქტის შეფასება, განზოგადება:
ჩვეულებისამებრ; წესისამებრ; ბუნებრივია; ჩვეულებრივ; როგორც წესი; როგორც ვიცით; საზოგადოდ; როგორც ხშირად ხდება ხოლმე; საერთოდ; მოსალოდნელია; სავარაუდოდ…
დ) გამოხატავს მთქმელის მიერ გამოთქმული აზრის შეფასებას:
საბედნიეროდ; სამწუხაროდ; ბედად; რაღაც ეშმაკად; ღვთის შეწევნით;
ჩემდა ბედად; რა ვქნა; მტრისას…
ე) დასახელებულია აზრის წყარო:
დაუზუსტებელი ინფორმაციით; როგორც ამბობენ; ჩემი აზრით; რომ იტყვიან; ამბობენ; მისი წარმოდგენით; გაზეთების ცნობით; დაზუსტებული ინფორმაციით…
ვ) უჩვენებს მთქმელის დამოკიდებულებას ნათქვამისადმი:
უფრო ზუსტად; უფრო სწორად რომ ვთქვათ;
ასე ვთქვათ; უფრო სწორად…
ზ) მიემართება თანამოსაუბრეს, იპყრობს მის ყურადღებას:
ნუ გაგიკვირდებათ; თუ გნებავთ; როგორც გეტყობათ; ასე განსაჯეთ; შენ ხარ ჩემი ბატონი…
თ) გამოყენებულია წინამავალი და მომდევნო აზრების ლოგიკური თანამიმდევრობით დასალაგებლად:
ჯერ ერთი, … თანაც; ერთი სიტყვით; ამრიგად; როგორც მოგახსენეთ; მოკლედ; მით უმეტეს; მაგალითად;
პირიქით; სხვათა შორის…
ი) ჩართულია საალერსო სიტყვები და ფიცილის ფორმულები:
გენაცვალე; შენი ჭირიმე; დედაშვილობამ; ძმობამ; გეფიცები…
სავარჯიშოები:
I. დასვით მძიმეები:
1. სიახლე ბუნებრივია მალე მოედო სოფელს.
2. რა თქმა უნდა მოვალ.
3. ცხადია უკეთეს შედეგს ველოდი.
4. პირიქით ყველასთვის კარგი რამ მოხდა.
5. ნათია გენაცვალე რატომ აგვიანებ?
6. როგორც მოგეხსენებათ ეს ბავშვები სკოლას ამთავრებენ.
7. მე თუ მკითხავთ, ვითარება არ შეცვლილა.
8. არც მეტი არც ნაკლები ჩემი საქმრო გამოჩნდა.
9. ყოველ შემთხვევაში ექიმი ასე ფიქრობს.
10. თინათინი თავისთავად საუკეთესო კანდიდატია.
II. დასვით მძიმეები:
1. მგონი აქ პრობლემები გვაქვს.
2. არა მგონია ეს ჩემი გადასაწყვეტი იყოს.
3. ჩანს ნოდარს უნდა დაველაპარაკო.
4. სტუმარი ცოტა არ იყოს დაიბნა.
5. ეტყობა თქვენ არ მეთანხმებით!
6. როგორც ვატყობ თქვენ სხვა აზრზე ხართ.
7. სტუდენტები როგორც ჩანს არ მოდიან.
8. თქვენ თუ არ ვცდები ესმას ელოდებით.
9. მე ჩვეულებრივ გვიან ვვახშმობ.
10. ბატონი ვახტანგი როგორც წესი ხმადაბლა საუბრობს.
11. როგორც ვიცით აქ ყველა ერთმანეთის ნათესავია.
12. პარტიებმა როგორც ცნობილია უკვე გაავრცელეს ინფორმაცია.
13. ეს ისტორია სამწუხაროდ მთელმა თბილისმა გაიგო.
14. საბედნიეროდ ყველამ დარეკა .
15. რატი ღვთის მადლით მალე მოვიდა.
16. ჩემი აზრით თენგიზს ეს არ უნდა გაეკეთებინა.
17. ილია ჭავჭავაძის აზრით პოეტი ხალხს უნდა დაეხმაროს.
18. გაზეთების ცნობით ამ წამოწყებას ბევრი მომხრე ჰყავს.
ვ. მძიმე მიმართვასთან, მიგებით ნაწილაკებსა და შორისდებულებთან
მიმართვა ასახელებს მას, ვისკენაც არის მიმართული საუბარი:
ქალბატონებო, მომისმინეთ!
ა) წინადადების თავში მოქცეული მიმართვის შემდეგ იწერება მძიმე, თუ იგი დიდი გრძნობით არ არის წარმოთქმული. მაგ.:
თეკლა, შენ ხარ?
(დიდი გრძნობით წარმოთქმულ მიმართვასთან ძახილის ნიშანი იწერება).
ბ) მიმართვა, რომელიც წინადადების შუაშია მოქცეული, მძიმეებით გამოიყოფა:
მჯერა, ქალბატონო მარიამ, თქვენ მართალი ბრძანდებით!
გ) თუ წინადადება მიმართვით მთავრდება, მის წინ მძიმე იწერება, ბოლოში კი წინადადების შესატყვისი ნიშანი:
რა გინდა, თამაზ?!
მიგებითი ნაწილაკი ორგვარია: დადასტურებითი (ჰო, კი, დიახ) და უარყოფითი (არა, ვერა). თუ წინადადებაში მიგებითი ნაწილაკები და შორისდებულები დიდი გრძნობით არ არის წარმოთქმული, მძიმით გამოიყოფა. თუ დიდი გრძნობით – ძახილის ნიშნით. მაგ.:
არა, არ მინდა! – უთხრა ლიამ.
ოჰ, როგორ დავიღალე!
სავარჯიშოები:
I. დასვით სასვენი ნიშნები:
– ლერი მოდი ჩემთან ლერი გესმის
– რა ხდება
– მოდი ბიჭო მომეხმარე
II. დასვით სასვენი ნიშნები:
– ლექსო მალე მოხვალ
– არა დაახლოებით ერთ საათში შენთან ვიქნები.
– წიგნები მოგაქვს
– ვერა ბიბლიოთეკაში წასვლა ვერ მოვახერხე.
– ახლა სახლში ხარ
– არა უნივერსიტეტში ვარ.
– მოდი პურიც შენ მოიტანე.
– არა არ შემიძლია, ფული არ მაქვს.
– კარგი ბატონო გასაგებია
III. დასვით სასვენი ნიშნები:
– ვაიმე როგორ დავიღალე
– კარგი ოთარ დაისვენე.
– არა არა მირჩევნია დავამთავროთ საქმე
– ჩემო კარგო ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს.
– საღამო მშვიდობისა მეზობლებო!
– დილა მშვიდობისა ირინე როგორა ხარ
– კარგად კარგად როდის მოხვედით
– კარგა ხანია აქა ვართ
– წასვლას აპირებთ
– არა ჯერ არა
ზ. მძიმე შერწყმულ წინადადებაში
შერწყმულ წინადადებაში მძიმე დაისმის, როცა გვაქვს რამდენიმე ერთგვარი წევრი უკავშირო შერწყმულ წინადადებაში:
I. რამდენიმე შემასმენელი ერთ ქვემდებარესთან:
ვკერავ, ვქსოვ, ჩემს თავს თვითონ ვუვლი.
II. რამდენიმე ქვემდებარე ერთ შემასმენელთან:
ქობულეთში ბინები, სასტუმროს ნომრები და კერძო სახლები ქირავდება.
III. რამდენიმე დამატება ერთ შემასმენელთან:
ბებიამ ჩურჩხელა, ტყლაპი და ჩირი გამომიგზავნა.
IV. რამდენიმე ერთნაირი განსაზღვრება საზღვრულ წევრთან:
ბეჯითი, ნიჭიერი, მშრომელი ახალგაზრდა ყველას უყვარდა.
V. რამდენიმე ერთი და იმავე შინაარსის გარემოება ერთ საერთო წევრთან:
ნინო მოხდენილად, ლამაზად, მოდურად იცვამდა.
კავშირიან შერწყმულ წინადადებაში მძიმე დაისმის:
I) შერწყმული წინადადების ერთგვარი წევრების გამოსაყოფად მაჯგუფებელი კავშირის მნიშვნელობით გამოყენებული გაძლიერებითი კიდეც ნაწილაკის წინ, თუ იგი გამეორებულია:
ნანა კიდეც უკრავს, კიდეც მღერის.
II) არც…არც…, აღარც…აღარც…, ვეღარც…ვეღარც…, ნურც…ნურც… წყვილი ნაწილაკების წინ
ეს არც რექტორის, არც დეკანის, არც დეკანის მოადგილის გადაწყვეტილება არ ყოფილა.
III) მაჯგუფებელი კავშირების მნიშვნელობით გამოყენებული კავშირების წინ: როგორც … ისე, არა მარტო… არამედ, არა თუ… არამედ და სხვა. წყვილის მეორე ცალის წინ მძიმე დაისმის:
შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი!
IV) ხან…ხან, ან…ან, გინდ…გინდ, თუნდ…თუნდ კავშირების წინ, თუ მაკავშირებელი სიტყვა მეორდება. მაგ.:
ხან მტკივა, ხან მიყუჩდება.
ან ვიყიდი, ან ვიქირავებ.
V) მაგრამ, ოღონდ, ხოლო, თუმცა, არ…არამედ, კი არ … არამედ კავშირების წინ. მაგ.:
ყველა დასაძინებლად წავიდა, ხოლო მასპინძელი სუფრის ალაგებას შეუდგა.
VI) შესადარებლად გამოყენებულ კავშირებთან – როგორც, თითქოს, ვიდრე, როცა ისინი წინ უძღვიან შესადარებელ სიტყვას.
ეკა, როგორც შველი, ისე დადიოდა.
VII) როცა წინადადებაში სიტყვები ზედიზედ მეორდება, განმეორებულ სიტყვებს შორის მძიმე დაისმის:
გაისად ჩამოვალთ, ნამდვილად ჩამოვალთ!
თუ შერწყმული წინადადების ერთგვაროვანი წევრების შესაერთებლად გამოყენებულია კავშირები „და“, „თუ“, „ან“, მძიმე არ დაისმის მათ წინ;
ის მიდიოდა და რაღაცაზე ფიქრობდა. დიდი თუ პატარა აღელვებული იყო. დედაჩემთან ან მამაჩემთან ერთად მივემგზავრები.
სავარჯიშოები:
I. დასვით სავენი ნიშნები:
1. ლელა ხან იცინოდა ხან ტიროდა.
2. დედამ მამამ და ბებიამ საჩუქარი მომიმზადეს.
3. მაღალი ლამაზი გამხდარი გოგონა ქუჩაში მიდიოდა.
4. ისინი მოვიდნენ მაგრამ დაგვიანებით.
5. ხელში მეჭირა ყვავილები შოკოლადი და წვენი.
6. ამ ამბავმა შეგვაშფოთა არა მარტო ჩვენ არამედ სხვებიც.
7. პოლონეთი რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის ქვეყნებია.
8. ან კაბა უნდა იყიდო ან ჯემპრი.
9. ბავშვები დარბოდნენ ცელქობდნენ ხმაურობდნენ არ ისვენებდნენ
10. ვარდი ზამბახი ქრიზანთემა და იასამანი ლამაზი ყვავილებია.
11. ეს შარშან კი არ მოხდა არამედ ხუთი წლის წინ.
12. დადარდიანებული დაღლილი ძალაგამოცლილი ელისაბედი ფანჯრიდან იყურებოდა.
13. არც დედა არც მამა არც ბებია შინ არ იყვნენ.
14. ბებია როგორც კლდე ისე ედგა ობოლ შვილიშვილს.
15. აკაკი ფიქრობდა პრობლემებზე გაჭირვებაზე სამსახურზე შვილებზე.
16. ბათუმში ზაფხულობით კაფეებში ბარებსა და რესტორნებში ტევა აღარაა.
17. სამართლიანად შეუპოვრად მტკიცედ იცავდა თავის პოზიციას.
18. ბაგრატი როგორც სპორტსმენი ძალიან ჯანმრთელი იყო.
19. ნურც ხმას ამოიღებ ნურც სხვას ათქმევინებ რამეს.
20. ეს ისტორია კარგად მახსოვდა თუმცა დავიწყებას ვცდილობდი.
21. მშიოდა მაგრამ საჭმლის მომზადება მეზარებოდა.
22. როგორც გინდა ისე მოიქეცი.
23. არა მარტო სტუდენტები არამედ პროფესორებიც აფორიაქდნენ.
24. მე ვერ მოვალ მაგრამ ერეკლეს გამოვუშვებ.
თ. მძიმე რთულ წინადადებაში
ა. მძიმე რთულ თანწყობილ წინადადებაში
მძიმე დაისმის კავშირიან რთულ თანწყობილ წინადადებაში:
ა) მაცალკევებელი კავშირების ან … ან, ხან … ხან-ის წინ, გარდა პირველად ხმარებულისა (თუ და კავშირი არ არის გამოყენებული):
ხან მამშვიდებდა, ხან მეჩხუბებოდა.
ბ) მაპირისპირებელი კავშირების მაგრამ, ხოლო-ს წინ:
შემპირდა, მაგრამ პირობა არ შეასრულა.
გ) მძიმე არ დაისმის მაპირისპირებელი კავშირის – კი-ს წინ, არამედ იწერება წინადადებათა საზღვარზე:
ეკამ საკუთარი პროექტით აიშენა სახლი, ერეკლემ კი არქიტექტორს მიმართა.
ბ. მძიმე რთულ ქვეწყობილ წინადადებაში
რთულ ქვეწყობილ წინადადებაში მძიმე დაისმის:
ა) მთავარი წინადადების შემდეგ, როცა მას მოსდევს დამოკიდებული წინადადება:
ხვალ შეხვედრაზე უნდა წავიდე, რათა საკითხი საბოლოოდ გადავწყვიტოთ.
ბ) დამოკიდებული წინადადების შემდეგ, როცა მას მოსდევს მთავარი წინადადება:
მე რომ მოვედი, დედაჩემი წასული იყო.
გ) როცა დამოკიდებული წინადადება მოქცეულია მთავარი წინადადების შიგნით, ორივე მხრიდან მძიმეებით გამოიყოფა:
ოფისში, სადაც მე ვმუშაობ, უახლესი აპარატურაა დამონტაჟებული.
მიაქციეთ ყურადღება:
1) უკავშირო ქვეწყობილ წინადადებაში, რომელშიც გამოტოვებულია რომ ან თუ, დამოკიდებული წინადადება მთავრისაგან მძიმით გამოიყოფა:
მერაბმა გადაწყვიტა, (რომ) ევროპაში მიეღო განათლება.
2) რომ კავშირის წინ მძიმე მაშინ დაისმის, როცა ის იწყებს დამოკიდებულ წინადადებას:
თეას უნდა, რომ ახალი მანქანა იყიდოს.
მაგრამ, თუ ის არ იწყებს დამოკიდებულ წინადადებას, რომ კავშირის წინ მძიმე არ დაისმის. მაშინ მძიმე იწერება მთავარსა და დამოკიდებულ წინადადებებს შორის:
ჩემთვის რომ გეთქვა, რამეს გირჩევდი.
მძიმე არ იწერება: რომ, თუ, ვინც, რაც, როცა და სხვა კავშირების წინ, როცა ისინი დამოკიდებული წინადადების შიგნითაა გამოყენებული:
ნინო როცა მოვა, აუცილებლად დაგირეკავ
მე თუ გადავწყვეტ, აუცილებლად გაგაგებინებ
ლალი რომ იქ მოსულიყო, მერაბი არ წავიდოდა.
სავარჯიშოები:
I. დასვით მძიმეები:
1. ნუგზარმა გვიამბო ისტორია რომელმაც ყველა დაგვაფიქრა.
2. მამაჩემი მაშინ ჩამოვიდა როცა ყველას გვეძინა.
3. ევამ და მისმა კოლეგებმა რომლებმაც კერძო სკოლა გახსნეს შენობა იყიდეს.
4. თუ დავარწმუნეთ ლექტორი რომ დავალება რთული იყო კიდევ ერთხელ აგვიხსნის.
5. მამიდაჩემთან მივდივარ რათა ნუცა მოვინახულო.
6. იმავე ისტორიაზე საუბრობს პიროვნება რომელმაც თავისი თვალით დაინახა ყველაფერი.
7. სკოლაში ვერ წავედი რადგან ავად ვიყავი.
8. თუ ეს არ მოხდება მაშინ ჩვენს საქმიანობას აზრი არა აქვს.
9. ტელეკომენტატორი აცხადებს რომ საქართველოში ხვალიდან დათბება.
10. აღმოჩნდა რომ გელა მართალი იყო.
11. სადილი რომელიც დედამ მოამზადა ძალიან გემრიელი იყო.
12. როცა მოხვალ მაშინ მოგიყვები.
13. პეტრე დარწმუნებულია რომ სამსახურს იშოვის.
14. ერეკლე მიხვდა რაშიც იყო საქმე.
15. ხვალ ბაზარში წავალ რათა პროდუქტები შევიძინო.
16. იმედს გამოვთქვამთ ამინდი აღარ გაფუჭდება.
17. ჯერ ვერ გეტყვით როგორ დასრულდება შეხვედრა.
18. ეს რომ გაიგო მაშინვე შეცვალა გადაწყვეტილება.
19. სკოლას რომ დავამთავრებ სწავლას გერმანიაში განვაგრძობ.
20. თავის ეზოში რომ შევიდა თავი მშვიდად იგრძნო.
21. დედამ გაიგო რომ მისი შვილი სკოლაში არ მისულა.
22. უნივერსიტეტთან რომ მივიდნენ მეგობრები დაინახეს.
23. ფატიმ მეგობრებს შესთავაზა წასულიყვნენ კინოში.
24. ის ვინც გაკვეთილი არ იცის ხვალ მოვიდეს.
25. ლექსომ კარგად იცოდა აქ რომ დარჩენილიყო მისი საქმე სულ სხვაგვარად წავიდოდა.
26. სახლი რომელიც პაპაჩემის აშენებულია ქალაქის ცენტრში დგას.
27. როცა დაზამთრდება ბუხარს ავანთებთ.
28. ლეციაზე დამაგვიანდა რადგან ავტობუსი არ მოვიდა დროზე.
29. მე მეგონა რომ თეკლა შინ იყო.
30. მალხაზმა რომ დარეკა მე სამსახურში ვიყავი.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- არსებითი სახელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- სასვენი ნიშნები პირდაპირ ნათქვამთან და სხვათა სიტყვის ნაწილაკების მართლწერა – წესი და სავარჯიშოები მეცადინეობისთვის by გრამატიკული ცნობარი