რამდენი დირექტორი დანიშნა პირადი ბრძანებით განათლების მინისტრმა – „პოლიტიზირება რომ გვდომოდა, ყველა სკოლაში დისკრეციას გამოვიყენებდი“
„პოლიტიზირება რომ გვდომოდა, 2000-ვე სკოლაში დისკრეციით დავნიშნავდი დირექტორებს“, – ასე პასუხობს გიორგი ამილახვარი ბრალდებებს, რომ მის მიერ ერთპიროვნულად, დისკრეციის წესით დანიშნული სკოლის დირექტორები ამ პოზიციებზე პოლიტიკური ნიშნით აღმოჩნდნენ.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ჟურნალისტებს დღეს, 16 სექტემბერს განუცხადა, ძალიან ბევრ სკოლაში ხელახლა იქნება დირექტორთა კონკურსი ჩასატარებელი, რადგან განაცხადი არავინ შეიტანა და ვინაიდან მსურველი არ ყოფილა, ვერც დისკრეციის წესით დანიშნავდნენ ახალ მმართველს.
“ასეთ სკოლებში დარჩა მოვალეობის შემსრულებელი ის, ვინც მანამდე მართავდა. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, კომისიებმა [კანდიდატები] თავად შეარჩიეს, წარუდგინეს სამეურვეო საბჭოებს და მათ აირჩიეს – 90%-ის განხორციელება ასე მოხდა, თუ მეტის არა.
“ჩვენ გვინდოდა, რომ საერთოდ არ ჩავრეულიყავით ამ პროცესში, თუმცა კანონის საფუძველზე, მინისტრს აქვს დისკრეციის უფლება, როდესაც ხედავს საჭიროებას, დისკრეციით დანიშნოს ესა თუ ის დირექტორი და მხოლოდ მცირე რაოდენობაში, თუ სწორად მახსოვს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 30-მდე სკოლაა, სადაც დისკრეცია იქნა გამოყენებული. ბუნებრივია, ჩვენ უნდა დაგვენიშნა ის ადამიანები, ვინც კომისიამ ვერ შეარჩია და რამდენჯერმე ვერ მოხდა სამეურვეო საბჭოს მხრიდან არჩევა და რეალურად, სკოლა მართვის საფრთხის ქვეშ იყო. ეს იყო ძალიან ინდივიდუალური, ძალიან ერთეული შემთხვევები.
“არცერთ კანდიდატზე არ მოგვისმენია არგუმენტი, რომ ვინმე არის არაკვალიფიციური ან არ შეესაბამება სტანდარტებს და არ შეუძლია სკოლის მართვა. ვინც აპოლიტიზირებს ამ პროცესებს, გასაგებია, რომ ჩვენ რომ პოლიტიზირება გვდომოდა, ავდგებოდი და 2000-ზე სკოლაში დისკრეციას გამოვიყენებდი, არც კომისიას და არც სამეურვეო საბჭოებს არ მივანდობდი ამას და ამის კანონის სრული საფუძვლები მაქვს, პირიქით ვქენით, საერთოს განვერიდეთ და ერთეულ შემთხვევებში ჩავერიეთ. სადაც კონკურსები არ შედგა დირექტორების პოზიციაბი ვაკანტურია“, განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ასევე იხილეთ:
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
- დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება