27 წლის სოხუმელი ბიჭის სოციალური საწარმო „დადარი“ და შშმ პირების მიერ დამზადებული საერთაშორისო დონის სათამაშოები
„დადარი“ სოციალური საწარმოა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი ხის სათამაშოები მზადდება. საწარმოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები მუშაობენ და მათი ნახელავზე მოთხოვნა უკვე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაშიც კია.
„დადარი“ 27 წლის სოხუმელი ბიჭის – არჩილ გობეჯიშვილის სისრულეში მოყვანილი იდეაა, რომელმაც 2 წლის წინ პროფესიისა და საქმიანობის შეცვლა გადაწყვიტა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ პროფესიულ კოლეჯში ჩაააბარა და ხეზე მუშაობა საფუძვლიანად შეისწავლა. 7 თვის წინ სოციალური საწარმოც გახსნა, სადაც როგორც თავად ამბობს, უნდოდა დასაქმებულიყვნენ ის ადამიანები, რომელთათვისაც სამსახურის შოვნა მარტივი არ არის.
მას შემდეგ პატარა საწარმო ერთ ოჯახად შეიკრა და ამზადებენ პროდუქციას, რომელიც უმაღლესი ხარისხის, დახვეწილი ფორმებისა და მაღალპროფესიონალურად შესრულებული დეტალების გარდა, საოცრად შეხამებული ფერებით, პოზიტიური აურითა და გემოვნებით გამოირჩევა. დღეს EDU.ARIS.GE საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ კურსდამთავრებულზე გიამბობთ. ინტერვიუ პროფესიონალთან მისივე დაარსებულ სახელოსნოში შედგა.
არჩილი
არჩილი პროფესიით სატრანსპორტო მანქანათშენებლობის სპეციალისტია. მისი კიდევ ერთი გატაცება ფეხბურთია, რომელსაც 17 წლამდე თამაშობდა. მოგვიანებით სამწვრთნელო ლიცენზია აიღო და ბავშვთა გუნდს ავარჯიშებდა.
ხის დამუშავებით 2 წლის წინ დაინტერესდა და გადაწყვიტა ეს საქმიანობა პროფესიონალურ დონეზე შეესწავლა. ამისათვის საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ მიმართა, სადაც შესაბამის პროგრამაზე ჩაირიცხა. ამბობს, რომ კოლეჯში ჩაბარებამდე ხეზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. სწავლა ნულიდან დაიწყო და 8 თვეში უკვე პროფესიონალი სპეციალისტი იყო, რომლის დიპლომსაც მსოფლიოს 150 ქვეყანა აღიარებს.
იხილეთ კოლეჯი “სპექტრი”-ს მოდულური/დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
„ის პროფესია, რომელსაც უმაღლეს სასწავლებელში ვეუფლებოდი, აბსოლუტურად არ მაინტერესებდა. როგორც უმრავლესობას, მეც მხოლოდ ცარიელი დიპლომი მაქვს უმაღლესი სასწავლებლიდან და არანაირი ცოდნა. რა თქმა უნდა, მე ხაზს არ ვუსვამ უმაღლეს განათლებას. აკადემიური სწავლება ძალიან კარგი და სასურველია, მაგრამ სწორად უნდა შეარჩიო პროფესია.
„მოგვიანებით გადავწყვიტე ის საქმიანობა შემესწავლა, რომელიც მაინტერესებს და რომელიც, ჩემი აზრით, საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას მომცემდა. ამიტომაც ავირჩიე პროფესიული სასწავლებელი – საზოგადოებრივი კოლეჯი სპექტრი. საკმაოდ მარტივად ჩავაბარე და ძალიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები დამხვდნენ. მთავარი კი, რაც მხიბლავდა, ის იყო, რომ პრაქტიკას ძალიან დიდი დრო ეთმობოდა. პირველივე თვეში დავრწმუნდი, რომ ეს ის საქმიანობა იყო, რომელიც მიტაცებდა და რომლის კეთებაც მინდოდა“, – დასძენს ის.
შედეგად, არჩილი ევროპის ფონდმა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წლის საქართველოს საუკეთესო პროფესიულ სტუდენტად დაასახელა.
„დადარი“
სწავლის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ არჩილს ნამუშევრების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაუგროვდა. კოლეჯის ხელმძღვანელობამ მისი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გადაწყვიტა. არჩილის ნამუშევრები ასოციაცია „ანიკას“ სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებმა მოხატეს. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და არჩილს კიდევ უფრო გააქტიურების სტიმული მიეცა.
სწავლის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდი მეგობართან ერთად სახელოსნოში მუშაობდა. 7 თვის წინ კი სოციალური საწარმოს დაარსების იდეა გაუჩნდა და პარტნიორ მერაბ კუჭუხიძესთან ერთად იდეა სისრულეში მოიყვანა.
„დადარში“ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები არიან დასაქმებულები. მათ საქმეს თავადვე ასწავლიან და გადამზადების შემდეგ საწარმოში სამუშაოდ რჩებიან.
„ჩვენი მიზანი იყო მოგვეძიებინა ადამიანები, რომელთაც სხვაგან დასაქმების პრობლემა აქვთ. გვჯეროდა, რომ თუ მათ სწორად შევასწავლიდით საქმეს და თუ ეს სწავლება ფორმალური არ იქნებოდა, არაჩვეულებრივ შედეგს დადებდნენ. ამის პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს – სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ადამიანები ხის სათამაშოების დამზადების სფეროში არიან დასაქმებულები. ერთ-ერთი მოტივატორი ჩვენთვის ესეც იყო – გვინდოდა საქართველოშიც შეგვექმნა საწარმო, სადაც სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ადამიანები ერთად შევქმნიდით ნაწარმს“, – ამბობს არჩილი.
თანამშრომლებს სხვადასხვა დღის ცენტრებსა თუ ასოციაციებში ეძებდნენ. ყველაზე აქტიური პარტნიორი ასოციაცია „ანიკა“ იყო.
„თავად საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრიდანაც“ წამოვიყვანეთ ერთი ბიჭი, 26 წლის აკაკი, რომელიც დღეს არაჩვეულებრივი პროფესიონალია. იმდენად კარგად იცის საქმე, რომ უკვე თავად შეუძლია სხვებს ასწავლოს.
„ჩვენი მთავარი მიზანი მათი ადაპტაცია, გადამზადება და საზოგადოებაში ინტეგრაციაა. ასევე ის, რომ შრომითი ბაზრისათვის კონკურენტუნარიანები იყვნენ. გვინდა გადავამზადოთ კადრები, რომლებიც ჩვენთანვე დასაქმდებიან. ვისაც ხეზე არ შეუძლია მუშაობა, ის თექაზე მუშაობს, ან ღებავს, ხატავს და ა.შ. ყველას აქვს თავისი საქმე“, – გვიყვება არჩილი.
თითოეულ დასაქმებულს მისი შრომის შესაბამისი, ღირსეული ანაზღაურება აქვს.
„ჩვენ არ გვინდა ვინმეს რამე ვაჩუქოთ და ეს არც მათ უნდათ. არ უნდათ იგრძნონ, რომ რაიმე დაუმსახურებლად მიიღეს. ისინი დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ანაზღაურებას თავიანთი შრომით იღებენ და თითოეულ თეთრს იმსახურებენ. მათ ეს ბევრად ურჩევნიათ. თავიანთი გამომუშავებული თანხა ეამაყებათ“.
იხილეთ კოლეჯი “სპექტრი”-ს მოდულური/დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
ნაწარმი
ხის სათამაშოების გარდა „დადარი“ ამზადებს სუვენირებს, სამშვენისებს და ა.შ. ყველაფერი ხელნაკეთია. არჩილი ამბობს, რომ საქმე საკმაოდ შრომატევადი და რთულია, განსაკუთრებით ფიგურების გამოჭრა, რაც წარმოუდგენელ სიზუსტეს მოითხოვს.
„ერთი სათამაშოს შექმნას დაახლოებით 10-13 ოპერაცია სჭირდება. საქმე გადანაწილებულია და ყველა აკეთებს იმას, რაც უკეთ გამოსდის. პროდუქცია 100%-ით ეკოლოგიურად სუფთაა. უსაფრთხოა როგორც გარემოსათვის, ისე ადამიანისათვის. მიღებული გვაქვს შესაბამისი სერტიფიკატები. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ლაბორატორიაში შემოწმებისთვის მზად ვართ,“ – ამბობს არჩილი.
სათამაშოები ძირითადად ნეკერჩხლითა და ცაცხვისგან მზადდება. საღებავი გერმანიიდან ჩამოაქვთ, რომლებიც შემოწმებულია და ახლავს დამადასტურებელი სერტიფიკატები იმისა, რომ უსაფრთხო და სუფთაა. გერმანულია ყველა სხვა მასალაც, რაც სათამაშოსათვის დასრულებული სახის მისაცემადაა საჭირო.
რეალიზაცია და ფასი
„დადარის“ სათამაშოები და სამშვენისები ძირითადად გამოფენებზე იყიდება. აგრეთვე სოციალური ქსელის მეშვეობით და მსურველებს თავად საწარმოშიც შეუძლიათ სრული ასორტიმენტის დათვალიერება. ნაწარმი გადის საზღვარგარეთაც- გერმანიაში, ამერიკაში.
„მასშტაბი დიდი არ არის, ვინაიდან სათამაშოები ხელით მზადდება და არ შეგვიძლია თვეში 2 000 ცალი გავაკეთოთ. შესაბამისად, რაოდენობა შეზღუდულია. რეალიზაციის გაზრდა კი გაფართოებისა და პროდუქციის რაოდენობის გაზრდის საშუალებას მოგვცემს,“ – ამბობს არჩილი.
რაც შეეხება ფასებს, ბუნებრივია, ხის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების ფასი უფრო მაღალია ვიდრე მაგალითად პლასტმასის, თუმცა არჩილი ამბობს, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ თითოეულ ნაკეთობა იმდენად გაყიდონ, რამდენიც მისი დამზადება დაჯდა. სწორედ ამ მიზნით ამბობენ უარს პროდუქციის ამა თუ იმ მაღაზიაში შეტანაზე, ვინაიდან ეს მათ ღირებულებას აძვირებს. ფასები ასევე დამოკიდებულია სათამაშოების ზომაზე, ფორმაზე, სირთულეზე და ა.შ.
სამომავლოდ „დადარს“ დიდი გეგმები აქვს. უნდათ, რომ მსურველებმა პროდუქციის დათვალიერება თბილისში რამდენიმე ადგილას შეძლონ.
„დადარის“ პროდუქციის ნახვა შესაძლებელია საწარმოს ფეისბუკის გვერდზე.
გარანტიებული სამუშაო და სოლიდური ხელფასი „სპექტრის“ კურსდამთავრებულებისათვის
- გარანტიებული სამუშაო და სოლიდური ხელფასი „სპექტრის“ კურსდამთავრებულებისათვის by საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი"
- „დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – კოლეჯი „სპექტრი“ by საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი"
- საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი by საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი"