გარანტიებული სამუშაო და სოლიდური ხელფასი „სპექტრის“ კურსდამთავრებულებისათვის
“არის მოტივაცია, ცოდნის მიღებისა და თვითრეალიზაციის სურვილი? მაშინ დამერწმუნეთ, რომ დასაქმების სრული გარანტია არსებობს ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც პროფესიული განათლებით დაინტერესდება და ჩვენთან მოვა. მათი ანაზღაურება კი დაბალი ნამდვილად არ იქნება“, – ეს სიტყვები საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელ მათე ტაკიძეს ეკუთვნის, რომელიც დარწმუნებულია, რომ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანებს დღეს დასაქმების პრობლემა არ აქვთ და ამაში ლომის წილი პროფესიულ განათლებას მიუძღვის.
იმისათვის, რომ მკითხველს კოლეჯ „სპექტრსა“ და აქ სწავლის პერსპექტივებზე წარმოდგენა შეექმნას, იმის თქმაც კმარა, რომ „სპექტრში“ სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებაზე ათობით მოკლე და გრძელვადიანი პროგრამა მოქმედებს და ამ პროგრამების ნებისმიერ კურსდამთავრებულს გარანტირებულად ელოდება სამუშაო ადგილი კარგი ანაზღაურებით, რიგ შემთხვევაში კი 5 000 – ლარამდე ხელფასით.
„პროფესიულ კოლეჯებს ყველანაირი რესურსი და საუკეთესო ბაზა აქვთ იმისათვის, რომ პროფესიონალი კადრები რამდენიმე თვეში მოამზადონ“,- ეს კი „სპექტრის“ პარტნიორი კომპანიის „მეგადორსის“ დირექტორის სიტყვებია, რომელიც ირწმუნება, რომ შეუძლებელია კოლეჯის კურსდამთავრებულებს, იმ შემთხვევაში თუ თავიანთ საქმეს სათანადოდ შეისწავლიან, სამუშაოს შოვნა გაუჭირდეთ, რადგან ბაზარზე მუდმივად კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ანაზღაურება კი, ამ სფეროში, საკმაოდ მსუყეა.
სპექტრის პარტნიორებს შორის ათობით მსხვილი და ძლიერი კომპანიაა, სადაც სტუდენტები სწავლის პარალელურად პრაქტიკას გადიან, დასრულების შემდეგ კი საქმდებიან კიდეც.
კოლეჯის შესახებ
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ 2007 წელს დაარსდა. კოლეჯი მულტიპროფილურია, თუმცა მისი ძირითადი ნიშა ტექნიკური ინჟინერიისა და მშენებლობის მიმართულებებია, აგრეთვე – ავტოინჟინერია, სურსათის უვნებლობის მიმართულება, აიტი, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ტექნოლოგიები. კოლეჯის ადმინისტრაცია მუშაობს იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრამა დაიმატონ სამშენებლო სფეროდან. მათი მიზანია, კომპანიებს, რომლებიც სამშენებლო სფეროში საქმიანობენ, შესაძლებლობა ჰქონდეთ კოლეჯიდან ნებისმიერი მიმართულების პროფესიონალი მიიღონ.
ამ ეტაპზე, მანამ სანამ რამდენიმე თვეში პროფესიული განათლება მთლიანად მოდულარულ და დუალურ სწავლებაზე გადავა, სპექტრში ათობით მოკლე და გრძელვადიანი პროგრამა მოქმედებს, რომლებზე სწავლის ხანგრძლივობა 6-დან 20 თვემდეა.
„ჩვენ თავიდან ბოლომდე ბაზრის მოთხოვნილებებს ვერგებით და ვთავაზობთ იმ სერვისს, რომელიც ბაზარს სჭირდება. ჩვენი მიზანი არ არის გვქონდეს სპეციალობა, რომელიც საზოგადოებაში ძალიან პოპულარულია, მაგრამ ბაზარზე მოთხოვნა არ არის. შესაძლოა ეს გარკვეულწილად სტუდენტთა რაოდენობაზე მოქმედებდეს, მაგრამ ჩვენს ინტერესებში არ შედის მათი რაოდენობა არამოთხოვნადი სპეციალობების ხარჯზე გავზარდოთ. ქართული მენტალიტეტი მაინც მოქმედებს – თუკი სპეციალობის დასახელებაში სიტყვა „მენეჯერი“ ურევია, ის ხალხს ძალიან ხიბლავს, საინჟინრო ტექნოლოგიების დასახელებები კი მათთვის ნაკლებად მიმზიდველია, თუმცა სამაგიეროდ მიმზიდველია ბაზრისთვის და დამსაქმებლებისათვის.
„ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ ერთ რამეს – თუკი ბიზნესს და დამსაქმებელს ვერ მოვერგებით, თუკი მათ მოთხოვნებზე არ ავეწყობით, დაისმება ლეგიტიმური კითხვა – მაშ ვისთვის ვამზადებთ ამ ადამიანებს? ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში ვსაუბრობთ დამსაქმებელთან იმის შესახებ, თუ რა უნდა ბაზარს, რა უნარების მქონე სპეციალისტები სჭირდებათ და დასჭირდებათ მომავალში. ამის საფუძველზე ვქმნით ახალ პროგრამებს და გავდივართ ავტორიზაციას“, – აცხადებს მათე ტაკიძე.
სტუდენტების საკმაოდ დიდი ნაწილი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. სასწავლებლით დაინტერესებას სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებიც გამოხატავენ. მითუფრო, რომ სწავლა სრულიად უფასოა. ნაზღაურდება მგზავრობის ხარჯებიც.
იხილეთ კოლეჯი “სპექტრი”-ს მოდულური/დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
პრაქტიკის შესაძლებლობა
„სპექტრში“ სასწავლო პროცესი ისეა განაწილებული, რომ 40 % თეორიულ სწავლებას ეთმობა, 60% კი – პრაქტიკას. აქ იგულისხმება როგორც კოლეჯის ბაზაზე არსებულ სახელოსნოებსა და კაბინეტებში პრაქტიკული მუშაობა, ისე უშუალოდ კომპანიებში, რეალურ სამუშაო გარემოში. მდიდარი და მრავალფეროვანი პრაქტიკა პროფესიული განათლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიბლია. სწორედ ამიტომ, არაერთი უმაღლესდამთავრებული ადამიანი პროფესიულ სასწავლებელში აბარებს, რათა სათანადოდ შეძლოს პრაქტიკული უნარების ათვისება.
პრაქტიკული ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტი საკვალიფიკაციო გამოცდას გადის, რის შემდეგაც მას კომპეტენცია და კვალიფიკაცია ენიჭება. ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ კოლეჯის დარგობრივი სპეციალისტები, არამედ პარტნიორი კომპანიების ექპერტები. ეს, კოლეჯის ხელმძღვანელობის განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პოტენციური დამსაქმებლები თავად არიან კურსდამთავრებულების შემფასებლები, რაც აიოლებს მათ ურთიერთობას დასაქმების გზაზე.
პარტნიორების როლი
„განუსაზღვრელი“ – ასე პასუხობს ჩვენს კითხვას მათე ტაკიძე იმის შესახებ, თუ რა როლი ენიჭებათ კოლეჯისა და ზოგადად პროფესიული განათლების განვითარებაში პარტნიორ ბიზნესკომპანიებს. მისი თქმით, პროფესიული გაანთლების წარმატება სწორედ ბიზნესზეა დამოკიდებლი. ამ ეტაპზე „სპექტრში“ რამდენიმე ბრენდირებული ლაბორატორიის მოწყობა მიმდინარეობს. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიები თავიანთი ხარჯებით კეთილმოაწყობენ ლაბორატორიებსა და სახელოსნოებს, სადაც „სპექტრის“ სტუდენტები ისწავლიან და პრაქტიკულ უნარებსშეიძენენ. ეს მათ საშუალებას მისცემს სწორედ იმ გარემოში, იმ ტექნიკასთან იმუშავონ, რომელიც მოგვიანებით კომპნიებში დახვდებათ.
გარდა ამისა, პარტნიორი კომპანიები „სპექტრის“ სტუდენტებს პერიოდულად ტრენინგებითა და სემინარებითაც უხრუნველყოფენ. ამისათვის გამოყოფენ დამატებით ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსს.
„სპექტრი“ წარმატებით თანამშრომლობს არაერთ ისეთ დიდ კომპანიასთან, როგორიცაა მაგალითად „ჰაიდელბერგ ცემენტი“, „თერმოინდუსტრია“ „ნოვა“, „კნაუფი“, „კაპაროლი“, „ხელოსანთა ქალაქი“, „გზაჯვარედინი“,“მეგადორსი“, „რუსთავმეტალი,“ „არემჯი გოლდი,“ “GWP” და ა.შ.აღნიშნული კომპანიები აქტიურად არიან ჩართულნი კოლეჯის სტუდენტების დასაქმებაში, გადამზადებაში, ტრენინგ-კურსების ჩატარებაში, პრაქტიკულ მუშაობაში და ა.შ. ამ თანამშრომლობის ჩამოყალიბებას წინ საკმაოდ დიდი სამუშაო, ყოველდღიური შეხვედრები და ნდობის მოპოვება უძღვოდა.
იხილეთ კოლეჯი “სპექტრი”-ს მემორანდუმები ორგანიზაციებთან
დასაქმება
ეს ის თემაა, რომელზეც პრიფესიული სასწავლებლების ხელძღვანელები და მათ შორის მათე ტაკიძეც ყველაზე დიდი სიამაყით საუბრობს. სტატისტიკის მიხედვით, „სპექტრის“ კურსდამთავრებულთა 70% დასაქმებულია.
არის სპეციალობები, სადაც დასაქმების მაჩვენებელი 100%-ს უტოლდება, თუმცა, ხელმღვანელობის თქმით, აგრეთვე არის სპეციალობები, რომლებზეც საზოგადოებიდან უფრო მეტი მოთხვნაა, ვიდრე ბიზნესიდან. ასეთი სპეციალობის მაგალითად გვისახელებენ ოფის-მენეჯერის პოზიციას, რომელსაც კომპანიები ნაკლებად ითხოვენ.
რაც შეეხება სამშენებლო სფეროს, როგორც ირკვევა, აქ ყველა მიმართულება ბიზნესის მხრიდან მეტად მოთხოვნადია. შესაბამისად, შემდუღებლები, ვენტილაცია-კონდინცირების სპეციალისტები, ენერგეტიკოსები, თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტები, მეფილე მომპირკეთებლები, მებათქაშეები, მღებავები, ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტები, დურგლები, მძერწავ-მემოდელეები, მეგზევეები, ტოპოგრაფები, გეოდეზისტები, მძიმე ტექნიკის ოპერატორები და ა.შ. სამსახურს მარტივად შოულობენ. სწავლის დასრულების შემდეგ მათ გარანტირებულად ელოდებათ შეთავაზება ამა თუ იმ კომპანიისგან, ვინაიდან მათზე მოთხოვნა ძალიან დიდია და „სპექტრში“ დარწმუნებულები არიან, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან სამშენებლო სფერო სულ უფრო ფართოვდება და ვითარდება.
„მეტსაც გეტყვით – ამ სფეროში მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსი გვაქვს, რადგან ჩვენ ვერ ვაწვდით ბიზნესს იმდენ სპეციალისტს, რამდენიც მას სჭირდება. სწორედ ამიტომ, სამშენებლო მიმართულებებზე კვოტების გაზრდას ვაპირებთ,“ – აცხადებს მათე ტაკიძე.
დამსაქმებლები კი იმასაც ამბობენ, რომ მენტალობის პრობლემა ქართული საზოგადოების ნაწილში ისევ არსებობს და ბევრ შრომისმოყვარესთან ერთად გვყავს ახალგაზრდები, ვინც მხოლოდ მენეჯერულ პოზიციას მოიაზრებს პროფესიის შერჩევის დროს.
სამუშაო ადგილები საკმარისად რომ არის და დასაქმება პრობლემას არ წარმოადგენს, ამას ჩვენთან საუბარში ხაზს უსვამს „სპექტრის“ პარტნიორი კომპანია “მეგადორსის“ დირექტორი რაულ გაბაიძეც. მისი თქმით პროფესიული განათლება ქვეყნის მომავალია და იგი კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს. ამავდროულად კი სახემწიფოს მხრიდან უნდა გატარდეს ღონისძიებები ადამიანებში პროფესიული შრომის პოპულარიზაციისათვის, ვინაიდან ამ ეტაპზე არის სამუშაო ადგილები, მაგრამ არ არის კადრი.
„სპექტრი“ და სხვა კოლეჯები ძალიან ბევრს აკეთებენ. მართავენ ფორუმებს, შეხვედრებს, სხვადასხვა ღონისძიებას, რათა ხალხს პროფესიული განათლების მნიშვნელობა და პერსპექტივები დაანახონ. ნამდვილად დიდ ძალისხმევად დებენ ამ საქმეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუდმივად კადრების ნაკლებლობა გვაქვს, რადგან ვინც პროფესიულ განათლებას იღებს, მათგანაც ყველას არ უნდა შრომა. ეს ჩვენი მენტალობის პრობლემაა.
„პროფესიულ კოლეჯებს ყველანაირი რესურსი და საუკეთესო ბაზა აქვთ იმისათვის, რომ პროფესიონალი კადრები რამდენიმე თვეში მოამზადონ, მაგრამ პრობლემა ხალხის სურვილებშია. არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ცოტა სამუშაო ადგილია. ადგილები არის, მაგრამ მუშახელი – არა. ამას ანაზღაურებას ვერ დავაბრალებ. ჩვენს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ „მეგადორსში“ არ არის მძიმე და დამღლელი სამუშაო. ადამიანებს, რომლებსაც შრომა არ ეზარებათ შეუძლიათ 1 000 ლარზე მაღალი ანაზღაურება ჰქონდეთ, მაგრამ მაინც არ უნდათ. ამ პრობლემას სახელმწიფომ ალბათ სხვანაირად უნდა მიხედოს,“ – ამბობს რაულ გაბაიძე.
ანაზღაურება
ის მიმართულებები, რომლებზეც „სპექტრში“ სწავლება მიმდინარეობს, საკმაოდ მსუყე ანაზღაურებით გამოირჩევა. ტაკიძის განმარტებით, „სპექტრის“ კურსდამთავრებულთა მინიმალური ხელფასი 500 ლარიდან იწყება, რომელიც რამდენიმე თვეში ორმაგდება და სამმაგდება კიდეც. თუმცა, მისი თქმით, 500 ლარიანი ხელფასი არცთუ ხშირია, რადგან უმეტეს შემთხვევაში ანაზღაურება პირველივე სამუშაო დღიდან 500 ლარს ბევრად აჭარბებს.
„სამშენებლო სფეროსა და ინჟინერიაში დასაქმებულ ადამიანებს ნამდვილად კარგი ხელფასები აქვთ. რიგ შემთხვევაში ისინი კომპანიებისაგან ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზებას იღებენ, ზოგჯერ კი ხელფასი გამომუშავებით აქვთ. გვაქვს შემთხვევები, როცა მათი თვიური ანაზღაურება 5000 ლარსაც კი აღწევს“,- განმარტავენ „სპექტრში.“
ანაზღაურებას ზრდის ამა თუ იმ კომპანიაში მუშაობის პარალელურად კერძო შეკვეთების მიღებაც, რასაც სამშენებლო და საინჟინრო სფეროში ჩართული ადამიანები ხშირად მიმართავენ.
ცნობისთვის, 2018 წელს გამოქვეყნებული შრომის ბაზრის კვლევაში – „ვაკანსიების მონიტორინგი რეგიონულ შრომის ბაზრებზე“ ვკითხულობთ, რომ მოთხოვნად, დეფიციტურ პროფესიებში სწორედ პროფესიული განათლების მქონეთა პოზიციები ჭარბობს.
იხილეთ კოლეჯი “სპექტრი”-ს მოდულური/დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
- 27 წლის სოხუმელი ბიჭის სოციალური საწარმო „დადარი“ და შშმ პირების მიერ დამზადებული საერთაშორისო დონის სათამაშოები by საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი"
- „დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – კოლეჯი „სპექტრი“ by საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი"
- საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი by საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი"