40–გრადუსამდე სიცხე საგამოცდო ცენტრებში და ხელში ადუღებული სპეციალური კალმები – ექიმის შეფასება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისა და მშობლებისთვის ერთ–ერთ მთავარ პრობლემას განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურა წარმოადგენს.
საგამოცდო ცენტრების უმეტეს ნაწილში გაგრილების სისტემა არ არის, ტემპერატურა კი სხვადასხვა რეგიონსა თუ ქალაქში 40–გრადუსსაც აღწევს.
აპლიკანტები ამბობენ, რომ შენობებში ძალიან ცხელა, რაც გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ართულებს.
„საგამოცდო ცენტრში ძალიან ცხელა, სუნთქვა თითქმის შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ვეცადე ყველა გამოცდა ჩამებარებინა“
„გამოცდისთვის მომზადებული ვარ საკმაოდ, თუმცა მაშინებს ის ფაქტი, რომ შენობაში ძალიან ცხელა. ჩემი მეგობრები იყვნენ დღეს შესული და მათ მითხრეს, კონდინცირება საერთოდ არ არისო“
გორის საგამოცდო ცენტრის აპლიკანტებს თამარ გვერდწითელი პასუხობს: „ეს გახლავთ საჯარო სკოლის სივრცე. საჯარო სკოლებში კონდიცირების სისტემა არ არის სტანდარტით გათვალისწინებული და არც დამონტაჟებული. უზრუნველყოფილია, რომ ყველა სექტორი ინდივიდუალურად იყოს განთავსებული დიდ სივრცეში“.
საკითხთან დაკავშირებით აზრი მედიკოსებსაც ვკითხეთ, ექიმი მარინა ღარიბაშვილი მიუღებლად თვლის საგამოცდო ცენტრში გაგრილების არარსებობის საკითხს და შეასაბამის ორგანოებს პრობლემის გამოსწორებას დროულად ურჩევს.
„ეს არის ბავშვებზე ირიბი ძალადობა. რა აზროვნება უნდა ჰქონდეთ ასეთი ანომალური სიცხეების დროს. შეგუბებული და დაკეტილი სივრცე ტვინის ჰიპოქსიას იწვევს, ჟანგბადის ნაკლებობას ტვინში, რამაც შესაძლოა სასტიკად შეანელოს ადამიანის აზროვნება და ამ დროს სტრესიც უფრო მძიმეა“, – აცხადებს მარინა ღარიბაშვილი.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც შესაძლოა სიცხესთანაც იყოს დაკავშირებული იმაშია, რომ გორის საგამოცდო ცენტრში, აბიტურიენტებს საწერი კალმები „აუდუღდათ“.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ნაწილი, საგამოცდო ცენტრში არსებული საწერი კალმების ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას. ისინი EDU.ARIS.GE – სთან საუბრისას ამბობენ, რომ გამოცდაზე არსებული საწერი კალმები უხარისხოა და მათი შეცვლა აბიტურიენტებს ხშირად უწევთ.
„დღეს გამოცდაზე კალმის გამოცვლა ორჯერ მომიწია. კალამი ხელში ჭერისაგან ისე გაცხელდა, რომ ადუღდა და ნაშრომიც დამესვარა, რის გამოც მისი გადაწერა ხელახლა მომიწია“, – ამბობს ბექა გივიაშვილი.
„გამოცდაზე კალამი მეც რამდენჯერმე გამოვცვალე. ჩემს მეგობარს კი, რომელიც გამოცდას ჩემს სექტორში აბარებდა, საწერი კალამი საერთოდ ხელებში აუფეთქდა“, – ამბობს თამარ თევდორაძე.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დღეს სრულდება. 5 ივლისს აბიტურიენტები დაისვენებენ. 6-7 ივლისს კი ზოგადი უნარების გამოცდა კვლავ ორ სესიად ჩატარდება.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა – გორი
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება