41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა და ჩამოსულები მშობლიურ ენაზე ისწავლიან
გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნა. როგორც 11 აპრილს, განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეიდან უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეარჩიეს კვალიფიციური პედაგოგები, რომელთა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა როგორც ქართულ, ისე უკრაინულ სექტორზე ჩარიცხულ მოსწავლეებს უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოში შესთავაზებს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მომსახურებას. უკრაინელ მოსწავლეებს სკოლაში დახვდათ უკრაინული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია საბავშვო და საყმაწვილო უკრაინული ლიტერატურით. მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე.
“მოსწავლეები ისწავლიან როგორც სავალდებულო, ისე – ფაკულტატურ საგნებს ფორმალური კურიკულუმის ფარგლებში. ასევე, დაიგეგმება აქტივობები აღმზრდელობითი და არაფორმალური განათლების მიმართულებით. უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩემი საქართველო”. მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებშიც მიიღონ მონაწილეობა“, – ვკითხულობთ სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობითვე, თბილისის 41-ე საჯარო სკოლის უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი დღეისათვის 130-მა მოსწავლემ გამოთქვა. მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია.
ყველა მოსწავლეს სწავლისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოები და ბუკები გადაეცათ. უკრაინელი მოსწავლეები ისარგებლებენ მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიანი პირობებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 426 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინული სკოლა 1999 წელს, საქართველოში მცხოვრები უკრაინული დიასპორისა და უკრაინის საელჩოს მიმართვის საფუძველზე დაფუძნდა და ფუნქციონირებდა. 2005 წელს, მას შემდეგ რაც სკოლებს მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, 41-ე სკოლის ოფიციალურ სახელწოდებაში უკვე აღარსად იყო მითითებული უკრაინული სკოლის სახელწოდება, თუმცა უკრაინულ ენაზე სწავლება სხვადასხვა საგანში მაინც მიმდინარეობდა. 2011 წელს, მას შემდეგ რაც, 56-ე საჯარო სკოლის ოპტიმიზაცია განხორციელდა 41-ე საჯარო სკოლასთან მიერთების გზით, უკრაინულ ენაზე სწავლება მილევად რეჟიმში გაგრძელდა. მას შემდეგ დაწყებით საფეხურზე უკრაინული კლასები აღარ გახსნილა და ფაქტობრივად უკრაინულმა სექტორმა ფუნქციონირება შეწყვიტა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 1999 წლის შემდეგ საქართველოში ოფიციალური სტატუსით პირველად დაფუძნდა უკრაინული სექტორი, სადაც ყველა საგნის სწავლება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე განხორციელდება უკრაინულ ენაზე.
ასევე იხილეთ:
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო