GE

„45 წუთიანი გაკვეთილი პირველკლასელისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა“ – გახანგრძლივებულის პედაგოგი მოსწავლეთა პრობლემებზე

პირველკლასელებს, როგორც ახალბედა მოსწავლეებს, უმრავ სირთულესთან უწევთ გამკლავება, რისთვისაც მათ გარშემომყოფთა მხარდაჭერა სჭირდებათ. სოციალური და მოსწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების პარალელურად, ისინი 9 საგაკვეთილო საგანს სწავლობენ და საშინაო დავალებებსაც ასრულებენ, რაც სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს ქმნის, განსაკუთრებით კი სასწავლო წლის პირველ სემესტრში, როცა პატარებს ჯერ კიდევ არ აქვთ მოსწავლეობის გამოცდილება.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორი ტიპის დავალებებისა თუ აქტივობების შესრულება უჭირთ პირველკლასელებს ყველაზე მეტად და რა შეუძლიათ მშობლებსა და პედაგოგებს, რომ ეს პროცესი შეამსუბუქონ, დაეხმარონ მათ. ვესაუბრეთ კატო ძიძიკაშვილს, დაწყებითი კლასის დამრიგებელსა და სკოლის გახანგრძლივებული ჯგუფის პედაგოგს, რომელიც მოსწავლეებს დავალებების შესრულებაშიც ეხმარება.

კატო მასწავლებელმა გვითხრა, 45-წუთიანი გაკვეთილი პირველკლასელებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ის ფიქრობს, რომ აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად აუცილებელია, კარგმა პედაგოგმა და სკოლამ პატარებს შესთავაზოს არაკლასიკური საგაკვეთილო პროცესი, სხვადასხვა სახალისო აქტივობით.

„პირველ კლასში ბავშვებს უწევთ 9 საგნის სწავლა. ეს საგნებია: მათემატიკა, ქართული, ინგლისური, ბუნება, სპორტი, ხელოვნება, მუსიკა, ინფორმატიკა და ჭადრაკი. გაკვეთილების ხანგრძლივობა 45 წუთია. ეს დრო მათთვის დამღლელი რომ არ იყოს აუცილებელია, საგაკვეთილო პროცესი დავტვირთოთ სხვადასხვა სახალისო აქტივობით, კარგმა სკოლამ და პედაგოგმა ეს უნდა შეძლოს. აქვე გეტყვით, რომ პატარებს ყველა საგანში არ აქვთ საშინაო დავალება. თავდაპირველად, მხოლოდ ორ საგანში: ქართულსა და მათემატიკაში უწევთ მეცადინეობა, მეორე სემესტრიდან ამ ჩამონათვალს ინგლისურიც ემატება, ხოლო ეტაპობრივად სხვა საგნებიც. ალბათ, კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ განსაკუთრებთ რთულია იმ პირველკლასელის ქცევის მართვა, რომელსაც გაკვეთილი უბრალოდ რუტინად ეჩვენება. ასეთ დროს ბავშვი საერთოდ კარგავს სკოლაში ყოფნის სურვილს და ზუსტად ეს რომ არ მოხდეს, მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი დამრიგებლებს, საკმაოდ დიდი შრომის გაწევა მოუწევთ“, – ამბობს გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელი.

ჩვენს რესპონდენტს ვკითხეთ, შესაძლებელია თუ არა იმ საგნების გამოყოფა, რომელთა სწავლაც პირველკლასელებს განსაკუთრებით უჭირთ და რა მიზეზებს ხედავს ის ამაში.

„კლასში რომ გამოვკითხო პირველკლასელები და ვთხოვო, დაასახელონ ის საგნები, რომლებიც სწავლაც განსაკუთრებით უჭირს, უმრავლესობა დაასახელებს იმ საგნებს, რომელშიც სასწავლი მართლაც ბევრი აქვთ და შესაბამისად, დავალებებსაც მეტს ასრულებენ. ასეთი საგნებია მათემატიკა, ქართული და ინგლისური ენა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვებს ჩამოთვლილი საგნები არ უყვართ, პირიქით, ძალიან მოსწონთ, მაგრამ აქვთ გარკვეული გამოწვევები და ამას ხვდებიან. სწორედ ამ საგნების სწავლების დროსაა აუცილებელი, პედაგოგმა იზრუნოს იმაზეც, რომ ბავშვს საგანი შეუყვარდეს და ტრაგიკულად არ აღიქვას, რომ ამ საგნებს სწავლობს. ამ ნაწილში ნამდვილად ბევრი სამუშაო გვაქვს დამრიგებლებს“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან პედაგოგმა.

კატო ძიძიკაშვილი გვიხსნის რა ტიპის დავალებებია პატარებისთვის გამოწვევა და ხედავს თუ არა საჭიროებას, რომ იმ საგნის პედაგოგებმა, რომელთა სწავლაც ბავშვებს ყველაზე მეტად უჭირთ, უფრო მეტად სახალისო დავალებები შესთავაზონ:

„როგორც უკვე აღვნიშნე, საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებელი ბავშვებს ზუსტად იმდენ დავალებას მისცემს, რამდენსაც ისინი დაძლევენ და დროშიც ჩაეტევიან. დიახ, იმ საგნებში, რომელთა სწავლაც ბავშვებს ერთულებათ, აუცილებელია, რომ პედაგოგმა მეტი ფერადოვნება და სიხალისე შეიტანოს და სტანდარტული აქტივობებითაც არ გადაღალოს მოსწავლე“.

EDU.ARIS.GE-ს მკითხველებს კატო მასწავლებელმა ის აქტივობები გააცნო, რომელთა შესრულებაც პირველკლასელებს ყველაზე მეტად უჭირთ და რომელშიც საჭიროებენ როგორც პედაგოგის, ასევე მშობლის განსაკუთრებულ მხარდაჭერას:

ბადეში ხაზზე წერა და უჯრების ერთმანეთისგან გარჩევა. პირველკლასელებს ყველაზე მეტად უჭირთ იმ წერითი დავალებების შესრულება, რომლებიც ე.წ ბადეში, ხაზზე უნდა შეასრულონ. იცით, რომ წიგნს მოყვება მოსწავლის სამუშაო რვეულიც და ხშირად, ბავშვები ვერ ხვდებიან, სად ჩაწერონ პასუხი, ან არასწორად ავსებენ უჯრებს. უჭირთ ასოების რეალურთან მიმსგავსება, თუმცა მეორე სემესტრში იგივე პრობლემა აღარ იკვეთება იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი ამ პრობლემის დასაძლევად მუშაობს.

წინადადებების დასრულება, მათში გამოტოვებული სიტყვების მოფიქრება. როგორც მშობლიური ენის, ასევე უცხო ენის შემთხვევაში, ანბანის შესწავლისა და კითხვის სწავლის ეტაპზე, პატარებს უჭირთ დანაწევრებული ამბის გამთლიანება და მისი თანმიმდევრობით გადმოცემა. ეს ხდება მაშინ, როცა მათ ჯერ კიდევ სრულყოფილად არ იციან წერა-კითხვა და სიტყვებს გამართულად ვერ გამოთქვამენ.

სიტყვისთვის განსხვავებული მნიშვნელობის მოძებნა. ქართულ ენის წიგნში უამრავი დავალება გვხვდება, სადაც მოსწავლემ უნდა შეძლოს და კონკრეტულ სიტყვებს მათთან ასოცირებული სიტყვები მიუწეროს. მაგალითად, სიტყვა მეგობარს, ოჯახს, სკოლას… ამ ტიპის დავალებების შესრულება განსაკუთრებით უჭირთ იმ ბავშვებს, რომლებიც სოციალიზაციის ნაკლებობას განიცდიან.

დანაწევრებული ამბის გამთლიანება და მისი თანმიმდევრულად გადმოცემა. მაგალითისთვის, გამოწვევაა, როცა პირველკლასელი აკეთებს სავარჯიშოს, რომელშიც თანმიმდევრულად უნდა დაალაგოს რომელი მოქმედების შემდეგ რომელი მოქმედებაა. მაგალითად, გაღვიძებიდან დაძინებამდე განხორციელებული აქტივობების ჩამონათვალი, რომლებიც თანმიმდევრულად უნდა დაალაგოს. ასევე, პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული აქტივობები. ბავშვებს უჭირთ ასეთი დავალების შესრულება, რადგან პრაქტიკაში, შეიძლება, განსხვავებულად აკეთებდნენ და ეს აქტივობები არ აქვთ ჩვევაში გამჯდარი.

თვალსაჩინოების გარეშე დათვლა და მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა. მათემატიკა ზოგადად, ყველა პირველკლასელის გამოწვევაა. განსაკუთრებით ფერადი თვალსაჩინოების გარეშე. ამ კუთხით პედაგოგის მუშაობის სტრატეგიაზეა დამოკიდებული, რამდენად მოკლე დროში შეძლებს ბავშვი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას.

მცირე ამოცანების ამოხსნა. პირველ კლასში ბავშვს უმარტივესი ამოცანის ამოხსნაც კი შეიძლება, გაუჭირდეს ან ბევრი დრო დასჭირდეს ამისთვის. ეს ტრაგედია რა არის. თუმცა, თუ მუდმივად იგივე მეორდება და ბავშვს არ აქვს შედეგი, პედაგოგის მხრიდან მეთოდიკისა და მიდგომების შეცვლა აუცილებელია.

ნიმუშის მიხედვით, ნახატის გაფერადება. პირველკლასელებს განსაკუთრებულად დიდი დრო სჭირდებათ ამ ტიპის სავარჯიშოების შესრულებისთვის, რადგან უჭირთ ფერების გარჩევა. ეს დაძლევადია და ამ ასაკში არც არის აუცილებელი, რომ ბავშვმა გაიმეოროს ნიმუში და შემოქმედებითი ტიპის დავალებების კოპირება შეძლოს.

მოძრაობითი სპორტული აქტივობები. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე ეს ნამდვილად დიდი გამოწვევაა. ბავშვები არ არიან მიჩვეული წესებით თამაშს და ერთმანეთთან კომუნიკაციას ისე, რომ ზედმეტი ხმაური არ შეიქმნას. ამიტომ, ამ საგნის მასწავლებელსაც განსაკუთრებული მუშაობა უწევს.

კატო ძიძიკაშვილი კოლეგებს ურჩევს, რომ მოსწავლეებისთვის იმ ტიპის დავალებები შეარჩიონ, რომლის შესრულებასაც ისინი დამოუკიდებლად, ან მშობლის მინიმალური ჩარევით შეძლებენ. ასევე, შექმნან საკუთარი სასწავლო რესურსები და თვალსაჩინოებები, რაც მოსწავლეებს დაეხმარებათ, სწრაფად და მარტივად აითვისონ ახალი მასალა. ასეთ დროს პირველკლასელისთვის მეცადინეობის პროცესიც სახალისო აღმოჩნდება.

ასევე იხილეთ:

რატომ განსხვავდება და ვინ ადგენს სკოლაში გახანგრძლივებული სწავლებისთვის გადასახადის ოდენობას? – „ამ შემთხვევაში, 60-ის მაგივრად, გადაიხდის 100 ლარს“

„არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა!“ – სწავლების მეთოდი წამყვანი მასწავლებლისგან

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური