GE

ავტორიზაციის პირველი ეტაპი 500-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2023 წლის იანვრიდან უნდა დაიწყოს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის ახალი სტანდარტების საჯარო განხილვები დაიწყო. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პირველი შეხვედრა, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე უძღვებოდა, თბილისის საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან 221-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.

ცენტრის ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ავტორიზაციის პირველი ეტაპი ყველაზე მაღალი მზაობის 500-მდე სკოლას მოიცავს და 2023 წლის იანვრიდან დაიწყება.
პროცესის დასრულება კი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე იგეგმება.

„ავტორიზაციის პროცესში ყურადღება გამახვილდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების როგორც შინაარსობრივ, ისე ინფრასტრუქტურულ ნაწილზე. შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების პროექტი, რომელიც სკოლების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული და სრულად ითვალისწინებს მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებს. ავტორიზაციის პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით საჯარო განხილვები ეტაპობრივად გაგრძელდება“, – ვკითხულობთ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

„პირველადი ავტორიზაციის დროს სკოლებმა უნდა მოგვცენ დაპირება“ – რომელი სკოლა მიიღებს ავტორიზაციას სხვებზე ადრე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური