„6%-იან დაფინანსებას განათლებაში ვერ ავწევთ იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რადიკალურად შევამციროთ სხვა ყველაფერი“
“შეუძლებელი იქნება, წელს განათლება [მისი დაფინანსება] ავიდეს 6 მილიარდზე და მოდი, სიმართლე ვთქვათ – ერთდროულად მაგ მოცულობით ზრდა, ალბათ, არასწორი იქნება თვითონ განათლების სისტემისთვის”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, სადაც საბიუჯეტო ცვლილებებზე ისაუბრა და მას მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს მიღებული გადაწყვეტილება შეახსენეს, რომლის თანახმად, ყველა მომდევნო მთავრობა ვალდებული იქნებოდა, მთლიანი შიდა პროდუქტის 6% განათლებაზე მიემართა.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა და მათ შორის იყო კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური დანაკარგებიც და რეალობა ის არის, რომ 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილება ეროვნული განათლების დაფინანსების მატებაზე ახლა განუხორციელებელია.
“რეალობა არის ის, რომ ამ ეტაპზე ნამდვილად შეუძლებელია, რომ 6%-იანი რესურსი ჰქონდეს განათლების დაფინანსებას. თუმცა განათლება არ ფინანსდება მხოლოდ სამინისტროს ბიუჯეტიდან. მაგალითად სკოლების ნაწილში ხდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე, დაწყებითი განათლების ნაწილში მთლიანად მუნიციპალურ ბიუჯეტებშია ასახული ეს თანხა, რომელიც 500 მილიონს აღემატება.
“დაფინანსების მთლიანი მოცულობა განათლებაზე ყოველ წელს ასახულია ბიუჯეტში და 3 მილიარდზე მეტია უკვე წელს, რაც კიდევ იზრდება 50 მილიონით ამ ნაწილში და დამატებითი შემოსავლები აქვთ მუნიციპალიტეტებსაც, რომელიც ასევე ნაწილობრივ მიიმართება განათლებაზე, თუმცა რეალობა რომ ვთქვათ, ჩვენ წელს და ვერც მომდევნო ორი წლის განმავლობაში 6%-იან დაფინანსებას ვერ ავწევთ განათლებაში იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რადიკალურად შევამციროთ სხვა ყველაფერი”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ 27 სექტემბერს.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად განათლების დაფინანსება უნდა გაიზარდოს და მომდევნო წლის ბიუჯეტშიც მნიშვნელოვანი ზრდა იქნება ამ მიმართულებით, მაგრამ არა ერთდროულად 6%.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ განათლების დაფინანსების ზრდის პრინციპი შედეგზე იქნება ორიენტირებული:
“ჩვენ ეტაპობრივად, მათ შორის, არამხოლოდ ნომინალური, არამედ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაშიც ყოველწლიურად გვექნება ზრდა, რაც გამოისახება როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე მასწავლებელთა ხელფასებში არამხოლოდ სკოლებში, არამედ საბავშვო ბაღებშიც. მათ შორის, იქნება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა უმეტესად ზოგად განათლებაში, რაც საბოლოოდ, განათლების ხარისხზე აისახება და არა უბრალოდ რაღაც რიცხვი ვთქვათ, რომ 6% დავაფინანსეთ და ეს იყოს მთელი იდეა და მოტივაცია.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება