8 ოქტომბრის მდგომარეობით, ისევ უცნობია როდის შეძლებს 4 700–მდე პრაქტიკოსი მასწავლებელი გამოცდაზე გასვლას
“ის მასწავლებლები, რომლებიც ვერ ჩააბარებენ გამოცდას, ამ შემთხვევაში დაასრულებენ მიმდინარე სასწავლო წელს და შემდეგ მათ ადგილებზე გამოცხადდება ვაკანსია”, – ეს სიტყვები იმ 4 700–მდე პრაქტიკოს მასწავლებელს ეხება, რომლებიც ზაფხულში ჩასატარებელ გამოცდაზე გეგმავდა გასვლას და კომპეტენციის დადასტურებას, თუმცა გამოცდის ჩატარება შემოდგომაზე გადაუტანეს.
დღეს კი, როცა წლის ამოწურვას არაფერი აკლია და მათი მასწავლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ისევ გაურკვეველია შეძლებენ თუ არა სისტემაში დარჩენას, რადგან გამოცდის თარიღზე მათთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია.
“მართალი თუ გინდათ, ვფიქრობ, აღარც ჩაატარებენ და არჩევნების შემდეგ მოგვიცილებენ თავიდან, ახლა ჯერ კიდევ ვჭირდებით. ისიც არ ვიცი იქნებ გაუქმდა კიდეც ჩემი რეგისტრაცია ამდენი თვის შემდეგ და ვერც მეცადინეობას ვახერხებთ როგორც გამოცდისთვის გვჭირდება. საპენსიო ასაკი არ მაქვს, თორემ ხომ იყო შეთავაზება, არც მაგაზე ვიტყოდი უარს, მაგრამ ახლა იქნებ შევძლო და დავამტკიცო რომ არ ვარ სკოლიდან გასაშვები?!”, – ამბობს ერთ–ერთი პრაქტიკოსი მასწავლებელი რეგიონიდან, რომელსაც აქამდე გამოცდაზე გასვლის ერთი მცდელობა ჰქონდა თუმცა უშედეგოდ.
გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი უწყებები: განათლების სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი კონკრეტულად ვერ პასუხობს ჩვენს კითხვას – 8 ოქტომბრის მდგომარეობით, დადგენილია თუ არა პრაქტიკოს მასწავლებელთა შემოდგომაზე ჩასატარებელი გამოცდის თარიღი.
“ამ ეტაპზე ზუსტი ჩატარების თარიღი განსაზღვრული არ არის. გამოცდების ჩატარება ნოემბრის თვეში იგეგმება”, – აღნიშნეს გამოცდების ცენტრში.
მათივე განმარტებით, როგორც წესი, ზუსტი თარიღი გამოცდებამდე რამდენიმე კვირით ადრე ცხადდება, თუმცა მაგალითად სულ ბოლო, ზაფხულის გამოცდების თარიღი (ასევე პანდემიის პარალელურად) მასწავლებლობის მსურველთათვის 26 ივნისს გამოცხადდა, გამოცდები კი 22 ივლისს უნდა დაწყებულიყო. რაც ნიშნავს, რომ შემოდგომის გამოცდის თარიღი ან უკვე უნდა იყოს განსაზღვრული, ან დღეს–ხვალ უნდა გამოქვეყნდეს.
პედაგოგთა პროფკავშირები იმასაც ამტკიცებდა, რომ გამოცდების ჩატარებას პრაქტიკოსებისთვის მათი ინფორმაციით არც შემოდგომაზე აპირებდნენ და ორგანიზაციაში აღნიშნულის მიზეზებზე საუბრობდნენ. თუმცა ეს გამოცდების ცენტრმა უარყო.
მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილის განცხადებით კი, შემოდგომაზე ორგანიზებულ პედაგოგთა გამოცდაზე 4 700-მდე პრაქტიკოსი პედაგოგია დარეგისტრირებული, რომლებიც პარალელურად გარკვეულ ტრენინგებს გადიან და გამოცდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მათი სტატუსის მინიჭებაც მოხდება.
„თუ როგორ დასრულდება მათი სტატუსის ცვლილება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ჩააბარებენ გამოცდას. ამავდროულად, ჩვენ ამ მასწავლებლებს ვაძლევთ საშუალებას, რომ გარკვეული ტრენინგები გაიარონ და პროფესიულად განვითარდნენ იმიტომ, რომ შეიძლება პროფესიაში დარჩნენ. ჩვენი ინტერესია, რომ მათი კომპეტენციები ამაღლდეს. შესაბამისად, მათი სტატუსის შესახებ იმის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილება რა შედეგები ექნებათ და რამდენ კრედიტს მოაგროვებენ, მათთან დაკავშირებით მთელი წლის მანძილზე მიიღება გადაწყვეტილება. ის მასწავლებლები, რომლებიც ვერ ჩააბარებენ გამოცდას, ამ შემთხვევაში დაასრულებენ სასწავლო წელს და შემდეგ მათ ადგილებზე გამოცხადდება ვაკანსია. ძალიან ბევრი შესაძლებლობა მიეცათ მასწავლებლებს იმისთვის, რომ გაეუმჯობესებინათ სტატუსი და პროფესიულად განვითარებულიყვნენ, მართლაც ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა მათთვის”, – აცხადებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი.
დატოვებენ თუ არა სისტემას მრავალგზის შანსმიცემული პრაქტიკოსი მასწავლებლები, უკვე წლის ბოლოს გვეცოდინება. ბოლო შანსი კი, რომელიც მათ გამოცდის სახით მიეცათ, ნოემბერში უნდა გამოიყენონ. თუკი სამინისტრო და გამოცდებს ცენტრი სიტყვას შეასრულებენ. მით უმეტეს, რომ პრემიერის თქმით, დამატებითი შეზღუდვები პანდემიის ფონზე განათლების მიმართულებით არ იგეგმება.
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი