9300 + 2900 = 16400? ნაეკმა პროფესიულ ტესტირებაზე აპლიკანტთა რაოდენობა გამოაქვეყნა
გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა, პროფესიული ტესტირების დაწყების დღეს, 6 სექტემბერს, ტესტირებაზე გასვლის მსურველთა რაოდენობა გამოაცხადა.
EDU.ARIS.GE ამ ციფრს დაჟინებით მოითხოვდა – პროფესიული ტესტირება 5 დღეში იწყება, შეფასებისა და გამოცდების ცენტრს კი რეგისტრირებულ მსურველთა რაოდენობის გამოცხადება არ სურს. რატომ?
არ ვიცით, რა მოხდა, NAEC-ის თვითგადარჩენის მექანიზმი ამოქმედდა თუ მას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ბოსტანში კიდევ ერთი უფრო დიდი ქვის გასროლის სურვილმა სძლია, მაგრამ, 2022 წლის 6 სექტემბერს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შემდეგი მონაცემები გამოაქვეყნა:
„გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებას უმაღლეს და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი 9300-ზე მეტი აპლიკანტი გადის, ხოლო 2900-ზე მეტი აპლიკანტი საბაზო პროფესიულ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად აბარებს ზოგადი უნარების გამოცდას.“
EDU.ARIS.GE-მ პროფესიული ტესტირების დაწყებამდე ზუსტად 5 დღით ადრე, 1-ელ სექტემბერს, გამოცდების ცენტრს, აპლიკანტთა სიების შეჯერების პრობლემის შემთხვევაში, ტესტირებაზე გასვლის მსურველთა გონივრულად დამრგვალებულ რაოდენობის გაჟღერებისკენ მოუწოდებდა.
პროფესიული ტესტირება დღეს დაიწყო, ციფრები მივიღეთ, მაგრამ 9300-ზე და 2900 მეტია მსურველი რას ნიშნავს?
9400 > X > 9300
3000 > Y > 2900
იმას, რომ სიები მეტ-ნაკლებად შეაჯერეთ და შეიძლება სულ რაღაც 100 აპლიკანტი, ანუ ადამიანი, ჯერ კიდევ ჰაერშია? არა? მაშინ ზუსტი ციფრი რატომ არ გამოაქვეყნეთ?
შეგახსენებთ, რომ ა.წ. 1-ელ სექტემბერს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ EDU.ARSI.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროფესიულ ტესტირებაზე 16400-ზე მეტი აპლიკანტი გადის.
ჩვენ NAEC-სა და EMIS-ის მონაცემები შევაჯერეთ:
9300 + 2900 = 16400?
ციფრებში განსხვავება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულს ცენტრს დაუკავშირდით კითხვით, რამე ხომ არ აქვთ გამოტოვებული პროფესიულ ტესტირებაზე აპლიკანტთა რაოდენობის გამოქვეყნების დროს.
NAEC-ის მონაცემები EMIS-ის ციფრებისგან მკვეთრად, 4200 ადამიანით (-25%) განსხვავდება.
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის პრესსამსახური მალევე დაგვიკავშირდა. EMIS-ის კეთილის მსურველების როლში მყოფი NAEC-ის თანამშრომლებმა აგვიხსნეს, რომს EMIS-ისთან ჰქონდათ კავშირი და EMIS-ის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ციფრები, ტესტირების მსურველთა რაოდენობას კი არ ნიშნავს, არამედ მსურველთა მიერ შერჩეული ტესტების ჯამურ რაოდენობას ასახავს (რაც არასოდეს გვიკითხავს), რადგან ერთ აპლიკანტს შეუძლია რამდენიმე ტესტის ჩაბარება და თვით NAEC-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სწორია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ ნდობა უპირობო უნდა იყოს, ამიტომ, EDU.ARIS.GE მზად არის, NAEC-თან და EMIS-ისთან ერთად, კანონის დაცვით, მონაცემების სისწორე გადავამოწმოთ, რაც უკვე არაერთხელ გვაქვს გაკეთებული.
- ყველაზე მეტი სკოლა იმერეთში ფიქსირდება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2024-2025 სასწავლო წლისთვის by ARIS.GE-განათლება
- სკოლის მოსწავლეთა პროტესტი მშობლიურ სკოლებთან (03.12. 2024 განახლებადი) by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს აჭარაშიც 6 მოადგილე ეყოლება – თორნიკე რიჟვაძის დადგენილება უკვე ძალაშია by ARIS.GE-განათლება