„აბარებ სამოქალაქო განათლების გამოცდას, ასწავლი ისტორიას“ – „მარტივი“ გამოსავალი პრაქტიკოს პედაგოგებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სისტემაში ამ ეტაპისთვის 14 344 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი რჩება. რეფორმის მთავარი მოთხოვნა კი, კვალიფიციური კადრებია. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტის არსებობას აღიარებს და პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავს, მათ შორის ერთ-ერთია რამდენიმე დღის წინ, სქემაში განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმადაც, ფიზიკის და ტექნოლოგიების მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს მათემატიკა, ან პირიქით.
ორგანიზაცია „საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციაში“ ფიქრობენ, რომ მიდგომამ – „მთავარია სისტემაში პრაქტიკოსი მასწავლებელი არ იყოს” უარყოფითი შედეგები მოიტანა. მათი ინფორმაციით, პრაქტიკოს პედაგოგს შეუძლია ჩააბაროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივ ჯგუფებში გაერთიანებული რომელიმე საგანი და იმავე ჯგუფის სხვა საგნებიც ასწავლოს, მაგალითად სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ასწავლოს ისტორია და გეოგრაფია, ბიოლოგიის პედაგოგმა ფიზიკა და ა.შ. მათი აზრით, ეს რეალობა რეფორმის მოთხოვნებს ვერ პასუხობს.
„საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია“ ერთი თვის წინ ჩამოყალიბდა და მასში კერძო და საჯარო სკოლების ხელმძღვანელები და პედაგოგები არიან გაწევრიანებულები. განათლების სისტემაში არსებული გამოწვევებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია კვლევების ჩატარებას და აქტიურ მუშაობას გეგმავს. „პრობლემების იდენტიფიცირებას ვაკეთებთ, ვახარისხებთ ცალკე საჯარო და ცალკე კერძო სკოლებისთვის და შემდეგ ამ საკითხებზე შესაბამის ორგანიზაციებს მივმართავთ, პირველი შეხვედრებიც გვქონდა ხარისხის განვითრების ცენტრთან, დაგეგმილია შეხვდრები პარლამენტშიც“, – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ელზა ბადაშვილი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.
„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემოღება მოიაზრებდა სისტემაში კვალიფიციური მასწავლებლის ყოლას. ყველა მასწავლებლის სავალდებულო მოთხოვნა იყო ჩაებარებინა ის საგანი, რომელსაც ასწავლიდა და ამაზე მთელი სასკოლო საზოგადოება შეთანხმებული იყო. რა შედეგი დადგა რეფორმის შედეგად? პრაქტიკოსი პედაგოგები, თუ ვერ აბარებთ ფიზიკა/ქიმია/ბიოლოგიას მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე, შეიძლება ჩააბაროთ ბუნებისმეტყველება, უფლება გაქვთ ასწავლოთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი ყველა საგანი და დანამატიც მოგეცემათ. ასევე, საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფიდან შეგიძლიათ ჩააბაროთ სამოქალაქო განათლება და ასწავლოთ ისტორია-გეოგრაფია – ჩემი საქართველო. ასევე ჩააბაროთ ქართული როგორც მეორე ენა არაქართულენოვანი სექტორებისთვის და ასწავლოთ ქართული ენა და ლიტერატურა სამივე საფეხურზე. რას ერჩიან პრაქტიკოს მასწავლებლებს ვერ ვხვდები“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
„მესმის რომ კადრების დეფიციტია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს რეალობა გარკვეულ დაღს დაასვამს სისტემას წლების შემდეგ. ჯობია კადრების რაოდენობა გავზარდოთ და დეფიციტურ საგნებში მოვამზადოთ. თუ მასწავლებელს 1-6 კლასის ბუნებისმეტყველების სერტიფიკატი აქვს, მას შეუძლია ქიმიაც ასწავლოს, თავად მასწავლებლები ამბობენ, რომ ასე არ შეიძლება. აქამდე ცალკე ბიოლოგიაში უნდა მოეპოვებინა მასწავლებელს სერტიფიკატი, ცალკე ფიზიკაში და ქიმიაში ყველგან სხვადასხვა სტანდარტია. თუ ეს მასწავლებლები ასე მარტივად შეძლებენ ამ საგნების სწავლებას, ასე მარტივი რატომ არ იყო ამ სერტიფიკატების მოპოვება? გამოდის, რომ ლოგიკას აცდენილები ვართ. თუ მასწავლებელი გამოცდაზე სამჯერ გასვლით ვერ მოიპოვებდა სერტიფიკატს, ახლა რა გამოდის? რამდენად კვალიფიციური გაკვეთილი ექნება მას ჩატარებული?“, – ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი და კერძო სკოლის დირექტორი თამარ ფაჩულია-EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №40/ნ 2016 წლის 18 მაისი ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ, მუხლი 45-ში გაწერილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები, რომლებიც ერთიანდება რვა საგნობრივ ჯგუფში:
ა) სახელმწიფო ენა;
ბ) მათემატიკა;
გ) უცხოური ენები;
დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;
ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ვ) ტექნოლოგიები;
ზ) ესთეტიკური აღზრდა;
თ) სპორტი.
ამ საგნობრივ ჯგუფებში გაერთიანებულია სხვადასხვა საგნები, ორგანიზაციის წარმომდგენლების თქმით, საკმარისია პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელმა ჩააბაროს ამ საგნობრივ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი საგანი და უფლება ექნება ასწავლოს ყველა დანარჩენი საგანი. ამასთან ის ჩაითვლება კვალიფიციურ, სერთიფიცირებულ კადრად და საჯარო სკოლაში სტატუსის დანამატიც მიეცემა.
აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებულია ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის მასწავლებლის სახლის მიერ გაგზავნლ წერილშიც, რომელიც 2020 წლის 14 თებერვლით თარიღდება.
მასწავლებლის სახლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სკოლის ლიდრთა ასოციაციის“ რჩევები პარაქტიკოსი პედაგოგებისთვის ასე გამოიყურება:
„მაგალითისთვის სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: ა) ქართული ენა და ლიტერატურა (ისწავლება I-XII კლასებში); ბ) აფხაზური ენა და ლიტერატურა, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ისწავლება I-XII კლასებში); გ) ქართული, როგორც მეორე ენა, არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის (ისწავლება I-XII კლასებში); აქედან შესაძლებელია აირჩიოთ ყველაზე იოლი- ქართული,როგორც მეორე ენა და ასწავლოთ ქართული ენა და ლიტერატურა I-XII
„საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში); ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში); გ) საქართველოს და მსოფლიო ისტორია (ისწავლება VII-XII კლასებში); გ) გეოგრაფია (ისწავლება VII-VIII კლასებში); დ) საქართველოს გეოგრაფია (ისწავლება IX კლასში); ე) მსოფლიოს გეოგრაფია (ისწავლება X კლასში); ვ) გლობალური პრობლემების გეოგრაფია (ისწავლება XI კლასში); ზ) სამოქალაქო განათლება (ისწავლება VII-X კლასებში);
„ამ ჯგუფიდან სამოქალაქო განათლებაა მგონი ყველაზე იოლი, შეგიძლია ჩააბაროთ და ასწავლოთ გეოგრაფია და ისტორია.
„საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: ა) ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში); გ) ბიოლოგია (ისწავლება VIII-XI კლასებში 2019-2020 სასწავლო წლამდე და 2019-2020 სასწავლო წლიდან – VII-XI კლასებში); დ) ფიზიკა (ისწავლება VIII-XI კლასებში 2019-2020 სასწავლო წლამდე და 2019-2020 სასწავლო წლიდან – VII-XI კლასებში); ე) ქიმია (ისწავლებაVIII-XI კლასებში);
„აქაც საინტერესოა ყველაზე იოლი ბუნებისმეტყველების გამოცდა იქნება, თავისუფლად შეგიძლიათ მოითხოვოთ ფიზიკისა და ქიმიის საათები“.
„ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (ისწავლება I-IX კლასებში); ბ) მუსიკა (ისწავლება I-IX კლასებში); აქაც ხელოვნების გამოცდა თუ ჩააბარე როგორ არ შეძლებთ მუსიკის სწავლებას!
„კიდევ უფრო საინტერესო ცვლილებაა ესგ-ში. მუხლი 21. “I-IV კლასების იმ პედაგოგებს, რომელთაც ფიზიკური აღზრდის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა ან მუსიკის სწავლების მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება აქვთ, მიეცეთ უფლება ასწავლონ კონკრეტული საგანი დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებში, თუ სკოლას არ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი (გამოცდით დადასტურებული ან დიპლომირებული სპეციალისტი).“;
„და ბოლოს, ბოლო ცვლილება სქემაში: ფიზიკის სწავლება შეუძლია მათემატიკოსს, ისტ-ს მასწავლებელს. და ასევე ფიზიკის მასწავლებელსაც შეუძლია ასწავლოს მათემატიკა და ისტ. : “ა)მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა; ბ)ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა; გ)საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.”
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს პოზიცია კი სქემაში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით ასეთია:
„გარდა იმისა, რომ ამ ცვლილებით, იზრდება მასწავლებლის მოტივაცია, სამინისტროს მიერ აქცენტი კეთდება საგანთა შორის შინაარსობრივ კავშირზე, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. აღსანიშნავია, რომ ანალიზის შედეგად, სკოლებში გამოიკვეთა მასწავლებლის არასაკმარისი რესურსი ფიზიკის, ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების და მათემატიკის სპეციალობების მიმართულებით. შესაბამისად, სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოაღნიშნული ცვლილების შემუშავება. საბოლოოდ, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი ასწავლის შემდეგი წესით: ა)მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა; ბ)ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა; გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.
„ხაზგასასმელია ისიც, რომ საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები, პირველ რიგში, გაუნაწილოს და შეუვსოს სრულ დატვირთვამდე კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და შემდგომ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, დღეის მდგომარეობით, სისტემაში სულ 59 952 მასწავლებელია. აქედან 14 344 არის პრაქტიკოსის სტატუსის მქონე, 37 460 გახლავთ -უფროსი მასწავლებელი, 2 908 -წამყვანი მასწავლებელი და 261 -მენტორი მასწავლებელი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება