აბიტურიენტები კორონავირუსის წინააღმდეგ – „ახლა დეპრესიის დრო არ არის, მიზანს უნდა მივაღწიოთ!“
კორონავირუსმა განათლების სისტემა, ფაქტობრივად, ჩამოშალა – გააჩერა სკოლები, საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტები, პროფესიული სასწავლებლები და მხოლოდ მათმა ნაწილმა შეძლო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, რომლის ხარისხიც კრიტიკას, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ უძლებს. თუმცა, ყველა აღიარებს, რომ ამ სიტუაციით ყველაზე მეტად აბიტურიენტები დაზარალდნენ, რომელთაც უბრალოდ სწავლის შეწყვეტა კი არ მოუწიათ, მთელი გეგმები და მომავალი თავდაყირა დაუდგათ.
სოციალურ ქსელებში აბიტურიენტთა არაერთი ჯგუფია, სადაც ისინი აქამდე ერთმანეთს რჩევებს ეკითხებოდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ, საუბრობდნენ მომავალ გამოცდებზე და ა.შ. ახლა იქ მხოლოდ გაურკვეველ მომავალთან დაკავშირებული, უპასუხო კითხვები ისმება – გამოცდები ჩატარდება? გადაიდება? როდისთვის გადაიდება? სემესტრი ჩავარდება? როდის გვეცოდინება რა გველის?
EDU.ARIS.GE აბიტურიენტებს იმ ვითარებაზე ესაუბრა, რომელშიც აღმოჩნდნენ, დაინტერესდა რამდენად შეძლეს მათ ახალ რეალობას მორგებოდნენ და ცხოვრება და მეცადინეობა ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ, მით უფრო გაზრდილი სტრესისა და დაძაბულობის ფონზე.
მარი ქართლელიშვილი რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა და მანამ, სანამ მსოფლიოს გაურკვეველი ვირუსი მოედებოდა, მის გეგმებში სამართლის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება შედიოდა. ახლა კი ამბობს, რომ, კორონავირუსმა მისი გეგმები თავდაყირა დააყენა, მის ყოველდღიურ ცხოვრებას ხელი შეუშალა და მომავალიც აბსოლუტურად გაურკვეველი გახადა.
მარი გვეუბნება, რომ მას აღარ შეუძლია საკუთარი მიზნისთვის ყველაფერი გააკეთოს ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, აღარ შეუძლია ბოლომდე დაიხარჯოს, რადგან იზოლირებულია და შორსაა ყველასგან და ყველაფრისგან, რაც კი მიზნის მისაღწევად სჭირდებოდა.
„რეპეტიტორებთან ვერ დავდივარ, რადგან ყველას აქვს შიში იმისა, რომ რომელიმე აბიტურიენტი რამეს გადასდებს. არავინ იცის ვინ რისი მატარებელია და როდის გამოვლინდება. დისტანციურ სწავლებაზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო, ვფიქრობ, რომ უშედეგოა და არ აქვს აზრი, მაგრამ ვცდილობ, მე თვითონ ძალა არ დავიშურო, რათა მიზანს მივაღწიო. სკოლა აქტიურად არის ჩართული იმაში, რომ არ ჩამოვრჩეთ პროგრამას, მაგრამ რაღა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლებისთვის ახალი პროგრამები შემუშავებულია, მაინც ვერ ვიღებთ თუნდაც იმ მინიმუმს, რასაც სკოლაში ვიღებდით. ამიტომ ვფიქრობ, რომ უშედეგოა“, – ამბობს მარი.
აბიტურიენტი გვიყვება იმასაც, რომ ერთია ის პრაქტიკული ხასიათის პრობლემები, რომლებიც მათ კორონავირუსის გამო შეექმნათ (გადაადგილების შეზღუდვა, დისტანციური სწავლების ხარვეზები და ა.შ.) და მეორეა მორალური სირთულეები – დაძაბულობა, გაუკვეველი მომავლის შიში, ისედაც სტრესული პერიოდის კიდევ უფრო გართულება და ა.შ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მარი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა ეცადოს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდეს, წელი არ ჩავარდეს და ათასობით აბიტურიენტს შრომა წყალში არ ჩაეყაროს.
„ალბათ, უგულო იქნება ადამიანი, რომელიც მსგავს სიტუაციაში არ ინერვიულებს. ეს ხომ არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, კითხვის ნიშნის ქვეშ მსოფლიოს მომავალი დგება და შესაბამისად, ვნერვიულობ. თავიდან, როცა კრონავირუსი საქართველოშიც გავრცელდა, სახლში ჩაკეტვასთან დაკავშირებით დეპრესიული მომენტებიც მქონდა, მეგონა, რომ ჩემი ძალებით არაფერი გამომივიდოდა, მაგრამ მივედი დასკვნამდე, რომ ახლა დეპრესიის დრო არ არის და ცხოვრება გავაგრძელე, სახლიდან გაუსვლელად. სწავლას თავს არ ვანებებ, რადგან თუ ეს ყველაფერი გადაივლის (და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება) მიზანს მერე მაინც უნდა მივაღწიო“, – ამბობს მარი.
„არ დაგიმალავთ, თავიდან, ჩემი ზოგიერთი მეგობრის მსგავსად, მეც გაურკვეველი სიხარული დამეუფლა – რაღაც ახალი მოხდა, რამაც ჩვენი ყოველდღიურობა შეცვალა, სწავლა შეწყდა, მსოფლიო ვირუსმა მოიცვა, რაღაც ფანტასტიკური ჟანრის ფილმში ამოვყავით თავი, მაგრამ პირადად მე მალე მივხვდი, რომ ამაში მომხიბვლელი არაფერია და ამ სიახლეს, სირთულეების გარდა, არაფერი მოჰყვება“, – ეს კიდევ ერთი აბიტურიენტის, გოგიტა მენაბდიშვილის სიტყვებია, რომელიც თანატოლების მსგავსად უცებ, ერთი ხელის მოსმით, სრულიად გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა.
გოგიტა ამბობს, რომ საკუთარი თავი ემოციური არასოდეს ეგონა და არც მისაღები გამოცდების გამო ნერვიულობდა, თუმცა ახლა უკვე მიხვდა, რომ სტრესი, რომელიც კორონავირუსმა კიდევ უფრო რთული და ცხადი გახადა, მას ხელს ბევრ რამეში უშლის.
„მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში და რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ, მაინც ვაპირებდი, რომ დისტანციური სწავლებით მაქსიმუმი მიმეღო და თავდაუზოგავად მემეცადინა, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე მანამდე, რათა დისტანციური სწავლებით გაჩენილი ხარვეზები ამომევსო, მაგრამ ამ ბოლო დროს საკუთარი თავი დავიჭირე იმაში, რომ სწავლას გულს ვეღარ ვუდებ, ზოგჯერ ვფიქრობ – არავინ იცის რა იქნება ხვალ, უნივერსიტეტში ჩაბარება კი არა, გადარჩენისთვის ვიბრძვით და რა დროს უნარები და შუშანიკია?“, – ამბობს გოგიტა.
ჩვენი შემდეგი რესპონდენტი ხულოს რაიონის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი ბოლქვაძეა. ამბობს, რომ ბოლო ერთი თვეა მისი ცხოვრება ამოტრიალდა, მის დღის წესრიგში ყველაფერი შეიცვალა. მით უფრო, რომ მეგი უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად რეპეტიტორებთან არ დადიოდა და მხოლოდ სკოლის დახმარებით მეცადინეობდა. შესაბამისად, სკოლის დახურვამ საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე დააყენა. ცდილობს საკუთარი ძალებით იმეცადინოს, მაგრამ ამბობს, რომ მასწავლებლების დახმარება და მითითებები იმაზე უფრო საჭირო ყოფილა, ვიდრე ეგონა.
„დისტანციურ სწავლაზე გადავედით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ. არც ეფექტურად მიმაჩნია. ჩვეულებრივ გაკვეთილს სულ სხვა დატვირთვა აქვს. თანაც, გამოწვეული მდგომარეობით ძალიან დაძაბული ვარ. სულ ამ საკითხზე ვფიქრობ – რა მოხდება მომავალში, რა გველის? ეს ჩემს სწავლასა და შრომისუნარიანობაზე ძალიან მოქმედებს“, – მიიჩნევს მეგი.
კიდევ ერთი რამ, რაც მეგის თქმით, მასაც და მის თანატოლებსაც ანერვიულებთ, იმის რისკია, რომ ეროვნული გამოცდები ვეღარ ჩატარდება. ამბობს, რომ ეს კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, რადგან მათ რეპეტიტორებისთვის დამატებითი ხარჯების გაღება მოუწევთ, ხოლო აბიტურიენტებს სტრესული პერიოდი გაუხანგრძლივდებათ.
არსებულ რეალობას განსხვავებულად ხედავს ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი მარიამ სიფრაშვილი, რომელიც ჟურნალისტობას აპირებს. ახლა მისი გეგმებიც, როგორც ყველა თანატოლისა, არეული და ბუნდოვანია. თუმცა, შექმნილ ვითარებას – იზოლაციას, მან პოზიტიური კუთხე მოუძებნა და ამბობს, რომ სამეცადინოდ ახლა მეტი დრო აქვს.
„სკოლის დახურვამ ხელი არაფერში შემიშალა, სკოლაში სიარულით მაინც დროს ვკარგავდი. სკოლა ხელს უფრო მიშლიდა. ახლა უფრო მეტი დრო მაქვს სამეცადინოდ და საკუთარ თავთან სამუშაოდ. დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, თუმცა არ მომწონს. ჩემთვის არაფრის მომცემია. ამას ჯობს დაკარგული საათები შაბათ-კვირის მეშვეობით აგვინაზღაურონ. დისტანციური სწავლება არანაირად არ არის ეფექტური! ახლა მთავარია როგორმე მოხერხდეს და ეროვნული გამოცდები მაინც ჩატარდეს. გადავადება ჩემი და ალბათ, კიდევ ბევრი ოჯახისთვის, დამატებითი ხარჯი იქნება. აბიტურიენტი ხომ ყოველთვე დიდ თანხას იხდის რეპეტიტორებთან მომზადებაში“, – ამბობს მარიამი.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სწავლა 2 მარტს შეწყდა. სწავლის განახლების თარიღად, თავდაპირველად, 16 მარტი დასახელდა. მოგვიანებით, ამ თარიღმა, 1-ლ აპრილამდე გადაიწია. თუმცა 21 მარტს ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ სწავლა 21 აპრილამდე არ დაიწყება. მოუხდება თუ არა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, ჯერჯერობით უცნობია.
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება