GE

„აბიტურიენტების კლუბი“ – პირველი მასშტაბური პროექტი საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი აბიტურიენტისთვის

ნებისმიერ აბიტურიენტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განურჩევლად ინტერესებისა და მიზნებისა, აბიტურიენტების მასშტაბურ კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობა ეძლევა, რომელიც ოფიციალურად უკვე გაიხსნა და რომელშიც ახალგაზრდებს ამ მომენტიდან სტუდენტობის პირველ დღემდე გასავლელი რთული, შრომატევადი, სტრესული და გამოწვევებით აღსავსე გზის მარტივად გავლას სთავაზობენ, თანაც, უფასოდ.

„აბიტურიენტების კლუბი“ „ალტე უნივერსიტეტის“ პროექტია მათთვის, ვინც სტუდენტობას გეგმავს. მისი მიზანი აბიტურიენტების დახმარებაა დატვირთული გრაფიკის ფონზე სოციალიზაციაში, პროფესიის არჩევასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესში. პროექტს, რომელსაც ავტორების თქმით, საქართველოში ანალოგი არ გააჩნია, ორი კოორდინატორი ჰყავს – ნინო სიხარულიძე და ხატია მათიკოშვილი. სწორედ მათთან საუბრის შედეგად გაარკვია EDU.ARIS.GE-მ კლუბის შესახებ არაერთი საინტერესო დეტალი, მათ შორის ისიც, რომ მისი წევრები, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ბევრ საინტერესო და სახალისო აქტივობაშიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი რესპონდენტები ასევე, სიურპრიზად ტოვებენ ინფორმაციას სხვა დამატებითი პრიზებისა და საჩუქრების შესახებ.

„აბიტურიენტების კლუბის“ შექმნის იდეის დაბადებაზე საუბრისას ალტე უნივერსიტეტის აბიტურიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი და კლუბის ერთ-ერთი კოორდინატორი, ხატია მათიკოშვილი ამბობს, რომ მთავარი მიზანი აბიტურიენტების დასახმარებლად დიდი გაერთიანების შექმნა იყო. მისი თქმით, აბიტურიენტობას საკმაოდ დიდი გაურკვევლობა სდევს თან. ახალგაზრდების დიდი ნაწილი საკლასო ოთახიდან სალექციო რეჟიმზე ისე გადადის, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრებას არ იცნობს. კლუბის მეშვეობით კი მათ ამ ყველაფერზე საბაზისო წარმოდგენა შეექმნებათ.

„ჩვენი დაკვირვებით, აბიტურიენტსა და უნივერსიტეტს შორის კავშირი, ერთგვარად, დაკარგულია. ღია კარის დღეების შემდეგ, რომელზეც, აბიტურიენტებს შაბლონურ პრეზენტაციებს წარუდგენენ, უნივერსიტეტი მათთან კომუნიკაციას წყვეტს. ეს განსაკუთრებულად დიდი პრობლემაა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ უნივერსიტეტების მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართვას. ვფიქრობდით რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ისეთი, რომ ეს კომუნიკაცია განგრძობითი ხასიათის გამხდარიყო და გადავწყვიტეთ, რომ ვყოფილიყავით ერთგვარი ხიდი სკოლიდან უნივერსიტეტამდე. სწორედ აქედან გაგვიჩნდა აბიტურიენტის კლუბის შექმნის იდეა, სადაც ეს ბარიერი არ იარსებებდა და მასში ჩართვას ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი კუთხიდან, შეძლებდა.

„ჩვენი მიზანია რეგიონებში მცხოვრებმა მოსწავლეებმა იგივე ხარისხით მიიღონ ყველა სერვისი, რომელთაც კლუბი მათ სთავაზობს, როგორც ამას თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები შეძლებენ. კლუბის პრეზენტაციაზე ახალგაზრდებში გამოკითხვა ჩავატარეთ. ვკითხეთ თუ რასთან ასოცირდება, მათთვის, ყველაზე მეტად აბიტურიენტობა. პასუხები იყო – სტრესი, დაღლილობა, უძილობა და დაძაბულობა. სწორედ ამ მიმართულებით გვინდა დავეხმაროთ მათ და შევთავაზოთ ვორქშოფები მათი მენტალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, – აცხადებს კლუბის კოორდინატორი, ხატია მათიკოშვილი.

კლუბი, ოფიციალურად, „ალტე უნივერსიტეტში“ გამართული ღონისძიებით უკვე გაიხსნა. შემდეგი ნაბიჯები კი რეგიონებში გასვლა და მისი იქაური ახალგაზრდებისთვის წარდგენაა. კლუბი საქმიანობას ჰიბრიდული ფორმატით წარმართავს. სერვისების გარკვეული ნაწილი, აბიტურიენტებისთვის, ონლაინ რეჟიმში იქნება შეთავაზებული. რაც შეეხება სერვისებს, მათი არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება: პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები, ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ვორქშოფები, იმიტირებული გამოცდები, პერსონალური კონსულტანტის სერვისი, სტრესის მართვის ტრენინგები, ციფრული უსაფრთხოების სესიები, ინტელექტუალური თამაშები შემეცნებითი პროექტები, საგანმანათლებლო კონკურსები, მარათონები, ბანაკები და ა.შ.

„ძალიან ნორმალურია, როცა ამ ასაკში არ ხარ ჩამოყალიბებული რა პროფესიას გინდა დაეუფლო. სწორედ ამას ემსახურება პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები. დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ამა თუ იმ პროფესიის შესახებ, შევახვედრებთ პროფესიონალებს, შევეცდებით სწორი მოლოდინები შევუქმნათ, რათა ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლონ. ზოგი აბიტურიენტი მოკლებულია შესაძლებლობას სათანადოდ მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის. ამიტომ, მოკლევადიანი ტრენინგებიც დავგეგმეთ სხვადასხვა საგანში. ასე რომ, არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდება“, – ეუბნება EDU.ARIS.GE-ს „ალტე უნივერსიტეტის“ აბიტურიენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და კლუბის კოორდინატორი ნინო სიხარულიძე.

როგორც უკვე ვახსენეთ, აბიტურიენტების კლუბი წევრებს პრიზებითაც გაანებივრებს. თითოეულ კონკურსსა და პროექტში გამარჯვებული მომავალი სტუდენტი მისთვის ყველაზე მეტად საჭირო და სასურველ საჩუქრებს მიიღებს, მათ შორისაა „ალტე უნივერსიტეტში“ სწავლის დაფინანსების შესაძლებლობაც.

კლუბის წევრთა რაოდენობა შეზღუდული არაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ოფიციალურად სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, უკვე იმაზე მეტი ახალგაზრდა დაინტერესდა, ვიდრე ამას იდეის ავტორები ელოდნენ. სპეციალურად შექმნილ ფეისბუქ-ჯგუფში გასაწევრიანებლად უფროსკლასელთა მოთხოვნები არ წყდება და ორგანიზატორები ელიან, რომ გაზაფხულისთვის წევრთა რაოდენობა მასშტაბურ რიცხვს მიაღწევს. სწორედ ამ დროისთვისაა დაგეგმილი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობებიც. დროთა განმავლობაში, ახალგაზრდების სურვილებიდან გამომდინარე, დაიხვეწება და გამრავალფეროვნდება მათთვის შესათავაზებელი სერვისების შინაარსი და ფორმატიც.

კლუბში გაწევრიანება მარტივია, მთავარია უბრალოდ გახდეთ ფეისბუქ-ჯგუფის აბიტურიენტების კლუბი წევრი და შეიმსუბუქოთ აბიტურიენტობა ალტე უნივერსიტეტთან ერთად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მისწერეთ უნივერსიტეტს: a.club@alte.edu.ge

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური