GE

აბიტურიენტების სამოქალაქო განათლების გამოცდის შედეგები 25 ივლისს ცნობილი იქნება

სამოქალაქო განათლებაში ერთიანი ეროვნული გამოცდა წელს მეორედ ჩატარდა. წელს ეს საგანი არჩევით საგნად 1038 აბიტურიენტმა აირჩია,  რაც წინა წლის რაოდენობასთან შედარებით, ზუსტად ორჯერ მეტია. გამოცდაზე 981 აბიტურიენტი გამოცხადდა – 94.5%. არ ყოფილა გამოცდიდან მოხსნის და დაგვიანების შემთხვევა.

გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა EDU.ARIS.GEსთან საუბარში გამოცდა საშუალო სირთულისად შეაფასეს.

ჭყონია ნატალია – არ იყო რთული. თუ მეცადინეობდი თავს გაართმევდი. უფრო მეტად ლოგიკური და სააზროვნო დავალებებია. დროშიც ჩავეტიე და ელექტრონულ ფორმატსაც არაფერს ვერჩი. მშვენივრად გავართვი თავი.

ნინო ათანეიშვილი – არც ისე რთული არ იყო. უფრო საშუალო დონის სირთულის ტესტი იყო. ლოგიკური აზროვნების უნარს ამოწმებდნენ და სხვადასხვა კრიტიკულ ვითარებაში როგორ მოიქცევი.

თამარ პავლიაშვილი – მარტივი ნამდვილად არ იყო, თუმცა არც იმას ვიტყვი, რომ მერთულა. დრო საკმარისი იყო. კომპიუტერიც გამართულად მუშაობდა და ვფიქრობ ტესტიც კარგად დავწერე.

დათო გადელია – ახლა მაგალითები ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ რთული არ ყოფილა. სხვადასხვა სიტუაციებში როგორ მოიქცეოდი ამას ამოწმებს ტესტი და ლოგიკურ აზროვნებას. ბარიერის გადალახვაზე არ მაქვს პრეტენზია. მე გრანტისთვის ვარ განწყობილი.

EDU.ARIS.GE–ს სამოქალაქო განათლების ჯგუფის ხელმძღვანელიც ესაუბრა. ირინა ხომერიკის თქმით, გასწორების პროცესი 15 რიცხვიდან დაიწყება და 25 ივლისისთვის შედეგები უკვე მზად იქნება.

–წინა წელთან შედარებით, არამხოლოდ იმ აბიტურიენტების რიცხვი გაიზარდა, რომლებიც არჩევით საგნად სამოქალაქო განათლებას ირჩევენ, არამედ გაიზარდა იმ უნივერსიტეტების და პრაგრამების რაოდენობაც, სადაც სამოქალაქო განათლების გამოცდით გასვლა შეიძლება. წელს 153 პროგრამაზე შეუძლიათ აბიტურიენტებს ამ საგნით ჩაბარება.

წინა წელთან შედარებით, ხომ არ გართულებულა გამოცდა?

–გართულებით არ გაგვირთულებია. 60 ქულიანია ტესტი და სულ 30 დავალებაა. ვთვლით, რომ სიახლის შეთავაზება ნაადრევია. შარშან დავიწყეთ და ცვლილების აუცილებლობა არ გამოკვეთილა. სტრუქტურულადაც და სირთულის დონითაც წინა წლის საგამოცდო ტესტის მსგავსია.

როგორა ტესტი, რომლის ჩაბარებაც აბიტურიენტებს უწევთ?

–30 დავალებიდან 15 ამოწმებს საგნობრივ ცოდნას, დანარჩენში კი აქცენტი კეთდება კრიტიკულ ანალიზზე, არგუმენტირებულ მსჯელობაზე, პრობლემის გადაჭრის უნარებზე. ვნახულობთ, თუ როგორი ანალიზის უნარი აქვს აბიტურიენტს, როგორ აკეთებს ილუსტრაციის ანალიზის, როგორი საბაზისო უნარები აქვს პრობლემის მოგვარების. უფრო მეტად წერა უწევთ და ამისთვის სამი საათი და 10 წუთი აქვთ.

როდის დაიწყებთ გასწორებას და როდის იქნება პასუხები მზად?

–გასწორების პროცესი 15 რიცხვიდან დაიწყება და 10 დღის მერე გვექნება პასუხები. 25 ივლისს პასუხები გვეცოდინება, თუმცა ალბათ ეტაპობრივად, სხვა გამოცდების შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.

როგორ და ვის მიერ სწორდება სამოქალაქო განათლების გამოცდის ტესტები?

–სამოქალაქო განათლების ტესტის გასწორების პროცესიც ზოგადი პრინციპის ანალოგიურია. ტესტებს ორი გამსწორებელი ასწორებს და თუ მათი შეფასება არ ემთხვევა, შემდეგ ერთვება მესამე. რაც შეეხება გამსწორებლებს, გასწორებით სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ასოციაციისა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის პროფესორები ასწორებენ.

–გოგოები უფრო ირჩევენ ამ საგანს თუ ბიჭები?

–გენდერული ბალანსის სტატისტიკა ზუსტი არ მაქვს. სამოქალაქო განათლება ბარდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებები და ამ მიმართულებებზე გოგონები უფრო ჭარბობენ. თუმცა, სექტორებში რომ შევიხედე, თანაბრად მომხვდნენ თვალში.

რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, წინა წელს გამოცდა 84%–მა წარმატებით დაძლია და წელს უფრო მეტად მომზადებულ აბიტურიენტებს ელოდებიან. რაც შეეხება გადასალახ ბარიერს, ის 60 ქულის  16%-ია.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური