GE

აბიტურიენტების სიხარული ნაადრევია – იყო თუ არა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა მართლაც მარტივი?

ქართულის გამოცდა არანაირად არ იყო მარტივი და ამას არც ერთი პედაგოგი არ ამბობს – ასე ეხმაურება თბილისის N154 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის დამფუძნებელი დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაშიძე აბიტურიენტების მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ ქართულ ენაში წლევანდელი ტესტი, წინა წლებთან შედარებით, ადვილი იყო.

მსგავსი შთაბეჭდილება დარჩა არა ერთ ან ორ, არამედ აბიტურიენტთა უმეტესობას. მოგეხსენებათ, EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტები, ეროვნული გამოცდების დაწყების დღიდან, საგამოცდო ცენტრებთან მუშაობენ და ისინი ყოველდღიურად  ათობით აბიტურიენტს ესაუბრებიან. მათი აბსოლუტური უმეტესობა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით ძალიან კმაყოფილი იყო და დარწმუნებით აცხადებდა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წლევანდელი ტესტი გააიოლა. იგივეს წერდნენ აბიტურიენტები სოციალურ ქსელებშიც. ზოგიერთი მათგანის მოსაზრებით, გაიოლება კორონავირუსის შედეგი იყო – ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფ აბიტურიენტებს რთული ტესტით საქმე კიდევ უფრო აღარ გაურთულეს.

გამოცდა რამდნიმე დღე გრძელდებოდა და გამოყენებული ტესტები მისი დასრულებისთანავე გამოქვეყნდა. სწორედ მათი შეფასება ვთხოვეთ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს და აღმოჩნდა, რომ აბიტურიენტების სიხარული ნაადრევია.

ეკატერინე შარაშიძე: “მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში საგამოცდო ტესტები 2005 წლიდან მოყოლებული იცვლება დ რთულდება. საშუალო განათლებამიღებული ბავშვის ცოდნა სამი დავალების მეშვეობით იზომება. პირველი ტექსტის რედაქტირებაა, რომლითაც ახალგაზრდის მშობლიური ენის ცოდნა მოწმდება. თუ თავიდან ეტაპობრივი შეცდომები იყო, ახლა მათ თავად უნდა აღმოაჩინონ სად არის შეცდომა და რა ტიპის შეცდომაა. არგუმენტირებულ ესეს რაც შეეხება, აქ არა მხოლოდ მათი აკადემიური წერითი უნარები ვლინდება, არამედ, ეს დავალება, აპლიკანტის ზოგად განათლებას, არსებული პრობლემებისადმი დამოკიდებულებასა და მის მსოფლმხედველობას ამოწმებს. რამდენად სწორად შეუძლია მისი აზრის განმტიკიცება არგუმენტებითა და მაგალითებით. მესამე კი ტექსტია, რომელიც სამი დავალებით იზომება – მხატვრული ტექსტის ანალიზი, მთავარი სათქმელი და მხატვრული ხერხები.

მოდით ვთქვათ თუ რამდენად მარტივი იყო ტესტები წელს და რამდენად რთული – შარშან. წლევანდელი ერთ-ერთი არგუმენტირებული ესეს თემა იყო – ტექნოლოგიური საშუალებებით გადატვირთული გარემო ზღუდავს ადამიანის წარმოსახვას, მას ძიებისა და ახლის აღმოჩენის სურვილს უკარგავს. ამ მოსაზრებას ახალგაზრდები, ძირითადად, უარყოფდნენ, რადგან ამ საკითხს ანთროპოლოგიურ და ფსიქოლოგიურ დონეზე ვერ განიხილავდნენ. ახლა ვნახოთ როგორი თემა იყო 2019-ში – საზოგადოებრივი აზრისა და განწყობის შექმნაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლი გადამწყვეტია. რომელია მარტივად განსახილველი თემა?

რაც შეეხება ლიტერატურას, არ მგონია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ვინმესთვის მარტივი საკითხი იყოს. ან ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“, რომელშიც იმდენი ალუზიაა გამოყენებული, რომ ეს არც ისე მარტივად აღსაქმელი თემა იყო. არც მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ მგონია ადვილი, მიუხედავად იმისა, რომ პროზაული ნაწარმოებები ბევრად უფრო ემარტივებათ ხოლმე. არადა, შესაძლოა ბევრი პოეტური ნაწარმოები უფრო მარტივად განსახილველი იყოს, ვიდრე ის დამალული საზრისები, რომლებიც პროზაიკოსს სტრიქონებს შორის აქვს ჩაწერილი. ასევეა ჭილაძის მოთხრობა „გასეირნება პონით“, სადაც დეჰუმანიზაციის პროცესზეა საუბარი.

საერთოდ, საგამოცდო ცენტრი ყოველთვის ცდილობს ის თემები ამოატივტივოს, რომლებიც იმ წელს განსაკუთრებით აქტუალური და პრობლემატურია. შესაბამისად, კიდევ ვიტყვი, რომ არანაირად არ იყო მარტივი და ამას არც ერთი პედაგოგი არ ამბობს.”

მაშ რამ განაპირობა, თქვენი აზრით, აბიტურიენტების შთაბეჭდილება, რომ წლევანდელი ქართულის გამოცდა მარტივი იყო?

-აბიტურიენტები, რომლებიც ამბობენ, რომ ტესტი მარტივი იყო, სამ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. პირველი ეს გახლავთ ბავშვების კატეგორია, რომელთაც ერთულათ, მაგრამ არ აღიარეს იქიდან გამომდინარე, რომ სირთულე საკუთარი თავის დაკნინებად მიიჩნიეს. მოკლედ რომ ვთქვათ, სირთულე დამალეს. მეორე კატეგორიამ არ დამალა, მაგრამ ზედაპირულად აღიქვა, სიღრმისეულად არ წავიდა და ამიტომ, წერისას ფსიქოლოგიური დისკომფორტი არ შეექმნა. როდესაც ფსიქოლოგიური დისკომფორტი არ გექმნება, გგონია, რომ მარტივია. შესაბამისად, ეს ზედაპირული ნააზრევია. მესამე კატეგორია კი მართლა ძლიერი ბავშვებია, რომელთაც მართლაც შეუძლიათ ნებისმიერ თემაზე იმდენად კარგად ისაუბრონ, იმსჯელონ და დაწერონ, რომ ბევრ ზრდასრულს აჯობონ. ასე რომ, აბიტურიენტების პასუხებიდან გამომდინარე იმის შეფასება, მარტივი იყო ტესტები თუ არა, არ შეიძლება.

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდების ცენტრმა გაითვალისწინა მეორე სემესტრში არსებული სირთულეები და ის მასალა, რომელზეც თქვეს, რომ შევიდოდა, არ შეუტანიათ, მარტივი ტექსტები ნამდვილად არ იყო არჩეული. იმ უნარების გაზომვის საშუალება მაინც დატოვა, რაც ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ. კრიტერიუმები არ შეცვლილა.

ქულები გვაჩვენებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს – თემები მარტივი არ იყო, საკმაოდ რთული თემები გვქონდა მოცემული. გააჩნია საკითხს ვინ როგორ მიუდგებოდა. ბავშვებისთვის დამახასიათებელია ასეთი მიდგომა – მარტივი იყო, ჩვენ უფრო რთულებს ვაკეთებდით და ა.შ. ზოგჯერ ამას მასწავლებლის გულის მოსაგებადაც ამბობენ, ალბათ. ესეთი კომპლიმენტარული დამოკიდებულებები ადამიანებს გვახასიათებს.

პირადად თქვენ მოსწავლეებსაც ჰქონდათ ასეთი ოპტიმისტური დამოკიდებულება?

-გასხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ. არიან ისეთები, რომლებმაც მითხრეს – მას, დავწერე, მაგრამ რას ავიღებ არ ვიცი. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ უკმაყოფილების შეგრძნება დარჩათ და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მეუბნებოდნენ – მას, მარტივი იყო. სხვათა შორის, როცა მოსწავლე მეუბნება, რომ გამოცდა მარტივი იყო, ზუსტად მაშინ მეშინია, რადგან ვხვდები, რომ საკმარისად სიღრმისეულად არ მიუდგა. დახარისხებული მქონდა ვისთვის უნდა ყოფილიყო მარტივი და ვისთვის – ნაწილობრივ.

მოდით ვთქვათ ისიც, რომ ერთ წელიწადში ეროვნული გამოცდებისთვის, კერძო გაკვეთილებით, ბავშვს ვერანაირად ვერ მოამზადებ, თუ მას საბაზო ცოდნა არ წამოჰყვა. თუ არაფერი აქვს, რას დააშენებ. შიძლება ასწავლო სტრუქტურა, ასწავლო როგორ მიუდგეს საკითხს უკეთესად, მეტი ინფორმაცია შესთავაზო, მაგრამ თავიდან აზროვნებას ვერ ასწავლი. ეს ილუზიაა და ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია. ჰგონიათ, რომ თუ მოამზადებენ და ფულს გადაიხდიან, მათი შვილები აბსოლუტურ ცოდნას მიიღებენ.

ახსენეთ, რომ ტესტები 2005 წლიდან მოყოლებული რთულდება. თქვენი აზრით, ამის პროპორციულად აბიტურიენტების შესაძლებლობებიც იხვეწება? თუნდაც არგუმენტირებული ესეს დაწერა, რომელიც მაშინ ახალი ხილი იყო, აბიტურიენტებს საკმაოდ უჭირდათ ხოლმე. “ნაეკში” ხშირად აცხადებდნენ, რომ მოსწავლეები არ იყვნენ მიჩვეულნი საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გამოხატვას, საკუთარი ნააზრევის დასაბუთებას და .. ამ მხრივ თუ შეიცვალა რამე? არიან თუ არა ისინი უფრო თამამები და გახსნილები მსჯელობისას?

-ახლა მოსწავლეების ორი კატეგორია გვყავს – ძალიან მაღალი დონე და დაბალი დონე. ადრე საშუალო კატეგორიაც გვყავდა. ახლა ბიპოლარულია. ეს ძალიან კომპლექსური პრობლემაა და ყველაფერმა ერთად განაპირობა – ოჯახმა, სკოლამ, საზოგადოებამ.

ვერ ვიტყვი, რომ თავიანთი მოსაზრების გამოხატვა უჭირთ. ზოგადად, სითამამე არანაირად არ აკლიათ. იმდენად დამარწმუნებელნი არიან მოსაზრებების გამოხატვის დროს, რომ ზოგჯერ დავფიქრებულვარ, მიფიქრია და მიმიღია. კარგად მსჯელობენ. ოღონდ, ვინც მსჯელობს. მე არ ვამბობ ბავშვების ორ კატეგორიად დაყოფა თანაბარ წილად გადანაწილებას ნიშნავს.

დავალებებში თუ იყო რაიმე ისეთი, რაზეც ისურვებდით, რომ სხვანაირად ყოფილიყო, ან საერთოდ არ ყოფილიყო?

-ზოგადად, არ მინდა ხოლმე ძველი და ახალი თაობის შეპირისპირება. მამათა და შვილთა ბრძოლა ჯერ კიდევ როდიდან არსებობს. მაგალითად, არ მომწონს, როცა ამბობენ ხოლმე, რომ ძველი თაობა რაღაცაზე არ ფიქრობდა, ჩვენ მეტს ვფიქრობთ და ა.შ.  შეიძლება ერთმა საგამოცდო თემამ კონკრეტული მსოფლმხედველობა არ ჩამოაყალიბოს და თაობათა შორის კონფლიქტი არ გაღვივდეს, მაგრამ ხომ შეიძლება გარკვეულ ნაწილს ჩარჩეს, იმიტომ რომ გამოცდაზე წერეს, რომ ახალგაზრდები უფრო აქტიურები არიან, მეტად იბრძვიან პრობლემების მოსაგვარებლად და ა.შ. მაინც კარგია, თუ ესეთი თემები საგამოცდო თმებში არ იქნება.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში საგამოცდო ტესტის ძირეული ცვლილება უკვე საჭიროა?

-ამ ტესტით ესგ-ით მისაღწევი უნარები იზომება. ამის შეცვლა რითი უნდა მოხდეს. ალბათ, პროგრამული ტექსტი აღარ უნდა მოვიდეს და სულ უცხო ტექსტები გვქონდეს. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება პრეტენზია არ უნდა იყოს. ცნობიერის დონეზე ამას ვერ მივაღწევთ, რადგან მშობელს უნდა და თავის პროექციას ბავშვსაც ახვევს.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გართულდეს, პროგრამული ტესტი არ იყოს, მოვიდეს არაპროგრამული ტესტები და უმაღლეს სასწავლებელში ის მოხვდეს, ვინც ღირსია. არც ამდენი უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს. უცხო, რთული ტექსტის ანალიზს თუ გააკეთებს ბავშვი, ე.ი. ის კარგი მკითხველია და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ღირსია. აიწიოს კონკურენციამ და ღირსეულთა შორის ღირსეულები გამოვლინდნენ.

P.S. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასთან დაკავშირებით კითხვების დასმა, რა თქმა უნდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვისაც გვინდოდა. ჩვენი კითხვები გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს შეეხებოდა – რომელი ვარიანტია მიჩნეული შედარებით რთულ ვარიანტად, დაიწყო თუ არა ნამუშევრების გასწორება, როდის გამოქვეყნებდა შედეგები და ა.შ. თუმცა, ჯერჯერობით, პასუხების ნაცვლად მივიღეთ დაპირება, რომ უახლოეს მომავალში “ნაეკი” ყველა მედიასაშუალების კითხვას ამომწურავად უპასუხებს.

ყველა ამბავი გამოცდებიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური