GE

სკოლაში ტექნოლოგიების სწავლების უფლება უმაღლესი განათლების არმქონე პირებსაც ექნებათ – ცვლილება კანონში

საქართველოს პარლამენტი განიხილავს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებას, რომლის თანახმად, სკოლაში ტექნოლოგიების მასწავლებლად დასაქმდება ის პირიც, რომელსაც აქვთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლება.

თუმცა ასეთი პირებისთვის სავალდებულო იქნება მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის (2 წელი) ან მასწავლებლის მომზადების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის (60 კრედიტიანი) გავლა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ცვლილების საჭიროებას განათლების სამინისტრო მომზადებულ კანონპროექტში ასე განმარტავს: “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა, რაც, მათ შორის, განპირობებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიების სწავლების უფლება მხოლოდ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს აქვთ. ამასთან, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით, არიან მაღალი კომპეტენციის მქონე სხვა ახალგაზრდებიც, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ ამ მიმართულებით უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხი.

ამ მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების გათვალისწინებით და აღნიშნული დისბალანსის დასაძლევად, მიზანშეწონილია, ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ იმ პირებსაც, რომელთაც აქვთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლება”.

რატომ ითხოვს განათლების სამინისტრო ცვლილების დაჩქარებულად მიღებას:

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იკვეთება ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების დეფიციტი, რაც განპირობებულია მოქმედი ნორმატიული მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიების სწავლების უფლება მხოლოდ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს აქვთ.

ამასთან, გივი მიქანაძის უწყება წერს, რომ „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული რეგულაციების შესაბამისად, 2026–2027 სასწავლო წლიდან მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვრება ახალი წესით. კერძოდ, ანაზღაურებას, ახალი დაანგარიშების წესის შესაბამისად, მიიღებს მხოლოდ ის პირი, რომელსაც აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსი და ასწავლის იმ საგანს, რომელშიც პირს დადასტურებული აქვს კომპეტენცია, ან ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.

“იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წესის ამოქმედებამდე მასწავლებლები ასწავლიდნენ საგნობრივი ჯგუფების ფარგლებში და ანაზღაურებაც შესაბამისი წესით ერიცხებოდათ, ახალი რეგულაციის ამოქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ვაკანსიების რაოდენობის ზრდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონპროექტი მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, იმისათვის რომ 2026-2027 საწავლო წლის დაწყებამდე აისახოს წარმოდგენილი ცვლილება, რათა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო წლის დაწყებამდე შეძლონ კვალიფიციური კადრების შერჩევა/მოძიება და დასაქმება”, – წერს განათლების სამინისტრო კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, გივი მიქანაძის უწყება განმარტავს, რომ ცვლილება მიმართულია მასწავლებელთა არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად და ამით სკოლებისთვის ფინანსური ხარჯი არ იზრდება, რადგან ცვლილებით უკვე არსებული ვაკანსიები შეივსება, რისთვისაც ფინანსური სახსრები უკვე გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბიუჯეტში.

ასევე იხილეთ:

სქემაში მასწავლებლების გადანაწილება სტატუსების შესაბამისად – 2025 წლის მაჩვენებლები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური