GE

აბიტურიენტებმა ესეს დავალება სხვადასხვანაირად გაიგეს – რა საკითხები წერეს აპლიკანტებმა ქართულის ბოლო გამოცდაზე

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ საგანში ტესტირება დასრულდა. აბიტურიენტებმა გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ოთხი დღის განმავლობაში წერეს. პირველი გამოცდის ბოლო დღის სესიიდან გამოსულები თავიანთი მუშაობით კმაყოფილები არიან. თუმცა, მათი ნაამბობიდან ჩანს, რომ ესეს დავალება სხვადასხვანაირად გაიგეს. გარდა ამისა, გამოსულ აბიტურიენტებს ეშლებათ ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“ და ტიციან ტაბიძის „მეარღნეები და პოეტები“, რომელიც უცხო ტექსტად მოვიდა. ნაწილი ამბობს, რომ „მერანი“ დაწერა, თუმცა ძირითადმა ნამდვილად ტიციან ტაბიძის ლექსზე იმსჯელა და საკითხებიც სწორად დაიმახსოვრა.

„მხატვრულ ანალიზში ნაცნობ ტექსტად მოვიდა ეპიზოდი ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანიდან?!“ ლუარსაბის ქორწილის ეპიზოდი. მეორე მოვიდა ლექსი, ტიციან ტაბიძის „მეარღნეები“. ესეს თემა იყო „ძალადობა იწვევს ტერორიზმის განვითარებას.“ ტექსტის რედაქტირებაში ვიპოვე 14 შეცდომა“, – გვითხრა 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან საათსა და ათ წუთში გამოსულმა პირველმა აბიტურიენტმა.

„სარედაქტირო ტექსტი იყო ისტორიულ სამშვილდეზე. მხატვრული ტექსტი მოვიდა „კაცია-ადამიანიდან“, უცნობ ტექსტად მოვიდა ტიციან ტაბიძის ლექსი „მეარღნეები და პოეტები“. ესე იყო ტერორიზმზე. ტერორიზმი განმარტებული იყო. ზოგადად გამოცდებიდან ადრე გამოვდივარ. დავწერე და ახლაც მალე გამოვედი“, – გვითხრა 173-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან საათნახევარში გამოსულმა აბიტურიენტმა.

გიორგი მარდალეიშვილი: „კონსერვატორიაში ვაბარებ. ზოგადად, გამოცდებზე კარგი სიტუაციაა. ტექნიკური მხარე მოწესრიგებულია. მშვიდი და სამუშაო გარემოა. ტესტიც ადვილად დასაწერია. დაახლოებით, ალბათ, 15 შეცდომამდე ვიპოვე ტექსტის რედაქტირებისას, იყო სინტაქსური, მორფოლოგიური, სტილისტური შეცდომები. მხატვრულ ანალიზში მოვიდა „კაცია-ადამიანიდან“ ლუარსაბის და დარეჯანის ქორწილის ეპიზოდი. უცნობ ტექსტად ტიციან ტაბიძის ლექსი „მეარღნეები და პოეტები“. მე ლექსის ანალიზი დავწერე. უნდა დაგეხასიათებინა ლექსის ლირიკული გმირი და გემსჯელა მხატვრული გამოსახვის საშუალებებზე. ესეს სათაური იყო „ზოგიერთი ადამიანი ამართლებს ძალადობას და ამით ხელს უწყობს ტერორიზმის განვითარებას“. მე არ დავეთანხმე ამ მოსაზრებას და მოვიყვანე შესაბამისი არგუმენტები.

„სარედაქტირო ტექსტი სამშვილდის ციხე-სიმაგრეზე მოვიდა, 16-ქულიანია ეს დავალება. დაახლოებით 15 შეცდომა იყო დაშვებული. “თ” და “დ”-ზე იყო შეცდომები, “იმიტომ რომ”-ის ნაცვლად უნდა გამოგეყენებინა “რათა” და ა.შ. ესე იყო ტერორიზმზე და განმარტებული იყო ტერორიზმი. ესეს სათაური იყო „საზოგადოების ნაწილი ძალადობას გამართლებულად თვლის, რაც უნებლიედ იწვევს ტერორიზმის წახალისებას“. მე დავეთანხმე ამ მოსაზრებას. „მხატვრულ  ანალიზში მოვიდა ტიციან ტაბიძის ლექსი უცნობ ტექსტად, ნაცნობი ტექსტი კი „კაცია-ადამიანიდან?!“ იყო. ლუარსაბის და დარეჯანის ქორწილის ეპიზოდი. უნდა გემსჯელა მოსეს მხატვრულ სახეზე, დაგვეწერა ასევე მთავარი სათქმელი და დავითის სახე გაგვეთვალისწინებინა, ბოლო კითხვა, რა სტილით ჰქონდა ეს ნაწარმოები მწერალს დაწერილი. ამასთანავე, უნდა დაგვეწერა, რა მხატვრული საშუალებები ჰქონდა მწერალს გამოყენებული. ძალიან ადვილი იყო.

175-სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ერთ-ერთი აბიტურიენტი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ საკითხები ძალიან მარტივი იყო და არ გაჭირვებია, სწორედ ამიტომ, გამოცდა საათსა და 30 წუთში დაასრულა.

აბიტურიენტთა უმრავლესობის თქმით, შედარებით რთული იყო ტექსტის რედაქტირება.

„წინა წლებთან შედარებით, წლევანდელი ტექსტის რედაქტირება ცოტა რთული იყო. სულ 14 შეცდომა ვიპოვე. ძალიან მარტივი იყო თემა, „კაცია-ადმაიანიდან“ იყო ნაწყვეტი, ლუარსაბისა და დარეჯანის ქორწილის მონაკვეთი.  მგონი ნაწარმოები განმეორდა, წინა გამოცდის თემა გაამეორეს. მეორე თემა არც მინახავს ეს იმდენად გამიხარდა. რაც შეეხება ესეს, ტერორიზმზე იყო“, – ამბობს გვანცა.

177-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტის თქმით კი, ქართული ენისა და ლიტერატურის დღევანდელი ტესტები რთული არაა.

„საგამოცდო აუდიტორიაში არ ცხელოდა, არც საწერი კალმის პრობლემა ყოფილა. გამოცდაც რთული არ იყო, „კაცია-ადამიანიდან“ მოვიდა  ქორწილის ეპიზოდი,  რომლის მიხედვითაც უნდა გვემსჯელა დარეჯანის მამის მხატვრულ სახეზე. ლექსი „მერანი“ შემხვდა, თუმცა მოთხრობის ანალიზის დაწერა ვამჯობინე. ესეს დაახლოებით ასეთი სათაური ჰქონდა: ძალადობა უწყობს თუ არა ხელს ტერორიზმის გამწვავებას. რედაქტირებაში 14 ან მეტი შეცდომა ვიპოვე“.

ხვალ და ზეგ პირველ სესიებზე აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდაზე გავლენ. როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტების 4–ვე ვარიანტი ქართულის გამოცდის დასრულების შემდეგ უნდა გამოქვეყნდეს. სწორი პასუხები და შეფასების სქემები კი შედეგებთან ერთად გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი ფუნქციონირებს. აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.

მოამზადეს:

ცისანა შერგილაშვილმა, მარიამ ელიაშვილმა და გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური