GE

აბიტურიენტებმა ისტორიაში გამოცდა დაასრულეს – „პირდაპირ წყაროში ეწერა პასუხები“

ისტორიის გამოცდა დასრულდა. 2020 წლის აბიტურიენტების უმეტესმა ნაწილმა სავალდებულო არჩევითი საგანი – ისტორია უკვე ჩააბარა. აღნიშნული საგნის გამოცდაზე 22 850-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული. დღეს, მეორე სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 94%-ზე მეტი გამოცხადდა, დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა. ამ 2 დღის განმავლობაში ჯამურად რამდენი აპლიკანტი არ გამოცხადდა ცენტრში უცნობია, თუმცა ფაქტია ის, რომ ისინი ავტომატურად გამოეთიშნენ კონკურსს.

დღის ბოლოს, მეორე სესიიდან გამოსული აპლიკანტების უმრავლესობის შეფასებები საკითხებთან დაკავშირებით პოზიტიურია. EDU.ARIS.GE გთავაზობთ ბოლო სესიაზე მოსულ საგამოცდო საკითხებსა და აბიტურიენტების შეფასებებს:

აბიტურიენტი 173-ე საჯარო სკოლაში განთავსებული ცენტრიდან: “წყარო იყო ლუარსაბ მეფეზე, იმ პერიოდის შემოსევებსა და ბრძოლებზე, ლუარსაბ მეფის გარდაცვალების ამბავი იყო, ფაქტების ანალიზი უნდა გაგვეკეთებინა კარგი რა მოუტანა ამ მოვლენებმა საქართველოს და ცუდი რა. კარიკატურა იყო ლაღიძის წყლების სარეკლამო ბანერი და ამის შესახებ უნდა დაგვეწერა, ეს ძალიან მარტივი იყო. ტესტურ დავალებებს რაც შეეხება, კარგად არ მახსოვს კითხვები, მაგრამ მარტივები იყო, ძირითადად, მსოფლიო ისტორიიდან. ძალიან მარტივი ტესტი იყო ზოგადად, მე საერთოდ არ ვემზადებოდი, 2014 წელს დავამთავრე სკოლა და საერთოდ აღარ მქონია შეხება ისტორიასთან, მაგრამ ძალიან გამიმარტივდა. ერთი ორი ტესტი გავაკეთე წინა წლის, რომ პრინციპი გამხსენებოდა და დროში როგორ ვეტეოდი ეს რომ განმესაზღვრა, ძალიან მარტივი იყო ყველაფერი.”

ქეთი კაკუშაძე 173-ე საჯარო სკოლაში განთავსებული ცენტრიდან: “უმარტივესი იყო,თავიდან კითხვები მოვიდა საბერძნეთის რეფორმებზე. შემოსახაზები მარტივები იყო, ქრონოლოგიაც მარტივი იყო. რომის იმპერია,მერე იყო ევროპა.რუკა იყო სულეიმან პირველზე ვენას ალყა რომ შემოარტყა და პირდაპირ წყაროში გეწერა პასუხები. რომელ ქალაქს შემოარტყა ალყა ქალაქი წითლად გაქვს მონიშნული, ვენა წითლად გაქვს მონიშნული გარშემო ალყა აქვს და იქ გქონდა ფაქტიურად ყველაფერი. აშშ-ის სამოქალაქო ომზეც იყო რუკიდან კითხვები და პირველად გავაკეთე რუკა აშშ-ზე. ილუსტრაცია ლაღიძის წყლებზე იყო რომელი სურსათიაო და წყალი იქვე ეწერა. ყველაფერი ილუსტრაციაზე იყო მოცემული. მე-12 კლასიდან მხოლოდ პირველი სემესტრის საკითხები იყო შეტანილი მეორე სემესტრი არ ყოფილა.”

მარიამი 177-ე საჯარო სკოლაში განთავსებული ცენტრიდან: “ყველაზე მეტად წყარო გამიმარტივდა, ვენის აღებაზე იყო. ისტორიული მოვლენის შეფასება ასეთი იყო – ბიზანტიასთან საბრძოლველად საქართველოს არაბებისგან დახმარება უნდა მიეღო თუ არა. ამ საკითხზე უნდა მოგეყვანა მომხრისა და მოწინააღმდეგის არგუმენტები. ღია კითხვები პირველი მსოფლიოს ომის შედეგებზე შემხვდა. ძალიან გამიადვილდა რუკაც – ამერიკის ჩრდილო და სამხრეთ ნაწილების დაპირისპირებაზე მოვიდა, სამოქალაქო ომზე. ასევე იყო საკითხი საქართველოს ისტორიიდან ლუარსაბ პირველზე. რაც შეეხება ილუსტრაციას, მოცემული იყო საქართველოში 1918 წელს გამოცემული ნაბეჭდი პროდუქტი და უნდა გაგვერკვია რა იყო ეს პროდუქტი – საფოსტო მარკა, პოსტერი თუ რა. საერთო ჯამში, შემიძლია ვთქვა, რომ მარტივი იყო. უბრალოდ, მე არ მახსოვდა რაღაცები, რაც უნდა დამმახსოვრებოდა. იყო რაღაცები, რაც კონკრეტულად უნდა გცოდნოდა. მაგალითად, ქრონოლოგია, თარიღები და ა.შ. რაღაცები უნდა გაგეხსენებია. მე ჩემი გამოცდით კმაყოფილი ვარ, კარგ შედეგს ველოდები.”

აპლიკანტი 177-ე საჯარო სკოლაში განთავსებული ცენტრიდან: “სქემა იყო ვენის ალყაზე მოცემული. ასევე, ტექსტი იყო ამაზე მოცემული და კითხვებზე უნდა გვეპასუხა. წყარო მოვიდა თბილისის ციხის აღებაზე შაჰის მიერ, ლუარსაბ მეფე რომ იყო გამაგრებული. ამაზე 12 შეკითხვა იყო დასმული. რუკა მომეწონა – ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის დაპირისპირებაზე შეგვხვდა, მე-19 საუკუნის ომზე. ილუსტრაციაში კი ლაღიძის წყლის ეტიკეტი იყო მოცემული და ეგ უნდა გამოგვეცნო. ყველა საკითხი მარტივია, რადგან უფრო ლოგიკურად სააზროვნოა, ვიდრე ცოდნაზე დაფუძნებული. მხოლოდ დახურული კითხვები იყო კონკრეტული რაღაცეები რომ უნდა გვცოდნოდა, თორემ დანარჩენი სულ სააზროვნო იყო. რაღაცნაირი შეგრძნებით გამოვედი, თითქოს ვისწავლე ერთი და ჩავაბარე მეორე. უფრო სწორედ, თითქოს ვისწავლეთ ზღვა მასალა და აქედან ძალიან, ძალიან მცირე ნაწილი მოგვთხოვეს. ცოდნა, რა თქმა უნდა, არასოდესაა ზედმეტი და კარგია, რომ მეტი ვისწავლეთ და ნაკლები დაგვჭირდა უშუალოდ გამოცდაზე, მაგრამ თითქოს დანაკლისის შეგრძნება მაქვს, ვერ აგიხსნით. მეჩვენება, რომ ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მომეცა.”

ნუცა ბახტაძე, 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “მარტივი გამოცდა იყო, ერთხელ მაინც თუ გაქვს წაკითხული დაწერ. ღია და დახურული შეკითხვა შინაარსობრივად არ მახსოვს, მაგრამ თანაბრად იყო თითქმის, ისტორიული წყარო იყო ლუარსაბ მეფეზე. ილუსტრაციაზე ლაღიძის წყლების ფოტო, 1918 წელს გადაღებული და ყველა ინფორმაცია იყო მოცემული. რუკა ამერიკის სამოქალაქო ომს ეხებოდა და ძალიან მარტივი შეკითხვები იყო, არ მეგონა და უფრო რუკაზე ვნერვიულობდი. საერთო ჯამში, ვფიქრობ, თუ რამე გისწავლია ამ ტესტის დაწერას არაფერი არ უნდოდა”

ლიზი კერძაია, 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “მარტივი გამოცდა იყო იმ მხრივ, რომ რაც იყო შეკითხვები პასუხები მოცემული იყო დავალებებშივე. ღია და დახურული შეკითხვები შინაარსობრივად არ მახსოვს, არც წყაროები და არც დავალება. რუკა იყო საბჭოთა კავშირის და აშშ-ის შესახებ და ილუსტრაცია იყო ლაღიძის წყლების აბრა და ძალიან მარტივი დავალება იყო.”

ალექანდრე ასლანიშვილი, 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “17-ქულიანი მთავარი დავალება რაცაა, ეგ მოვიდა ქართლის ცხოვრებიდან. ლუარსაბ მეფეზე და მისი მეფობის პერიოდის მოვლენების ანალიზი. სიმართლე გითხრათ, მაგ დავალების იმედზე გავედი და კმაყოფილი ვარ. ღია და დახურულ კითხვებში უფრო მეტი მსოფლიო ისტორიიდან იყო ვიდრე საქართველო, უფრო შუა საუკუნეებს ეხებოდა. ილუსტრაციაზე ლაღიძის წყლების აბრა იყო და ცოტა გამიჭირდა. რუკაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სამოქალაქო ომი. ვფიქრობ, წინა ვარიანტები უფრო მარტივი იყო, თუმცა ამასაც არა უშავდა.”

შემდეგ 2 დღეს, 14 და 15 ივლისს, აპლიკანტები გამოცდას მათემატიკაში ჩააბარებენ.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ისტორიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ხვალ გამოქვეყნდება. გასწორების პროცესი ყველა პროცედურის შესაბამისად უკვე დაწყებულია. შედეგების გამოქვეყნება კი, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანვე, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური