GE

აბიტურიენტებმა ქართულში გამოცდა დაასრულეს – როდის გახდება ცნობილი შედეგები

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, აბიტურიენტებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დღეს, 11 ივლისს დასრულდა. ხვალიდან კი, აბიტურიენტები გამოცდას ისტორიაში ჩააბარებენ. ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ჯამში დარეგისტრირებული აპლიკანტების რამდენი პროცენტი არ გამოცხადდა და შესაბამისად, რამდენი გამოეთიშა კონკურსს ჯერჯერობით უცნობია.

EDU.ARIS.GE ტრადიციულად შეეცადა პირველი ძირითადი გამოცდის დასრულების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელთან სტანდარტული ინტერვიუ ჩაეწერა, თუმცა გამოცდების ცენტრში გვიპასუხეს, რომ “ჯერ ინტერვიუებისთვის ძალიან ადრეა”, აბიტურიენტებს კი მათთან ბევრი შეკითხვა აქვთ.

რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის ბოლო დღის საგამოცდო საკითხებს, აპლიკანტები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ტესტი საკმაოდ მარტივი იყო და შესაძლოა, ეს სიმარტივე ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ და დამატებით სტრესულმა გარემომ განაპირობა.

გიორგი ხუციშვილი, 207-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “პროგრამულიდან მოვიდა “ვეფხისტყაოსნიდან” ნესტან-დარეჯანის მონაკვეთი და არაპროგრამული იყო რევაზ ინანიშვილის მოთხრობა “წიგნი”. ესსე იყო ასეთი – ახალგაზრდებს შეუძლიათ თუ არა თავის თავის გარდა სხვებზე ზრუნვაც, რაც ჩემი აზრით უმარტივესი იყო. ტექსტის რედაქტირების შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ ყველა შეცდომა ვიპოვე. უადვილესი გამოცდა იყო, რასაც ჰქვია გადაღეჭილი რომ აქვთ ვინც სწავლობს და ემზადება.”

ანა 207-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ქართულის გამოცდით კმაყოფილი ვარ, მეტად მარტივი რა შეიძლება ყოფილიყო არ ვიცი. წინა გამოცდების თემებიც ვიცოდი ბავშვებისგან და მგონია, დღევანდელი კიდევ უფრო მარტივი იყო. იმედია შემდეგი გამოცდებიც ანალოგიურად იქნება და ის საკითხები არ შევა, რაც მეორე სემესტრში უნდა დაგვემუშავებინა და კორონავირუსის გამო შეგვეშალა ხელი.”

ნიკა 207-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ნამდვილად არ მეგონა კიდევ “ვეფხისტყაოსანი” თუ მოვიდოდა, დიდად არ მიყვარს, სიმართლე გითხრათ, და ამიტომ ინანიშვილის მოთხრობა დავწერე. ესე იყო ახალგაზრდებზე, შეუძლიათ თუ არა სხვა ადამიანებზე ზრუნვა და დახმარება. ტექსტის რედაქტირებაც მარტივი იყო. საერთო ჯამში ქართული გამოცდას მარტივად შევაფასებდი. მგონი, დღევანდელი ვარიანტი და პირველ დღეს ვინც წერა კიდევ უფრო მარტივი იყო. ცოტა რამე მაინც თუ გისწავლია დაწერ.”

ქეთევან ჯანდიერი, 207-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “ვეფხისტყაოსანი” იყო და ინანიშვილის მოთხრობა, ტექსტის რედაქტირება იყო ტატუებზე. მგონი, პირველ დღეს რაც მოვიდა მაგ ვარიანტის ოდნავ შეცვლილი ვერსია ვწერეთ დღეს. მარტივი გამოცდა იყო ნამდვილად და ვფიქრობ, გაითვალისწინეს ვირუსის გამო შექმნილი მდგომარეობა, ყველა სტრესი, რაც გვქონდა აბიტურიენტებს და ტესტები ამიტომ გაამარტივეს.”

ლაშა ჯანგველაძე, 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “ვეფხისტყაოსნიდან” მოვიდა ნესტანის წერილი, ესე ეხებოდა ბავშვებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობენო და მხოლოდ საკუთარი თავი არ ანაღვლებთო. ტექსტის რედაქტირება ტატუებზე იყო, ვიპოვე საკმარისი შეცდომები. ჯამში, შემიძლია ვთქვა, რომ ქართულის გამოცდა ძალიან მარტივი იყო და ისეთი საკითხები იყო, რასაც, ალბათ, ვერცერთი აბიტურიენტი ვერ გააპროტესტებს.”

მარიამ ბიბილეიშვილი, 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “ძალიან მარტივი გამოცდა იყო, “ვეფხისტყაოსნიდან” იყო ნესტანის წერილი ტარიელისადმი და ეს ვწერე, არაპროგრამულიდან იყო ინანიშვილის ლექსი. რედაქტირებაც უმარტივესი იყო, ვფიქრობ დღევანდელი ვარიანტი ყველაზე მარტივი იყო ქართულის გამოცდაზე. მართალია, წვიმს,მაგრამ გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ სიგრილეა და გარემო ძალიან კარგი იყო.”

წლევანდელი გამოცდებიც ტრადიციულად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 6 ივლისს დაიწყო და აღნიშნული გამოცდა, გასული წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში არსებული პანდემიის ფონზე, 6 დღის განმავლობაში გაგრძელდა. შესაბამისად, აბიტურიენტებმა გამოცდა 6 ვარიანტად წერეს. გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, გამოცდაზე მისული საკითხები ტეტსტებში არ განმეორებულა.

რაც შეეხება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას, როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განუცხადა, გამოცდების შედეგები აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. ისინი, ვინც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არ გამოცხადნენ ან დააგვიანეს საგამოცდო ცენტრში მისვლა, ავტომატურად გამოეთიშნენ კონკურსს. დანარჩენი აბიტურიენტების უმრავლესობა კი შემდეგ გამოცდას ისტორიაში ჩააბარებს.

ყველა ამბავი გამოცდებიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური