„აბიტურიენტებს ვურჩევ, აირჩიონ რაც შეიძლება ბევრი პროგრამა“ – სოფო გორგოძის მიმართვა აბიტურიენტებს
აბიტურიენტები, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის უკვე ემზადებიან და სასურველ უნივერსიტეტებს და პროგრამებს არჩევენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (ნაეკი) დირექტორ სოფიო გორგოძის ინფორმაციით, გამოცდების ფორმატში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, უნივერსიტეტებს ძალიან ცოტა პროგრამებზე აქვთ დამატებული მეოთხე საგანი და მსურველს სტუდენტად გახდომა უმეტეს შემთხვევაში სამი საგნის ჩაბარებით შეუძლია.
ეს საგნებია ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, მათემატიკა ან/ისტორია. ნებისმიერი ინფორმაცია პროგრამების და საგამოცდო საგნების შესახებ აბიტურიენტის ცნობარში იქნება ასახული.
„წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ უმაღლესი სასწავლებლების მხოლოდ მცირე ნაწილმა დაამატა მეოთხე საგანი. უნდა აღვნიშნო, რომ ზოგადი უნარები უმაღლესმა სასწავლებლებმა აირჩიეს კონკრეტული პროგრამებისათვის, მაგალითად სამართალზე. ზოგიერთმა უნივერსიტეტმა დამატებით საგნად ასევე აირჩია სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, თუმცა ძალიან მცირე შემთხვევებში – უმეტესწილად, სამი საგნით შეუძლია აბიტურიენტს უნივერსიტეტში ჩარიცხვა“, – ამბობს სოფიო გორგოძე.
ნაეკის ხელმძღვანელის თქმით, 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია სავარაუდოდ მარტის პირველ კვირაში დაიწყება და აბიტურიენტებს ურჩევს პროცედურებს ყურადღებით დააკვირდნენ.
„რეგისტრაცია სავარაუდოდ მარტის პირველივე კვირას იქნება, ამიტომ ვთხოვ აბიტურიენტებს, რომ ყურადღება მიაქციონ ინსტრუქციას. ზოგადად, ყოველ წელს არის აბიტურიენტების რაღაც რიცხვი, რომლებიც უბრალოდ ვერ რეგისტრირდებიან, თუნდაც იმიტომ, რომ შენახვის ღილაკს არ დააჭირეს – ძალიან მარტივი მიზეზებია. უნდა იყვნენ ძალიან ყურადღებით. ყველა ინსტრუქცია გაწერილი იქნება ცნობარში და ვთხოვთ, რომ ყურადღებით წაიკითხონ. წელს გავაკეთეთ ასევ ვიდეორგოლი, სადაც მათ ზუსტად ვაჩვენებთ, რა როგორ უნდა გააკეთონ.
„აბიტურიენტი ვალდებულია რეგისტრაციის პირველ ეტაპზე შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები, მომდევნო ეტაპზე კი მას შეუძლია შეცვალოს ან დაამატოს, წაშალოს ესა თუ ის საგანი. ხშირად ხდება, რომ გაივლიან რეგისტრაციას და საგანს არ ირჩევენ, მოდის გამოცდის დრო და აღმოჩნდება, რომ არსად არ არის ეს ადამიანი დარეგისტრირებული. ჩვენთვის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია გამოცდების ორგანიზების პროცესში იმისთვის, რომ განვსაზღვროთ საგამოცდო ცენტრების, კომპიუტერების, დამკვირვებლების რაოდენობა. შემდეგ ხდება ისე, რომ ვეღარ ვსვამთ ამ ადამიანს გამოცდაზე, ამიტომ ამ კუთხითაც ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ“ – აცხადებს სოფიო გორგოძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამების არჩევის დროს აბიტურიენტმა მიუთითოს რაც შეიძლება მეტი არჩევანი, რომ მისი უნივერსიტეტის გარეთ დარჩენის შანსი მინიმუმამდე შემცირდეს.
„აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ აირჩიონ რაც შეიძლება ბევრი პროგრამა. ზოგჯერ, აბიტურიენტი ირჩევს ორ-სამ პროგრამას ორ-სამ უნივერსიტეტში, რომელიც ძალიან უნდა. ამ დროს, აღმოჩნდება, რომ იქ საკმაოდ მაღალი კონკურსია – ამ აბიტურიენტმა მიიღო კარგი ქულები, თუმცა, იმ პროგრამაზე არ ეყო. ასეთ შემთხვევაში, ეს აბიტურიენტი რჩება გარეთ და მან, ვინც მინიმალური ქულები აიღო, მაგრამ აირჩია ბევრი პროგრამა, ხვდება უმაღლეს სასწავლებელში. წელს ასეთი ადამიანი იყო 600-ზე მეტი. ძალიან გთხოვთ, ასეთი რამ რომ არ მოხდეს, აირჩიეთ რაც შეიძლება მეტი პროგრამა, 200-იც რომ აირჩიოთ არ არის შეზღუდული. თუ არ მოგეწონებათ სადაც ჩაირიცხებით, მერე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ გინდათ იმ უნივერსიტეტში და იმ პროგრამაზე. ეს ჩვენც ძალიან დაგვეხმარება და თქვენც“,- განმარტავს ნაეკის ხელმძღვანელი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება