GE

აბიტურიენტი კარანტინიდან, რომელიც გამოცდებს საგანგებო რეჟიმით, გაორმაგებული სტრესითა და მომავლის შიშით აბარებს

მოულოდნელად ამოტრიალებული გეგმები და კარანტინში ჩაბარებული გამოცდები – 10 ივლისს 10 აბიტურიენტის ყოველდღიურობა შეიცვალა და სრულიად გაუთვალისწინებელი გზით წავიდა. ერთ მათგანს კორონავირუსი აღმოჩნდა, ცხრას კი, მასთან ერთად ერთ სექტორში ჯდომის გამო, კარანტინში გადასვლა მოუწია. ამ უკანასკნელებს გაუმართლათ – გამოცდების გაგრძელების ნება დართეს. თავად კორონავირუსით დაავადებულ აბიტურიენტს კი, სამწუხაროდ, არა. იგი გამოცდებს გამოეთიშა, თუმცა თუ აღნიშნული 9 აბიტურიენტიდან, გამოცდების დასრულებამდე, რომელიმეს ვირუსი დაუდასტურდება, ისინიც, სავარაუდოდ, დაინფიცირებული თანატოლის ბედს გაიზიარებენ.

ლიზა მურადაშვილი ერთ-ერთია იმ ცხრა აბიტურიენტიდან, რომლებიც ახლა, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში, კარანტინს გადიან და გამოცდების ჩაბარებაც განსაკუთრებულად გამკაცრებული ზომებითა და შეცვლილი პროცედურებით უწევს.

მომავალ ისტორიკოსს პირველი გამოცდა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 7 ივლისს, რუსთავის #22 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჰქონდა. გამოცდიდან კმაყოფილი გამოვიდა და მთელი მომდევნო დღეების ისტორიის გამოცდისთვის მოსამზადებლად დათმობას აპირებდა, რომელიც 13 ივლისს ჰქონდა ჩანიშნული. თუმცა 10 ივლისს, სრულიად მოულოდნელად, კარანტინში ამოყო თავი.

ლიზა ამბობს, რომ ეს მისთვის შოკი იყო, რამაც ისედაც რთული და დაძაბული საგამოცდო პერიოდი წარმოუდგენლად სტრესული გახადა. ახლა მას გამოცდებზე მეტად საკუთარ ჯანმრთელობაზე ნერვიულობა უწევს, რაც მის შესაძლებლობებზეც აისახა. მეორე გამოცდა კარანტინში ჩააბარა და ასევე მოუწევს მესამე გამოცდის ჩაბარებაც, უცხო ენაში. ლიზა და მისი 8 თანატოლი, როგორც ისინი თავს უწოდებენ „კარანტინის აბიტურიენტები“, სახლებსა და ჩვეულ ცხოვრებას 2 კვირაში დაუბრუნდებიან. თუ, რა თქმა უნდა, გაუმართლათ და კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

ლიზა მურადაშვილი: ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 10 ივლისს დამირეკეს და მითხრეს, რომ კარანტინში უნდა გადავსულიყავი. მეც და ჩემთან ერთად მყოფი 8 აბიტურიენტიც, რადგან 7 ივლისს, ქართულის გამოცდაზე, ჩვენს სექტორში, ერთ-ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა და ისიც უკვე კლინიკაში იყო გადაყვანილი. ეს იმდენად წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო, იმდენად ავღელდი, რომ ინსტიქტურად ტელეფონიც კი გავთიშე. შემდეგ ჩემი მშობლები დაელაპარაკნენ და იძულებული გავხდი კარანტინში წამოვსულიყავი.

იმდენად ვინერვიულე, რომ კარანტინში გადმოყვანისას სიცხემაც კი ამიწია, 37,7 მქონდა. როგორც აღმოჩნდა, ეს არა ვირუსის, არამედ სტრესის გამო იყო. ამჟამად თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ვიმყოფებით. მიუხედავად იმისა, რომ აქ შესანიშნავი პირობებია, ამ „კარანტინის აბიტურიენტებმა“ იმდენად დიდი სტრესი და ნერვიულობა გამოვიარეთ, რომ ეს რამდენიმე დღე, რაც აქ ვართ, რამდენიმე წლად გვეჩვენება. არავის არ აქვს ჩვენთან მოსვლის უფლება. ჩვენ კი ოთახების დატოვება გვეკრძალება. მხოლოდ საჭმელი მოაქვთ და აივანზე გასვლა შეგვიძლია. გამოკეტილები ვართ.

როდესაც კორონავირუსი საქართველოში გამოჩნდა, ყველანაირ წესს ზედმიწევნით ვიცავდი. ძალიან ვფრთხილობდი. იმდენად მეშინოდა, რომ სახლიდანაც არ გავდიოდი. როდესაც დამირეკეს და მითხრეს კარანტინში უნდა გადაგიყვანოთო, პირველი რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ ერთ წელს ვკარგავდი და ამ ყველაფრის გავლა, მომავალ წელს, თავიდან მომიწევდა. ამის ძალიან შემეშინდა.

საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ გამოცდებზე გავიდოდით, თუმცა ყოველი სესიის წინა დღეს ტესტი უნდა გავიკეთოთ. ისტორიის გამოცდა 13 ივლისს მქონდა და წინა დილას ტესტი გამიკეთეს. პასუხი საღამოს იყო და მის გაგებამდე იმდენად ვინერვიულე, რომ წიგნებთან დაჯდომა ვერაფრით შევძელი. არადა, გამოცდის წინა დღეებში განვლილი მასალის გამეორება მჭირდებოდა. საბედნიეროდ, ვირუსზე პასუხი უარყოფითი იყო. ასეც ველოდი, მაგრამ ამ სტრესს უკვალოდ არ ჩაუვლია. ძალიან ძნელია ასეთ მნიშვნელოვან დროს ერთ ოთახში იყო გამოკეტილი.

გახსოვთ თუ არა ქართულის გამოცდიდან ის აბიტურიენტი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა? რამდენად ახლო კონტაქტი გქონდათ მასთან?

-სხვათაშორის, ის გოგონა კარგად დამამახსოვრდა. მასთან არანაირი ფიზიკური შეხება არ მქონია. ის სულ ბოლოში იჯდა, მე კი – წინ. გამოცდის დაწყებამდე პირბადეები გვეკეთა. მერე მოვიხსენით. თუმცა კონდენციონერი ჩართული არ ყოფილა, მხოლოდ ფანჯრები გვქონდა ღია. სპეციალური ფარებიც გვიცავდა.

მოგვიანებით ჩვენ, „კარანტინის აბიტურიენტებმა“ ეს გოგო გავიცანით. როგორც მოგვიყვა, გამოცდის დღემდე სიცხე, ან სხვა სიმპტომები არ ჰქონია. ვირუსი მხოლოდ გამოცდის შემდეგ დაუფიქსირდა. დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ მგონი ბებიისგან გადაედო.

ვიცოდი, რომ მე ვირუსი არ აღმომაჩნდებოდა, რადგან ამ გოგონასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. 3 მეტრზე ახლოს არც კი მივახლოებივართ ერთმანეთს. თუმცა, როცა უცებ გეუბნებიან ტანსაცმელი ჩაალაგე, კარანტინში მიდიხარო, მაინც ძალიან რთულია.

როგორ აბარებთ გამოცდასკარანტინის აბიტურიენტები“? როგორია ამ შემთხვევაში პროცედურა?

-გამოცდაზე ყველანაირი წესის დაცვით მივყავართ. ისევ იგივე საგამოცდო ცენტრში გვაქვს, ოღონდ ცალკე სექტორში. გაცილებით დიდი ოთახია და ძალიან დიდი დისტანციით ვსხედვართ. თანაც, ცხრავეს ერთსა და იმავე დღეებში ხომ არ გვაქვს, სხვადასხვა დროს გვიწევს. ისტორიის გამოცდაზე, მაგალითად, მე და ერთი ბიჭი ვიყავით. სასტუმროდან სამარშუტო ტაქსით ერთად წაგვიყვანეს და იქაც დისტანციითა და პირბადეებით ვისხედით. საგამოცდო ცენტრში მანამდე მიგვიყვანეს, სანამ სხვა აბიტურიენტები მოვიდოდნენ. ცალკე დაგვსვეს. დამკვირვებლებს ეკიპირება აცვიათ – ნიღბები, ხელთათმანები და სპეციალური ხალათები. ჩვენ ნიღბის მოხსნა გვეკრძალება. ამასთანავე, ხელთათმანებით ვწერდით და სიმართლე გითხრათ, საკმაოდ რთული იყო. ხელთათმანიანი ხელით კალმის ხანგრძლივად დაჭერა ადვილი არ ყოფილა.

საათნახევარში დავასრულეთ და ისევ ერთად წამოგვიყვანეს. გამოსვლის დროსაც კონტაქტი არავისთან გვქონია.

ახსენეთ, რომ ეს სიტუაცია ძალიან დამთრგუნველია. აისახა თუ არა გაუთვალისწინებელი სტრესი თქვენს შესაძლებლობაზეც?

-ეს ყველაფერი ძალიან სტრესულია. ძალიან შეშინებულები ვართ. ისტორიის გამოცდაზე ორმაგად შეშინებული შევედი და წინასწარ ვიცი, რომ ეს ტესტსაც დაეტყობა, რადგან სულ სხვანაირად აღელვებული ვიყავი. თუკი ქართულის გამოცდიდან ბოლომდე კმაყოფილი გამოვედი და ვამბობდი მაღალ ქულებს ავიღებ – მეთქი, ისტორიის გამოცდიდან ასე არ გამოვსულვარ. ეს დღეები, როცა სახლში კარგად უნდა მემეცადინა, მასალა საბოლოოდ გადამემეორებინა, უბრალოდ იმას ვაანალიზებდი, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. ახლა გამოცდაზე დიდი საფიქრალი გვაქვს.

ტესტების სირთულეზე რას ფიქრობთ?

-ვფიქრობ, ტესტი საშუალო სირთულისაა. მე-12 კლასის მასალა, ისტორიაში, ფაქტობრივად არ ყოფილა. შეკითხვები, ძირითადად, მე- 11 კლასიდან იყო, თუმცა იყო საკითხები, რომლებზეც ვერ ვიფიქრებდი, რომ მოვიდოდა. მაგალითად, ილუსტრაცია, რომელიც ლაღიძის წყლების ტალონზე იყო, მოგვიანებით გავაანალიზე, რომ არასწორად დავწერე. ამასაც ჩემს ნერვიულობას ვაბრალებ. ორმაგი ნერვიულობის ფონზე შევედი და, ალბათ, ამან გამოიწვია.

ფიქრობ, რომ გამოცდაზე ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ყველანაირი ზომა მიღებულია?

-ვფიქრობ, რომ გამოცდებზე ყველაფერი დაცულია. რაც შეიძლებოდა, ყველა ზომა მიიღეს – პირბადეები, დეზინფექცია და ა.შ. უბრალოდ, მთელ საქართველოში ერთი შემთხვევა მაინც მოხდა და სამწუხაროდ, ჩემს სექტორში.

აპირებთ თუ არაკარანტინის აბიტურიენტებიამ ყველაფრის დასრულების შემდეგ ურთიერთობის გაგრძელებას?

-კი, რა თქმა უნდა. ამ დღეების განმავლობაში ერთმანეთი გავიცანით, დავმეგობრდით, საერთო „ჩატი“ გვაქვს და ერთმანეთს ვუზიარებდით ყველაფერს – ჩვენს ფიქრებს, შიშებს, ნერვიულობას. აღმოჩდა, რომ ზოგიერთი ჩვენგანის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. კიდევ კარგი კარანტინს ეს მაინც გვიხალისებს.

ჩვენ ყველა ვფიქრობთ, რომ დაინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდაზე გასვლას იმსახურებს. ძალიან დიდ უსამართლობად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ მას გამოცდების ჩაბარების საშუალებას არ აძლევენ. ვფიქრობ, რომ უნდა ჩააბარებინონ. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური