GE

აბიტურიენტი: ვინც მრავალი წელი ემზადება, ის იღებს უმაღლეს ქულებს უცხოურ ენაში, ეს არათანაბარ პირობებს ქმნის

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 11 ივლისს, კვლავ ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება. დილის სესიაზე რეგისტრირებული ერთ-ერთი აბიტურიენტი, ანამარია ბირთველიშვილი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ დასვენების შესაძლებლობა ჰქონდა და დღევანდელ დღეს ემოციურად მომზადებული შეხვდა:

“გუშინდელი დღე დასვენებისთვის გამოვიყენე, არ გავიმეორე განვლილი საკითხები და რაც გამოცდაზე შემოვიდა არც იმ საკითხების გარკვევა დამიწყია. ეს ზედმეტი სტრესია და სხვებსაც ვურჩევ, ნაკლებად დაინტერესდნენ, ვინ რა საკითხები წერა, ჩვენ მაინც სხვა თემების შესრულება მოგვიწევს”.

აბიტურიენტი გვიხსნის, რომ მისთვის უცხოური ენის ტესტში მთავარი გამოწვევა მოსმენის დავალებაა და ამის მიზეზსაც გვისახელებს: “მოსმენის დავალება გამოწვევაა, რადგან უფრო დაწყებით კლასებში ვასრულებდით, გასართობად რომ შემოჰქონდათ ასეთი დავალებები”.

“არ მახსენდება, ბოლო თვეებში, რაიმე მოსმენის დავალება შეგვესრულებინოს. სკოლებში მოსმენითი ნაწილის დავალებები გამოწვევაა, რადგან, ალბათ, ტექნიკურ რესურსსაც მოითხოვს და მასწავლებლის მხრიდან მეტ ენერგიასაც. გრამატიკისა და ესეს ნაწილში უფრო გვავარჯიშებდნენ”, – აღნიშნავს აბიტურიენტი.

როგორც ანამარია ამბობს, უცხოური ენის ტესტში უმაღლეს ქულებს აბიტურიენტები რეპეტიტორთან მრავალწლიანი მომზადების წყალობით იღებენ, რაც არათანაბარ პირობებს ქმნის იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც ვერ ემზადება.

“უცხო ენის გრამატიკის სწავლება რთულია. პირადად მე, ინტერნეტის გამოყენებით ვსწავლობდი გარკველ საკითხებს და ბოლო რამდენიმე თვე რეპეტიტორთან მოვემზადე. სკოლაში ამას სათანადოდ არ გვასწავლიან და ვინც მრავალი წელი ემზადება, ის იღებს უმაღლესს ქულებს. ეს არათანაბარ პირობებს ქმნის მათთან შედარებით, ვისაც მრავალწლიანი მომზადების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს და სკოლის სწავლების იმედად არის”, – გვიხსნის ანამარია ბირთველიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური ენის გამოცდას აბიტურიენტები დღესაც ორ სესიად ჩააბარებენ.

ასევე იხილეთ:

გართულდა, მაგრამ არ გართულდა? – აბიტურიენტებო, თქვენ მაინც წარმატებით ჩააბარებთ უცხო ენას!

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური