გართულდა, მაგრამ არ გართულდა? – აბიტურიენტებო, თქვენ მაინც წარმატებით ჩააბარებთ უცხო ენას!
„ნუ გგონიათ, რომ ეს ტესტს გაამარტივებს, პირიქით, უფრო მეტი დაფიქრება მოგიწევთ“, – ასე ახსნა აბიტურიენტებთან ონლაინ ღია კარის დღის მიმდინარეობის დროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა 2023 წლის უცხო ენის გამოცდის ტესტში შესული ერთ-ერთი ცვლილების არსი. თუმცა შეხვედრის ჩანაწერის მოსმენისას, ამ წლის ტესტური დავალების შესაძლო გართულებაზე ამ ფრაზის გარდა, კიდევ რამდენიმე განცხადება დაგაფიქრებთ.
რუსუდან ტყემალაძემ, 31 მაისს, აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა წლევანდელი სიახლეები და განუმარტა, თუ რაზე უნდა გაამახვილონ გამოცდაზე ყურადღება.
წელს უცხოური ენის გამოცდა 8-ის ნაცვლად, 7 დავალებისგან იქნება შედგენილი – გაუქმებულია პირველი მოსმენის დავალება და დარჩენილია გრძელი ტექსტის მქონე, 11-12 წუთიანი მოსმენის დავალება.
ამ დავალების კონტექსტში რუსუდან ტყემალაძე ამბობს, რომ აქ პატარა ცვლილებაა და სამი შეკითხვის ნაცვლად, რაც ადრე იყო, 4 სავარაუდო პასუხი გვაქვს და ამატებს, რომ ამ „პატარა ცვლილების“ გათვალისწინებით, აბიტურიენტი ძალიან ყურადღებით უნდა უსმენდეს ტექსტს და პარალელურად კითხულობდეს ოთხივე პასუხს, რომ მოასწროს სწორი ვარიანტის შერჩევა. მისი თქმით, მარტივი ჭეშმარიტებაა – ტექსტს, რომელიც ეკრანზე გვაქვს მაშინ უნდა ვუყუროთ, როცა მოსმენის დავალებას ვუსმენთ და ეს აბიტურიენტს სკოლაში ან მასწავლებელთან უნდა ჰქონდეს ნასწავლი: „მოსმენა, კითხვა და წერა (მონიშვნები) არის პარალელური ამბავი“.
ასევე საგულისხმოა გამოცდების ცენტრის განმარტება აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთ შეცვლილ დავალებაზე, აქამდე ცნობილი, როგორც „სიტყვების ჩაწერა“. მისი გაუქმება კი, როგორც რუსუდან ტყემალაძე გვარწმუნებს, აბიტურიენტების გაურკვეველი ხელით წერამ განაპირობა, „ცენტრში ხელწერის გარკვევა უჭირდათ“. მეტიც, ის მბობს, რომ ზოგჯერ, აბიტურიენტებისგან იმის მცდელობა და შემთხვევებიც იყო, გამსწორებლებში დაბნეულობა გამოეწვიათ და შემდეგ, აპელაციაზე გამოთქვამდნენ გასწორებით უკმაყოფილებას:
„შეფასება, რომ მაქსიმალურად ობიექტური ყოფილიყო, ჩვენ ეს დავალება დავხურეთ და ოთხი არჩევანიდან თქვენ აირჩევთ ერთ-ერთს. ძალიან საინტერესო დავალებაა, „მრავალჯერადი არჩევანი“ ძალიან კარგი და ტრადიციული არჩევანია და ნუ გგონიათ, რომ ეს ტესტს გაამარტივებს, პირიქით, უფრო მეტი დაფიქრება მოგიწევთ, რომ ოთხიდან ერთ-ერთი აირჩიოთ“.
ზემოთქმულის შემდეგ (და ალბათ, სპეციალისტების გასაკვირად), რუსუდან ტყემალაძემ განმარტა, რომ გამოცდების ცენტრი მკაცრ ყურადღებას იჩენს, რათა მათი ტესტის სირთულე კავშირში იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: „შეიძლება, დავალებები შეიცვალოს ფორმატით, მოთხოვნით, შეფასებით, მაგრამ სირთულე იგივე რჩება, იგივეა სირთულე“.
სწორედ ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში სიტყვა „გართულებულია“ რუსუდან ტყემალაძემ მორიგ თემაზე საუბრისას გამოიყენა. „უმაღლესი შეფასება წერაში ოდნავ გართულებულია, ასე ვთქვათ შეცვლილია. ახლა უფრო კარგად გვინდა მოვახდინოთ გამიჯვნა ძალიან კარგად მომზადებულ, კარგად მომზადებულ, საშუალოდ მომზადებულ და საშუალოზე უფრო სუსტად მომზადებულ აბიტურიენტებს შორის, მოგეხსენებათ, ეს კონკურსია“.
კიდევ ერთი ახალი დავალება უცხოურ ენაში „კომუნიკაცია“, რომელმაც „წერილი“ ჩაანაცვლა, რუსუდან ტყემალაძისგან შეფასდა, როგორც ძალიან კარგი კომუნიკაციური სახის დავალება (თუმცა წერილიც ასეთი გახლდათ ავტ,), მისი ჩანაცვლების მიზეზი კი ის გახდა, რომ „ეს დავალება ძალიან დაიშტამპა და აბიტურიენტის რეალურ მიღწევას ვეღარ აფასებდნენ“.
„თქვენ დიალოგში გამოტოვებულ ადგილას სათანადო წინადადებები უნდა ჩასვათ. ეს არც ისე ძალიან მარტივია, რადგანაც არის იქ წინადადებები, თუ კონტექსტს არ გაითვალისწინებ, შეიძლება, სწორი მოგეჩვენოს. ასე, ცალსახად და მარტივად ვერ ჩასვამთ, უნდა დაფიქრება, მთლიანი კონტექსტის გააზრება, ეს ძალიან შემოქმედებითი დავალებაა“, – ამბობს გამოცდების ცენტრის წარმომადგენელი.
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ინგლისური ენის სპეციალისტის, ნანა კიკალიშვილის მოსაზრებას თუ გავიხსენებთ ამ კონკრეტულ ცვლილებაზე, ასე ჟღერდა: აბიტურიენტები მეილის (წერილის) წერაზე უკვე სერიოზულად მუშაობდნენ და დახვეწეს კიდევაც. ზოგიერთი სკოლის მასწავლებელიც ეხმარებოდა და ამუშავებდა საკუთარი სკოლის მოსწავლეებს ამ კუთხით, ცვლილების მიხედვით კი, სხვა სახის დავალებაზე მოუწევთ მუშაობა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რთული დავალებაა.
და კიდევ ერთი აღნიშვნის ღირსი ცვლილება უცხოურ ენაში, რომელიც წერითი დავალების მოცულობას შეეხო: ტესტში მოცემული თემის გარშემო აბიტურიენტები დაწერენ 120- 170 სიტყვიან თხზულებას. (გასული წლების სიტყვათა რაოდენობის ზედა ზღვარი 150 იყო.)
უცხოური ენის ტესტში შესული ზემოთ აღწერილი ცვლილებების გათვალისწინებით, ტესტის გართულების ან გასულ წლებთან შედარებით აბიტურიენტებისგან დაბალი ქულების მიღების მოლოდინზე ჩვენ სოფიო გორგოძეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელსაც ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება, რომელმაც გვიპასუხა, რომ აბიტურიენტებს დაბალი ქულების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, თუმცა თავად საკითხებზე სიღრმეებში შესვლას ის ვერ შეძლებს, რადგან „უცხოური ენის სპეციალისტი არ არის“.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, როგორც უცხოური ენის, ასევე სხვა საგნებისთვის საგამოცდოდ შერჩეული კითხვების სირთულეზე ინფორმაციას, საჯაროდ არც მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობის დროს აქვეყნებდა.
არჩევანი თქვენზეა, დარგის არასპეციალისტ სოფიო გორგოძეს დაუჯერებთ, თუ სპეციალისტ რუსუდან ტყემალაძის სიტყვებს.
მაგრამ, ტექნიკურად მაინც თუ არ გართულდა გამოცდა, მაშ რატომ დარჩა წელს შვიდი საკითხის დასაძლევად იგივე საგამოცდო დრო (2:30 საათი), რაც შარშან, 8 საკითხისთვის იყო განკუთვნილი?
იმედია, რომ აბიტურიენტები 2023 წლის უცხო ენის გამოცდას მომზადებული შეხვდებიან და მათი შედეგები არ გაგვაკვირვებს.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2025 წელს 3 მილიარდამდე ლარი იქნება – ბიუჯეტის პროექტი by ARIS.GE-განათლება
- მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის პროგრამაზე გრანტით დაფინანსებულთა ოდენობა და წესი დამტკიცდა – მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება