GE

აბიტურიენტი: ვისურვებდი, ლიტერატურის საგამოცდო პროგრამა განახლდეს და საკითხები მხოლოდ ქართული ლიტერატურიდან არ იყოს

„ქართული ენისა და ლიტერატურის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გრამატიკული ნაწილი ბევრია, ლიტერატურის გამოცდაზე კი საერთოდ არ არის”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან 2023 წლის აბიტურიენტი, ანი ნემსაძე, რომელიც ფილოლოგიის მიმართულებაზე აბარებს და დღეს, 25 ივლისს, ლიტერატურის არჩევითი საგნით დაასრულებს საგამოცდო ციებ-ცხელებას.

ანი პარალელს ავლებს ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო და ლიტერატურის დამოუკიდებელ, არჩევით საგანს შორის:

“განსხვავებები ასეთია: ქართულ ენაში არის გრამატიკული ტიპის დავალებებიც, მაგალითად რედაქტირება. ლიტერატურაში კი არ არის. ასევე, აქ არ არის ასარჩევი დავალებები. როგორც ქართული ენისა ლიტერატურის გამოცდაზე, თხზულებას აქაც ვწერთ”.

გამოსაცდელს ვკითხეთ, რამდენად სწორი და მისაღებია, რომ ლიტერატურის საგამოცდო ტესტში გრამატიკული დავალებები არ შეხვდება.

“ის რომ გრამატიკული ნაწილი არაა, ვფიქრობ, მისაღებია, რადგან ლიტერატურის პროგრამა არ უნდა ჰგავდეს ქართული ენისა და ლიტერატურისას. იდენტური რომ იყოს, მაშინ ხომ ყველა აირჩევდა და კონკურენციაც, ალბათ, თანაბარი იქნებოდა”, – გვპასუხობს აბიტურიენტი.

ანი ნემსაძე ფიქრობს, რომ თუ ლიტერატურის საგამოცდო პროგრამა განახლდება, ტესტი გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესოდ შესასრულებელი გახდება აბიტურიენტებისთვის.

“10-12 კლასის სასწავლო პროგრამაა ლიტერატურის გამოცდაზე. ის ნაწარმოები შემოდის ხოლმე, რომელსაც ამ კლასებში გავდივართ. ვისურვებდი, ლიტერატურის საგამოცდო პროგრამა განახლდეს და მხოლოდ ქართული ლიტერატურიდან არ იყოს საკითხები, დასავლური ლიტერატურაც ძალიან საინტერესოა და ალბათ, სხვებიც ისურვებდნენ განახლებული ტესტის შესრულებას. ასე უფრო საინტერესო იქნებოდა ტესტზე მუშაობა და ვფიქრობ, სხვა აბიტურიენტებიც იგივე აზრზე იქნებიან”, – აღნიშნავს აპლიკანტი.

ანიმ ლიტერატურასა და ქართული ენისა და ლიტერატურის ძირითად საგამოცდო საგანს შორის კიდევ ერთი განსხვავება აღგვიწერა და ამ კონტექსტში ლიტერატურის საგნის პროგრამიდან მისთვის ყველაზე რთული ნაწარმოებიც დაგვისახელა:

“ნაწარმოებები ორივე საგნის საგამოცდო პროგრამაში თითქმის იდენტურია. აქაც შემოდის, როგორც საპროგრამო, ისე არასაპროგრამო ნაწარმოებები, მაგრამ ლიტერატურის ტესტის მოთხოვნა არის მათი მხატვრული ანალიზი და პროფესიულად გააზრება, ამით მაინც არის განსხვავებული.

“ყველაზე რთული ნაწარმოები ლიტერატურის გამოცდაზე ჩემთვის “ვეფხისტყაოსანია”. მხატვრული ანალიზის დავალებაში თუ შემოვა, ვფიქრობ, ჩემთვის გამოწვევა იქნება. აქ შინაარსობრივად არ გვთხოვენ აღვწეროთ, მაგალითად არ გვეკითხებიან ქაჯეთის ციხეზე, ავთანდილის დახასიათებაზე.. უნდა შევძლოთ და მხატვრულად გავაანალიზოთ, ეპითეტები, შედარებები ვიპოვოთ, არ არის მარტივი საკითხები..”.

საუბრის ბოლოს, აბიტურიენტმა აღნიშნა, რომ თუ საგამოცდო პროგრამა გადახალისდება, შესაძლოა, ლიტერატურის საგანი უფრო მეტმა აბიტურიენტმაც აირჩიოს, რადგან მათთვის საინტერესოდ გამოიყურებოდეს და მაგალითად ნაწარმოებებით არ ჰგავდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის ტესტს, რომლის შესრულებაც ისედაც ყველა აბიტურიენტის ვალდებულებაა.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური