აბიტურიენტის 5 ქულიანი დავალების შესრულების მაგალითი და მითითებები ისტორიაში – „ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქა“

ავტორი: მინდია მაცაბერიძე, ისტორიის მასწავლებელი, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით.
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
აბიტურიენტებს ისტორიის სწავლების პროცესში სხვადასხვა სირთულეებთან უწევთ გამკლავება, მათ შორის, ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის მთავარი არსის გაგება.
ისტორია – „აზროვნების კრებულია“, აბიტურიენტებმა უნდა გაიაზრონ ისტორიულ ეპოქაში მომხდარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მოვლენები. რათა შეძლონ ეროვნულ გამოცდაზე წარმოდგენილი ტესტის დაძლევა. ვფიქრობ, წლევანდელი ისტორიის ტესტი აბიტურიენტებისაგან განსაკუთრებულ ყურადღებას და ცოდნის კომპლექსურად გამოვლენას მოითხოვს, ვინაიდან ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან მოუწევთ ცოდნის წარმოჩენა, სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი მასალა არც თუ ისე მცირეა, რაც აბიტურიენტების მხრიდან დიდი ძალისხმევას და ენერგიას მოითხოვს.
განსაკუთრებით საყურადღებოა 5 ქულიანი დავალება- მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის ანალიზი, დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე, აბიტურიენტს ბევრ დეტალზე უწევს ყურადღების გამახვილება, აბიტურიენტმა უნდა გაიხსენოს კონკრეტული ისტორიული მოვლენის დროს არსებული პოლიტიკური, ეკონომიური, სოციალური ფონი და ანალიტიკურად გადმოსცეს მისი შინაარსი – რა დადებითი და უარყოფითი გავლენა იქონია კონკრეტულმა ისტორიულმა მოვლენამ შესაბამის ეპოქაზე ან კონკრეტულად აღნიშნულ სახელმწიფოზე, სადაც ეს ისტორიული მოვლენა ხდება.
პარალელები და ანალოგია ისტორიის განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, აბიტურიენტმა ისტორიულ მოვლენას აუცილებლად უნდა მოუძებნოს მსგავსი ანალოგიური მოვლენა, რომელიც ორი მყარი არგუმენტით უნდა ჩამოაყალიბოს. ამრიგად, აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს ისტორიული მოვლენების, ფაქტების, კრიტიკული გააზრების უნარი, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, შეფასების უნარი. თუ აბიტურიენტი ფლობს აღნიშნულ უნარებს ეს 5 ქულიანი დავალების, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის ანალიზი, წარმატებით შესრულების წინაპირობაა!
მეტი თვალსაჩინოებისათვის მოდით განვიხილოთ 2025 წლის ისტორიის პროგრამიდან 5 ქულიანი დავლების, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის ანალიზი, ერთი კონკრეტული საკითხი.
მაგ. XI საუკუნის ბოლოს დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქა.
1. დაასახელეთ ჯვაროსნული ლაშქრობების ერთი კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური მიზეზი?
აბიტურიენტმა მნიშვნელოვანია გაიაზროს, რომ აქ მას მოეთხოვება კონკრეტული ისტორიული მოვლენის მიზეზის განსაზღვრა. ყურადღება უნდა მივაქციოთ დავალების პირობაში მოცემულ მითითებას, რომელიც აკონკრეტებს მიზეზის ტიპს – სოციალურ ეკონომიკური, უმჯობესია თუ მსჯელობას ისე ჩამოაყალიბებთ, რომ ჩანდეს ფაქტობრივი ინფორმაცია და არა ვარაუდი სუბიექტური თვალსაზრისი. სოციალური შედეგი უკავშირდება ისტორიული მოვლენის გავლენას საზოგადოებაზე – ინდივიდების ღირებულებებზე ადამიანების მდგომარეობაზე. ეკონომიკური კი ქვეყნების ეკონომიური მდგომარეობის ცვლილებას დადებითი ან უარყოფითი კუთხით. შესაბამისად, აბიტურიენტმა შემდეგნაირად შეიძლება ჩამოაყალიბოს პასუხი: ომებმა, მოუსავლიანმა წლებმა, მოსახლეობის სიჭარბემ, ოქროს მარაგების შემცირებამ ევროპაში სიღარიბე გამოიწვია, ბევრი ადამიანისათვის ჯვაროსნულ ლაშქრობებში ჩართვა სიღარიბის, ვალებისაგან თავის დახსნის, ანუ მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას წარმოადგენდა.
2. ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ჯვაროსნული ლაშქრობები ევროპული სახელმწიფოების გარდა? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
აქ აბიტურიენტმა უნდა გაიაზროს ევროპული სახელმწიფოების გარდა, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ჯვაროსნული ლაშქრობები, რომელმა სახელმწიფომ ან სახელმწიფოებმა ისარგებლა მოცემული ვითარებით. მსჯელობა უნდა დავაფუძნოთ კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ინფორმაციას და ზოგად ისტორიულ კანონზომიერებას. პასუხი: ბიზანტიის იმპერია: არგუმენტი: ბიზანტიის იმპერიამ დაიბრუნა სელჩუკების მიერ მიტაცებული ტერიტორიები. ასევე, შეიძლება საქართველოს სახელმწიფოც, ვინაიდან პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, მოცემული მდგომარეობით ისარგებლა დავით აღმაშენებელმა და თურქ-სელჩუკებს ხარკის გადახდა შეუწყვიტა.
3. ვისთვის შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი შედეგის მომტანი ჯვაროსნული ლაშქრობები და რატომ? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აბიტურიენტმა გაიაზროს, რომ ნებისმიერი საომარი მოქმედებები, რა შედეგიც არ უნდა დადგეს, უარყოფითად შეიძლება აისახოს იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, მნიშვნელოვანია მსჯელობა დავაფუძნოთ ზოგად ისტორიულ კანონზომიერებას. პასუხი უნდა შეიცავდეს ერთგვარ ვარაუდს, დაშვებას და არა მოვლენათა აღწერას. პასუხი: ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის ლაშქრობები გამოიწვევდა დიდ მსხვერპლს ადგილობრივ მოსახლეობაში, შეჩერდებოდა მეურნეობის, ეკონომიკის განვითარება, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებდა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებს. ასეთი მსჯელობა მართებულია, რადგან ის შეიცავს დაშვებას, რომელიც ეფუძნება ზოგად ისტორიულ კანონზომიერებას, საღ აზრსა და ლოგიკას, ანუ გამოყენებულია მოდელი: „მსგავსი რამე ადრეც არაერთხელ მომხდარა და ამ შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო, მომხდარიყო“.
4. დაასახელეთ ანალოგიური მოვლენა მსოფლიო ისტორიიდან.
ანალოგიური მოვლენის დასახელება შედარებით უფრო რთულია, რადგან: აუცილებელია ზედმიწევნით კარგად ვიცნობდეთ საგამოცდო პროგრამით განსაზღვრულ მთელ მასალას, რათა შევძლოთ ზუსტი ანალოგიის/პარალელის მოძებნა. შესაძლებელია, ჩვენს მიერ მოხმობილი მოვლენა ჰგავდეს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას, თუმცა, ანალოგია ორი კონკრეტული არგუმენტით უნდა ჩამოვაყალიბოთ. კარგი იქნება, თუ აბიტურიენტს შეეძლება ისტორიული მოვლენების კლასიფიცირება და სისტემურად დალაგება ეს მეთოდი მას ძალიან გამოადგება არგუმენტის ჩამოსაყალიბებლად. აქ შეიძლება აბიტურიენტმა დაასახელოს 1459 წელს პაპ პიუს მეორის მიერ მოწვეული მანტუის საეკლესიო კრება. 1. ორივე შემთხვევაში ინიციატორი და იდეური მხარდამჭერი რომის პაპი იყო. 2.ორივე შემთხვევაში ლაშქრობის იდეას გააჩნდა როგორც პოლიტიკური, ასევე რელიგიური საფუძველი.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 170 ლარი შეადგინა – განათლება ეკონომიკის 20 სექტორს შორის ბოლო ადგილზე აღარ არის by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების გამოცხადება დაავიწყდა და ივლისში ატარებს – მიიღებენ თუ არა პედაგოგები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას? by ARIS.GE-განათლება
-
სასკოლო სახელმძღვანელოების ნაკლოვანებები – რა სახის ცვლილებებს ითხოვს განათლების სამინისტროსგან სახელმწიფო აუდიტი by ARIS.GE-განათლება