აბიტურიენტის მიმართვა ყველა მშობელს, ნათესავს, მეზობელს და ცნობისმოყვარე „არამკითხე მოამბეს“

აბიტურიენტების ღელვა ივლისის თვეში, როდესაც გამოცდები იწყება ნამდვილ პიკს აღწევს. ხშირად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გაშუქების პროცესში, EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოკითხული აბიტურიენტები, ასეთ სიტყვებს ამბობენ: “არ გამჭირვებია, მაგრამ რომ ვერ ჩავაბარო, ალბათ, ჩემები მომკლავენ…”.
გამოსაცდელები არანაკლებ ნერვიულობენ ტესტირების შემდეგაც, რადგან იციან, რომ მათი ამბავი არამხოლოდ ოჯახს აინტერესებს, არამედ იმ სოციუმის განხილვის საგანი ხდება, რომელშიც აბიტურიენტი და მისი ოოჯახის წევრები თანაცხოვრობენ. აბიტურიენტების დათრგუნვის მიზეზი კი ხან ახლობლის უტაქტო კითხვა და შეფასება იწვევს და ხან სრულიად უცხო – “არამკითხე მოამბის”.
2025 წლის აბიტურიენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს, მშობლებს, მეზობლებს, ნათესავებს, მიმართავს და ყველა აბიტურიენტის სათქმელს უზიარებს:
“რამდენი ქულა აიღე? რომელ უნივერსიტეტში ჩააბარე? საერთოდ ჩააბარე? რადგან არ ჩააბარე, ახლა რას აპირებ? ის გოგო/ბიჭი რომ იცნობ, იმან უფრო ბევრი ქულა აიღო, შენზე ჭკვიანია? შენნაირი პირობები არ მქონია… მეორე მცდელობაა ხომ უკვე? ბიჭია და ვერ ჩააბარა, ან გოგო ხარ და მაინც ვერ მოახერხე, შენი იმედი გვქონდა”…
ეროვნული გამოცდები ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული და გადამწყვეტი ეტაპია. სწორედ ამ დროს მათი გონება და ემოციური მდგომარეობა განსაკუთრებულად დაუცველია. სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრებულია ტრადიცია, როცა ნათესავები და ახლობლები ხშირად ამ თემას ზედმეტად ცნობისმოყვარეობით, შედარებით და უხეში შეფასებებით ეკიდებიან. თითქოს უბრალო ინტერესი ჩანს, მაგრამ რეალურად დიდ ზეწოლას და დაძაბულობას იწვევს ახალგაზრდებში. ეს კითხვები მათ აშინებს, ამცირებს და ხელს უშლის იმედისა და მოტივაციის შენარჩუნებაში.
გაითვალისწინეთ რომ!
-ადამიანი არ იზომება ქულებით. გამოცდა მხოლოდ ერთი ეტაპია, და შესაძლოა, უამრავი მიზეზით არ გამოვიდეს ისე, როგორც გვსურდა.
– სხვის წარმატებასთან შედარება ამცირებს შრომის მნიშვნელობას. შეიძლება ვიღაცამ საოცრად იბრძოლა, მაგრამ მაინც დაბალი ქულა მიიღო, ეს კი მის ღირებულებას არ აკნინებს.
– ნეგატიური კომენტარები რწმენას არყევს. როცა ახალგაზრდას სჯიან და ამცირებენ, ის აღარ ხედავს სტიმულს, რომ კვლავ სცადოს.
გავაცნობიეროთ, რომ არავინაა ვალდებული, ჩაეტიოს სხვების მოლოდინებში. სამწუხაროდ, ბევრი ახლობელი თვლის, რომ ახალგაზრდის არჩევანზე, გეგმებზე ან წარუმატებლობაზე მოსაზრების გამოთქმა მათი უფლებაა. ხშირად, ამ ყველაფერს „დაზუსტებული ინტერესის“ სახელით ფუთავენ, რეალურად კი ეს მხოლოდ მცდელობაა, სხვის ცხოვრებაში ზედმეტად ჩარევის!
მიხედეთ ყველამ თქვენს განათლებას და ცხოვრებას! ეს არის ჩვენი ცხოვრება და უფლება გვაქვს შეგვეშალოს, გამოვასწოროთ, წავაგოთ, გავიმარჯვოთ და ასე შემდეგ”, – წერს აბიტურიენტი. მან საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„Carpe diem!“ – ისტორიის რეპეტიტორი ქუთაისიდან, რომელმაც აბიტურიენტების გამხნევება ისევ ორიგინალურად შეძლო by ARIS.GE-განათლება
-
„დღეს ბოლო გამოცდა ისტორიაში უნდა მეწერა“ – გორის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტმა 1 წუთი დაიგვიანა by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტი – გამოცდები 2025 by ARIS.GE-განათლება