კარდიოლოგიის რეზიდენტი: „ყურადღების მიღმა რჩება ის მიზეზები, რასაც ექთნების დეფიციტთან მივყავართ“
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, კარდიოლოგიის რეზიდენტი ანა დიასამიძე EDU.ARIS.GE -ს საკუთარ სტატიას უზიარებს სახელწოდებით – “რა პრობლემები არსებობს ჯანდაცვის სისტემაში”.
2025 წლის აგვისტოში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა პროექტი “საექიმო საქმიანობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე. აღნიშნული კანონპროექტის განსაზღვრული პირობებით, უმცროს ექიმებს მიეცემათ უფლება, დეფიციტურ საექიმო საქმიანობებზე ჩააბარონ სახელმწიფო სასწავლებელში სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. ჯანდაცვის სამინისტრომ შეადგინა დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა, რომელიც მოიცავს 18 სპეციალობას, თუმცა არ არსებობს არანაირი ნათელი კრიტერიუმი, რითიც სპეციალობები შეირჩა. სამინისტროს არ აქვს არანაირი ხედვა, რას გამოიწვევს აღნიშნული კანონპროექტი მომავალში და რა გავლენა ექნება დეფიციტურ სპეციალობებზე.
სამინისტროს მიერ განსაზღვრული დეფიციტურ საექიმო საქმიანობების ჩამონათვალი ასეთია: ფსიქიატრია; რადიაციული ონკოლოგია; ბავშვთა გასტროენტეროლოგია; პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია; ბირთვული მედიცინა; კარდიოქირურგია; ნეიროქირურგია; ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია; ნეფროლოგია; გადაუდებელი მედიცინა; ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა; ბავშვთა ინფექციური სნეულებები; ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია; ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია; პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია; ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია; რევმატოლოგია; სასამართლო მედიცინა.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა წლების განმავლობაში დგას მრავალი გამოწვევის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში განხორციელდა არაერთი რეფორმა, როგორიცაა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება, კერძო სექტორის გაფართოება და DRG სისტემის დანერგვა, პრობლემა მაინც მრავალმხრივია. სამედიცინო სფერო წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას ქვეყნის სოციალური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისათვის, თუმცა არსებული მდგომარეობა ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს.
გამოუსწორებელ პრობლემას წარმოდგენს ჯანდაცვის სფეროში ადამიანური რესურსების დეფიციტი. 2024 წლის მონაცემებით ქვეყანას ყოველ 100000 მოსახლეზე 649 პროფესიულად აქტიური ექთანი ჰყავს. ამ მაჩვენებლით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნებს. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში კი ერთ-ერთ დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს, შედარებისთვის: 2025 წლის მონაცემებით ბელარუსში ეს მაჩვენებელი შეადგენს 1043-ს, ხოლო რუსეთში 2024 წლის მონაცემებით 951-ს.
გარდა რაოდენობისა, მნიშვნელოვანია პერსონალის ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2021 წლის მონაცემებით ექთნების უმეტესობა დასაქმებულია თბილისში, 100000 მოსახელეზე თბილისში ფიქსირდება 828 ექთანი, ეს მაჩვენებელი კი იმავე რაოდენობისთვის 2-3-ჯერ დაბალია საქართველოს სხვა რეგიონებში.
მიუხედავად იმისა რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საექთნო პროგრამების მიმართულების როგორც ჩარიცხულთა, ისე კურსდამთავრებულთა რაოდენობა სტაბილურად მაღალია და შეიძლება ითქვას, რომ დაინტერესება მაღალია, ექთნის დეფიციტი მაინც პრობლემად რჩება. შესაბამისად, კლინიკაში უმცროსი მედ. პერსონალი კომპლექტდება ძირითადად დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისგან (შენიშნვა: აუცილებელი პირობა მინ. VII სემესტრის სტუდენტი), გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე კლინიკა.
ყურადღების მიღმა რჩება ის მიზეზები, რასაც მივყავართ ექთნების დეფიციტთან. საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იზრდება სამედიცინო პერსონალის გადინება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მთავარ მიზეზს კი ასახელებენ არასათანადო პირობებსა და ანაზღაურებას. არასათანადო პირობებში იგულისხმება რიგი მანიპულაციების და პროცედურების შესრულება, რომელიც წარმოადგენს სხვის კომპეტენციას, მაგ:ექთნის ასისტენტი, რეინჯერი, ფლებოტომისტი და ა.შ. მართალია, ჩვენს კლინიკებში არსებობს მსგავსი პოზიციები, თუმცა დაბალი ანაზღაურებისა და შეუსაბამო პირობების გამო ინტერესი დაბალია. აქედან გამომდინარე, ექთანზე დატვირთვა იზრდება, რაც უარყოფითად აისახება მის პროდუქტიულობაზე.
ანაზღაურება არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გარეშეც ვერ ვისაუბრებთ ექთნების დეფიციტის საკითხზე. სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც მინიმალური ანაზღაურება ექთნებისთვის საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა. სახელმწიფოს ეს დადგენილება კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას, რადგან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში განისაზღვრა მინიმალური ხელფასი და არ ხდება ანაზღაურების ზრდა (გარდა სპეციფიკური განყოფილებებისა, მაგ:ინტენსიური თერაპია, რეანიმაცია).
წლების მანძილზე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხრიდან არ ხდებოდა მთელი რითი აქტივობების შესრულება, რაც უზრუნველყოფდა საკმარისი სამედიცინო პერსონალის არსებობას ქვეყნის მასშტაბით და მათ პროფესიულ ზრდას.
აუდიტის მონაცემებით არ შესრულდა შემდეგი აქტივობები:
1. ექთანთა დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროგრამების აკრედიტაციის ორგანოს შექმნა
2. საექთნო სპეციალობათა განმსაზღვრელი ნუსხის მომზადება
3. ექთანთა უწყვეტი განათლების ნებაყოფლობითი სისტემის ამოქმედება
4. ექთანთა ლიცენზირების/რეგისტრაციის/სერტიფიცირების ნებაყოფლობითი ინსტრუმენტების ამოქმედება
5. საექთნო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა პრიორიტეტული პროგრამების ჩამონათვალში შეტანის გზით.
ექთნების დეფიციტი ნეგატიურად აისახება ექიმებისა და ექთნების თანაფარდობაზეც, ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-3 ექთანი მოდის.
საქართველოში ექიმებისა და ექთნების რაოდენობა თითქმის თანაბარია: 2021 წელს ქვეყანას 100,000 მოსახლეზე 606 ექიმი და 595 პროფესიულად აქტიური ექთანი ჰყავს. სამედიცინო დაწესებულებებში ხარჯის, დაახლოებით 60-70% დასაქმებულთა ხელფასზე მოდის, ექიმი კი წარმოდგენს ძვირადღირებულ ადამიანურ რესურსს. მეტი ექიმი, ნაკლები ექთანი კი ჯანდაცვის მომსახურებას აძვირებს.
გარდა პროფესიულად აქტიური ექთნების სხვა ქვეყანაში ემიგრაციისა, არახელსაყრელი პირობების გამო, წყვეტენ საექთნო საქმიანობას და სხვა სფეროში ცდილობენ დასაქმებას.
ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არ გადადგმულა არავითარი ნაბიჯი, რომელიც შეცვლიდა დღევანდელ მდგომარეობას. შეუსწავლელია მიგრაციისა და ემიგრაციის მიზეზები და მათი გამოსწორების გზები. არ ხდება დაუსაქმებელი სამედიცინო პერსონალის მოზიდვა, სხვა სფეროში დასაქმებული სამედიცნო პერსონალის ჯანდაცვაში დაბრუნება.
2023 წლის იანვრიდან ქვეყანაში დაინერგა საერთაშორისოდ აღიარებული სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი, ხოლო 2025 წლიდან სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან წარმატებით გაიარონ აკრედიტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. აღნიშნული პროცესი მომავალში დადებითად აისახება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე და ხარისხის ზრდას გამოიწვევს, მაგრამ აღნიშნული პროცესი დიდი დარტყმა აღმოჩნდა დაწესებულებებისთვის. შედეგად, გაიზარდა დატვირთვა მედ. პერსონალზე, კლინიკების რესურსებზე და დაამძიმა მდგომარეობა.
გარდა ექთნების დეფიციტისა, მძიმე მდგომარეობა გვაქვს საექიმო საქმიანობაში. 2024 წლის მონაცემებით საქართველოს ყოველ 100000 მოსახლეზე 647 ექიმი ჰყავს. საქართველოს ექიმების რაოდენობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელს. ეს მაჩვენებელი შემდეგ ნეგატიურად აისახება მათ თანაფარდობაზე ექთნებთან.
გარდა მაღალი რაოდენობისა, პრობლემას წარმოადგენს ექიმები გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით და მათ ხელმისაწვდომობა სხვადასხვა რეგიონში. თბილისს, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 30% ცხოვრობს, დაახლოებით, 15,000 ექიმი ემსახურება. ქვეყნის მოსახლეობის დანარჩენ 70%-ს კი – მხოლოდ 8,000 ექიმი. მოსახლეობის დაახლოებით 2/3 არ არის უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებით და შესაბამისად დატვირთვა იზრდება დედაქალაქზე.
შეუსწავლელია ის მიზეზები, რაც იწვევს ექიმთა ცენტრალიზაციას და მათ თავმოყრას თბილისის რეგიონში, მაგრამ ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
1. ადამიანური რესურსების დეფიციტი-სხვადასხვა რეგიონში ექიმების დეფიციტი შეიძლება აისხნას ექთნების დეფიციტით.
2. სამედიცინო მომსახურების გაწევა- ექიმების დეფიციტის გამო, სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციების ჩატარების შეუძლებლობა.
3. ეკონომიკური მდგომარეობა- რაც გამოიხატება ნაკლებ დაფინანსებაში
4. ექიმი ვერ ახერხებს პროფესიულ განვითარებას.
2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმებისთვისაც დაწესდა მინიმალური საათობრივი ანაზღაურება და საათში – შვიდი ლარით (თვეში 1 260) განისაზღვრა. აქაც ანალოგიური პრობლემა იჩენს თავს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში განისაზღვრა მინიმალური ხელფასი და არ ხდება ანაზღაურების ზრდა.
აუდიტის ანგარიში: ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წლიდან დაიწყო უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის (უსგ) დანერგვა საქართველოში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების უზრუნველყოფისათვის. მიუხედავად ამ სისტემის დანერგვისა, ქვეყნის მასშტაბით დაბალია პროფესიულად აქტიური ექიმების ჩართულობა უსგ-ის პროგრამებზე როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო ნაწილში.აუდიტის მონაცემებით:2021 წლის მდგომარეობით, 2018-2021 წლებში 17,632 ექიმიდან უსგ-ში მონაწილეობა მიიღო 43%-მა; აქაც იკვეთება ხელმისაწვდომობის პრობლემა:უსგ-ის პროგრამების ჩატარების ადგილი ექიმებისათვის არ იყო თანაბრად ხელმისაწვდომი გეოგრაფიული თვალსაზრისით. უსგ-ის პროგრამების დამსწრე 4,606 პირთაგან, 1,590-ის (35%) ფაქტობრივი სამუშაო ადგილი არ იყო თბილისი;
აუდიტის მიერ ექიმების გამოკითხვით, პროგრამაში არ ჩართულობის შემდეგ მიზეზებს ასახელებენ (% თანმიმდევრობით): პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების შეუძლებლობა, უსგ-ის პროგრამების შესახებ ინფორმაციის არქონა, ფინანსური ბარიერი, დატვირთული სამუშაო გრაფიკი.
ხელმისაწვდომობის გარდა, მნიშვნელოვანია ფინანსური ბარიერი. ჯანდაცვის სამინისტრო და კერძო სექტორი არ არის დაინტერესებული ექიმების პროფესიული განვითარებით, შესაბამისად ექიმებს საკუთარი ხარჯებით უწევთ ტრენინგების გავლა.
მიუხედავად ექიმების დიდი რაოდენობისა, გვაქვს სპეციალობათა ნუსხა, რომელიც დეფიციტურია ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან ისინი განისაზღვრა, როგორც პრიორიტეტული სპეციალობები. არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რითიც განისაზღვრა მათი პრიორიტეტულობა, რათა მოხდეს დაფინანსების გაცემა და მაძიებელთა მოზიდვა.
ასევე იხილეთ:
-
9 აპრილის სკოლის მოსწავლე გმირების ორი ისტორია – თამარ ჭოველიძე და ეკა ბეჟანიშვილი
by ARIS.GE-განათლება
-
ადამიანის უფლებათა სწავლება და პედაგოგთა ტრენინგები – რას ითხოვს სახალხო დამცველი განათლების მინისტრისგან
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინმეს გინახავთ მსჯელობა იმაზე, რატომ მოდიან წლიდან წლამდე უნივერსიტეტებში უფრო ნაკლებად მომზადებული სტუდენტები?“
by ARIS.GE-განათლება