GE

აბიტურიენტის ისტორია, რომელსაც მათემატიკის გამოცდაზე გასვლა საკუთარ მეთვრამეტე დაბადების დღეზე მოუწია (+ვიდეო)

სანდრო ბიკაშვილს, რომელსაც მათემატიკის გამოცდაზე გასვლა საკუთარ მეთვრამეტე დაბადების დღეზე მოუწია, მეგობრებმა, მათმა მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საგამოცდო ცენტრთან სიურპრიზი მოუწყვეს – გამოცდიდან გამოსულ იუბილარს ტორტით, შამპანურით, მაშხალებითა და სიმღერით დახვდნენ.

იდეა სანდროს ერთ-ერთი მეგობრის დედას ეკუთვნის. მანვე დაგეგმა და განახორციელა ყველაფერი. როგორც სანდროს მეგობრები გვეუბნებიან, ისინი ერთმანეთის ყველა გამოცდას ესწრებიან და საგამოცდო ცენტრთან გულშემატკივრობენ. სანდროსთვის სიურპრიზი იყო ისიც, რომ გარეთ ქართულის პედაგოგიც ელოდებოდა, რომელმაც გამორჩეულ მოსწავლეს გამოცდების დასრულებისა და დაბადების დღის აღსანიშნავად ბოლო დროის ბესტსელერიც უსახსოვრა “ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება”.

სანდრომ და მისმა მეგობრებმა 146-ე საჯარო სკოლა დაასრულეს. ოქროს მედალოსანი იუბილარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მენეჯმენტის ფაკულტეტზე აბარებს და იმედოვნებს, რომ 100 პროცენტიან გრანტსაც აიღებს.

გამოცდიდან მეტ-ნაკლებად კმაყოფილი გამოვიდა. ამბობს, რომ წინა გამოცდები კარგად დაწერა, მათემატიკის გამოცდაზე კი ბოლო, 35-ე სავარჯიშოს დასრულება ვერ მოასწრო და ამის გამო გული სწყდება.

“ველოდი, რომ რაღაც სიურპრიზს გამიკეთებდნენ, რადგან ასეთი მეგობრები მყავს, სიურპრიზებს არ ერიდებიან.სხვისი დაბადების დღე რომ ყოფილიყო, პირველი მე ვიაქტიურებდი. ძალიან გამიხარდა. ახლა, 2 საათზე, ერთ-ერთი მეგობრის გამოცდაა კიდევ, რომელიც ამ სიურპრიზის მოწყობაში იყო ჩართული და მას მივყვებით საგულშემატკივროდ, გლდანში. საღამოს კი ყველა ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავთ.

„მათემატიკის გამოცდით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ბოლო დავალებაზე დრო არ მეყო. მარტო ამ ერთ დავალებაზე მწყდება გული“, – გვითხრა სანდრომ.

EDU.ARIS.GE– ულოცავს სანდროს დაბადების დღეს და სასურველ სასწავლებელში 100 პროცენტიანი გრანტით მოხვედრას უსურვებს.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური