„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
EDU.ARIS.GE-ს სტატიას, განათლების სამინისტროსგან სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების ბუნდოვანებასა და პრობლემებზე, ეხმაურება კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და განათლების სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ყოფილი კოორდინატორი, ნიკო სილაგაძე და იმ სავარაუდო მიზეზებს ასახელებს, რომელთა გამოც განათლების სამინისტრო საგნობრივ სტანდარტებს არ ასაჯაროებს და სასკოლო სახელმძღვანელოებს ისე წერს, რომ საზოგადოებამ, პროფესიულმა წრეებმა არ იციან, რა პროგრამის შესაბამისად მზადდება წიგნები.
“მართლა არ მომხდარა მსგავსი არაფერი.
აქამდე:
– გვინახავს საეჭვოდ მოკლე ვადებში შექმნილი სახელმძღვანელოები;
– გვინახავს დისკუსია თემაზე – რამდენად შეესაბამება ერთმანეთს სასასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოს შინაარსი / პრიორიტეტები;
– გვინახავს უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით რომ არაერთმნიშვნელოვანია სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები;
– გვინახავს კონკურსის პროცედურული ნაწილით უკმაყოფილო ავტორები, გამომცემლობები და სხვა დაინტერესებული პირები.
მაგრამ არ ეჩვენებინოთ პროგრამა / სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია (არც ლომაიას დროს, არც შაშკინის დროს, არც სანიკიძის დროს, არც ჯეჯელავას დროს, არც ბატიაშვილის დროს, არც ჩხენკელის დროს – თვით ამილახვარის დროსაც კი, აღიარებული ფაქტი იყო, რომ სტანდარტები სახელმძღვანელოს წერის დაწყებამდე უნდა გამოქვეყნებულიყო).
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
რაც დღეს ხდება, ეს საქციელი პრაქტიკულად ეროვნული სასწავლო გეგმის, როგორც საჯარო დოკუმენტის, გაუქმებას ნიშნავს – ანუ მინისტრი, მინისტრის მოადგილე და ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტემანტი ცალსახად ამბობს, რომ არა მხოლოდ თავად იციან ერთადაერთი ყველაზე და ყველაფერზე მორგებული წიგნი როგორი უნდა იყოს, არამედ ისიც მხოლოდ მათი პრივატული საქმეა:
(ა) რომელი საგანი რომელ საფეხურზე და კლასში რა ფორმით და სიხშირით იქნება წარმოდგენილი;
(ბ) როგორი იქნება საგნობრივი თემათა განაწილება და შინაარსების პროგრესია დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე;
(გ) რა მიზნებს, თუ მეთოდოლოგიურ ორიენტირებს გაითვალისწინებას თითოეული საგნისა და საფეხურის სახელმძღვანელო.
დოკუმენტის ასე გასაიდუმლოების მიზეზი შეიძლება იყოს ორი:
(1) ეშინიათ იმ ცვლილებების გამომზიურება, რომლის სასწავლო გეგმაში შეტანასაც 2026 წლის 26 იანვარს დამტკიცებული “ზოგადი განათლების სისტემის განვითარების ეროვნული კონცეფცია” მოითხოვს (ეს ის კონცეფციაა გივი მიქანაძემ ჯერ წინა წლის მიწურულს, შემდეგ კი ახალი წლის დასაწყისში დიდი პომპეზურობით რომ წარადგინა);
(2) თავადაც არ იციან როგორი უნდა გამოიყურებოდეს სასწავლო გეგმა, სადაც:
– მე 12 კლასი თან არის, თან არ არის (ანუ ვიღაცისთვის ზოგადი განათლების ნაწილია, ვიღაცისთვის კი არა);
– მე -11 კლასი რეპეტიტორიუმია (ანუ დანარჩენი კლასებისგან სრულიად განსხვავებულ მიზნებს ემსახურება);
– საშუალო საფეხურზე ზოგადი განათლების კომპონენტი პრაქტიკულად ამოგდებულია (ქცეულია საბაზოს სტანდარტების “კუდად” და არა უკვე შესწავლილი მასალის სხვა რაკურსით და სიღრმით წარმოსაჩენად);
– სადაც ე.წ. “ფუნდამენტური საგნები” გაძლიერებულია, ოღონდ ისე, რომ არც საათობრივი ბადე იზრდება და არც “არაფუნდამენტურ საგნებს” აკლდება რაიმე …..
ამის გათვალისწინებით კი ცხადია, ურჩევნიათ, ჯერ წიგნები გამოაქვეყნონ, სიმძიმის ცენტრი ახალ სახლმძღვანელებზე გადაიტანონ (ეტყობა ეიმედებათ, რომ ქართულისა და ისტორიის წიგნებით “პატრიოტულ დემაგოგიას” დაატრიალებენ და ამით მთელის მიჩქმალვის დანაშაულს გადაფარავენ).
P.S. ვიცი რომ ამ კრიმინალურ პროცესში ბევრი ისეთი ადამიანია ჩართული, რომელსაც აქამდე საზოგადოების წინაშე თავი არაფრით შეურცხვენია.
ჩემი მათდამი თხოვნა / მოწოდებაა:
– ჩამოშორდით წიგნების წერის, თუ რეცენზირების პროცესს. საკუთარ წვლილს ნუ შეიტანენ იმ კრიმინალში, რასაც – მე -12 კლასის გაუქმება, სკოლაზე რეპეტიტორიუმად ქცევა, საშუალო საფეხურის ფუნქციის მოშლა და სხვა მისთანანი ჰქვია.
– ნუ დახუჭავთ თვალს იმაზე თუ რაში სჭირდებათ თქვენთის ფრაგმენტებად დაკვეთილი წიგნები და რეცენზიები / ნუ მოერიდებით “ოთახში არსებული სპილოს დანახვას” / ნუ მისცემთ შესაძლებლობას საკუთარი პრივატული ზრახვებისთვის და არა საზოგადოების ინტერესებისთვის გამოიყენონ თქვენი ცოდნა, ნიჭი და გამოცდილება.
ამავე თემაზე:
-
რომელია მართებული: „აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული“, თუ „შობის ბრწყინვალე დღესასწაული“? – სწორი ფორმის შესახებ
by ARIS.GE-განათლება
-
9 აპრილის სკოლის მოსწავლე გმირების ორი ისტორია – თამარ ჭოველიძე და ეკა ბეჟანიშვილი
by ARIS.GE-განათლება
-
ადამიანის უფლებათა სწავლება და პედაგოგთა ტრენინგები – რას ითხოვს სახალხო დამცველი განათლების მინისტრისგან
by ARIS.GE-განათლება
