GE

„ალბათ გაართულებდნენ“ – აბიტურიენტთა გამოცდები უცხოურ ენაში სამი დღის განმავლობაში ჩატარდება

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 10 ივლისს ინგლისური ენის  გამოცდით გრძელდება. უცხოურ ენაში გამოცდა დღეს ორ სესიად ჩატარდება. დილის სესიის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო და 09:00 საათზე დასრულდება. 12 ივლისის ჩათვლით, გამოცდები ჩატარდება ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებში.

2023 წლის უცხოური ენის ტესტში, გარკვეული ცვლილებებია შესული.

ნია ბიტარაშვილი, მუხიანის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან გამოცდის დაწყებას ელის. აბიტურიენტი EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავს, რომ ინგლისური ენის გამოცდაზე გართულებული ტესტის მოლოდინი აქვს და გვიხსნის თუ რატომ ფიქრობს ასე:

“ჯერ მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩავაბარე გამოცდა. მოლოდინი მაქვს, რომ ინგლისურის ტესტიც იქნება გართულებული, რადგან გასული წლის ტესტებთან შედარებით, ქართულიც გართულებული იყო. წელს აბიტურიენტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა რეგისტრირებული და ჩემი აზრით, ჩარიცხულთა რაოდენობის შემცირება რომ მოხდეს, ალბათ გაართულებდნენ, 45 000 ხომ ვერ ჩავირიცხებით?!”

აპლიკანტი ამბობს, რომ მისთვის ყველა საგანი პრიორიტეტულია და რაც უფრო მეტ ქულას მიიღებს, მით უკეთესი.

ნია ბიტარაშვილის თქმით, სკოლაში უცხო ენა B2 დონეზე არ ისწავლება, ტესტი კი ამ დონის ცოდნას მოითხოვს, რაც “ცოტა არ იყოს გაუგებარია”.

“სკოლაში არ გვასწავლიან ამ დონეზე, რა დონის ტესტსაც მისაღებ გამოცდაზე ვწერთ. 10 თვეა უცხო ენაში ვემზადები. წლობით ემზადებიან სხვები. ვფიქრობ, B2 დონე მაღალია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სკოლაში ეს დონე პრაქტიკულად არ ისწავლება. ასე ხდება სამწუხაროდ. წლობით მომზადება გვიწევს”, – განგვიცხადა აბიტურიენტმა.

ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა – რა ცვლილებები ელით 2023 წლის აბიტურიენტებს სამი საგნის ტესტებში

უცხოური ენის ტესტის დავალებების საერთო რაოდენობა არის 7. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს კი ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს. გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი და 30 წუთი.

ასევე იხილეთ:

გართულდა, მაგრამ არ გართულდა? – აბიტურიენტებო, თქვენ მაინც წარმატებით ჩააბარებთ უცხო ენას!

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური