„აბიტურიენტთა სივრცეში მთავარი მაგიდებს შორის დისტანციის დაცვაა“ – შეიცვლება თუ არა საგამოცდო ცენტრები?
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ცოტა დრო დარჩა, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წელს საგამოცდო პროცესი განსხვავებულ ფორმატში წარიმართება, თუმცა ჯერ განათლების სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი არც ერთ დეტალს არ ახმაურებენ.
EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, „ნაეკი“ გამოცდების ჩატარების მიზნით ეძებს დიდი ფართის მქონე ერთიან სივრცეებს. გამოცდების ცენტრი ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს, მხოლოდ იმას გვპასუხობენ, რომ დაპირებისამებრ, ეროვნული გამოცდების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ივნისის თვეში გასაჯაროვდება.
„როგორც განათლების მინისტრის პრეზენტაციაზე ითქვა და პრემიერმაც განაცხადა, ყველანაირი დეტალი საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით ივნისში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, – გვიპასუხეს „ნაეკში“.
საინტერესოა, რომ ბოლო წლებში საგამოცდო ცენტრებად საჯარო სკოლების შენობები იყო გამოყოფილი, ერთი საკლასო ოთახი კი, სადაც მაქსიმუმ 15-მდე აბიტურიენტი თავსდებოდა, საგამოცდო სექტორად ითვლებოდა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ახალი მიდგომით, ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 ბავშვისა უნდა განთავსდეს. თუკი მაშინდელ ცენტრებს ახალ სკოლებს დავუმატებთ ბავშვების გადანაწილება პრობლემა არ უნდა იყოს, არც აბიტურიენტების ოდენობა შეცვლილა გასულ წლებთან შედარებით. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა – რატომ ეძებს უწყება დიდ ფართებს აბიტურიენტთა ერთიანი განთავსებისთვის და უდევს თუ არა საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული კონკრეტული რეკომენდაცია. აღნიშნულს დრო გვიჩვენებს და როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებზე გამოცდების ცენტრთან ერთად მუშაობს, ივნისის შუა რიცხვებისთვის მოგვცემს პასუხებს.
EDU.ARIS.GE ეცადა გაერკვია რას ფიქრობენ უშუალოდ საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელები და როგორ წარმოუდგენიათ საგამოცდო პროცესის წარმართვა შეზღუდვების პირობებში. ბევრმა მათგანმა კომენტარისგან თავის შეიკავა, ნაწილის განცხადებით კი, ჯერ რაიმე სიახლეების შესახებ ინფორმირებული არ არიან. თუმცა ფსიქოლოგიურად ემზადებიან ასეთ საგანგებო ვითარებაში გამოცდების უხარვეზოდ წარმართვისთვის.
„მენეჯმენტი არის ცენტრში, ჯერ ცნობილი არაფერია და ამიტომ დეტალებზე მსჯელობაც არ შემიძლია. ამ წუთას ვინც ილაპარაკებს დეტალებზე უპასუხისმგებლობა იქნება, ერთადერთი რაზეც ვნერვიულობ მხოლოდ ისაა, რომ განსაკუთრებული ვითარებაა და შევძლოთ ამასთან ღირსეული გამკლავება, სხვა დანარჩენზე საუბარი ამ ეტაპზე არ შემიძლია“, – განაცხადა ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა.
სწორი იქნება თუ არა საგამოცდო სივრცეები უფრო ფართო მასშტაბზე განთავსდეს და რა არის ასეთ ვითარებაში გასათვალისწინებელი, EDU.ARIS.GE-მ ამ კითხვით ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს მიმართა.
სპეციალისტი ამბობს, რომ დიდი სივრცე აუცილებელია დისტანცირების დაცვისთვის, თუმცა უმჯობესი იქნება ამასთან ერთად რაოდენობაც ნაკლები შენარჩუნდეს.
„დიდი სივრცე აუცილებელია იმიტომ, რომ უნდა მოხდეს დისტანცირების დაცვა მაგიდებს შორის, ერთი მეტრი მაინც. ლაპარაკი არის იმაზეც, რომ არ იყოს კონდიცირება, თუმცა მე მათ რიგს მივეკუთვნები, ვისაც მიაჩნია, რომ კონდიცირება უნდა დარჩეს, არ უნდა აიკრძალოს, ვინაიდან გადაცემითი რისკი დაბალია და რეალურად სერიოზულ დისკომფორტს ქმნის არაკონდიცირებული შენობა როგორც აბიტურიენტებისთვის, ისე იქ მყოფი სხვა ადამიანებისთვის, მით უმეტეს პირბადესთან ერთად. პირბადე აუცილებლად დარჩება როგორც რეკომენდაცია. თუ კონდიცირება იქნება, მიუხედავად ამისა, პერიოდულად უნდა განიავდეს შენობა, გაიღოს ფანჯრები, თუ კონდიცირება არ იქნება ფანჯრები მუდმივად ღია უნდა იყოს. სივრცის სიდიდის მიუხედავად, უმჯობესია თუ მოხერხდება და აპლიკანტების რაოდენობა იქნება ნაკლები, მაგრამ უფრო გადამწყვეტი დისტანცირების დაცვაა. თუ სივრცე დიდი იქნება, ალბათ, შესაძლებელია, რომ რაოდენობაც მეტი იყოს“, – განგვიცხადა ინფექციონისტმა.
საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებით სიახლეებს ყველაზე მეტად აბიტურიენტები ელიან. EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა მოლოდინები აქვთ მათ წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე და მზად არიან თუ არა იმ შეზღუდვებისთვის, რომლის დაცვაც აუცილებლად მოუწევთ.
გიორგი წ. „საგამოცდო ცენტრის სიდიდეს და აუდიტორიას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე უფრო კონდიცირების საკითხი მაწუხებს. ჯერ ისიც არ ვიცით, გამოცდები ივლისში ჩატარდება თუ აგვისტოში გადაიწევს, ამიტომ, სიცხეში კონდიციონერის გარეშე, რაც არ უნდა ფანჯრები გააღო გამოცდის ჩაბარება რთულად მეჩვენება. თან, პირბადე უნდა გვეკეთოს. ხანდახან პირბადით ვაკეთებ ხოლმე ტესტებს, ასე ვთქვათ ვვარჯიშობ, მაგრამ ძალიან ძნელია“.
თეონა ტ. „ მოუთმენლად ველოდები სიახლეებს რისი გათვალისწინებაც გამოცდებზე მოგვიწევს, რომ ფსიქოლოგიურად მოვემზდო. ჯერ ისედაც გამოცდა ყოველთვის სტრესული მომენტია, ახლა რა იქნება არ ვიცი ნამდვილად. ზოგიერთი ემოციურად ისედაც დაძაბულია და ვინმემ შეიძლება თქვას, რომ პირბადე, ან თერმოსკრინიგი არაფერს ნიშნავს, თუმცა სერიოზული სტრესია. როდესაც გამოცდას აბარებ, ამ დეტალებმა შეიძება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს კონცენტრაციაზე“.
მარიამ სხილაძე: „სამედიცინოზე ვაპირებ ჩაბარებას და როგორც ჩანს გამოცდების დღიდანვე მიწევს შეხება ჩემს პროფესიასთან. ვიცი, ძნელია გამოცდის პროცესში ამ რეკომენდაციების გათვალისწინება. მით უმეტეს ზაფხული იქნება, სიცხე და პირბადით ჯდომა უკონდიციონერო ოთახში ცოტა რთულად წარმომიდგენია. რადგან რეკომენდაციების გათვალისწინება მოგვიწევს. ვფიქრობ, 15 ადამიანი ერთ აუდიტორიაში დისტანცირების დაცვით უფრო მოსახერხებელი იქნება, ვიდრე დიდი სივრცე სადაც შეიძლება გაცილებით მეტი აბიტურიენტი მოთავსდეს“.
ზოგიერთს კი სხვა საფიქრალი აქვს. აბიტურიენტი ბესო აბაშიძე ერთგვარ შეღავათებზე მიუთითებს: „იქიდან დავიწყოთ, რომ მეორე სემესტრი ფაქტობრივად ვერ ვისწავლეთ, მე უფრო მეტად იმას ველოდები, რომ ტესტების შედგენისას ამ მომენტს გაითვალისწინებენ. სხვა სახის დეტალები ჩემთვის მეორეხარისხოვანია, ვიცი, რომ პირბადე აუცილებლად უნდა მეკეთოს, ზოგიერთი გამოცდა საკმაოდ ხანგრძლივია ესეც დისკომფორტი იქნება. ცუდია რომ ასეთ ვითარებაში გვიწევს გამოცდების ჩაბარება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. იმედია ჩემს შედეგზე ეს არ მოახდენს გავლენას“.
ამ ეტაპისთვის ცნობილია მხოლოდ რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომელიც გამოცდებზე აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული:
- მაგიდების განლაგებისას გამოიყენეთ 2მ დისტანციის შესაძლებლობა;
- არ დაუშვით საგამოცდო ცენტრში პედაგოგები და სტუდენტები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე;
- სტუდენტები მაგიდებთან არ განათავსოთ ერთმანეთის პირისპირ;
- საგამოცდო ცენტრში სტუდენტების მისაღებად გამოიყენეთ ცვლებში მუშაობის რეჟიმი;
- ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარული შესვენება;
- უზრუნველყავით საგამოცდო დარბაზის შესასვლელში ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ან სხვა ანალოგიური ეფექტის მქონე ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
- უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
ერთიანი ეროვნული გამოცდების წლევანდელი დეტალები სავარაუდოდ ივნისის პირველ ნახევარში გასაჯაროვდება. რა კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ საგამოცდო პროცესში ჩართულ ადამიანებს, გარდა იმისა, რაც ზოგადად ყველასთვის მოქმედებს, შეიცვლება თუ არა არსებული საგამოცდო ცენტრები, რისი გათვალისწინება იქნება სავალდებულო გამოცდის პროცესში და რა დარჩება მხოლოდ რეკომენდაციად, ამას, იმედია ივნისის თვეში დაგეგმილ კიდევ ერთი პრეზენტაციისას გავიგებთ.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება