GE

აჭარის სკოლებში ბავშვები არ დადიან, მაგრამ არცერთი სკოლა ონლაინ რეჟიმზე გადასული არ არის

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების დღიდან, 17 იანვრიდან, აჭარაში გადაუღებლად თოვს, რაც ამ რეგიონში სასწავლო პროცესის შეფერხების სერიოზული მიზეზია. როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ბავშვები სკოლაში ფაქტობრივად არ დადიან, მაგრამ სასწავლო პროცესი მაინც ყველა სკოლაში მიმდინარეობს.

„თუ ბავშვი სკოლაში გამოცხადდება, გაკვეთლი აუცილებლად ჩაუტარდება. პედაგოგები, ადმინისტრაციული პერსონალი – ყველა დადის და სკოლები ღიაა“, – გვითხრეს სამინისტროში.

ბავშვებს კი, რომლებიც თოვლის გამო სკოლაში ვერ მიდიან, მითითების თანახმად, პედაგოგები სათითაოდ უკავშირდებიან ტელეფონით, ინტერნეტით, თუ „თიმსით“ და ისე აძლევენ დავალებას, რაც „თოვლის პირობებში აჭარისთვის ჩვეული მოვლენაა“.

აჭარაში 229 სკოლაა. განათლების სამინისტრო EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ ზუსტი სტატისტიკა არ აქვთ, თუმცა იციან, რომ დასწრება ძალიან დაბალია, რასაც არა ვირუსული პანდემია, არამედ მხოლოდ კლიმატური პირობები განაპირობებს. ამჟამად კი მთელს აჭარაში და მათ შორის ბათუმშიც, გადაუღებლად თოვს. კითხვაზე კი, არის თუ არა რომელიმე სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადასული, გვპასუხობენ, რომ ამ დრომდე არცერთი სკოლიდან შესულა მოთხოვნა დაუსწრებელ რეჟიმზე გადასვლისა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს აჭარის განათლების სამინისტროში უთხრეს, სანამ სასწავლო წელი დაიწყებოდა, სკოლის აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელი დაიტესტა და კორონავირუსის გავრცელების გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომლის მოვალეობაშიც შედის სკოლის ონლაინ რეჟიმზე გადაყვანა, მსგავსი გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ მიუღია.  

„ამჟამად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით, აჭარის არცერთი სკოლა და არცერთი კლასი არ არის გადასული ონლაინ სწავლებაზე. მოგეხსენებათ, დასვენების დღეები იყო და თუ ვინმეს დაუდასტურდა ვირუსი, მათ შეხება არ ჰქონიათ სხვა მასწავლებლებთან თუ მოსწავლეებთან, ისე გადავიდნენ იზოლაციაში“, – უთხრეს EDU.ARIS.GE-ს.

ასევე იხილეთ:

არსებითი პრობლემები, რომელმაც პანდემიისას მოსწავლეთა სწავლაზე ნაკლებხელმისაწვდომობა გამოიწვია – რას უყვება განათლების კომიტეტი ჩხენკელის უწყებას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური