GE

„ადამიანებს ეშინიათ დარეკონ პოლიციაში“ – მასწავლებლობის მსურველები სამოქალაქო განათლების საგნის გაძლიერებასა და მნიშვნელობაზე

სამოქალაქო განათლების სწავლება საქართველოში ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან მისი ძირითადი მიზანი აქტიური, მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ადამიანების ჩამოყალიბებაა. მსგავსი ადამიანის აღზრდა ხელს უწყობს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული თანასწორი, ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას. საგანი საქართველოს სკოლებში უკვე დაწყებითი კლასებიდან ისწავლება „მე და საზოგადოების“ სახით, თუმცა მშობლებსა და მასწავლებლების ნაწილშიც დღემდე არ წყდება დისკუსია მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

დღეს მასწავლებლობის მსურველები საბაზო და საშუალო საფეხურის ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (წერითი ნაწილი) გამოცდა ჩააბარეს. საგამოცდო ცენტრებში აპლიკანტების 83%-ზე მეტი გამოცხადდა და არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ აფასებენ და როგორ ხედავენ სამოქალაქო განათლების მნიშვნელობას ადამიანები, რომლებსაც სკოლაში დასაქმების და ამ საგნის სწავლების სურვილი აქვთ. მასწავლებლობის მსურველთა უმეტესობა სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლებას, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

მეგი ბერიძე პროფესიით იურისტია და გადაწყვიტა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გახდეს. ის ამბობს, რომ სკოლაში სწავლის დროს საგნის მნიშვნელობა თავადაც არ ესმოდა, თუმცა წლებმა სხვა რეალობა აჩვენა

„გარკვეულ საკითხებზე ძალიან არ მომწონს ახალგაზრდების შეხედულებები და ასეთი საგნები, რომლებიც თითქოს არ ითვლება მნიშვნელოვნად, ხელს უწყობს მათი ცნობიერების ჩამოყალიბებას. სიმართლე გითხრათ როდესაც მოსწავლე ვიყავი, ვაღიარებ, მეც მეორეხარისხოვან საგნად მივიჩნევდი სამოქალაქო განათლებას. დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი და ვსწავლობდი იმიტომ, რომ ნიშანი მიმეღო, მაგრამ ახლა რომ ვიაზრებ, ძალიან მნიშვნელოვანი საგანია. პროფესიით იურისტი ვარ და სურვილი მაქვს მცირე წვლილი შევიტანო მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციაში. სკოლა ყველაზე კარგი სივრცეა, სადაც შეგიძლია ურთიერთობა გქონდეს ახალგაზრდებთან. იმდენ ნეგატივს ვხედავთ, ისეთი აგრესიული დამოკიდებულებაა ერთმანეთისადმი ჯერ მოზრდილ თაობაში და მით უმეტეს ახალგაზრდებში, საჭიროა ცვლილებები, რომელიც ზუსტად ამ ახალი თაობიდან უნდა დაიწყოს. იმედი მაქვს, შევძლებ მასწავლებლის სერტიფიკატის მოპოვებას და შემდეგ შევეცდები სკოლაში დავსაქმდე“,- ამბობს მეგი.

მასწავლებლობის კიდევ ერთი მსურველი მარიამ შეშაბერიძე ფიქრობს, რომ სკოლის მოსწავლეებს ოჯახსა თუ სკოლაში საკუთარი უფლებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ, ამ ყველაფერს კი ისინი სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე უნდა სწავლობდნენ.

„სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლება ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოზარდებში, ფაქტობრივად, არ არის ცნობიერება მათი უფლებების შესახებ, არც კანონების შესახებ და ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე ბავშვებს ზრდიან სტრესულ გარემოში. მათ არ იციან რისი უფლება აქვთ, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი საგანია. არ გვაქვს კარგი ბექრაუნდი ამ მიმართულებით და გამოცდილება, ინდეფერენტული დამოკიდებულება, შიშები, ეს ყველაფერი სისტემიდან და მენტალიტეტიდან მომდინარეობს. ადამიანებს ეშინიათ დარეკონ პოლიციაში, რადგან ვიღაცა ქალაჩუნას დაუძახებს, ეს ყველაფერი არის ალბათ სამოქალაქო განათლების დაბალი დონის გამო და ასეთი საზოგადოების გამო. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ოჯახური გარემო და ჩვენი მენტალიტეტი, ეტაპობრივად, აუცილებლად უნდა მოხდეს ცვლილებები. საგამოცდო საკითხებს რაც შეეხება, იყო რამდენიმე კითხვა ძალადობაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ამ გამოცდის სპეციფიკა სხვაგვარი იყოს, უფრო მეტი აქცენტი იყოს აქტუალურ საკითხებზე. ამ შემთხვევაში იყო მსგავსი რამდენიმე საკითხი ძალადობაზე, ეკონომიკაზე და ა.შ. თუმცა დიდად მოხიბლული არ ვარ ამ საკითხებით, პროგრამა რასაც ითვალისწინებს არის, უფრო აქტუალური საკითხებიც შეიძლებოდა“, – გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა მარიამ შეშაბერიძემ.

საგამოცდო ცენტრებიდან გამოსული სხვა მონაწილეებიც აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო განათლების პედაგოგს არა კონკრეტული საგნის ცოდნა, არამედ ზოგადად განათლების მაღალი დონე უნდა ჰქონდეს, თავად საგანს კი სკოლებში კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია სჭირდება.

თამთა მოდებაძე: ძალიან მნიშვნელოვანი საგანია იმიტომ, რომ ყველა ადამიანისთვის აუცილებელია მოქალაქეობრივი კუთხით განვითარება, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ჩვენს ირგვლივ ბევრი დანაშაული ხდება და თუ ბავშვებს თავიდანვე მივაჩვევთ წესრიგს და სამოქალაქო ცხოვრების მიმართ სწორ დამოკიდებულებას, ძალიან კარგი იქნება. გამოცდის საკითხები ძირითადად სასკოლო პროგრამიდან იყო, წინა წლის ტესტებიც ნანახი მქონდა. ისტორიას ვასწავლი კერძო სკოლაში და სამოქალაქო განათლების კუთხით გადავწყვიტე სერტიფიკატი მივიღო, ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

გამოცდის მონაწილე 175-ე საჯარო სკოლაში განთავსებული ცენტრიდან: ძალიან მარტივი გამოცდაა, იმიტომ კი არა რომ მე ვარ ჩემი მუშაობით კმაყოფილი, არა, ვფიქრობ რომ პედაგოგობის მსურველმა ამ საკითხებზე მსჯელობა უნდა შეძლოს. მე სამოქალაქო განათლებას და ისტორიას ახლოს ვაკავშირებ ერთმანეთთან და ვფიქრობ, ამ საგნის მასწავლებელმა ისტორიაც ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ანალიზის გაკეთება შეძლოს. ზოგადად, რთულია ასეთი საკითხების დაწერა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უნივერსიტეტში თუნდაც ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები აქვთ გავლილი და არ აქვთ ჩატარებული კვლევა. ეს ჩვენს უნივერსიტეტებში სამწუხაროდ გავრცელებული მიდგომაა, მხოლოდ ფაქტებით სწავლებაა.

ასეთი ადამიანისთვის ძალიან მარტივია პასუხების ოთხი ვარიანტიდან ერთ-ერთი აირჩიოს, მაგრამ რაც შეეხება სამსჯელო საკითხებს, აქ უკვე აზროვნების და მსოფლმხედველობის ჩართვაა საჭირო. სკოლაში როცა იწყებ მუშაობას და განსაკუთრებით სამოქალაქო განათლების პედაგოგად, სულ სხვა პასუხისმგებლობაა. ბავშვთან ურთიერთობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და, მით უმეტეს, რთულია ონლაინ სწავლება. თუ გინდა პედაგოგი იყო და ბავშვი მოქალაქედ გაზარდო შენ თავად არ უნდა შეგეშინდეს ბარიერების, თუნდაც იმ გამოცდების, რაც სკოლაში შესვლისთვის უნდა ჩააბარო და შემდეგ კიდევ გარკვეული პროცესები გაიარო. ყოველი ბარიერი უფრო და უფრო აძლიერებს ადამიანს, ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვებს. ცოტა არ იყოს მეშინია ბავშვებთან ურთიერთობის, იმის გამო კი არა, რომ “შემჭამენ”, არა, ვფიქრობ მე არ დავაშავო რამე.

აპლიკანტი 175-ე საჯარო სკოლის ცენტრიდან: ძალიან დიდი შეცდომაა, ვინც სამოქალაქო განათლებას უმნიშვნელო საგანს უწოდებს, ბევრი ახლობელი პედაგოგი მყავს და ძალიან ხშირად გამიგონია, რომ მორჩენილი საათები მისცეს და სამოქალაქოს მაინც ვასწავლი და მსგავსი დამოკიდებულება. პროფესიით თარჯიმანი-ჟურნალისტი ვარ და გადავწყვიტე ამ საგნის გამოცდაზე გასვლა. არ ვიცი რამდენად შევძლებ სკოლაში მუშაობის დაწყებას, მაგრამ სურვილი ძალიან დიდი მაქვს. მე ვფიქრობ, რომ არანაირი ფასი არ აქვს მოსწავლემ 10-ზე იცოდეს მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია თუ ის არ არის მოქალაქე. ან პირიქით, შეიძლება მოსწავლეს გარკვეულ საგნებში ეწეროს დაბალი ქულები, მაგრამ ჰქონდეს კარგი მოქალაქეობრივი შეგნება. დამიჯერეთ, ის უფრო წარმატებული იქნება ცხოვრებაში და მეტ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას. მივესალმები იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო განათლება სკოლებში დაწყებითი კლასებიდან ისწავლება, ოღონდ მთავარია ამას არ ჰქონდეს ფორმალური ხასიათი და მასწავლებელი ნამდვილად მუშაობდეს ბავშვებთან. სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერების შემდეგ აღარ იქნება ჩვენს ქვეყანაში მსგავსი სახის ძალადობა, რასაც ბოლო პერიდოში ვხედავთ და ყველა განვიცდით. ადამიანები საკუთარ წარმატებას თუ წარუმატებლობას აღარ დააბრალებენ რომელიმე მთავრობას თუ თანამდებობის პირს და იქნებიან მხოლოდ თავის თავის პატრონები. ასეთი საზოგადოება გვინდა და ბავშვებისთვის შესაბამისი განათლების მიწოდებით, რა თქმა უნდა, ამას მივაღწევთ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური