GE

ადევნება, შევიწროება, ძალადობა – რა გზებს მიმართავენ სკოლა და მშობლები ბავშვების დასაცავად

ცოტა ხნის წინ, ახმეტელის მეტროსთან, მე და ჩემს ქმარს დაახლოებით 12 წლის გოგონა მოგვიახლოვდა და გვთხოვა  – ვიღაც კაცი ამეკიდა და თქვენთან ერთად ვივლი, იქნებ შეეშინდეს და მომშორდესო. უარი, რა თქმა უნდა, არ გვითქვამს. შევთავაზეთ პოლიციაში დარეკვაც, მაგრამ გოგონა უარზე იყო. ვეცადეთ ის კაციც გვენახა, მაგრამ ვერ შევძელით – ხალხს შეერია. როგორც გოგონამ მოგვიყვა, სკოლიდან სახლში მეტროთი ბრუნდებოდა, როცა მიხვდა, რომ მამაკაცი მის გვერდით არაბუნებრივად იქცეოდა (დაჟინებით უყურებდა, ცდილობდა მიახლოებას და ყოველი გადაადგილებისას უკან მიჰყვებოდა). ერთ-ერთ გაჩერებაზე გოგონა განგებ გამოსულა ვაგონიდან, რათა მამაკაცი მოეშორებინა და შემდეგ შემადგენლობას გაჰყოლოდა, მაგრამ კაციც მასთან ერთად გამოვიდა და შემდეგ ვაგონშიც შეჰყვა. გოგო ბოლო გაჩერებაზე ჩამოვიდა და კაციც ჩამოჰყვა.

შეშინებულმა გოგონამ მხოლოდ ისღა მოიფიქრა, რომ ჩვენთან მოვიდა და დახმარება გვთხოვა. გოგონა მისი სახლისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსიში ჩავსვით, დავრწმუნდით, რომ „საეჭვო მამაკაცი“ სიახლოვეს არ იმყოფებოდა და სახლში გავუშვით.

მსგავსი ისტორია, მოგვიანებით, დაახლებით იმავე ასაკის მეზობელმა გოგომაც მომიყვა, რომელსაც სკოლაში წასასვლელად ტრანსპორტი სჭირდება. ანალოგიური სიტუაცია არაერთი ქალისთვისაა ნაცნობი. თუმცა, ამ შემთხვევაში, საუბარი ბავშვებზე გვაქვს, რომლებიც სკოლაში, წრეებსა თუ მეგობრებთან უკვე დამოუკიდებლად დადიან.

მშობლები, რომელთაც EDU.ARIS.GE ესაუბრა, მსგავსი სიტუაციებისაგან თავის ასარიდებლად და შვილების დასაცავად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, თუმცა, თითოეული ამბობს, რომ მათი მთავარი „იარაღი“ შვილების ინფორმირებულობა და მსგავსი არასასურველი შემთხვევებისათვის წინასწარ შემზადებაა.

მარის გოგონა 14 წლისაა და უკვე 2 წელია სკოლაშიც, ინგლისურის მასწავლებელთანაც და ტანვარჯიშის წრეზეც დამოუკიდებლად დადის. მარი ამბობს, რომ თავდაპირველად შვილის მარტო გაშვება ძალიან გაუჭირდა. მუდმივად, როცა ბავშვი სახლიდან გასული იყო, ნერვიულობდა.

„თანაც, მაშინ ტელეფონიც არ ჰქონდა, რადგან არ გვინდოდა 12 წლის ბავშვისათვის მრავალფუნქციური ტელეფონი  გვეყიდა. შემდეგ მოვიფიქრეთ და ე.წ. „ჭკვიანი საათი“ გამოვიწერეთ, რომლის მეშვეობითაც მის გადაადგილებას ვაკონტროლებდით და იცოდა, თუ როგორ უნდა გამოეშვა ჩვენთან შესაბამისი სიგნალი საჭიროების შემთხვევაში. ამ ნივთის იმედად ნამდვილად ბევრად მშვიდად ვიყავი.

“ბოლო დროს შედარებით იშვიათად იყენებს მას, მეც არ ვაძალებ, რადგან არ მინდა ეს ყველაფერი კონტროლად აღიქვას. ამიტომ ახლა ძირითადად თავად ჩემი შვილის იმედი მაქვს, რომ თუ მას ქუჩის არასასურველ უცნობებთან გამკლავება მოუწია, შესაბამისად მოქცევას შეძლებს. ახლა უკვე ტელეფონი აქვს და იცის, რომ როგორც ვინმე მის შეწუხებას შეეცდება, 112-ზე უნდა დარეკოს. მოზომილი სიფრთხილით ვაწვდი ხოლმე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზოგიერთ ადამიანს სულაც არ აქვს კეთილი ზრახვები და ყველას არ უნდა ენდოს. თან იმასაც ვცდილობ, რომ არ გადავამლაშო და ბავშვში გადაჭარბებული უნდობლობა, ან პანიკა არ დავთესო. ოქროს შუალედის პოვნა საკმაოდ რთულია“, – ამბობს მარი.

ჩვენს კითხვაზე, რამდენად აქვს საზოგადოების და იმის იმედი, რომ თუკი გოგონა ქუჩაში, ტრანსპორტში, სკოლაში ან სხვა საჯარო ადგილას არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდება მას ვინმე დაიცავს, მარი გვპასუხობს, რომ ამის იმედი ნაკლებად აქვს.

„ორიოდე თვის წინ, საკმაოდ გაჭედილ ავტობუსში შევესწარი სიტუაციას, როდესაც დაახლოებით 35-40 წლის მამაკაცი 16-17 წლის გოგოს, როგორც აღმოჩნდა, გარკვეული დროის განმავლობაში სხეულზე ეხებოდა. გოგომ, როგორც ჩანს, ხმის ამოღება ვერ გაბედა და რამდენჯერმე შეიცვალა ადგილი, მაგრამ კაციც უკან მიჰყვებოდა. ეს ყველაფერი ერთმა ქალბატონმა შენიშნა და კაცს ჩხუბი დაუწყო – დაანებე ბავშვსო. მერე მეც ჩავერთე კამათში. ავტობუსში ძალიან ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ ხმა სხვას არავის ამოუღია. განსაკუთრებით გამაოცა იმან, რომ არც ერთმა მამაკაცმა არ დაიცვა გოგო, რომლის ტოლიც მათ, ალბათ, შვილები და დები ჰყავთ. ის არაკაცი ბოლომდე მშვიდად მგზავრობდა, არც მძღოლმა მიიღო რაიმე ზომა. ასე რომ, საზოგადოების იმედი, რომ მსგავს სიტუაციაში ჩემს შვილს დაიცავენ, ნამდვილად არ მაქვს“, – გვიყვება მარი.

ნინო ლომიძეს ათი წლის გოგონა ჰყავს. გვიყვება, რომ ბავშვი 9 წლიდან სკოლაში მარტო დადის. ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვსა და მშობელს შორის ნდობაა და თუკი ბავშვს ნებისმიერ სიტუაციაში, მშობლის მხარდაჭერის იმედი ექნება, ეს მას დაეხმარება მშობელთან არაფერი დამალოს.

„სულ ვაფრთხილებ რომ არავის უნდა დაელაპარაკოს. უცხოს – მით უმეტეს და თუ ვინმე დაელაპარაკება, ხელს შეახებს ისე, რომ ამას არ მოეწონება, ან ეტყვის რამეს, აუცილებლად უთხრას, რომ ასე არ შეიძლება და გაგრძელების შემთხვევაში იყვიროს. არ აქვს მნიშვნელობა ეს მასწავლებელი იქნება, მეზობელი თუ კლასელი. იცის, რომ კონკრეტულ ადგილებში შეხება საერთოდ აკრძალულია და  თუ ვინმე შეეხება, თუნდაც შემთხვევით, შენიშვნა უნდა მისცეს.

„ვფიქრობ, ბავშვები სახლის გარეთ დაცულები არ არიან. გარშემო ბევრი ფაქტი გამიგია, როცა ვიღაცამ ბავშვი შეაშინა. ამიტომ სულ ვუმეორებთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენი იმედი უნდა ჰქონდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ დავეხმარებით. ვეუბნებით, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხშირად ხდება და არ ვძაბავთ”,- ამბობს ნინო.

ჩვენს შემდეგ რესპონდენტს, თემასთან დაკავშირებით, საკმაოდ მძიმე გამოცდილება აქვს – მის შვილს სადარბაზოში მამაკაცი დახვდა. შემთხვევა ორი წლის წინ მოხდა, თუმცა ამბობს, რომ ბავშვი დღემდე სტრესშია. სწორედ ამიტომ, საკუთარი სახელისა და გვარის გამჟღავნებისაგან თავი შეიკავა.

„მაშინ ჩემი შვილი 13 წლის იყო. ცეკვიდან საღამოხანს ბრუნდებოდა. მეოთხე სართულზე ვცხოვრობთ. მოგვიყვა, რომ პირველ და მეორე სართულებს შორის უცხო კაცი იდგა. როდესაც ბავშვმა გვერდზე ჩაუარა, მკლავში ხელი მოჰკიდა და მოქაჩა. ბავშვს კივილი დაუწყია. მას შეუგინებია, ხელი გაუშვია და გაქცეულა. ჩვენ ყვირილი არ გაგვიგია. როგორც მეზობლებმა გვითხრეს, არც მათ, თუმცა მეეჭვება, ბავშვი ხომ მათი კარის წინ კიოდა. უფრო მგონია რომ „შარში არ გაყვეს თავი“. ბავშვი სახლში შეშინებული ამოვიდა. მაშინვე გავიქეცი დაბლა, მაგრამ რა თქმა უნდა, ვეღარავინ ვნახე. სამწუხაროდ, პოლიციისთვის არ მიმიმართავს.

„ბავშვმა ეს შემთხვევა საკმაოდ განიცადა. შიშები ჰქონდა. ეგონა, რომ ის კაცი პირადად მას ერჩოდა და სადმე კიდევ დახვდებოდა. ვუხსნიდი, რომ არსებობენ ასეთი მანიაკები, რომლებიც პირადად მას კი არ ერჩიან, ნებისმიერ ბავშვთან შეიძლებოდა ასე მოქცეულიყო. რამდენიმე დღე სკოლაში არ უვლია. სამწუხაროდ, არ მქონდა საშუალება, რომ ფსიქოლოგთან მიმეყვანა, თორემ ნამდვილად სჭირდებოდა. ჩემი ძალებით ვცდილობდი მისთვის ეს შემთხვევა დამევიწყებინა და შიში დაგვეძლია. მალე ორი წელი გავა და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ბავშვმა ყველაფერი დაივიწყა. არასოდეს რჩება გარეთ დაბნელებამდე. ერიდება სადარბაზოებში მარტო შესვლას. როცა სახლში საღამოს ბრუნდება, მე ან მეუღლე ჩავდივართ ქვემოთ და ვხვდებით. ვრეპეტიციობდით ხოლმე თუ როგორ უნდა დაერეკა პოლიციისთვის თუკი ამის საჭიროებას იგრძნობდა, რა უნდა ეთქვა, რომ მისი ადგილსამყოფელი დაედგინათ და ა.შ. მის ტელეფონზე გავააქტიურეთ აპლიკაცია, რომლითაც მისი გადაადგილების გაკონტრლება შეგვიძლია. ძალიან ფრთხილი გახდა. ეს ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, მეშინია, რომ შიში არც მოზრდილობისას გაუვლის“, – გვიყვება რესპონდენტი.

ბავშვებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება თავდაცვისა და პრევენციის საუკეთესო საშუალებად მიაჩნია სოფო ფიცხელაურსაც, რომელსაც 3 არასრულწლოვანი გოგონა ჰყავს. ამბობს, რომ შვილებთან ამ თემაზე ხშირად ლაპარაკობს და ბავშვებმა იციან, რომ ჩვეულებრივი რამ არაა, როცა მათ ქუჩაში უცნობი ლაპარაკს გაუბამს, სადმე გაყოლას სთხოვს და ა.შ. სოფოს ბავშვების იმედი აქვს, რომ თუკი ისინი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან, შეეცდებიან არასასურველ უცნობს თავი აარიდონ. გართულების შემთხვევაში კი აუცილებლად დარეკავენ 112-ზე, ან საშველად მოუხმობენ ვინმეს.

„სულ ახლახანს ჩემს უფროს ქალიშვილს სმარტფონი შევუძინეთ, რათა შესაბამისი აპლიკაციების ჩართვა  და მისი გადაადგილებისათვის თვალყურის მიდევნება შევძლოთ. ძალიან კარგია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა. მშობლები უფრო მშვიდად, ბავშვები კი უფრო დაცულად იგრძნობენ თავს,“ – ამბობს სოფო.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა რა როლს თამაშობს ბავშვის ინფორმირებულობასა და მსგავსი არასასურველი სიტუაციებისათვის წინასწარ შემზადების საქმეში სკოლა და აღნიშნული კითხვით განათლების სამინისტროს მიმართა.

როგორც სამინისტროში განგვიმარტეს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია სადამრიგებლო საათი, რომლის ფარგლებშიც დამრიგებელი მოსწავლეებთან სხვადასხვა თემაზე საუბრობს.  მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზე და საჭიროებისამებრ, იმ სიტუაციებთან გამკლავებაზეც, რომლებზეც სტატიაშია მოთხრობილი. აღნიშნული საათის ფარგლებში, პედაგოგს ბავშვებთან სასაუბროდ შეუძლია მშობლის, კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლისა თუ  სხვა კომპეტენტური ადამიანის მოწვევა, რომელიც ბავშვებს მეტ ინფორმაციას მიაწვდის.

1-4 კლასის მოსწავლეთათვის სადამრიგებლო საათის პროგრამაში ვკითხულობთ, რომ უსაფრთხოების თემას, ამ კლასებში, 1 ან 2 შეხვედრა ეთმობა. აღნიშნულ შეხვედრებზე მასწავლებლები მოსწავლეებთან საუბრობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა პირადი უსაფრთხოების დაცვა, არასტანდარტულ სიტუაციებში ადეკვატური მოქმედება, სიფრთხილის გამოჩენა უცნობ ადამიანებთან, მათ შორის, ვირტუალურ მეგობრებთან, ქუჩაში მოძრაობის წესები და ა.შ.

მსგავს თემებს  სკოლაში  საგნების “მე და საზოგადოება” და “სამოქალაქო  განათლება” ფარგლებშიც ეხებიან. ჟანა ხაჩატურიანი ორივე მათგანს ილია ჭავჭავაძის #3 საჯარო სკოლაში ასწავლის.

პედაგოგი ამბობს, რომ აღნიშნულ თემებზე  ბავშვების ინფორმირებულობა მესამე კლასიდან იწყება, როდესაც ბავშვები უკვე იმ ასაკში არიან, როცა დამოუკიდებლად გადაადგილებას იწყებენ და  მშობლების გარეშე სულ უფრო ხშირად რჩებიან.

“როდესაც ამ თემაზე პატარებთან ვსაუბრობთ, სულ ვეუბნებით, რომ უცნობებს არ უნდა ენდონ. სხვათა შორის, მოსწავლეებისაგან კარგი პასუხები მოდის. თითქოს ეს თაობა ამ ყველაფრისათვის სხვანაირად არის მზად. არ ვიცი ინფორმაციას საიდან იღებენ – ინტერნეტიდან, ფილმებიდან, ოჯახებიდან, მაგრამ ეს საკითხი მათთვის უცხო არაა და პირველად ჩემგან არ ისმენენ. მიუხედავად ამისა, მაინც ვასწავლით როგორ მოიქცნენ, თუკი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ვცდილობ, ბავშვებს ავუხსნა, რომ ოჯახის წევრების, მასწავლებლებისა და ძალიან ახლო ნაცნობების გარდა არავის უნდა ენდონ.

“ზოგადად, ყველა თემაზე ვსაუბრობთ, რაც უსაფრთხოებას ეხება. მათ შესაბამისი შინაარსის მქონე ფილმებს ვაყურებინებთ, როლურ თამაშებს ვთამაშობთ, რადგან ასე უფრო ადვილად ითვისებენ, ვიდრე უბრალოდ წიგნიდან ამოკითხვით. მეშვიდე კლასიდან კი, “სამოქალაქო განათლების” ფარგლებში,  მათ უკვე კიბერუსაფრთხოებაზეც ვესაუბრებით”, – ამბობს პედაგოგი.

ამ ყველაფრის მოსასწრებად მასწავლებლებს მხოლოდ 1 გაკვეთილი აქვთ, რადგან სწორედ ამდენი დროა გამოყოფილი ზემონახსენები თემებისათვის სკოლაში. ჩვენს კითხვაზე –  არის თუ არა ბავშვის ინფორმირებისა და მომზადებისათვის საკმარისი ის დრო და მეთოდები, რაც სკოლებში უსაფრთხოების თემაზე საუბარსა და ბავშვის მსგავსი სიტუაციებისათვის შემზადებას  ეთმობა, ქალბატონი ჟანა გვპასუხობს, რომ „უფრო მეტი უკეთესი იქნებოდა“.

“ცუდი არ იქნებოდა დამატებით რაიმე სახით მიგვეწოდებინა  ინფორმაცია, კიდევ უფრო კარგად გაეზიარებინათ საფრთხე და შესაძლო შედეგები. დრო საკმაოდ ცოტაა – 1 გაკვეთილი ეთმობა და ეს ცოტაა. შესაძლებელია რომ მეტი დრო დაეთმოს. მე პირადად ამის მომხრე ვარ”, – დასძენს იგი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ადევნება პირადად, ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას  ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით – ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ან ორსული ქალის მიმართ ისჯება თავისუფლების აღკვეთით – ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური