GE

ადრე და ახლა – როგორ უნდა გახდე პროფესორი საქართველოში

ვიკიპედიის თანახმად, ტერმინი „პროფესორი“, რომელიც რომის იმპერიაში შემოიღეს, სამეცნიერო წოდებაა, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლების ყველაზე უფრო კვალიფიციურ მასწავლებლებს ანიჭებენ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონის მიხედვით კი, პროფესორი (იგივე „სრული პროფესორი“) არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც სასწავლო პროცესს უძღვება და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ხელმძღვანელობს.

პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე განსხვავდებოდა ამ ტერმინის აღქმაცა და მისი, როგორც წოდების დამსახურების გზებიც. სტატიაში იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა ევლო აკადემიურ კიბეზე ადამიანს წარსულში, როგორ ხდებოდა პედაგოგიურ-სამეცნიერო საქმიანობით დაკავებული პიროვნება პროფესორი საბჭოთა პერიოდში, რა გზის გავლა უწევდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და რა პროცედურებს გადის ამჟამად.

მეცნიერება საბჭოეთში – „ადრე ერთხელ გახდებოდი პროფესორი და სამუდამოდ იყავი. მაშინ კონკურსი არ იყო“

მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, პროფესორი – ეს წოდებები საბჭოთა პერიოდის საქართველოში საკმაოდ ბევრს ნიშნავდა. ამ წოდების მატარებელი საზოგადოების პატივისცემას იმსახურებდა და გარკვეული პრივილეგიებითაც სარგებლობდა. გზა, რომელსაც მაშინდელი პროფესურა გადიოდა, ახლანდელისგან განსხვავებულია.

წარსულში, იმისათვის, რომ პროფესორი გამხდარიყავი, ორი დისერტაცია უნდა დაგეცვა – საკანდიდატო და სადოქტორო. საკანდიდატო დისერტაციის მოთხოვნები, სადოქტოროსთან შედარებით, მსუბუქი იყო და პროფესორობისაკენ მიმავალ გზაზე პირველ საფეხურადაც ითვლებოდა. მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოპოვებას კი, მნიშვნელოვანი სიახლის აღმოჩენა სჭირდებოდა. სისტემა ცენტრალიზებული იყო და ცენტრალიზებულად იყო დადგენილი საერთო კრიტერიუმებიც. იგი ფუნქციონირებდა საბჭოთა კავშირის დროსაც და შემდეგომ, დამოუკიდებელ საქართველოშიც, ვიდრე ვარდების რევოლუციამდე.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და ყოფილმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1977 წელს დაასრულა. სტაჟირება და ასპირანტურა კი მოსკოვში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ მათემატიკურ-ეკონომიკურ ინსტიტუტში გაიარა. 1982 წელს საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1989 წელს სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა.

აღსანიშნავია, რომ მაშინდელი ასპირანტურა ახლანდელი დოქტორანტურის საპირწონეა. მისი დასრულება მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაციის წარმატებით დაცვას ნიშნავდა. მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად კი, დისერტაციას ბევრად უფრო მაღალი მოთხოვნები წაეყენებოდა, მეცნიერებაში წვლილის შეტანის თვალსაზრისით. საბოლოოდ, სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოპოვება ხდებოდა.

ამავდროულად, იმ პერიოდში, უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი იყო პირს მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ჰქონოდა. მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით მხოლოდ დოცენტობა იყო შესაძლებელი. ახლანდელ დროსთან პარალელი რომ გავავლოთ, დოცენტის შესაბამისი თანამდებობა ასოცირებულ პროფესორია. კათედრის გამგეობას კი, მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და პროფესორის სტატუსიც სჭირდებოდა.

„საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში, 80-იან წლებში, დაიშვა გამონაკლისი და განსაკუთრებული სტაჟის მქონე მეცნიერებათა კანდიდატები პროფესორების თანამდებობაზე იქნენ არჩეულები და კათედრის გამგის თანამდებობის დაკავებაც კი შეეძლოთ. ასე რომ, მოქმედებდა სამეცნიერო საქმიანობის მკაცრი რეგლამენტი, ერთიანი შეფასების სისტემა, რომელიც გარკვეული წესრიგის დამყარების საფუძველს იძლეოდა“, – ამბობს პროფესორი ლადო პაპავა.

შესაძლოა ისეც მომხდარიყო, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ყოფილიყო დოცენტი, მაგრამ ვერ/არ გამხდარიყო პროფესორი. უმაღლეს სასწავლებელში თანამდებობის დაკავება სამეცნიერო ხარისხთან იყო დაკავშირებული. თუ სამეცნიერო ხარისხი არ გქონდა, ანუ არ იყავი მეცნიერებათა კანდიდატი, ჯერ ხარისხი უნდა დაგეცვა, მეცნიერებათა კანდიდატი გამხდარიყავი და მხოლოდ ამის შემდეგ – დოცენტი.

“საკანდიდატო დისერტაციის დაცვა შედარებით მარტივი იყო. სადოქტორო დისერტაციის დაცვა კი მეტ დროსა და შრომას მოითხოვდა. როდესაც პირი სადოქტორო დისერტაციას დაიცავდა და პროფესორის თანამდებობას დაიკავებდა, სამეცნიერო საქმიანობას არ აჩერებდა, მონაწილეობას იღებდა სამეცნიერო კონფერენციებში, აქვეყნებდა წიგნებს, სტატიებს, ბროშურებს და ა.შ. ამის შემდეგ მას სამეცნიერო პედაგოგიური წოდება ენიჭებოდა. ანუ, შესაძლებელი იყო პირს დაეკავებინა პროფესორის თანამდებობა, მაგრამ ჯერ არ ჰქონოდა მოპოვებული პროფესორის წოდება. მაგალითად, მე, 1997 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია, მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, პროფესორის წოდება კი დაახლოებით ორი წლის შემდეგ მომანიჭეს“,- დასძენს ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, თსუ-ის პროფესორი, ეკონომისტი ელგუჯა მექვაბიშვილი, რომელმაც დოქტორის ხარისხი 1983 წელს დაიცვა, ხოლო უნივერსიტეტში საქმიანობა 1988 წლიდან დაიწყო და ყველა მაშინდელი საფეხური თანმიმდევრობით გაიარა – თავდაპირველად უფროსი მასწავლებელი იყო, შემდეგ პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის დოცენტი, მოგვიანებით – ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 1992 დეკანადაც აირჩიეს და ფაკულტეტს დაახლოებით 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

აკადემიური საფეხურები დამოუკიდებელ საქართველოში

როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ახალი სისტემის შექმნა გახდა საჭირო. საკავშირო საატესტაციო კომისია უკვე აღარ არსებობდა, უფრო სწორად, მან მხოლოდ რუსეთში განაგრძო ფუნქციონირება. დამოუკიდებელ საქართველოში კი, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას, დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო სამეცნიერო ხარისხების მოპოვება. გაჩნდა იდეა, რომ სწავლულ ექსპერტთა საბჭო ჩამოყალიბებულიყო. თუმცა, ეს მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გახდა შესაძლებელი. როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიყვებიან, გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში ეს ყველაფერი, უბრალოდ, ვერ მოესწრო.

სწავლულ ექსპერტთა საბჭოს სათავეში აკადემიკოსი გივი სანაძე ჩაუდგა. საბჭოს დაქვემდებარებაში არსებობდა დარგობრივი კომისიები და თითოეულ მათგანს თავისი თავმჯდომარე ჰყავდა. ეკონომიის მიმართულების კომისიის თავმჯდომარე პროფესორი ლადო პაპავა გახდა, რომელიც, იმავდროულად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი იყო. შედეგად, სისტემა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა, გარკვეულწილად შენარჩუნდა, თუმცა სერიოზული ცვლილებებიც განიცადა. კერძოდ, შენარჩუნდა ორსაფეხურიანი სამეცნიერო დაცვის სისტემა – საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. უცვლელი დარჩა ისიც, რომ პროფესორობა მხოლოდ დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მქონე პირს შეეძლო. მას ასევე შეეძლო ყოფილიყო კათედრის გამგეც. თუმცა შეიცვალა პრინციპული რამ: თუკი საბჭოთა კავშირის დროს ყველა დაცულ დისერტაციას საკავშირო საატესტაციო კომისია ამტკიცებდა, სწავლულ ექსპერტთა საბჭო ამას აღარ აკეთებდა, ანუ, თუ დისერტაცია დაცული იქნებოდა სადისერტაციო საბჭოზე, იგი უკვე დამტკიცებულად ჩაითვლებოდა.

„ჩვენ, გარკვეულწილად, ამ ცენტრალიზებული სისტემის დემონტაჟი განვახორციელეთ და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის ნაბიჯი იყო. ამით ნდობა გამოვუცხადეთ იმ სადისერტაციო საბჭოებს, სადაც ხდებოდა დაცვა. თუმცა, შესაბამის სამეცნიერო ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში დისერტაციების დაცვის საბჭოების შემადგენლობას სწავლულ ექსპერტთა საბჭო ამტკიცებდა. სადისერტაციო საბჭო იმხელა ნდობით იყო აღჭურვილი, რომ მის წინაშე დაცული დისერტაცია დამტკიცებულად ითვლებოდა“, – დასძენს პროფესორი პაპავა.

თანამედროვე აკადემიური სისტემა

აღნიშნულმა სისტემამ ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდამდე იარსება, მანამ, სანამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათავეში კახა ლომაია ჩაუდგებოდა. ჩვენი რესპონდენტი, ლადო პაპავა ფიქრობს, რომ „მან ქართულ მეცნიერებას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა“. ამის დასტურად კი იხსენებს პერიოდს, როდესაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ცენტრები გაუქმდა, ხოლო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას „ინსტიტუტები გამოაცალეს“. ამავე დროს შეიცვალა სამეცნიერო დისერტაციების მომზადების პროცესიც. სწავლულ ექსპერტთა საბჭო გაუქმდა. ასევე, გაუქმდა ორ საფეხურიანი დისერტაციების დაცვის სისტემაც და გაჩნდა ახალი ხარისხი, რომელიც არა სამეცნიერო, არამედ უფრო აკადემიურ-პედაგოგიური ხარისხია.

როგორც ლადო პაპავა განმარტავს, აკადემიური დოქტორი „უფრო სასწავლო პროცესის შედეგია, ვიდრე სამეცნიერო კვლევისა“. უწინ პროფესორობა უფრო წოდება იყო, ახლა კი ეს აკადემიური თანამდებობაა. აკადემიური დოქტორის რანგი, სამეცნიერო თვალსაზრისით, მეცნიერებათა კანდიდატის დონეს გაუთანაბრდა. ახლა უნივერსიტეტი თავად ადგენს კრიტერიუმებსაც და თავად ქმნის სადისერტაციო საბჭოსაც. ანუ, ერთიანი სტანდარტი აღარ არსებობს. უფრო სწორად, იგი არსებობს საბაზისო დონეზე, თუმცა, კრიტერიუმებისა და სტანდარტებს დაწესებაში უნივერსიტეტებს სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული.

„შესაბამისად, ნებისმიერი უნივერსიტეტის აკადემიური დოქტორი არის მხოლოდ იმ უნივერსიტეტის აკადემიური დოქტორი. როდესაც ერთიანი სტანდარტი არ არსებობს, ზოგი უნივერსიტეტი უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებს დისერტაციას, ზოგი კი უფრო დაბალს. დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ, საბოლოო ჯამში, ამან ქართული მეცნიერება დააზარალა. მე იმ ქართველ მეცნიერთა რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც თვლიან, რომ აკადემიური დოქტორის ხარისხის შემდგომ ეტაპად მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის არსებობა გამართლებულია და სწორედ ამ ხარისხის მქონეები უნდა ხდებოდნენ პროფესორები. დღეს იმდენი რამაა გამარტივებული, რომ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი აკადემიური ხარისხის მქონე ადამიანი პროფესორია და რეალურად, ამ თანამდებობას არ შეესაბამებიან. მე რომ მკითხოთ, სისტემას უფრო გავამკაცრებდი“, – აცხადებს ლადო პაპავა.

ამჟამად აკადემიური თანამდებობები ოთხ საფეხურს მოიცავს – ასისტენტი (რომელიც უმეტესად დოქტორანტია), ასისტენტ-პროფესორი (რომელსაც უკვე ხარისხი დაცული აქვს), ასოცირებული პროფესორი და სრული პროფესორი. პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის პოზიციის დასაკავებლად, დღესდღეობით, ერთი და იგივე პრინციპი მოქმედებს – ღიად ცხადდება კონკურსი და ერთ ადგილზე, შესაძლოა, რამდენიმე აპლიკანტი იბრძოდეს ისე, როგორც ჩვეულებრივ ვაკანსიაზე. დეკანის ბრძანებით კომისია ყალიბდება და ჯერ საბუთების მიღება წარმოებს, შემდგომ – გასაუბრება. ყველაფერი ისე ხდება, როგორც ნებისმიერ ვაკანსიაზე მიღების დროს. აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს თავისი CV, სტატიები, ნაშრომები, თუკი რაიმე გამოუქვეყნებია და კომისია ამ ყველაფერს შეაფასებს. კონკურსი, სხვადასხვა ფაკულტეტის შემთხვევაში, სხვადასხვა ვადაში ტარდება – 2,3,5 ან 7 წელიწადში ერთხელ. პირს, რომელსაც პროფესორის, ან სრული პროფესორის პოზიცია ეკავა, ადგილისთვის კონკურსში ბრძოლა ზემოთხსენებული პერიოდულობით ხელახლა უწევს.

კონკურსის პირობების დაკმაყოფილება უწევს ასოცირებულ პროფესორსაც, თუკი მას უკვე სრული პროფესორის პოზიციის დაკავება სურს. ის ყველა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სასწავლო, ისე კვლევის მიმართულებით. პირველ რიგში, მიმართულების კონცეფცია და შესაბამისი სილაბუსები უნდა წარმოადგინოს. უმაღლეს სასწავლებელში მინიმუმ 7 წლის სწავლების გამოცდილება უნდა ჰქონდეს და ასევე მისი კვლევითი ეფექტიანობა უნდა აჩვენოს.

„წინათ სირთულე იყო ის, რომ პროფესორის თანამდებობას ვერ დაიკავებდი მანამ, სანამ მეცნიერებათა დოქტორი არ გახდებოდი, ხოლო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოპოვება კი შრომატევადი და ხანგრძილივი პროცესი იყო. თუმცა, თუ მეცნიერებათა დოქტორი იყავი და ვაკანტური თაბამდებობა გამოჩნდებოდა, იქ პრობლემა უკვე აღარ გქონდა. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, დღეს ყველაფერი უფრო მარტივია, რადგან მხოლოდ ერთი დისერტაციის დაცვა გჭირდება. ერთ დისერტაციას იცავ და დოქტორი ხდები. მართალია, ეს აკადემიური დოქტორია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, 7 წლის სტაჟს თუ დააგროვებ, პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობასაც მიიღებ. თუმცა, სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ დღეს ეს ღია კონკურსის წესით ხდება. ამიტომ, როგორც წესი, ხშირად კონკურენცია მაღალია. ეს, დღევანდელ პირობებში, პროფესორის თანამდებობის დაკავებას ართულებს“, – დასძენს პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი.

მოსაზრებას, რომ ორეტაპიანი დისერტაცია უკეთეს ხარისხსა და შესაბამისად, უფრო კვალიფიციურ აკადემიურ პერსონალს უზრუნველყოფდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე კატეგორიულად არ ეთანხმება და ამბობს, რომ მთავარი კრიტერიუმები და პროცესის გამჭვირვალობაა.

„დისერტაციის დაცვას კრიტერიუმები სჭირდება. თუ მაღალი კრიტერიუმები არ არის დაწესებული, კანდიდატს გინდა ორი დისერტაცია დააწერინე და გინდაც 17. ხარისხი ორსაფეხურიან სისტემაზე მიბმული არ არის. ორ ცუდ დისერტაციას ვერ დაწერ? თანამედროვე საუნივერსიტეტო განათლება კვლევის გარეშე არ არსებობს. ის, ვინც არ იკვლევს და არ იღებს ახალ ცოდნას, სხვას ვერანაირად ვერ ასწავლის. მე ვფიქრობ, რომ სწორედაც ყველა უნივერსიტეტს თავისი კრიტერიუმები უნდა ჰქონდეს და მთავარი ისაა, თუ რა კრიტერიუმებს აყენებ. ილიაუნის შემთხვევაში ეს არის ის, რომ საერთაშორისო რეფერირებადი სტატიების დაწერა დისერტაციის თემაზე, აუცილებელია. სიცოცხლის შემსწავლელ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი, ორი სტატია უნდა გამოაქვეყნო ჟურნალში, რომლის იმპაქტ-ფაქტორი 0,5-ზე მეტია. ეს ძალიან მაღალი სამეცნიერო სტანდარტია. დაახლოებით ისეთივე, როგორიც საშუალო ევროპული სამეცნიერო სტანდარტი“, – აცხადებს ნინო დობორჯგინიძე.

დღესდღეობით ლექტორებს შეუძლიათ სხვადასხვა უნივერსიტეტში იმუშაონ, თუმცა არსებობს აფილირების წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთი უნივერსიტეტის პროფესორი სხვა უნივერსიტეტში პროფესორის პოზიციას, ან სხვა აკადემიურ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს. იგი ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორია და მას სხვა უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორის სტატუსით ლექციის წაკითხვა კვირაში მხოლოდ განსაზღვრული საათების განმავლობაში შეუძლია (მაგალითად, ილიაუნის შემთვევაში ეს კვირაში ორ საათს გულისხმობს).

გამჭვირვალობა მაშინ და ახლა

სტატიაში შეძლებისდაგვარად დეტალურად მოგიყევით აკადემიური კიბის თავისებურებების შესახებ წარსულში და ახლა, თუმცა როდესაც ჩვენს რესპონდენტებს ადრინდელი და ახლანდელი აკადემიური პროცედურებისა გამჭვირვალობის შეფასება ვთხოვეთ, მათი აზრი ორად გაიყო. ნაწილი ამტკიცებს, რომ წარსულში არსებული მრავალსაფეხურიანი სისტემა უკეთესი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომებს ამზადებდა და შესაბამისად, უფრო სწავლულ პროფესორ-მასწავლებლებს აწრთობდა. არაობიექტური გადაწყვეტილებები კი, ნაკლებად მიიღებოდა. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ საბჭოეთის დახურული სისტემა, სტანდარტების არარსებობა და პოსტსაბჭოური ქაოსი ყველაფრის საშუალებას იძლეოდა, მათ შორის ყველანაირი გაყალბების, თუნდაც სამეცნიერო სფეროში. არ არსებობდა არანაირი გამჭირვალობა და ეს არის ის მთავარი განსხვავება, რომელიც ახლანდელ და მაშინდელ პროცესებს ერთმანეთისგან განასხვავებს.

წარსულზე საუბრისას პროფესორი ლადო პაპავა გვეუბნება, რომ მაშინ გართულებული იყო სამეცნიერო ნაშრომის გაყალბება და რომ მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერება, პრაქტიკულად, თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგანაც და პროტექციონიზმისგანაც. თუმცა, არსებობდა ცენტრალიზებული სისტემა, რომელსაც მახინჯს უწოდებს და დასძენს, რომ მისი გაუქმება, დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, სწორ ნაბიჯად მიაჩნია. რაც შეეხება აწმყოს, პაპავა გვეუბნება, რომ ხარვეზები ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება.

„ყველგან შეიძლება იყოს გადაცდომა, შეცდომის დაშვებისგან დაზღვეული არავინაა. უნივერსიტეტში, ჩემი რექტორობის დროსაც, ხშირი იყო და დღესაც ხშირია საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება. არის ობიექტური გასაჩივრებაც და სუბიექტურიც, რადგან კონკურსს მიღმა დარჩენილ თითოეულ ადამიანს აქვს განცდა, რომ ის დაჩაგრეს. ჩემი რექტორობის პერიოდში, უნივერსიტეტში, სააპელაციო კომისიაც შეიქმნა, რათა სანამ მომჩივანი სასამართლოში წავიდოდა, საქმე სააპელაციო კომისიას განეხილა. იყო შემთხვევებიც, როცა მომჩივანის მოთხოვნები სააპელაციო კომისიის მიერვე დაკმაყოფილებულა და სასამართლოში გასაჩივრება საჭირო აღარ გამხდარა. უფრო ხშირი კი, ისეთი შემთხვევები იყო, როცა სააპელაციო კომისია მომჩივანს უსაბუთებდა თუ რატომ არ კმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნები “, – დასძენს პროფესორი.

„ზოგადად, ყველაფერი პიროვნებებზეა დამოკიდებული,“ – ასე იწყებს თემაზე საუბარს ელგუჯა მექვაბიშვილი და დასძენს, რომ ცალკეული შემთხვევები, საბჭოთა პერიოდის დროს, რა თქმა უნდა იყო, თუმცა არცთუ ხშირი, რადგან როგორც არ უნდა გაეყალბებინა ნაშრომი თუ სხვა მიღწევები პიროვნებას, სამეცნიერო წრეში მაინც ყველამ იცოდა თუ რას წარმოადგენდა იგი და შესაბამისად, გაყალბებაც აზრს კარგავდა.

წარსულისა და აწმყოს შედარება, პროფესორ ნინო დობორჯგინიძისთვის ძალზედ ადვილია, რადგან მისთვის საქმე მარტივად დგას – თუნდაც არსებობდეს პრეტენზია ხარისხთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ, ახლა საუნივერსიტეტო სისტემა კორუფციული აღარაა, გამჭვირვალეა და ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი.

„მაშინ არანაირი სისტემა არ არსებობდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში (გულისხმობს 1990-2000-იან წლებს, ვიდრე განათლების სფეროს რეფორმა დაიწყებოდა) ყველაფერი ხდებოდა, მათ შორის დისერტაციების სხვებისგან გადაწერა. დისერტაციებსაცა და დიპლომებსაც, ჩვეულებრივად, ყიდულობდნენ. მათი ხარისხი არანაირად არ მოწმდებოდა. მეცნიერება განადგურდა. რა თქმა უნდა, მაშინაც არსებობდნენ პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანები, რომელთა მხრებზეც იდგა უნივერსიტეტი, თუმცა ცოტა. თანამედროვე განათლების სისტემას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ხარისხს თვალსაზრისით, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ეს გახსნილი და მოწესრიგებული სისტემაა, რისი აშენებაც ადვილი ნამდვილად არ იყო. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ეს ყველაფერი პიროვნებებზეა მიბმული – რამდენად კარგად მოახერხებს უნივერსიტეტი კარგი სამეცნიერო წრის შეკრებას“, – დასძენს დობორჯგინიძე.

მართალია დისერტაციებთან დაკავშირებით არა, მაგრამ საქართველოში დიპლომების მოპოვების ხერხებზე EDU.ARIS.GE წერდა, იხ.  350 დოლარად ნაყიდი დიპლომი – ,,პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ის მხოლოდ უნივერსიტეტებს არ უკავშირდება, ეს მთლიანად ქვეყნის კატასტროფაა“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020-2021 წლების მონაცემების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა, ჯამში, 5 065-ს შეადგენს. აქედან 1 194 სრული პროფესორია, 2 191 – ასოცირებული პროფესორი, 804-ასისტენტ პროფესორი, 632 მასწავლებელი და დანარჩენი კი სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ადამიანები. რაც შეეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, აქ სულ 4 731 პროფესორ-მასწავლებელია. აქედან სრული პროფესორია 1 031 მათგანი, ასოცირებული პროფესორი – 1651, ასისტენტ პროფესორი კი – 523.

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თაკო არის© მათეშვილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი