აღიარებული პროფესორები, წარმატებული აკრედიტაციები და სამომავლო გეგმები – გორის უნივერსიტეტის რექტორი 2021 წლის გამოწვევებზე
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სწავლას 5 ოქტომბრიდან იწყებს. სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ნელ-ნელა ჩვეულ გარემოს დაუბრუნდება. საინტერესოა რა გამოწვევების წინ დადგა პანდემიის პირობებში უნივერსიტეტი და როგორ გაუმკლავდა მას ადმინისტრაცია, რა არის ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ძლიერი მხარეები და როგორია გორის უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები – EDU.ARIS.GE გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი სოსიაშვილს ამ და სხვა თემებზე ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, როგორია უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების სტატისტიკა გაიზარდა თუ არა მათი რაოდენობა გასულ წელთან შედარებით?
უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. დიდი მადლობა, ასევე, თითოეულ მკითხველს, ვინც თქვენი პორტალის საშუალებით თვალ-ყურს ადევნებს ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ სიახლეებს. მინდა აღვნიშნო, რომ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ერთობ რთული აღმოჩნდა საქართველოში არსებული ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და, ამ მხრივ, გამონაკლისი არც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტია. პანდემია ყველას ერთნაირად დაგვატყდა თავს. დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები და უნივერსიტეტები. გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე ჩვენთან მოქმედმა ყველა პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია, თუმცა ღია კარის დღეების ჩატარების და სკოლებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით იყო გარკვეული პრობლემები. ამის მიუხედავად მოვახერხეთ აბიტურიენტებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმ სიკეთეების შესახებ, რომელთაც მათ სთავაზობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედეგი სახეზეა: წელს წინა წლებთან შედარებით გაცილებით მეტი სტუდენტი ჩაირიცხა, როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ისე პროფესიულ მიმართულებაზე. ამჟამად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების და მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისად სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში. ონლაინ პლატფორმის – ზუმის გამოყენებით. ვაკვირდებით სასწავლო პროცესს და ჯერჯერობით რაიმე სახის შეფერხება არ გვაქვს. 5 ოქტომბრიდან სწავლას დავიწყებთ აუდიტორიებში და ნელ-ნელა დავუბრუნდებით ჩვეულ გარემოს.
– რამდენ პროგრამებზე გქონდათ წელს გამოცხადებული მიღება და რომელ მიმართულებაზე გყავთ ყველაზე მეტი სტუდენტი?
აბიტურიენტების მიღება რამდენიმე ათეულ პროგრამაზე გვქონდა გამოცხადებული: ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, სოციალურ მიმართულებებზე… საკმაოდ დიდი ნაკადი იყო საჯარო მმართველობის, დაწყებითი განათლების, სამართლის სპეციალობებზე, თუმცა არც სხვა დარგები ჩამორჩებოდნენ. პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსების გაზრდამ, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით მოხდა ჰუმანიტარულ მიმართულებაზეც გაზარდა მოთხოვნა და ის სპეციალობები, რომლებიც შედარებით ნაკლები ყურადღებით სარგებლობდა აბიტურიენტების მხრიდან, წელს საკმაოდ კარგად გამოიყურება.
– თუ შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელია ყველაზე პოპულარული პროგრამა და რატომ გამოარჩევენ მას სტუდენტები?
ასე, რომელიმე პროგრამის ცალკე გამორჩევა გამიჭირდება. თითოეულ პროგრამას თავისი მსურველი ჰყავს და იმ აბიტურიენტებისთვის ის პროგრამაა პოპულარული, რომელსაც ირჩევს. ჩვენს განსაკუთრებით გავაძლიერეთ ადამიანური რესურსით არსებული მიმართულება და ყველა პროგრამა დღეის მდგომარეობით სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს, როგორც გითხარით, ჩვენთან არსებულმა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა წარმატებით გაირა აკრედიტაციის პროცესი, ამით ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი.
– უნივერსიტეტის ძლიერ მხარეებზე, რომ გვესაუბროთ და რა მიმართულებით აგრძელებს უნივერსიტეტი მუშაობას?
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ბევრი ძლიერი მხარე აქვს. ეს ეხება როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ისე აქ მომუშავე პერსონალს, ძლიერ აკადემიურ კორპუსს, რომელიც დაკომპლექტებულია ძალიან ცნობილი და აღიარებული პროფესორებით. ყოველწლიურად ხდება ინფრასტრუქტურის გადახალისება, ავეჯის განახლება, სტუდენტური სივრცეების მოწყობა, ამაში ცხადია დახმარებას გვიწევს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე ჩვენ მიერ მოძიებული დონორი ორგანიზაციები, სულ ახლახან ორი სივრცე მოეწყო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, უნივერსიტეტში ძალიან მალე გვექნება ინტერნეტ ტელევიზია, რომელიც ახალგაზრდულ ცხოვრებას კიდევ უფრო ხალისიანს გახდის, ვგეგმავთ უნივერსიადის ჩატარებას კალათბურთში ზაზა ფაჩულიას მიერ დაფინანსებულ საკალათბურთო მოედნის ბაზაზე, სადაც ბევრი უნივერსიტეტი ჩაერთვება. სტუდენტური საგრანტო კონკურსების დაფინანსება, სხვადასხვა სახის ექსპედიციები, თუ ექსკურსიები, საუნივერსიტეტო აქტივობების გამრავალფეროვნება, ის მცირე ჩამონათვალია, რომლის განხორციელებას უახლოეს მომავალში ვაპირებთ. გორის უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში დაფუძნდა ლიტერატურული კონკურსი “მაჩაბელი”, რომლის გრანდიოზული დაჯილდოება ჩატარდება მომავალი წლის 8 თებერვალს. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად დაიგეგმა ლიტერატურული ფესტივალი. ოქტომბრის მეორე ნახევარში გორის უნივერსიტეტში გაიხსნება ოსური ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც უამრავი აქტივობის განხორციელების საწინდარი გახდება. სულ მალე გაიხსნება ასევე ფრანგული ენის და კულტურის ცენტრიც. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ გორის უნივერსიტეტში კიდევ ერთი სიახლეა. ჩვენთან უცხოეთში მოღვაწე რამდენიმე მეცნიერი მოვიწვიეთ ლექციების წასაკითხად, მათ შორის: ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია, ასევე ტემპლის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი გრეგორ ბაილა. ვფიქრობთ, ამით კიდევ უფრო მაღლა ავწევთ სწავლის აკადემიურ თამასას. სიახლეები გვაქვს სამეცნიერო ცხოვრებაშიც. დავაფუძნეთ რამდენიმე საერთაშორისო იმფაქტფაქტორიანი სამეცნიერო ჟურნალი, მათგან ერთ-ერთი ”ისტორია-არქეოლოგია” ერიხ პლუსის უაღრესად პრესტიჟულ ბაზაშია ინდექსირებული, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. გორის უნივერსიტეტი სასკოლო აქტივობების გაგრძელებას აპირებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან ერთად სკოლებს რამდენიმე მიმართულებით ვებინარების ციკლი შევთავაზეთ, რომელშიც 500-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა.
– გაცვლითი პროგრამების მიმართულებით თუ გაქვთ სიახლე და რა ელით წლევანდელ სტუდენტებს ამ კუთხით?
გაცვლითი პროგრამები, ცხადია, გაგრძელდება. ჩვენ პანდემიამაც ვერ შეგვაჩერა. და უცხოეთის სამი უნივერსიტეტის მონაწილეობით ვირტუალურ საზაფხულო ბანაკს უმასპინძლა გორის უნივერსიტეტმა. ამ საზაფხულო აქტივობებში ჩართულები იყვნენ: ვარშავის, ყარსის, რიზეს უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები. გაცვლითი პროგრამები გაგრძელდება უცხოეთის ბევრ სასწავლებელთან, სწორედ ამიტომ ვიწყებთ საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის გაძლიერებას. სულ ახლახან, სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორმა ქალბატონმა ეკა ქარდავამ ევროკავშირის მიერ უმნიშვნელოვანეს საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. წინ ბევრი სიახლე გველოდება. ვგეგმავთ, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის ჩატარებას, რომელსაც გორის უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
– თუ გაქვთ დაწესებული შეღავათები სწავლის გადასახადთან დაკავშირებით ?
სახელმწიფო არაერთი კატეგორიის სტუდენტს აფინანსებს. მთავრობის დადგენილებაში დეტალურად არის გაწერილი სტუდენტთა კატეგორიები, ეს უდიდესი საქმეა, როდესაც პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური სიტუაციის ფონზე მთავრობა ახერხებს უამრავ სტუდენტს დახმარება გაუწიოს. მათ შორის დაუფინანსოს წინა სემესტრის დავალიანება და მიმდინარე სასწავლო სემესტრის საფასური. სახელმწიფომ გაგვიზარდა ე.წ. პრიორიტეტულ მიმართულებათა დაფინანსება. ის კატეგორია, რომელიც დაფინანსებულთა სიაში ვერ ხვდება გადასახადის გადახდის მაქსიმალურ შეღავათს გავუკეთებთ. ვგულისხმობთ, სწავლის საფასურის ეტაპობრივ დაფარვას. ამ მხრივ, ჩვენს სტუდენტებს პრობლემები არ შეექმნებათ.
– რა შეიცვალა ან/და შეიცვლება კორონავირუსის ფონზე და რა ახალი გამოწვევების წინ დადგა უნივერსიტეტი?
კორონავირუსმა ყველა ჩვენთაგანი შეგვცვალა, სამყარო ისეთი აღარ არის როგორც იყო. მოგვენატრა ცოცხალი სააუდიტორიო პროცესი…თუმცა პანდემიამ ბევრი ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა და ვირტუალური ურთიერთობების გააქტიურებით ბევრი ახალი საერთაშორისო პარტნიორის შეძენის საშუალება მოგვცა. ჩვენ გამოწვევების ეპოქაში ვცხოვრობთ. ელვის სისწრაფით იცვლება სამყარო და თუ გაქვს სურვილი ამაყობდე თანამედროვე უნივერსიტეტით, ამ გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ.
– არის თუ არა მზად სასწავლებელი თუ ამის საჭიროება დადგა დისტანციურ რეჟიმში აწარმოოს სასწავლო პროცესი?
როგორც მოგახსენეთ, ჩვენ 21 სექტემბერს სასწავლო პროცესი განვაახლეთ ონლაინ რეჟიმში. რამდენიმე დღეში სამინისტროს გადაწყვეტილებით გორის და თელავის უნივერსიტეტებში სასწავლო აუდიტორიებს ვუბრუნდებით, რაც ძალზე გვახარებს. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სააუდიტორიო პროცესი 5 ოქტომბერს დაიწყება და ამის შესახებ ჩვენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლო გეგმებზე ნაწილობრივ ვისაუბრე, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ წარმატებული აკრედიტაციის შემდეგ გველოდება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაცია. უნივერსიტეტში მოქმედებს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ამ საკითხებზე. ვაპირებთ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განაცხადი შევიტანოთ მესამე საფეხურის დამატებაზე, ვგულისხმობთ დოქტორანტურას და ამ ეტაპზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ვმუშაობთ ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე საქართველოს ისტორიაში, რომელიც იმედია, წარმატებით განხორციელდება. ვგეგმავთ 5-წლიანი (300-კრედიტიანი) რამდენიმე პროგრამის დამატებას, ასევე იმ სპეციალობების განვითარებას, რომელიც დღეს ძალზე მოთხოვნადია. ეს შეეხება როგორც საბაკალავრო ისე სამაგისტრო და პროფესიულ პროგრამებს. სურვილი გვაქვს დონორ ორგანიზაციებთან, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ხელი შევუწყო სტუდენტთა დასაქმების პროგრამების განვითარებს.
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეჩვიდმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ინდუსტიისა და ვიდეომონტაჟის შესახებ ტრენინგები ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი