GE

აღმოაჩინე შენი პროფესია – SANGU აბიტურიენტებს საინტერესო სიახლეს სთავაზობს

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.

SANGU-ს ახალი პროექტი, „აღმოაჩინე შენი პროფესია“ 18 თებერვლიდან დაიწყება, რომლის უმთავრესი მიზანი აბიტურიენტებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივებაა. ძალიან ხშირია, როდესაც სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლემ არ იცის სად და რაც მთავარია, რომელ სასწავლო პროგრამაზე ჩააბაროს. სწორედ ამიტომ, SANGU-მ მიიღო გადაწყვეტილება, გაიზიაროს პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყოს მომავალ თაობას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. პროექტის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში SANGU გამართავს ლექცია/სემინარებს სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის.

2023 სასწავლო წელს მიღება გამოცხადებულია შემდეგ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • სამართალი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ისტორია
  • ქართული ფილოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • კომპიუტერული მეცნიერება
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ინგლისური ფილოლოგია
  • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა)

პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას SANGU-ს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, დავით გორგიაშვილი გვიზიარებს:

„ჩვენ კარგად გვესმის, როგორი რთულია სკოლის დამთავრებისთანავე პროფესიის შერჩევა და ნამდვილი ინტერესების პოვნა. ამ საკითხში აბიტურიენტებისა და უფროსი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით, SANGU-მ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ გრძელვადიანი პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია“, რომლის ფარგლებშიც სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებს (10+ კლასი) საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ მათთვის სასურველ კურსებს. ეს აქტივობები მოზარდებს დაეხმარება, პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული ფიქრის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. SANGU-ს ლექცია/სემინარები ორიენტირებულია, ახალგაზრდებს მისცეს მათ საჭიროებებზე მორგებული ინსტრუმენტები, რათა სიღრმისეულად გაერკვნენ საკუთარ ინტერესებში და ამის საფუძველზე მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. თითოეული კურსი შედგენილია პროგრამების ხელმძღვანელების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების მიერ“.

პროექტი გაიხსნება გამოყენებითი ფსიქოლოგიის ტრეინინგ კურსით. პირველი შეხვედრა გაიმართება 18 თებერვალს, 12:00 საათზე, რომელიც 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და კვირაში ერთ შეხვედრას მოიცავს. შემდეგი იქნება ბიზნესის ადმინისტრირების სასერტიფიკატო კურსი, რომელიც ანალოგიურად 4 შეხვედრას მოიცავს.

რეგისტრაციის ბმული

SANGU – ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლება! #145

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური