GE

გამოქვეყნდა მოთხოვნები და დავალებების მაგალითები სახელმწიფო ენის გამოცდისთვის – რეგისტრაცია დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 25 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელმწიფო ენის გამოცდისათვის რეგისტრაცია 25 ნოემბრის 11:00 საათიდან 4 დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე.

სახელმწიფო ენის გამოცდა ამოწმებს ოთხ კომპეტენციას: მოსმენას, კითხვას, წერასა და ლაპარაკს. ჩატარდება ორი ტესტირება: ერთი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2, ხოლო მეორე – B1 და B2 დონეებს. A1-A2 და B1-B2 დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს გამოსაცდელი შესაბამის ტესტირებაზე.

ტესტის აღწერილობა

მოსმენის დავალების ტექსტი (აუდიოჩანაწერი A დონისათვის)

მოსმენის დავალების ტექსტი (აუდიოჩანაწერი B დონისათვის)

საგამოცდო მოთხოვნები

ინფორმაცია ტესტის მაქსიმალური ქულის, მინიმალური გამსვლელი ქულებისა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობის შესახებ

გაითვალისწინეთ, რომ:

  • სავალდებულოა ყველა ველის შევსება;
  • სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლების ატვირთვა;
  • განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში ცენტრისაგან მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

თუ გამოსაცდელს ესაჭიროება სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 4 დეკემბრის 18:00 საათამდე. თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას ვერ გაითვალისწინებს გამოსაცდელის სპეციალურ საჭიროებებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა აღნიშნული საჭიროება პირს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვა.

პირებს, რომლებიც ატვირთავენ არასრულყოფილ განაცხადს, უფლება აქვთ 7 დეკემბრის 18:00 საათამდე გაასწორონ რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზი.

“სახელმწიფო ენის გამოცდები (A1-A2 და B1-B2) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მომზადდა. გამოცდის ჩაბარება ნებაყოფლობითია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოცდის მიზანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერება და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოება”, – განმარტავს გამოცდების ცენტრი.

უსინათლო გამოსაცდელებისათვის გათვალისწინებული იქნება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მისამართი: ქ. თბილისი, ელიზბარ მინდელის ქუჩა №9.

გამოცდის ზუსტი თარიღი და დრო მოგვიანებით გამოქვეყნდება.

სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს გამოცდების შედეგების გათვალისწინებით გასცემს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური