GE

„ევროპის უნივერსიტეტი“ ვეტერინარიით დაინტერესებულ აბიტურიენტებს სამდღიან პროფორიენტაციის ვორკშოპზე იწვევს

„ევროპის უნივერსიტეტი“ ვეტერინარიით დაინტერესებულ აბიტურიენტებს სამდღიან პროფორიენტაციის ვორკშოპზე – Future Veterinarian Camp იწვევს.

უნივერსიტეტის მიერ 26 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვორკშოპებში მონაწილეობა აბიტურიენტებს მომავალი პროფესიის გააზრებულად არჩევაში დაეხმარება და ვეტერინარული მედიცინის თანამედროვე სტანდარტებზე, ვეტერინარის საქმიანობაზე, თანამედროვე კლინიკურ და ლაბორატორიულ პრაქტიკაზე, ფერმერულ მეურნეობაში ვეტერინარის როლზე, ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპებსა და სურსათის უვნებლობაზე რეალურ წარმოდგენას შეუქმნის.

აბიტურიენტები, ამ ყველაფერს, გარდა თეორიული ცოდნისა, პრაქტიკულადაც გამოცდიან – იმუშავებენ ვეტერინარიის ფაკულტეტზე არსებულ სიმულაციურ კაბინეტებში, ესტუმრებიან ვეტერინარულ კლინიკას და ლაბორატორიას.

პროექტში მონაწილეობა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

პროექტი ორ ნაკადად განხორციელდება:

I ნაკადი – 5, 6, 7 დეკემბერი

II ნაკადი – 12, 13, 14 დეკემბერი

დღე 1-ელი – სავეტერინარო მედიცინის გაცნობა, დიაგნოსტიკის საფუძვლები და კლინიკური პრაქტიკა

პირველი დღე დაეთმობა ვეტერინარიის პროფესიის გაცნობას, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკასა და კლინიკურ პრაქტიკას. მონაწილეები შეისწავლიან სისხლის აღებას, ნაცხის მომზადებასა და მიკროსკოპულ გამოკვლევას, შემდეგ კი ვეტერინარულ კლინიკაში რეალურ სამუშაო პროცესს დააკვირდებიან.

დღე მე-2 – „სოფლიდან ქალაქამდე“ – ვეტერინარია ფერმაში და სურსათის უვნებლობა

მეორე დღე ეძღვნება ვეტერინარის როლს მეცხოველეობაში, ცხოველის ჯანმრთელობასა და სურსათის უვნებლობას. მონაწილეები პრაქტიკულად გაეცნობიან მსხვილფეხა პირუტყვის დიაგნოსტიკის მეთოდებსა და სურსათის კონტროლს, ასევე „ევროპის უნივერსიტეტსა“ და სავატერინარო მედიცინის ფაკულტეტს.

დღე მე-3 – ლაბორატორიული პრაქტიკა

მესამე დღეს მონაწილეები სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ესტუმრებიან და პარაზიტოლოგიის, ვირუსოლოგია-სეროლოგიისა და პათომორფოლოგიის ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან.

მესამე დღე პროექტის შეჯამებითა და სერტიფიკატების გადაცემით დასრულდება.

ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს 

რეგისტრაციის ბოლო ვადა 3 დეკემბერია.

პროექტი – Future Veterinarian Camp არის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მიერ გამოცხადებული სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების კონკურსის გამარჯვებული და სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები – ზურაბ კოპაძე, ლუკა ქემერტელიძე, ოთარ გულაღაშვილი ახორციელებენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური