GE

NASA Space Apps Challenge 2026-ის ზუგდიდის ლოკალური ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ცნობილია

14–15 ნოემბერს ალტე უნივერსიტეტმა ზუგდიდიში NASA International Space Apps Challenge-ის ყველაზე მასშტაბურ, ყოველწლიურ ჰაკათონს მეორედ უმასპინძლა. 2026 წლის ღონისძიება უნივერსიტეტმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA  Tech Park) პარტნიორობით გამართა. ჰაკათონში სამეგრელოს მასშტაბით 10 გუნდი და 50-მდე მონაწილე ჩაერთო.

წლევანდელი ჰაკათონი თემის – „The Next Frontier“ გარშემო გაერთიანდა. მონაწილეებმა NASA-ს ექსპერტების მიერ შემუშავებული ამოცანებიდან მათთვის საინტერესო გამოწვევები შეარჩიეს და ორი დღის განმავლობაში მათი გადაჭრის გზებზე იმუშავეს. ამოცანები მოიცავდა პროგრამულ უზრუნველყოფასა და ხელოვნურ ინტელექტს, დედამიწისა და კლიმატის კვლევას, ასტროფიზიკას, კოსმოსურ ინჟინერიასა და აპარატურას, ასევე დიზაინს, სთორითელინგსა და ხელოვნებას.

ადგილობრივ ჰაკათონში გამარჯვებული გუნდისთვის ალტე უნივერსიტეტმა 1 000 ლარის ღირებულების ტექნიკის ვაუჩერები დააწესა.

„ალტე უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა ტექნოლოგიური ცოდნა რეალური პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენონ. ჰაკათონზე გუნდები თავად ირჩევენ გამოწვევას, მსჯელობენ, ვის და რაში დაეხმარება მათი გადაწყვეტა, შემდეგ კი იდეას მენტორებთან ერთად ამუშავებენ და ჟიურის წინაშე წარადგენენ. ეს პროცესი აერთიანებს ტექნიკურ ცოდნას, გუნდურ მუშაობასა და საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთების უნარს.

ალტე უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პრაქტიკული გამოცდილება ახალგაზრდებისთვის რეგიონებშიც იყოს ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ ვმასპინძლობთ NASA Space Apps Challenge-ს ზუგდიდში უკვე მეორედ. გვსურს, ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმუშაონ საერთაშორისო კონკურსის ამოცანებზე, მიიღონ უკუკავშირი დარგის ექსპერტერბისგან და საკუთარი იდეები ადგილობრივი ჰაკათონის ფარგლებს მიღმაც განავითარონ“, – ამბობს ილია ბოცვაძე, ალტე უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის დეკანი.

ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეები ქმნიდნენ როგორც პროგრამულ, ისე ტექნიკურ პროდუქტებს. სამუშაო პროცესში გუნდებს მენტორები ეხმარებოდნენ, მათ შორის ტექნიკური საკითხების გადაჭრასა და პროექტების კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაში.

ჰაკათონის მიმდინარეობისას გუნდების გამოცდილებასა და მენტორების როლზე გიორგი გრიგოლიამ, პროექტის მენტორმა და ალტე უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, ისაუბრა:

„ჰაკათონში 10 გუნდი და 50-მდე მონაწილე ჩაერთო. გამოცდილ გუნდებთან ერთად მონაწილეობდნენ ისინიც, ვინც მსგავს კონკურსში პირველად სცადა ძალები. ორი დღის განმავლობაში გუნდებმა NASA-ს მიერ შეთავაზებულ გამოწვევებზე იმუშავეს და პროგრამული თუ ტექნიკური გადაწყვეტები შეიმუშავეს. მენტორები მათ ტექნიკურ მხარდაჭერას ვუწევდით და ვეხმარებოდით, პროექტები კონკურსის მოთხოვნებისთვის მოერგოთ. ნამუშევრები ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა, გამარჯვებულმა გუნდმა კი საერთაშორისო ეტაპზე მონაწილეობის შესაძლებლობა მიიღო“.

ჰაკათონის დასასრულს გუნდების პროექტები ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ხათუნა ელბაქიძე, ალტე უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი და ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი კოხრეიძე, ალტე უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის მოწვეული ლექტორი, და შალვა მილორავა, ზუგდიდის ტექნოპარკის FabLab-ის წარმომადგენელი.

ზუგდიდის ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი „Junkers“ გახდა პროექტით „Astro Guard-AI“ (Health Monitoring Software for Astronauts). გუნდმა შექმნა პროგრამული სისტემა, რომელიც კოსმოსური მისიების დროს ასტრონავტების ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის არის განკუთვნილი და მონაცემებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ამუშავებს.

გამარჯვებულ გუნდს „Junkers“ ალტე უნივერსიტეტმა 1 000 ლარის ღირებულების ტექნიკის ვაუჩერები გადასცა. გუნდი NASA International Space Apps Challenge 2026-ის გლობალურ ეტაპზე ზუგდიდს წარადგენს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამართული ადგილობრივი ჰაკათონების გამარჯვებულებს შეეჯიბრება.

გიორგი თაყაძემ, პროექტის მენტორმა და ალტე უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, ყურადღება რეგიონებში ასეთი გამოცდილების ხელმისაწვდომობასა და მონაწილეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობაზე გაამახვილა:

„ჰაკათონზე ახალგაზრდებმა პროგრამული და ტექნიკური ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. მსგავსი ღონისძიებები მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთს იდეები გაუზიარონ, უკუკავშირი მიიღონ და საკუთარი პროექტები განავითარონ. ასეთი გამოცდილება სამომავლო თანამშრომლობასაც უწყობს ხელს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჰაკათონის ზუგდიდში ჩატარება. რეგიონებში STEM-ის რესურსებზე, თანამედროვე ლაბორატორიებსა და სასკოლო კლუბებზე შეზღუდული წვდომის პირობებში, ღონისძიებამ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა, რეალურ ამოცანებზე ემუშავათ და საკუთარი იდეები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ“.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური