GE

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განახლდა – ბრძანება

საქართველოს პრემიერ-მინისტ ირაკლი კობახიძის მიერ 29 ნოემბერს ხელმოწერილი დადგენილებით განახლდა და ძალაში შევიდა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, სადაც გაწერილია რას მოიაზრებს აღმზრდელ-პედაგოგის განათლება; აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები; სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემო და პროცესი და აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება.

EDU.ARIS.GE განახლებულ სტანდარტს უცვლელად გთავაზობთ:

„აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი“

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი“ (შემდგომში − სტანდარტი) განსაზღვრავს, თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა ფლობდეს აღმზრდელ-პედაგოგი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების (შემდგომში − დაწესებულება) სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის დაგეგმვისთვის, წარმართვისა და შეფასებისთვის.

2. სტანდარტის მიზანია დაწესებულებაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება.

3. სტანდარტი სავალდებულოა ნებისმერი სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგისათვის.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს ამავე სტანდარტის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აღმზრდელ-პედაგოგი – პირი, რომელიც დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს;

ბ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობა (რეფერირება) – „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით დამტკიცებული პროცედურები;

გ) ბილინგვური განათლება (ორენოვანი განათლება) − განათლების ფორმა, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამის ორ ენაზე სწავლებას;

დ) ბავშვის ინდივიდუალური პორტფოლიო − კრებული, რომელიც მოიცავს ბავშვის ნამუშევრებს, დაკვირვების/შეფასების შედეგად მიღებულ მრავალფეროვან ინფორმაციას, ბავშვების სურათებს სხვადასხვა საქმიანობის შესრულებისას და სხვა;

ე) დაკვირვება − კვლევის, ინ ფორმაციის შეგროვების მეთოდი;

ვ) ენობრივი სენსიბილიზაციის/მგრძნობელობის კომპეტენცია − კომპეტენცია, განსაზღვროს ბავშვს ენობრივად მისთვის მეორე ან უცხოურ ენაზე რა შესაძლებლობები და კომპეტენციები აქვს, რამდენად ესმის ინსტრუქციები/შინაარსები და რამდენად შეუძლია აზრის გამოთქმა, დაეხმაროს ბავშვს ენობრივ ინტერაქციაში, გამოიყენოს დამხმარე საშუალებები აზრის გაგებინებისთვის, გაახმოვანოს ბავშვის ფიქრები/სურვილები;

ზ) ერთი ენა − ერთი ადამიანი − მიდგომა, რომელიც ხორციელდება ბილინგვურ ჯგუფში აღმზრდელის მიხედვით ენების გამიჯვნის გზით. მაგ.: ორი აღმზრდელი ბავშვს სხვადასხვა ენაზე ესაუბრება, რომელთაგან ერთი ბავშვის მშობლიური ენაა;

თ) ერთი ენა − ერთი სფერო − მიდგომა, რომელიც გამოიყენება ბილინგვურ ჯგუფში და გულისხმობს ენების გამიჯვნას სფეროების მიხედვით, როდესაც კონკრეტული აქტივობები (მაგ.: ზღაპრების კითხვა ან მულტფილმების ყურება) სრულდება მუდმივად ერთ რომელიმე ენაზე;

ი) თამაში – ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას;

კ) ინკლუზიური განათლება − საგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებაში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მიუხედავად ბავშვების ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა;

ლ) ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი − პერსონალი, რომელიც ხელს უწყობს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა ჩართულობას (მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა);

მ) კეთილდღეობა − მდგომარეობა, რომელიც მოიცავს ბედნიერებისა და კმაყოფილების განცდას. ის გულისხმობს ინდივიდის ეფექტიან სოციალურ ფუნქციონირებასა და მიდრეკილებას ოპტიმიზმისადმი, ღიაობისადმი, ცნობისმოყვარეობისა და მედეგობისადმი;

ნ) კურიკულუმი − საგანმანათლებლო მიდგომა, რომელიც განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროცესის მიზანს, შინაარსსა და ფორმას;

ო) მეორადი მასალა − საგანმანათლებლო რესურსის ტიპი, რომელიც ერთხელ უკვე გამოიყენეს და უსაფრთხოა მისი გამოყენება მეორადად, საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე (მაგ.: ღილები, თასმები, ქსოვილები, ძველი ჟურნალ-გაზეთები, პლასტმასის ან ქაღალდის კონტეინერები და სხვ.);

პ) მეორე ენა − ენა, რომელსაც პირველი ენის შემდეგ ითვისებს ადამიანი;

ჟ) მულტილინგვური განათლება − განათლების ფორმა, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო პროცესში ორზე მეტი ენის გამოყენებას;

რ) მულტიდისციპლინური გუნდი − სპეციალისტების გუნდი, რომლის მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის საჭიროებების შეფასება და ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება, ბავშვის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართვის მიზნით. მულტიდისციპლინური გუნდის უცვლელი წევრები არიან ბავშვის მშობელი და აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი. დანარჩენი შემადგენლობა განისაზღვრება საჭიროებებიდან გამომდინარე − ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, მეთოდისტი და სხვა. მულტიდისციპლინური გუნდი შესაძლოა შეიქმნას როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე მუნიციპალიტეტის დონეზე;

ს) პირველი ენა − ენა, რომელსაც რიგით პირველს ითვისებს ადამიანი (უმეტეს შემთხვევაში ემთხვევა მშობლიურ ენას);

ტ) აღმზრდელ-პედაგოგად პროფესიაში შესვლა − აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე პირველად დასაქმება, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

უ) საგანმანათლებლო პერსონალი − დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები საგანმანათლებლო პროცესში (მაგ.: აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, კურიკულუმის კოორდინატორი/მეთოდისტი, მუსიკის მასწავლებელი და სხვა);

ფ) სპეციალური საჭიროებების მქონე (სსმ) ბავშვი − ბავშვი, რომელიც სწავლისა და განვითარების სირთულეების დასაძლევად საჭიროებს დამატებით/სპეციალურ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურებას;

ქ) ტრანზიცია – პროცესი, რომელიც გულისხმობს ბავშვის გადასვლას სახლიდან ან ბავშვთა ადრეული ინტერვენციის (განვითარების) პროგრამიდან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სივრცეში, ან გადასვლას ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სივრცეში არსებულ სხვადასხვა პროცესს შორის, ან ბავშვის გადასვლას სკოლამდელი აღზრდიდან და განათლებიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში;

ღ) უნივერსალური დიზაინი − გარემოს, შენობების ინფრასტრუქტურის მოწყობა/ადაპტაცია, საჭირო ტექნოლოგიებით აღჭურვა იმისთვის, რომ გარემო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველა ადამიანისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომელთაც აქვთ გადაადგილების სირთულე, სმენის ან მხედველობის დარღვევა და სხვა. უნივერსალური დიზაინი ასევე გულისხმობს კურიკულუმს, რომელიც ითვალისწინებს ყველა ბავშვის ინტერესსა და შესაძლებლობას, შეფასების სისტემასა და სწავლების მეთოდებს;

ყ) ღია მასალა − საგანმანათლებლო რესურსის ტიპი, რომლის გამოყენებაც სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი. ღია მასალა შესაძლოა იყოს როგორც ბუნებრივი წარმოშობის (მაგ.: კენჭები, ჯოხები, ფოთლები, ბუმბული და ა.შ.), ასევე ქარხნული (მაგ.: მინისა და ხის ბურთულები, მუყაოს ყუთები, ქსოვილის ნაჭრები და ა.შ.). ბავშვების მიერ ღია მასალის გამოყენება ხელს უწყობს წარმოსახვის, შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;

შ) შეფასება − საგანმანათლებლო პროცესის, საგანმანათლებლო პერსონალის საქმიანობის, ბავშვის ქცევის, უნარების, ცოდნის ან პიროვნულ მახასიათებლებზე მრავალმხრივი გზებით შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის პროცესი, რომლის საფუძველზეც ხდება შესაბამისი დასკვნების გამოტანა და სამომავლო გეგმების დასახვა;

ჩ) ძალადობა − პირის მიერ ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ზემოქმედებით ან იძულებით, აგრეთვე უგულებელყოფით (დაუდევარი მოპყრობით), რომელიც პირდაპირი განზრახვით ან/და განზრახვის გარეშე განხორციელდა/ხორციელდება;

ც) წარმატებული პრაქტიკა − განხორციელებული საქმიანობა/შემთხვევა, რომლის დროსაც წარმატებით იქნა მიღწეული წინასწარ განსაზღვრული მიზანი დაწესებულების ან პერსონალის მიერ;

ძ) ჯგუფის დამხმარე პერსონალი − პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგ.: ასისტენტი, აღმზრდელის დამხმარე/თანაშემწე და სხვ.), საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება საგანმანათლებლო პროცესში თუ ბავშვების საქმიანობებში.

მუხლი 3. სტანდარტის სტრუქტურა

1. სტანდარტი შედგება 4 ნაწილისგან:

ა) აღმზრდელ-პედაგოგის განათლება;

ბ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები;

გ) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემო და პროცესი;

დ) აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება.

2. აღმზრდელ-პედაგოგის განათლების ნაწილში განსაზღვრულია სწავლის სფეროები, აკადემიური ხარისხი და სამუშაო გამოცდილება, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიაში შესასვლელად.

3. აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლების ნაწილში განსაზღვრულია აღმზრდელ-პედაგოგის დარგობრივი ცოდნა, პროფესიული უნარ-ჩვევები, ღირებულებები და პროფესიული ეთიკა, რათა მან შეძლოს ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება.

4. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოსა და პროცესის ნაწილში განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს აღმზრდელ-პედაგოგმა ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, კეთილგანწყობილი, ინკლუზიური გარემოს შექმნა, ბავშვთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან თანამშრომლობა, საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანობა.

5. აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლებისა და თვითგანვითარების ნაწილი განსაზღვრავს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მიმართულებებს: საკუთარი პროფესიული განვითარებით დაინტერესება, თანამშრომლობა კოლეგებთან და დარგის სპეციალისტებთან გამოცდილების გაზიარების, პროფესიული საჭიროებების დადგენისა და პროფესიული განვითარებისათვის, სავალდებულო პროფესიული განვითარების ეტაპები და სხვ.

თავი II. აღმზრდელ-პედაგოგის განათლება

მუხლი 4. აღმზრდელ-პედაგოგად პროფესიაში შესვლა
1. პირი აღმზრდელ-პედაგოგად პროფესიაში შესვლისთვის სტანდარტის ამოქმედებიდან 2028 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) ფლობდეს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/სფეროში/სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება და წარმატებით ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული“;

ბ) ფლობდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის მე-5 საფეხურის პროფესიულ კვალიფიკაციას/უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას სკოლამდელ აღზრდაში;

გ) ფლობდეს პროფესიულ კვალიფიკაციას აღმზრდელის, სკოლამდელი აღზრდის ან პედაგოგიკის მიმართულებით, ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება და წარმატებით ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული“.

2. 2028 წლის პირველი სექტემბრიდან პირი აღმზრდელ-პედაგოგად პროფესიაში შესვლისთვის უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

ბ) ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ხელოვნების, ოკუპაციური თერაპიისა და ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით, ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 1-წლიანი გამოცდილება და წარმატებით ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული“.

თავი III. აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები

მუხლი 5. აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები

1. აღმზრდელ-პედაგოგს გააზრებული აქვს ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები, განვითარების სფეროები და განვითარების კანონზომიერებები, მასზე მოქმედი ფაქტორები.

2. აღმზრდელ-პედაგოგი საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას ეყრდნობა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ სტანდარტებს, სხვადასხვა პედაგოგიურ მოდელს, კურიკულუმებსა და თანამედროვე კვლევებს.

3. აღმზრდელ-პედაგოგი უზრუნველყოფს ბავშვზე ორიენტირებულ, ბავშვისადმი კეთილგანწყობილ და ბავშვის მოტივაციისკენ მიმართულ საგანმანათლებლო პროცესს.

4. აღმზრდელ-პედაგოგი საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ითვალისწინებს ჰუმანურობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებს.

5. აღმზრდელ-პედაგოგი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ავლენს ეფექტიანი კომუნიკაციის უნარს. გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი და ობიექტურია, ავლენს ემპათიას, იცავს ეთიკის ნორმებს.

6. აღმზრდელ-პედაგოგი კურიკულუმის, სწავლების მეთოდების, აქტივობების შერჩევისას და სამოქმედო გეგმების შედგენისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ასაკს, განვითარების დონეს, საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და ინტერესებს. იცავს თანაფარდობას აქტიურ და მშვიდ, მცირე და დიდ ჯგუფებში განსახორციელებელ, ბავშვებისა და უფროსის მიერ ინიციირებულ მოქმედებებს შორის.

7. აღმზრდელ-პედაგოგი საგანმანათლებლო პროცესში აქტივობების დაგეგმვისას და თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობისას იყენებს დარგობრივ ცოდნას, ირჩევს კურიკულუმით განსაზღვრული სივრცეების შესაბამის რესურსებსა და მასალებს, ბავშვების შესაძლებლობებისა და მზაობის გათვალისწინებით.

8. აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის აქტიური ჩართვა საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვასა და წარმართვაში (მაგ.: მათთან ერთად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს, ადგენს დღის განრიგს, ჯგუფის წესებს და ა. შ.).

9. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის თამაშის მნიშვნელობის თეორიული საფუძვლები, თავისუფალი თამაშის წახალისების სტრატეგიები, თამაშის ტიპები, ფორმები და იყენებს მას როგორც სწავლებისა და განვითარების ძირითად მეთოდს.

10. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები.

11. აღმზრდელ-პედაგოგი იცნობს ბავშვის განვითარების სხვადასხვა მდგომარეობას; შეუძლია ინტელექტუალური, სენსო-მოტორული, კომუნიკაციური თუ ქცევით ემოციური საჭიროებების დანახვა, რაც ხელს უშლის ბავშვის სწავლასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას; ხელს უწყობს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის სწავლასა და განვითარებას.

12. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის სახელმწიფო ენა და აქვს ენობრივი სენსიბილიზაციის/მგრძნობელობის კომპეტენცია.

13. აღმზრდელ-პედაგოგს ესმის ბავშვის სანდო მიჯაჭვულობის მნიშვნელობა და შეუძლია ზრუნვა ბავშვის საბავშვო ბაღთან უმტკივნეულო ადაპტაციაზე.

14. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის სკოლაში ტრანზიციასთან დაკავშირებული საკითხები, თანამშრომლობს მიმღებ დაწესებულებასთან, ბავშვის ოჯახთან და შეუძლია, ხელი შეუწყოს ბავშვის ტრანზიციის პროცესს.

თავი IV. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემო და პროცესი
მუხლი 6. კეთილდღეობა

1. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის და იცავს ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან, ჰიგიენასა და კვებასთან დაკავშირებულ სტანდარტებსა და რეგულაციებს.

2. აღმზრდელ-პედაგოგი საგანმანათლებლო პროცესის ყოველდღიურ განრიგში ითვალისწინებს როგორც შენობაში, ისე ეზოში განსახორციელებელ ფიზიკურ საქმიანობებს.

3. აღმზრდელ-პედაგოგი სხვადასხვა მეთოდით (პირადი მაგალითით, ილუსტრაციებით და ა. შ.) ხელს უწყობს თითოეულ ბავშვში ჯანსაღი ცხოვრების წესთან (ჰიგიენასთან, თვითმომსახურებასთან, ჯანსაღ კვებასთან და ა. შ.) დაკავშირებული ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ განმტკიცებას.

4. აღმზრდელ-პედაგოგი ოჯახთან თანამშრომლობის გზით თითოეულ ბავშვზე ფლობს ამომწურავ ინფორმაციას მათ ჯანმრთელობასა და კვების თავისებურებებთან/საჭიროებებთან (დიეტა, ალერგია, კვებასთან დაკავშირებული კულტურული შეზღუდვები, იმუნიზაციის კალენდარი და ა.შ.) დაკავშირებით და იყენებს ამ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებისას.

5. აღმზრდელ-პედაგოგი მუდმივად აკვირდება თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების წესებიდან გამომდინარე, მიმართავს შესაბამის სხვა დაწესებულებას, ასევე, პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ბავშვისათვის დახმარების გაწევა.

6. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით თანამშრომლობს შესაბამის სპეციალისტებთან (სპეციალური პედაგოგი, ექთანი, ექიმი და ა. შ.).

7. აღმზრდელ-პედაგოგი სხვადასხვა საქმიანობის მეშვეობით უზრუნველყოფს თითოეული ბავშვისთვის პირად უსაფრთხოებასა და უსაფრთხო გარემოსთან, ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და საჭირო უნარების განვითარებასა და განმტკიცებას.

8. აღმზრდელ-პედაგოგი აღიარებს, პატივს სცემს და ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს, შესაძლებლობებს, მათ შორის, კვების ინდივიდუალურ ტემპს.

9. აღმზრდელ-პედაგოგი იცნობს ბავშვთა დაცვის სფეროში არსებულ სამართლებრივ აქტებს (კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები და სხვა).

10. აღმზრდელ-პედაგოგი ამოიცნობს ძალადობის სხვადასხვა ფორმას და ახდენს შესაბამის რეაგირებას; იცის შესაბამისი უწყებების უფლება-მოვალეობები და, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობს მათთან ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მიზნით (მაგ.: სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, პოლიცია და სხვა.).

მუხლი 7. სოციალური გარემო
1. აღმზრდელ-პედაგოგი სხვადასხვა მეთოდით უზრუნველყოფს ემოციურად უსაფრთხო გარემოს შექმნას თითოეული ბავშვისთვის.

2. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის მიმართ გულისხმიერია და იყენებს პოზიტიური ურთიერთობის პრინციპებს: არის მშვიდი, გაწონასწორებული, გამოხატავს ბავშვების მიმართ პატივისცემას, ინტერესსა და კმაყოფილებას მათთან ურთიერთობით.

3. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეულ ბავშვთან ურთიერთობისას იყენებს ინდივიდუალურ მიდგომას. ითვალისწინებს თითოეული ბავშვის განვითარების დონეს, ტემპერამენტს, ძლიერ და სუსტ მხარეებს, ინტერესებს, კულტურულ მახასიათებლებს, შესაძლებლობებს.

4. აღმზრდელ-პედაგოგი თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ზრუნავს თითოეული ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე.

5. აღმზრდელ-პედაგოგი ხელს უწყობს ბავშვებს თანატოლებსა და უფროსებთან კეთილგანწყობილი, მეგობრული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

6. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეულ ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, ისაუბროს საკუთარ და სხვის ემოციებზე, დამოკიდებულებებზე, ქცევასა და ინტერესებზე. ხელს უწყობს ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვასა და მოვლენის სხვისი თვალთახედვით დანახვაში.

7. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეულ ბავშვთან ურთიერთობისას იყენებს ქცევის პოზიტიური მართვის სტრატეგიებს; უზრუნველყოფს მათ ჩართულობას ჯგუფის წესების შექმნაში, ყოველდღიურად მუშაობს ამ წესების დასწავლასა და გამოყენებაზე, ახორციელებს სოციალურ-ემოციური განვითარების მხარდაჭერას, თვითრეგულაციის ხელშეწყობას, უკუკავშირზე დაფუძნებულ კომუნიკაციას, საჭიროების შემთხვევაში, კონფლიქტების პოზიტიური გზით მოგვარებას; იყენებს პოზიტიური გაძღოლის სტრატეგიებს; უზრუნველყოფს მათ ჩართულობას ჯგუფის წესების შექმნაში, საჭიროების შემთხვევაში, კონფლიქტების პოზიტიური გზით მოგვარებაში.

8. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეულ ბავშვს ასწავლის კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას კომუნიკაციის, პრობლემის ანალიზისა და ურთიერთშეთანხმების გზით.

9. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის და პრაქტიკაში იყენებს შიდა ტრანზიციების/გარდამავალი პერიოდების მართვის პრინციპებს.

მუხლი 8. ფიზიკური გარემო

1. აღმზრდელ-პედაგოგი საგანმანათლებლო გარემოს ორგანიზებისას ითვალისწინებს არსებულ სტანდარტებსა (მათ შორის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს) და რეგულაციებს.

2. აღმზრდელ-პედაგოგი ფიზიკური გარემოს მოწყობისას/ადაპტირებისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის განვითარების დონეს, საჭიროებებს, ინტერესს, შესაძლებლობებსა და დასახულ საგანმანათლებლო მიზნებს. აქცენტს აკეთებს ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული ბავშვის ჰოლისტურ განვითარებას.

3. აღმზრდელ-პედაგოგი იცნობს უნივერსალური დიზაინის პრინციპებს და იყენებს გარემოს მოწყობის დროს.

4. აღმზრდელ-პედაგოგი ფიზიკური გარემოს მოწყობისას/ადაპტირებისას ითვალისწინებს მოქმედებების, აქტივობების ფორმებს და უზრუნველყოფს სივრცის სწორ გადანაწილებას. იცავს ბალანსს შემდეგი ტიპის სივრცეებს შორის: სივრცე სხვადასხვა ზომის ჯგუფური და ინდივიდუალური საქმიანობებისთვის, სივრცე აქტიური/ხმაურიანი და პასიური/მშვიდი საქმიანობებისთვის, შენობაში და მის გარეთ არსებული სივრცეები.

5. აღმზრდელ-პედაგოგი უსაფრთხოების ნორმების, თითოეული ბავშვის ასაკის, განვითარების, საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით არჩევს ეკოლოგიურად სუფთა მასალებს, რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობს მათ ჰოლისტურ განვითარებას.

6. აღმზრდელ-პედაგოგი მასალების/რესურსების ხელმისაწვდომობას თითოეული ბავშვისათვის უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით უზრუნველყოფს.

7. აღმზრდელ-პედაგოგი თანმიმდევრულად ახდენს მასალების/რესურსების ორგანიზებას.

8. აღმზრდელ-პედაგოგი სტანდარტული სათამაშოების, საკანცელარიო ინვენტარისა და სხვა რესურსების გარდა საგანმანათლებლო პროცესში რეგულარულად იყენებს ღია, მეორად და ბუნებრივ მასალებსა და რესურსებს.

9. აღმზრდელ-პედაგოგი დაწესებულების ადმინისტრაციასთან, თითოეული ბავშვის ოჯახსა და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე გეგმავს და ახორციელებს გასვლით საქმიანობებს სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებსა (მაგ.: მუზეუმში, ზოოპარკში, ქარხანაში, გალერეაში, თეატრში, სკოლაში, საკონცერტო დარბაზებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ა. შ.) და ბუნებაში (ტყეში, ბოტანიკურ ბაღში, პარკში და ა. შ.). ამ პროცესში ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებს.

10. აღმზრდელ-პედაგოგი დაწესებულების ადმინისტრაციასთან, პერსონალთან ერთად მონაწილეობს ეზოს სხვადასხვა სივრცედ (მაგ.: ბოსტანი, ბაღჩა, სივრცე სხვადასხვა ტიპის როლური თამაშებისთვის, საქვიშე, საქანელები, ასაცოცებელი, გადასახტომი, გასაძრომი ადგილები, სივრცე სამაგიდო საქმიანობებისთვის, სივრცე მოსასვენებლად და ა. შ.) დაყოფაში ან აწოდებს ადმინისტრაციას შესაბამის რეკომენდაციებს.

მუხლი 9. დაკვირვება და შეფასება

1. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის შეფასების მეთოდები და ფორმები.

2. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის პროგრესისა და საგანმანათლებლო პროცესის, გარემოს, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის შესაფასებლად სისტემატურად იყენებს შეფასებისა და დაკვირვების მრავალფეროვან არაფორმალურ და ფორმალურ მეთოდებს.

3. აღმზრდელ-პედაგოგი შეფასების შედეგებზე დაყრდნობით აყალიბებს საგანმანათლებლო მიზნებს როგორც თითოეული ბავშვის, ისე მთელი ჯგუფისთვის, ადაპტირებას უკეთებს არსებულ სასწავლო გეგმას, იცის სხვადასხვა ტიპის გეგმების შედგენის პრინციპები და ქმნის სხვადასხვა ხანგრძლივობის საგანმანათლებლო გეგმებს (ინდივიდუალურ, ყოველდღიურ, კვირის, თვის, წლის).

4. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ბავშვის განვითარების თავისებურებები, შეუძლია ბავშვის საჭიროებების შეფასება.

5. აღმზრდელ-პედაგოგი დაკვირვებისა და შეფასების საფუძველზე განსაზღრავს საგანმანათლებლო პროცესში დამატებითი პერსონალის ჩართვის/დამატებითი მომსახურების შეთავაზების საჭიროებას (მაგ.: მულტიდისციპლინური გუნდი, სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი და ა. შ.).

6. აღმზრდელ-პედაგოგი ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების პროცესში აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას (ჩანაწერებს, ბავშვის ინდივიდუალურ პორტფოლიოსა და სხვა).

7. აღმზრდელ-პედაგოგი შეფასების პროცესში (განხორციელების, შედეგების ანალიზისა და შესაბამისი ანგარიშის მომზადებისას) ითვალისწინებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ სტანდარტებს, ეთიკის პრინციპებს.

8. აღმზრდელ-პედაგოგი მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ინდივიდუალურად (წერილობითი ან ზეპირი ფორმით) აცნობს ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების შედეგებს, მათთან ერთად განიხილავს ბავშვის განვითარებასა და განათლებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს, მიზნებსა და გამოწვევებს; შედეგების განხილვისას, პირველ რიგში, აქცენტს აკეთებს ბავშვის ძლიერ მხარეებსა და მიღწევებზე.

9. აღმზრდელ-პედაგოგი, საჭიროების შემთხვევაში, დაკვირვებისა და შეფასების შედეგებს კონფიდენციალობის პრინციპების დაცვით განიხილავს კოლეგებსა და სხვა პროფესიონალებთან (მკვლევრებთან და ა. შ.).

მუხლი 10. ეფექტიანი საგანმანათლებლო პროცესი

1. აღმზრდელ-პედაგოგი გეგმავს საგანმანათლებლო პროცესს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

2. აღმზრდელ-პედაგოგი საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ინტერესებს და სხვადასხვა მეთოდით ზრუნავს მათი მოტივაციის ამაღლებაზე, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე, გაჩენაზე, შენარჩუნებასა და საქმიანობებში ჩართვაზე.

3. აღმზრდელ-პედაგოგი სხვადასხვა საქმიანობის საშუალებით წაახალისებს თითოეული ბავშვის შემოქმედებით აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრის უნარს.

4. აღმზრდელ-პედაგოგი ხელს უწყობს თითოეულ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედებასა და ინიციატივების გამოვლენაში.

5. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის სტრატეგიები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვს, გააკეთოს არჩევანი, თავისუფლად გამოხატოს აზრი (მაგ.: ბავშვები ჩაერთონ სასურველი/საინტერესო თემის განხილვაში, საქმიანობის, შემაჯამებელი ღონისძიების სახეობის არჩევაში, მონაწილეობა მიიღონ ზეიმის მოწყობის პროცესში).

6. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ქცევის პოზიტიური მართვის „გაძღოლის სტრატეგიები“ და სხვადასხვა პოზიტიური მეთოდის მეშვეობით ახდენს ბავშვებში რთული ქცევის პრევენციას; რთული ქცევის შემთხვევაში, მიმართავს პოზიტიურ მეთოდებს მის მოსაგვარებლად.

7. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის ჰოლისტური განვითარების ხელშესაწყობად და საგანმანათლებლო პროცესის მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარსამართავად იყენებს სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ საშუალებებსა და ხელსაწყოებს.

8. აღმზრდელ-პედაგოგი საგანმანათლებლო პროცესის თითოეული ეტაპის სრულფასოვნად დაგეგმვისა და წარმართვისას თითოეული ბავშვის ჰოლისტური და მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მჭიდროდ თანამშრომლობს ჯგუფში მომუშავე აღმზრდელთან და/ან სხვა დამხმარე პერსონალთან.

9. აღმზრდელ-პედაგოგი, თითოეული ბავშვის ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აწყობს სხვადასხვა ტიპის შემაჯამებელ ღონისძიებას (გამოფენა, სპექტაკლი, ექსკურსია, კონცერტი, შეჯიბრი და ა. შ.).

10. აღმზრდელ-პედაგოგი სწავლისა და განვითარების პროცესის ორგანიზებისას აქტიურად იყენებს კოლეგებსა და დაწესებულების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმას (მაგ.: კოლეგებთან ერთად განიხილავს სხვადასხვა მეთოდს, სასწავლო პროგრამებს, ესწრება კოლეგების მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საქმიანობას და ა. შ.).

მუხლი 11. ინკლუზიური განათლება

1. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის საჭიროებიდან, შესაძლებლობიდან, განვითარების დონიდან გამომდინარე ქმნის/ადაპტირებას უკეთებს საგანმანათლებლო გარემოს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს.

2. აღმზრდელ-პედაგოგი სათანადოდ რეაგირებს ბავშვებისა თუ უფროსების მხრიდან სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე (ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეროვნული, რასობრივი, რელიგიური, გენდერული და სხვა.) გამოვლენილ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა თუ ქცევაზე, ხელს უწყობს სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლასა და თანასწორობის ღირებულების ჩამოყალიბებას.

3. აღმზრდელ-პედაგოგი პატივს სცემს და საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ინდივიდუალობას, მისი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ენობრივი, ეროვნული, რასობრივი, რელიგიური და სხვა მახასიათებლების ჭრილში.

4. აღმზრდელ-პედაგოგი ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონის დაწესებულებაში ხელს უწყობს ქართული ენის ათვისებას.

5. აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ინტერკულტურულ ჯგუფთან მუშაობის სტრატეგიები, ბილინგვური/მულტილინგვური განათლების ფორმები და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საგანმანათლებლო პროცესს წარმართავს ბილინგვური/მულტილინგვური მიდგომით.

6. აღმზრდელ-პედაგოგი იცნობს თანამედროვე მიდგომებს ენების ასათვისებლად და იყენებს მას ინტერკულტურულ ჯგუფთან მუშაობისას. კერძოდ, ენათა გამიჯვნის პრინციპებს („ერთი ენა − ერთი ადამიანი“ ან „ერთი ენა − ერთი სფერო“).

7. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის საჭიროებების, შესაძლებლობების, კულტურული, ენობრივი, რელიგიური თავისებურებების გათვალისწინებით, იძენს ახალ ცოდნას, უნარებს და შესაბამისად იყენებს მათ საგანმანათლებლო პროცესში (მაგ.: სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი სათამაშოების დამზადება ბავშვებთან ერთად და ა. შ.).

8. აღმზრდელ-პედაგოგი ინტერკულტურულ ჯგუფში მუშაობისას ახდენს ბავშვებში განსხვავებული ენობრივი უნარების იდენტიფიცირებას და კომუნიკაციის დროს მიმართავს ინდივიდუალურ მიდგომას სხვადასხვა ენობრივი საჭიროებისა და კულტურული თავისებურების მქონე ბავშვების მიმართ.

9. აღმზრდელ-პედაგოგი ინტერკულტურულ ჯგუფში მუშაობისას ამყარებს ავთენტიკურ კომუნიკაციას დამწყებ დონეზეც: ჟესტიკულაციის, ვიზუალური დამხმარე საშუალებების, დამხმარე შეკითხვებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით.

10. აღმზრდელ-პედაგოგი, ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალთან თანამშრომლობით ქმნის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვისთვის ინდივიდუალური განათლებისა და განვითარების გეგმას.

11. აღმზრდელ-პედაგოგი შეზღუდული შესაძლებლობების/სპეციალური საჭიროებების მქონე თითოეული ბავშვის საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვისათვის ეცნობა და, საჭიროების შემთხვევაში, იყენებს კომუნიკაციის ალტერნატიულ ფორმებს, მათ შორის, ჟესტურ ენას ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე, ილუსტრაციებით კომუნიკაციას და ა. შ.

12. აღმზრდელ-პედაგოგი შეზღუდული შესაძლებლობების/სპეციალური საჭიროებების იდენტიფიცირებისა და შემდგომ შესაბამისი მეთოდებისა და მიდგომების განსაზღვრის მიზნით, თანამშრომლობს თითოეული ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, შესაბამის დარგის სპეციალისტებსა და უწყებებთან. ახდენს გარემოსა და სწავლა-სწავლების მეთოდების მორგებას ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

მუხლი 12. თანამშრომლობა

1. აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის ოჯახსა და თემთან რეგულარული თანამშრომლობისას მიმართავს ეფექტიანი კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმასა და სტრატეგიებს.

2. აღმზრდელ-პედაგოგი საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას ითვალისწინებს და პატივს სცემს თითოეული ოჯახის კულტურულ მრავალფეროვნებასა და თემში არსებულ კულტურულ კონტექსტს.

3. აღმზრდელ-პედაგოგი ხელს უწყობს ბავშვების ოჯახების ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე.

4. აღმზრდელ-პედაგოგი გეგმავს საქმიანობებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვების ოჯახებს შორის კომუნიკაციასა და თანამშრომლობას.

5. აღმზრდელ-პედაგოგი სხვადასხვა ფორმით (მაგ.: საინფორმაციო შეხვედრები, შესაბამისი ლიტერატურის გაზიარება) ხელს უწყობს მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა განათლებასა და ინფორმაციის მიწოდებას ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვის განვითარების თავისებურებებზე, სკოლამდელი განათლების მნიშვნელობისა და ბავშვთა უფლებების შესახებ, რისთვისაც იყენებს როგორც ონლაინ, ისე პირისპირ კომუნიკაციას.

6. აღმზრდელ-პედაგოგი იყენებს თემში არსებულ რესურსებს საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას.

7. აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს იმ უწყებებთან (სახელმწიფო უწყებები ცენტრალურ/ადგილობრივ დონეზე, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა. შ.), რომლებიც ბავშვთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობენ საზოგადოებას.

8. აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს დაწესებულების სხვა პერსონალთან, პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის მიზნით.

9. აღმზრდელ-პედაგოგი, ბავშვის ენობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას თანამშრომლობს სხვა შესაბამის სპეციალისტებთან.

10. აღმზრდელ-პედაგოგი, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კონფიდენციალობის დაცვითა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, სკოლაში უმტკივნეულო ტრანზიციის მიზნით, თანამშრომლობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან თითოეულ ბავშვთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის (მათი განვითარების დონე, ინდივიდუალური თავისებურებანი და ა. შ.) მისაწოდებლად.

თავი V. აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება
მუხლი 13. აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება
1. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად ეცნობა ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებულ რესურსებს: სტატიებს, კვლევებს, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებს, სტანდარტებს, რეგულაციებს, სასწავლო ლიტერატურას და ა. შ.

2. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად მონაწილეობს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ორგანიზებულ ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში, სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრებში.

3. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად მონაწილეობს დაწესებულების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებში, სემინარებში.

4. აღმზრდელ-პედაგოგი, პროფესიული განვითარების მიზნით, თანამშრომლობს კოლეგებთან (როგორც იმ დაწესებულების, სადაც თვითონ მუშაობს, ასევე სხვა დაწესებულებების), დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სფეროს მკვლევრებთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან და რეგულარულად უზიარებს მათ საკუთარ გამოცდილებას, მოსაზრებებსა და ცოდნას.

5. აღმზრდელ-პედაგოგი ეცნობა კოლეგების (როგორც იმ დაწესებულების, სადაც თვითონ მუშაობს, ასევე სხვა დაწესებულებების) პრაქტიკულ საქმიანობას, გამოცდილების ურთიერთგაცვლის მიზნით მიმართავს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმას.

6. აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს დამწყებ კოლეგებთან, მოხალისეებთან/პრაქტიკანტებთან, აძლევს მათ პროფესიულ რეკომენდაციებს. ამ თანამშრომლობისას თავადაც იძენს ახალ ცოდნასა და გამოცდილებას და ვითარდება, როგორც პროფესიონალი.

7. თანამშრომლებსა და კოლეგებთან ურთიერთობისას ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს, კონფიდენციალურობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების დაცვით.

8. დაწესებულების ადმინისტრაციის, თანამშრომლებისა და კოლეგების მიერ მისი საქმიანობის შეფასებას აღმზრდელ-პედაგოგი იყენებს საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის.

9. აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად აწარმოებს თვითშეფასებას საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსასაზღვრად; თვითშეფასების შედეგებიდან გამომდინარე, აყალიბებს მიზნებს თვითგანვითარების კუთხით და გეგმავს, თუ რა პერიოდში და რა საშუალებებით შეძლებს დასახული მიზნების მიღწევას.

10. აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს იმ უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის მონიტორინგს დაწესებულებაში.

11. აღმზრდელ-პედაგოგი თვითგანვითარების გეგმიდან გამომდინარე, ახორციელებს კონკრეტულ საქმიანობებს პროფესიული განვითარებისათვის (მაგ.: მიმართავს შესაბამის უწყებებს ტრენინგის გასავლელად, ეცნობა ლიტერატურას, თანამშრომლობს კოლეგებთან).

12. აღმზრდელ-პედაგოგი ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მონაწილეობს მის კომპეტენციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის რეგულაციების, სტანდარტების, პროგრამების შემუშავებაში, განხილვასა და დანერგვაში.“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური