GE

ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა

საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტით ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით 13,8 მლნ ლარია გამოყოფილი. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთვის 9 დეკემბერს, სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის გაცნობის შემდეგ გახდა ცნობილი.

ბიუჯეტის განმარტებით ბარათში არ არის დეტალიზებული კონკრეტულად რა ფორმით უნდა დაიხარჯოს აღნიშნული თანხა. ჩვენ მთავრობის მომავალი ოთხი წლის სამოქმედო გეგმას გავეცანით, სადაც წერია, რომ: “მთავრობა აღიარებს ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის მომავლის განვითარებაში, შესაბამისად, მისი პოლიტიკა მიზნად ისახავს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებასა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზებას”.

ახალგაზრდობის პოლიტიკა და მისი გატარების გეგმა 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში ასეა წარმოდგენილი:

– ჩამოყალიბდება ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მრავალკომპონენტიანი ინოვაციური ეკოსისტემა, რომელიც უპასუხებს ახალგაზრდების მნიშვნელოვან საჭიროებებს.

– მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსება და გაფართოვდება ახალგაზრდული სერვისები (საგრანტო კონკურსები, სტაჟირება). ამასთან, გაგრძელდება და კიდევ უფრო გაუმჯობესდება ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების მიზნობრივი პროგრამები.

– პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის შემუშავდება „სტარტაპების“ სისტემა და განხორციელდება სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა.

– სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელდება ახალგაზრდა ინოვატორთა მხარდაჭერის პროგრამა, უპირატესად, ტექნოლოგიებისა და STEM მიმართულებით.

– მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის, განახლდება ახალგაზრდული ბანაკები და სივრცეები.

– ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში განხორციელდება საერთაშორისო გაცვლითი სტუდენტური ბანაკები, რაც საშუალებას მოგვცემს, ასობით ქართველმა სტუდენტმა მიიღოს მონაწილეობა ახალგაზრდულ საერთაშორისო ღონისძიებებში.

ასევე იხილეთ:

მოსწავლის სასკოლო აკადემიურ მოსწრებას უნივერსიტეტში ჩაბარებისას გაითვალისწინებენ – მთავრობის 4-წლიანი გეგმა ზოგად განათლებაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური