GE

3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა

9 დეკემბერს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი წარმოადგინა.

EDU.ARIS.GE გაეცნო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას, სადაც ვკითხულობთ, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება პირველად ვარიანტთან შედარებით 200 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 3 მილიარდ ლარზე მეტი იქნება.

მნიშვნელოვანი ზრდის მიზეზი ასე განმარტა თავად გიორგი კაკურიძემ: “ბიუჯეტი დაახლოებით 95 მილიონი ლარით გაზრდილი გვაქვს სკოლების დაფინანსების ნაწილში. მოგეხსენებათ, ხელფასები უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე თავდაპირველად იყო ბიუჯეტით დაგეგმილი და წელსაც მოგვიწია დამატებითი თანხების გამოყოფა. ასვე, მზარდია ბავშვების [მოსწავლეების] რაოდენობა გამომდინარე იქიდან, რომ 6 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ სკოლაში შესვლა და შესაბამისად საჭირო გახდა დამატებითი თანხების გამოყოფა”.

2025 წლის ბიუჯეტი განათლების მიმართულებით ითვალისწინებს შემდეგს:

“განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 570 მლნ ლარზე მეტით (ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 200 მლნ ლარით), რომლის ფარგლებშიც: საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება დამატებით 290 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად დაფინანსება; გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 600 მლნ ლარზე მეტი; საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225 მლნ ლარზე მეტი; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა”, – წერია საბოლოო დოკუმენტში.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია:

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 085 მლნ ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 577,0 მლნ ლარით, ხოლო წინა წარდგენასთან შედარებით იზრდება 200,0 მლნ ლარით.

მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 903,7 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 328,7 მლნ ლარით, ხოლო წინა წარდგენასთან შედარებით – 95,5 მლნ ლარით. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან, საჯარო სკოლების მასწავლებელთა გაზრდილი ანაზღაურების სრული წლით დაფინანსება.

ამავე პროგრამის ფარგლებში 75,0 მლნ ლარია გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის. ასევე გათვალისწინებულია მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა;

პროფესიული განათლება – 149,0 მლნ ლარი (წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 5,0 მლნ ლარით);

უმაღლესი განათლება – 171,3 მლნ ლარი;

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 86,1 მლნ ლარი;

ინკლუზიური განათლება – 82,3 მლნ ლარი;

ინფრასტრუქტურის განვითარება – 538,1 მლნ ლარი.

მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 467,7 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და 11 ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გამოყოფილია 600,0 მლნ ლარზე მეტი);

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 66,0 მლნ ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია „პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამის და თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის – პროექტი (ADB) ფარგლებში განსაზღვრული სახსრები);

უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 30,0 მლნ ლარი.

ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 13,8 მლნ ლარი.

„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და დოკუმენტი – „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის” საბოლოო ვარიანტები (თანდართულ მასალებით) საკომიტეტო განხილვების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

ასევე იხილეთ:

საბავშვო ბაღებში ხელფასების მატების დრო და სავარაუდო ოდენობა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დაასახელა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური